ევო მორალესის გამოსვლა გაეროში 2019, ნაწყვეტები

გამოქვეყნებულია: 26.Sep.2019

დედამიწაზე ყოველი წელი წინაზე უფრო ცხელია: ყინული უფრო და უფრო მეტად დნება, ზღვის დონე იწევს, ყოველდღე სხვადასხვა ჯიში უჩინარდება, მიწები უდაბნოებად იქცევა, ნადგურდება ტყეები.

ძმებო და დებო, თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, 2100 წლისთვის ტემპერატურა იმდენად გაზრდილი იქნება, რომ კლიმატის ცვლილება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს: მილიონობით ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდება, მათ არ ექნებათ სასმელი წყალი, ისინი დაკარგავენ თავიანთ სახლებს და გახდებიან ლტოლვილები, გახშირდება შეიარაღებული კონფლიქტებიც.

ძმებო და დებო, ჩვენ თავი არ უნდა ავარიდოთ სხვადასხვა კრიზისის სტრუქტურულ საფუძვლებზე საუბარს. ტრანსნაციონალური კორპორაციები აკონტროლებენ საკვებს, აკონტროლებენ წყალს, აკონტროლებენ არაგანახლებად რესურსებს, იარაღებსა და ტექნოლოგიას, ჩვენს პირად მონაცემებს. მათ სურთ, ყველაფერი ბიზნესად აქციონ, რათა რაც შეიძლება მეტი კაპიტალი დააგროვონ. მსოფლიოს გლობალური ოლიგარქია აკონტროლებს, სადაც ერთი მუჭა მილიარდელები განსაზღვრავენ კაცობრიობის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბედს. 26 ადამიანს აქვს იმდენივე ქონება, რაც 3.8 მილიარდ ადამიანს. ეს შეურაცხმყოფელია, ეს ამორალურია და ეს დაუშვებელია. პრობლემის წყარო წარმოებისა და მოხმარების მოდელში, ბუნებრივი რესურსების ფლობასა და სიმდიდრის არათანაბარ გადანაწილებაშია. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვთქვათ, რომ პრობლემის სათავე კაპიტალისტური სისტემაა.

ბოლივიაში ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და შედეგად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სამხრეთ ამერიკაში ყველაზე სწრაფად იზრდება — ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საშუალოდ წლიურად 4.9%-ით. 2005 წლიდან 2019 წლამდე მთლიანი შიდა პროდუქტი $9.5 მილიარდიდან $40.9 მილიარდამდე გაიზარდა. ჩვენ რეგიონში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს — 2005 წელს არსებული 8.1%-დან ის დღეისათვის 4.2%-მდეა შემცირებული. უკიდურესმა სიღარიბემ ცამეტ წელიწადში 38.2%-დან 15.2%-მდე დაიკლო. სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა 9 წლით გაიზარდა. მინიმალური ხელფასი $60-დან $310-მდე გაიზარდა. შემცირდა გენდერული სხვაობა მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით: 2005 წელს ქონება 138 788 ქალს ჰქონდა დარეგისტრირებული, 2018 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 1 011 249 გახდა. ბოლივია მსოფლიოში მე-3 ქვეყანაა პარლამენტში ქალების მონაწილეობის მხრივ: პარლამენტარების ნახევარზე მეტი ქალია. 2008 წელს ბოლივიაში წერა-კითხვის უცოდინრობა ნულოვან ნიშნულამდე დავიდა. 2005 წლიდან 2018 წლამდე 4.5%-დან 1.5%-მდე შემცირდა მოსწავლეების მიერ სკოლისთვის თავის დანებების მაჩვენებელი. ახალშობილებში სიკვდილიანობა 56%-ით შემცირდა. ამჟამად ვნერგავთ ჯანდაცვის უნივერსალურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ბოლივიის მოსახლეობის 100%-ის მიერ უფასო, ღირსეულ და ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომას. ახალი კანონით შემოვიღეთ სიმსივნით დაავადებულ პაციენტთათვის უფასო მკურნალობა.

ჩემ მიერ ნახსენები სტატისტიკები არის მხოლოდ ნაწილი ჩვენი დემოკრატიული და კულტურული რევოლუციის მიღწევებისა, რომელმაც ბოლივიას პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა მოუტანა.

ძმებო და დებო, როგორ მივედით ამ მიღწევებამდე ასეთ მოკლე დროში? როგორ მოახერხა ბოლივიამ, სიღარიბის აღმოფხვრის გზაზე დამდგარიყო?

ჩვენი ხალხის, აბორიგენი მოსახლეობის, სოციალური მოძრაობების, ქალაქსა თუ სოფელში გლეხთა და მშრომელთა, ქალთა თუ კაცთა მხარდაჭერით მოვახდინეთ ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და სტრატეგიული ბიზნესების ნაციონალიზება. ასე საკუთარი ბედი ჩვენსავე ხელში აღმოჩნდა. ბოლივიაში შევქმენით კოლექტიური, პროდუქტიული სოციო-ეკონომიკური მოდელი, სადაც ძირითად სერვისებზე წვდომა ადამიანის უფლებაა. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია, მომავალს სიამაყითა და ოპტიმიზმით შევხედოთ.

 

თარგმნა: ბესო გვენეტაძე

 

წყარო

ფოტო © https://bit.ly/2lVBJQA

ასევე წაიკითხეთ:

image

ორი წელი კლიმატის გადასარჩენად

მისასალმებელია სხვადასხვა ინიციატივები ეკოლოგიასთან დაკავშირებით, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილება ჩვენ თვალწინ ხდება და დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ. მემარჯვენე თუ მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკა, ასევე თავისუფალი ბაზრის პრინციპები ქმნის არამდგრად გარემოს — ის, რაც სახეზე გვაქვს. ნიკოლას ჰულტის თქმით „მცირე ნაბიჯებზე დაფუძნებული პოლიტიკა არ მუშაობს“. ამდენად, შესაძლებელი და სასურველია სასწრაფო მობილიზაცია დემოკრატიის პირობებში ისევე, როგორც ეს მოხდა 1940-ში ომის პერიოდში შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ეს ამჯერად გასროლის გარეშე უნდა მოხდეს. აუცილებელია ამ ბრძოლის პოლიტიკური განზომილების აღიარება, რათა შემოვიტანოთ ემოციები პოლიტიკაში, დავაბალანსოთ ძალაუფლება და მივიღოთ შთაგონება სამოქალაქო უფლებებისთვის ისტორიული ბრძოლებით.

image

გარემოს დაბინძურების ნახევარი გამოწვეულია მსოფლიოს უმდიდრესი 10%-ის მიერ

კვლევაში ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს უმდიდრეს 1%-ში შემავალი ერთი ადამიანი 175-ჯერ მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე რიგითი ადამიანი მსოფლიოს უღარიბესი 10%-დან.

image

ვისი ბრალია ამაზონის ხანძარი?

დღეს ხანძრები ამაზონში ყოველწლიურად ჩნდება და მათთან გამკლავება რთულია. მიწათმესაკუთრეების მიერ ხანძრის განზრახ გაჩენა გავრცელებული პრაქტიკაა, რათა შემდეგ ტერიტორია ინდუსტრიულ საძოვრებად ან ყანებად გამოიყენონ. თუმცა ახალი ისაა, რომ ბოლსონაროს გაპრეზიდენტების შემდეგ ხანძრების რიცხვი 84%-ით გაიზარდა. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ის წინასაარჩევნოდ აგრობიზნესსა და ხის მჭრელ კომპანიებს დაჰპირდა, რომ ამაზონის ჯუნგლების მეტად ათვისების უფლებას მისცემდა. საქმე ეხება მილიონობით კვადრატულ მეტრ სივრცეს, მათ შორის აბორიგენი მოსახლეობის დაცულ ტერიტორიებს.

შემოგვიერთდით