გერმანიის მწვანეები — „გაერთიანების პარტია“

გამოქვეყნებულია: 23.Sep.2020

შესავალი: 

40 წლის წინ, 1980 წლის 13 იანვარს, ჯერ კიდევ ორად გაყოფილ გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის ქალაქ კალსრუეში 1004 დელეგატი შეიკრიბა, რათა დაეარსებინა გერმანიის მწვანეთა ფედერალური პარტია. 1004 დელეგატს შორის უამრავი განსხვავებული აზრი, პოზიცია, გამოცდილება, წარსული და მომავლის ხედვა იყო. ზოგს კი საერთოდ მიაჩნია, თავად ფაქტი, რომ ასეთმა განსხვავებულმა ხალხმა საერთო პარტია ჩამოაყალიბა — გასაოცარი რამაა. დამაარსებელ ყრილობაზე შეხვდებოდით რადიკალ მემარცხენეებს, კონსერვატორ-ეკოლოგისტებს, სხვადასხვა სოციალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ფემინისტებს, პაციფისტებს, ატომური ენერგიისა და ომის მოწინააღმდეგეებს და სხვა. მიუხედავად განსხვავებებისა, ყრილობა მაინც თანხმდებოდა რამდენიმე ფუნდამენტურ საყრდენზე: გარემოს დაცვა და მისი განადგურების შეჩერება, ნატოს განიარაღება, ატომური ენერგიაზე უარის თქმა, ბრძოლა მშვიდობისთვისა და გლობალური სოლიდარობისთვის, არაძალადობა, დემოკრატია, ქალთა და ადამიანის უფლებები. ამ დღიდან დაიწყო გერმანელი მწვანეების გრძელი, კონფლიქტებით აღსავსე და მრავალ ფაზიანი გზა და სწორედ ამ მრავალფეროვნებასა და განსხვავებებში იყო საძირკველი იმ განვითარების გზისა, რომელიც მწვანეებმა გაიარეს. სულ მოკლედ რომ გადავხედოთ მწვანეების გზას, ის რამდენიმე ფაზად შეგვიძლია დავყოთ: მწვანეები დაიწყო, როგორც ანტი-პარტიული, რადიკალური, ანტი-ესტაბლიშმენტური ძალა, რომელიც გამოირჩეოდა და განსხვავდებოდა მთელი პოლიტიკური სპექტრისგან — ის, შეიძლება ითქვას, აქტივისტური პარტია იყო, თუმცა მწვანეები ნელ-ნელა გარდაისახნენ. ჯერ ფედერალურ მიწებზე გახდნენ სამთავრობო კოალიციების წევრი, ხოლო უკვე 1998 წელს მწვანეები გერმანიის ფედერალური მთავრობის უმცროსი პარტნიორი პარტია, პარტიის ლიდერი, იოშკა ფიშერი კი — გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ცხადია, სოციალ-დემოკრატებთან ერთად სამთავრობო კოალიციის წევრობამ უდიდესი გავლენა იქონია ერთ დროს რადიკალურ და ექსტერმისტულ მწვანეებზე და ნელ-ნელა ანტი-ესტაბლიშმენტური პარტია გერმანული პოლიტიკის ესტაბლიშმენტის ნაწილად გადაიქცა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ მოხდა მხოლოდ იმით, რომ მწვანეები შეიცვალნენ, არამედ თავად პოლიტიკა შეცვალეს მწვანეებმა — ის, რაც რამდენიმე ათწლეულის წინ რადიკალურად ითვლებოდა, დღეს ნორმალიზებულია და პირიქით, რაც წლების წინ ნორმად ითვლებოდა, დღეს მარგინალურად, საღ აზრს მოკლებულად ჩანს.

დღევანდელობას რომ დავუბრუნდეთ, „მწვანეები“ ბოლო რამდენიმე წელია რაც, ფაქტობრივად, ანაცვლებს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. ეს ჩანს ბოლო პერიოდში ჩატარებულ ყველა არჩევნებსა თუ სოციოლოგიურ გამოკითხვაში. გერმანელი მწვანეები ნელ-ნელა „სახალხო“ პარტია ხდება, რომლის წევრთა რაოდენობა უკვე 100 000 ადამიანს აჭარბებს. 

წელს, ზუსტად 40 წლის შემდეგ, იმავე ადგილას, ქალაქ კარლსრუეში, სადაც პარტია დაარსდა, გერმანელი მწვანეები რიგით 45 ფედერალურ ასამბლეას ჩაატარებენ, აქ ისინი პარტიის ახალ ბაზისურ პროგრამას დაამტკიცებენ. უდაოა, რომ წელს შეკრებილი ადამიანები და მთლიანად პარტია ბევრად ნაკლებად მემარცხენე და რადიკალური იქნება, თუმცა, თუ პროგრამას წაიკითხავთ, დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ეს არის იმ პარტიის პროგრამა, რომლის მიზანი, არა კოალიციის უმცროსი პარტნიორობა, არამედ მთავრობის ფორმირება და გერმანიის გარდაქმნაა. 

დღეს, როგორც არასდროს აქამდე, გერმანიის მწვანეთა პარტია მზად არის ქვეყნის სამართავად.

რობერტ ჰაბეკი, მწვანეები / გაერთიანებნა 90-ის თანათავმჯდომარე:
გაერთიანების პარტია

მრავალი წლის წინ, რაღაც მომენტში, ვთქვი, რომ რეალური პრობლემა არის არა ის, მწვანეები არჩევნებში 9%-ს აიღებენ თუ 11%-ს, არამედ — თუ რატომ არ გვაძლევს 90% ხმას. რა საკვირველია, არ ვგულისხმობ, რომ ჩვენ 100%-იანი მხარდაჭერა გვჭირდება. ამისაკენ სწრაფვა აბსურდული იქნებოდა, რადგან საზოგადოებაში მუდმივად არსებობს კონფლიქტები და წინააღმდეგობები, რომელთა ორგანიზება, თუმცა არა სრულად გადაჭრა, შეუძლია პოლიტიკას. ზემოთქმული წინადადებით, მე, სინამდვილეში, მსურდა აღმენიშნა, რომ  ჩვენი, მწვანეების, პოლიტიკა უნდა იყოს უმრავლესობისათვის მისაღები. ჩვენი პოლიტიკა უნდა ვაქციოთ უმრავლესობად. თუ მოსახლეობის ორი-მესამედს კლიმატის კრიზისი ყველაზე დიდ გამოწვევად მიაჩნია, მაგრამ, მიუხდავად ამისა, არასოდეს მოგვცემდა ხმას, ეს ნიშანია, რომ მეტად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ ჩვენი ტრადიციული სააზროვნო გარემოს მიღმა. მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერები მე და ანალენა[1] გავხდით, სწორედ ამ იდეას მივყვებით და მას გაერთიანების პარტიას ვეძახით.

უკანასკნელ ათწლეულებში საზოგადოება იმაზე მეტად და მკვეთრად შეიცვალა, ვიდრე პოლიტიკური პარტიები. წარსულში, უხეშად რომ ვთქვათ, პოლიტიკა „ორ ბანაკად“ იყოფოდა. ორივე ბანაკი პირდებოდა ინტერესების, კონფლიქტებისა და წინააღმდეგობების დაბალანსებას თავიანთი ლოგიკის მიხედვით. შენ ან მემარცხენე იყავი  ან მემარჯვენე და ეს დაყოფა იყო მეტი, ვიდრე უბრალოდ არჩევანი: ეს იდენტობის ნაწილი იყო. სწორედ ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ პარტიის წევრობა, ნაწილობრივ, ოჯახის მეშვეობით, „მემკვიდრეობით“ გადაეცემოდა ხოლმე. მსგავსი ვიწრო „ბანაკური“ აზროვნება, რომელიც საკუთარ ჩარჩოებს არ სცდება და არ არის ღია სიახლეებისათვის, ჩვენს პარტიაშიც ძალიან გავრცელებული იყო და წლების განმავლობაში დავა მიდიოდა ორ ფრთას — რეალოსა (რეალისტები) და ფუნდის (ფუნდამენტალისტები) — შორის ძალთა ბალანსზე.

„ბანაკური“ აზროვნების დასასრული

მე ვფიქრობ, რომ მსგავსი აზროვნება აღარ მუშაობს. ყველაფერი გართულდა. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ადამიანს მხოლოდ ორი ტელეარხი და მათგან ერთ-ერთის არჩევის საშუალება ჰქონდა. ჩვენ, დღეს, თანადროულად გვაქვს ინსტაგრამი, გაზეთები, რადიო, იუთუბი, ტვიტერი და ტელევიზია. კომუნიკაციის საშუალებები კი საზოგადოების ანარეკლია. წარსულთან შედარებით, ყველაფერი დაჩქარებული, მეტად გლობალიზებული და ინდივიდუალიზებულია და იმ სიკეთეებთან ერთად, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს ახლავს თან, ის ასევე წარმოშობს გაურკვევლობას. ისეთი ძველი სოციალური გარემოები, როგორიც იყო თუნდაც გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) მუშათა ძალა, მოირღვნენ. ტექნოლოგიური პროგრესისა და ახალი პლატფორმების პარალელურად კი ახალი სოციალური ჯგუფები და მოძრაობები გაჩნდა. დღესდღეობით კი იდენტობები იმდენად მრავალფეროვანი და ცვლადია, რომ ისეთი ფიქსირებული სქემა, როგორიც მემარცხენეობა და მემარჯვენეობაა, სულ უფრო და უფრო ნაკლებ მიმართულებასა და ორიენტირების საშუალებას აძლევს ხალხს.

თქვენ, რეალურად, შეგიძლიათ შეიგრძნოთ, თუ რამდენად ჩამორჩება და დღევანდელობისათვის შეუსაბამოა პარტიული სისტემები, მათი ენა და პასუხები. დღესდღეისობით თავისუფალი და არათავისუფალი ძალები მეტად და მეტად ეჭიდებიან ერთმანეთს: გვსურს ჩვენ ვიცხოვრობთ მრავალფეროვან და ღია საზოგადოებაში, თუ დავბრუნეთ უკან — ეთნიკურად შემოსაზღვრულ აზროვნებასა და ნეო-ნაციონალიზმში? 

ალიანსების მშენებლობა პრობლემების გადასაჭრელად

ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ინტეგრაციის ახალი ფორმა, რომელიც იმუშავებს ჩვენი სააზროვნო გარემოს მიღმა და მოგვცემს საშუალებას, ერთმანეთთან დავაკავშიროთ სხვადასხვა სოციალური ჯგუფები. აქ საქმე არ ეხება „დიდი კოალიციის“ მსგავს მინიმალურ საერთო მნიშვნელს. არამედ ჩვენი განზარხვაა ავაშენოთ ძლიერი პოლიტიკური ალიანსი, რათა შევთანხმდეთ დიდ, საერთო მიზანზებზე, ამ მიზნებისკენ გზა კი პრაგმატულად გავიაროთ და ამასთანავე ვაღიაროთ (და მივიღოთ) ის ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც ერთმანეთისგან განგვასხვავებს.

როდესაც მე და ანალენა გავხდით პარტიის ლიდერები, ჩვენ გვუსრდა გვეცადა რაიმე ახალი ფედერალურ დონეზე. რადგან ჩვენ, ორივე, მოვდივართ ფედერალური მიწებიდან, სადაც პრობელემები ხელშესახები და თვალსაჩინო გახდა — ენერგეტიკული გარდაქმნის გამოწვევები, სტრუქტურული ცვლილებები, სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია და ასე შემდეგ... მსგავს ქვეყნებში, სადაც ყოველდღიურად ასეთი კონკრეტული საკითხები განიხილება, ვიწრო, „ბანაკურ“ აზროვნებას არსად მივყავართ. თუ გვსურს, რომ რამე შევცვალოთ, უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ერთმა სხეულმა და ამასთან ერთად ვეძებოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც კონფლიქტის არსებობის შემთხვევაშიც კი იქნებიან მზად, რომ ამ საკითხებზე ერთიანი ძალისხმევით იმუშაონ და რაიმე სასიკეთოდ შეცვალონ.

მიმართულების განსაზღვრა: ახალი დრო, ახალი პასუხები

ამ გამოცდილებების ზეგავლენით ჩვენ ხელახლა გადავაწყეთ მწვანეთა ფედერალური ოფისი და ვცადეთ კონსტრუქციულობისაკენ მიგვემართა ორ ფრთას შორის დებატი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში პარტიის პარალიზებას იწვევდა. რადგან, ვთქვათ არა „ჩვენ მწვანეები“, არამედ „ჩვენ საზოგადოება“ და მოვიწვიოთ, მივცეთ მონაწილეობის საშუალება. ჩვენ ამჟამად ყველანი ერთად ვმუშაობთ ახალ ბაზისურ პროგრამაზე. შეიძლება ითქვას, რომ მწვანე საოპერაციო სისტემის განახლებას ვანხორციელებთ. 


როგორ უნდა გავაერთიანოთ ეკოლოგიური და სოციალური საკითხები? როგორ გადავანაწილოთ დოვლათი სამართლიანად? როგორ ვუზრუნველყოთ, რომ ჩვენი ცხოვრების გაციფრულებას სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ მცირე ჯგუფისათვის, არამედ მთელი საზოგადოებსსთვის? როგორ შეგვიძლია მშვიდობის დამყარება და ომის პრევენცია? ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლის შესახებ პარტიის ახალ ბაზისურ პროგრამაში ვსვამთ კითხვებს, რათა მოვახდინოთ ჩვენი პოლიტიკის ადაპტაცია ამ სულ უფრო მეტად კომპლექსურ სამყაროში. მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი პასუხებით შევძლებთ მიმართულების მიცემას დროისათვის, როდესაც სახალხო პარტიები აღარ იარსებებენ და ხელს შევუწყობთ, რომ საზოგადოების ცვლილების შედეგად დაიბადოს რაღაც ახალი და კარგი. 



გიორგი ფცქიალაძე

[1] იგულისხმება რობერტ ჰაბეკი და ანალენა ბაერბოკი, რომლებიც 2018 წელს აირჩიეს გერმანელი მწვანეების თანათავმჯდომარეებად.


ფოტო: Idowa.de
წყარო: robert-habeck.de

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით