როგორ წარვმართოთ ურბანული ცხოვრება, თავიდან ავიცილოთ აპოკალიფსი: გამწვანება არის მომავალი

გამოქვეყნებულია: 10.Nov.2017

გლობალიზაციისგან გამოწვეული ცვლილებების ფონზე, მდგრადი განვითარებით, შედარებით მცირე თვითმყოფადი თემების შექმნით ქალაქებმა შესაძლოა, დაიბრუნონ წონასწორობა — წერს პოლ ჯონსი. დღევანდელი მდგომარეობით, შესაძლოა ორგანული ქალაქის იდეა უტოპიურ ოცნებად მოჩანს. მაგრამ თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ ურბანული აპოკალიფსი, ამისთვის გვჭირდება ძლიერი ალტერნატიული ხედვები, რომ შეიცვალოს ქალაქების განვითარების ხედვა და დაიგეგმოს სწორი მომავალი. არის ეს ერთადერთი ჭეშმარიტება? და ადამიანების გადარჩენის გზა?

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მომავალი ქალაქებს უკავშირდება. მთავრობები და გლობალური კორპორაციები ცდილობენ გაზარდონ წარმოება ურბანული გაფართოების გზით, ამავდროულად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს მიაშუროს ქალაქს უკეთესი ცხოვრების ძიებაში.

ამასობაში, ჩინეთის მთავრობამ ახლახანს დააანონსა ნიუ-იორკზე სამჯერ დიდი ქალაქის აშენება და მას უწოდა „ათასწლეულის სტრატეგიული განვითარება“. ამგვარი ხედვები, რა თქმა უნდა, არასახარბიელოა.

2050-ისთვის მოსალოდნელია, რომ ქალაქებში მცხოვრებთა რიცხვი 6 მილიარდს მიაღწევს, რაც პლანეტის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტია. სულ მცირე 30 ქალაქი იქნება, სადაც მოსახლეობა 10 მილიონს გადააჭარბებს. დიდი ურბანული სივრცეები წარმოქმნის მეგაქალაქებს 50 მილიონიანი მოსახლეობით.

მაიკ დევისის აზრით, „პლანეტის ჯურღმულები“-ს ავტორი, მსოფლიოს 2 მილიარდი მოქალაქე იცხოვრებს ნაკლებად განვითარებულ ადგილებში სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტარული სერვისების ხელმისაწვდომობის გარეშე. კიდევ 4 მილიარდი იცხოვრებს მკაცრად შეზღუდულ ურბანულ გარემოში, სადაც მოუწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა იმ დროს, როცა მთავრობები ვერ გაუმკლავდებიან ქალაქებში ადამიანების ნაკადების სწრაფ შემოდინებას.

სოციალური მომსახურებისა და ჯანდაცვის ობიექტები მწყობრიდან გამოვა. ადამიანური კატასტროფები, როგორიცაა შიმშილი და დაავადებების გავრცელება გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს და მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს. მეგაქალაქების მომავალი საკმაოდ უსახურია არამდგრადი ადგილობრივი ეკონომიკით, რაც უარყოფითად იმოქმედებს მოქალაქეთა ყოველდღიურობაზე.

მატერიალური დოვლათი ვერ უზრუნველყოფს ამ საკითხების მოგვარებას. ჰაერის დაბინძურება ინტენსიურად გაიზრდება, ტოქსიკური დაბინძურება ქალაქების სავიზიტო ბარათი გახდება. ეს გარდაუვლად გამოიწვევს რესპირატორული დაავადებების ზრდას, რაც უკვე არის დღევანდელი მოსახლეობისთვის 3 ყველაზე მაღალ რისკის შემცველ დაავადებათა შორის. დაბინძურებული ჰაერის შემცველობა კიდევ უფრო გაუარესდება ურბანული დათბობის პირობებში, რადგანაც პარკებს და გამწვანებულ სივრცეებს უფრო და უფრო ანაცვლებს საცხოვრებელი ნაგებობები.

ბუნებას რთული გამოცდა ელის მომავლის ქალაქებში ადგილის შესანარჩუნებლად, ურბანული გაფართოებისთვის მოსალოდნელია სასოფლო-სამეურნეო მიწების 30%-ით შემცირება. სოფლებისა და მწვანე სივრცეების ნაკლებობა საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ფლორისა და ფაუნის მე-6 გლობალურ გადაშენებას.

 

ნათელი მომავალი

მაგრამ არსებობს აპოკალიფტური მომავლისგან თავის დაღწევის საშუალება. ქალაქების სწრაფი და ქაოტური ექსპანსიის შეჩერება უნდა მოხდეს გლობალური ხელშემწყობი გარემოსდაცვითი კრიზისების მოგვარების გზით.

თუმცა ამის ფონზე მთავრობებმა გვაჩვენეს, რომ ვერ ახერხებენ გლობალური კორპორაციების ინტერესების ადაპტირებას ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასთან და გარემოსთან, ეს კარგად ჩანს ისეთი პროექტების მხარდაჭერით, როგორიცაა ალბერტა სანდის სამთო მრეწველობა და ნავთობის მოპოვება ნიგერიის დელტაში.

ამრიგად, ნებისმიერი ალტერნატიული ურბანული გეგმარება საჭიროებს რადიკალურ ცვლილებებს მმართველობასა და ეკონომიკურ ფილოსოფიაში. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საზოგადოების ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს მდგრადი წარმოება და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი გადანაწილება და არა მოგების მაქსიმალიზაცია.

დოვლათი და ძალაუფლების გადანაწილება შექმნის ძლიერ ადგილობრივ ეკონომიკას და თემების გაერთიანებებს, რომელსაც შეეძლება გლობალურ ურბანიზაციასთან გამკლავება. ეს ცვლილებები გამოხატული უნდა იყოს ფიზიკურ სტრუქტურებსა და ურბანულ ფორმებში, კომპაქტური და მჭიდროდ დასახლებული, მდგრადი თვითმმართველი ჯგუფების განვითარება წინ აღუდგება ურბანულ გადაფარვას.

მომავლის ალტერნატიულ ქალაქებში, ურბანული ბლოკები ხელს შეუწყობენ მოსახლეობის ყველა აუცილებელ საჭიროებებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, საკვები პროდუქტი, სუფთა წყალი და სანიტარული მომსახურება.

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორგან-ქალაქში

უკეთესად რომ წარმოვიდგინოთ, როგორი შეიძლება იყოს ასეთი სივრცე, დევიდ დობრეეინერმა, კრის ბრაუნმა და პოლ ჯონსმა შექმნეს ორგან-ქალაქი: ილუსტრირებული პროტოტიპი ადგილობრივი, ავტონომიური, მდგრადი, ურბანული საზოგადოების სტრუქტურა.

ორგან-ქალაქი არის მჭიდროდ დაფარული საცხოვრებელი სახლებით, ურბანული აგროკულტურით, საცალო ვაჭრობით, ინდუსტრიით, საგანმანათლებლო ობიექტებით და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანდაცვის ობიექტებით, ყოველ  5000 ადამიანზე ერთი.

ავტომატური წარმოება და ნარჩენების გადამუშავება ხდება საცხოვრებელი ზონების ქვეშ, სადაც ბუნებრივი სინათლე არაა საჭირო. თითოეულ გაერთიანებას აქვს საარსებო მრეწველობა, რომლითაც ვაჭრობს სხვა მეზობელ გაერთიანებებთან, რათა მოახდინოს შემოსავლებით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. რესურსები უნდა დარჩეს ადგილობრივ დონეზე მეტი პასუხისმგებლობის გრძნობით, ვიდრე ამას დიდი კორპორაციები აკეთებენ.

ამ ახალი გაერთიანებების ბუნებრივი ფუნქცია იქნება გარემოს დაცვა და ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერა.

 

ხალხის ძალა

ადგილობრივი მოსახლეობის ინვესტირება ადამიანებს პირდაპირ მოამარაგებს განათლებითა და უნარებით, რომელიც მათსავე კომერციულ შესაძლებლობებს გაზრდის, არა მხოლოდ ერთობლივი მშენებლობით, არამედ წარმატებითა და ურთიერთპატივისცემის გზით. როგორც სოციოლოგი ჯეინს იაკობსი 1970-იან წლებში ამტკიცებდა, სიცოცხლისუნარიანი ქალაქები უნდა გახდნენ რესურსების მწარმოებლები და არა გაუმაძღარი მომხმარებლები.

ორგან-ქალაქში, განვითარების თითოეულ მიმართულებას ექნება შესაბამისი ექსპერტების ჯგუფის კვალიფიციური დასკვნა, რომელიც შედგება:  ექიმების, არქიტექტორების, ადვოკატების, ასევე კვალიფიკაციური და არაკვალიფიკაციური მოქალაქეებისგან.

ეს ახალი ურბანული მოდელი ქალაქს გარდაქმნის პროდუქტიულ გარემოდ. მაგალითად, ურბანული მეურნეობის განვითარება ხელს შეუწყობს სურსათის წარმოებას და თავიდან აგვაცილებს შიმშილობას, რაც ურბანული ზრდის გარდაუვალი შედეგი იქნება.

განვითარებული მოვლენები განსხვავდება მასშტაბებით. შედარებით დიდი და სათემო ობიექტები საჭიროებენ სპეციალისტებს. ამ თემების ფარგლებში მნიშვნელოვანია ხალხი, რომელიც მათ საცხოვრებელთან ახლოს მუშაობს, სატრანსპორტო ზიანის შემცირების მიზნით: არამხოლოდ დაძლევს დაბინძურებას, არამედ ადამიანებს მისცემს უფრო მეტ დროს მათი ოჯახებისთვის და სოციალური ურთიერთობებისთვის.

კომუნალური რესურსების გაზიარება - მანქანების ჩათვლით, ურბანული მდგრადობის მნიშვნელოვანი პრინციპია. კომუნალური საკუთრებების ასეთი გამოყენება, მათ შორის უძრავი ქონებისა და მწვანე საფარის, არის შეუცვლელი რამ ამგვარი ურბანული მოდელისთვის. განახლებადი ტექნოლოგიები ასევე უნდა იყოს საერთო სარგებლობაში, რომელიც დაეხმარება ხალხს თავი დააღწიოს წიაღისეულის გამოყენებას.

გლობალიზაციისგან გამოწვეული ცვლილებების ფონზე მდგრადი განვითარებით, შედარებით მცირე თვითმყოფადი თემების შექმნით, ქალაქებმა შესაძლოა დაიბრუნონ წონასწორობა, დღევანდელი მდგომარეობით ორგან-ქალაქის იდეა შესაძლოა მართლაც მოჩანდეს უტოპიურ ოცნებად.

მაგრამ, თუ გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ ურბანული აპოკალიფსი, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ალტერნატიული ხედვები, რათა შევცვალოთ მომავლის ქალაქების წარმოდგენები და გეგმარებები.

 

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით