მუნიციპალიზმი და პოლიტიკის ფემინიზაცია

გამოქვეყნებულია: 05.Oct.2018

მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება ინტერესი მუნიციპალიზმის მიმართ და განიხილება ნეოლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიად და დემოკრატიულ სისტემად. სამოქალაქო პლატფორმები, რომლებიც ესპანეთის დიდ ქალაქებს მართავენ, ასევე Ciudad Futura არგენტინაში, Indy Towns ბრიტანეთში და ქურთების დემოკრატიული კონფედერალიზმი მათი შეზღუდვების მიუხედავად ნათლად მიუთითებს ადგილობრივი მოქმედების ტრანსფორმაციულ პოტენციალზე. მუნიციპალიზმის ბოლო სამიტი „უშიშარი ქალაქები“ [Fearless Cities], რომელიც ბარსელონაში ჩატარდა და სადაც ყველა კონტინენტიდან, დაახლოებით, 100 მუნიციპალური პლატფორმა იყო წარმოდგენილი, მუნიციპალიმის გლობალური მოძრაობის ზრდის მკაფიო მაგალითია.

მუნიციპალიზმი შედგება ურთიერთდაკავშირებული მახასიათებლებისგან:

  1. იქმნება ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც კარგად ასახავს ადგილობრივი პოლიტიკური ლანდშაფტის მრავალფეროვნებას და პასუხობს ლოკალურ გარემოებებსა და გამოწვევებს;
  2. გადაწვეტილებების მიღების პროცესი ღია და მონაწილეობითია, რომელშიც ასახულია საზოგადოების კოლექტიური ცოდნა და ინტელექტი;
  3. ორგანიზაციული სტრუქტურა შედარებით ჰორიზონტალურია (მაგალითად, დაფუძნებულია სამეზობლო კრებებზე) და განკარგავს არჩეული წარმომადგენლების მუშაობას;
  4. ადგილობრივი ინსტიტუტების შიგნით და გარეთ არსებული დაძაბულობა უერთიერთშემავსებელი და ხშირად კრეტიულიც არის: მუნიციპალიზმისთვის მნიშვნელოვანია, რომ ინსიტუტების მუშაობა  დაფუძნებული იყოს ორგანიზებულ სოციალურ მოძრაობებზე გარედან, რომლებიც არჩეულ ლიდერებს არ მისცემენ მოდუნების საშუალებას. ამ მიზეზით მუნიციპალური მოძრაობები მიესალმებიან ინსტიტუტებზე ზეწოლას გარედან და ცდილობენ, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და მექანიზმები მაქსიმალურად დემოკრატიული იყოს.

და ბოლოს, მუნიციპალიზმი ცდილობს, ადგილობრივი ინსტიტუტები, როგორც მმართველობის ყველაზე დაბალი რგოლი, გარდაქმნას თვითმმართველობის მექანიზმებად. ამრიგად, მუნიციპალიზმი მხოლოდ დიდი ქალაქებისთვის კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ უდიდესი დანიშნულება აქვს პატარა ქალაქებში, რაიონებში, სამეზობლოებსა თუ სოფლებში.

მუნიციპალისტური სტრატეგია მნიშვნელოვანია რიგი მიზეზების გამო:

  1. მცირე გამარჯვებებით შეიძლება  სტატუს ქვოს ალტერნატივების დემონსტრირება;
  2. ნეოლიბერალიზმის უარყოფითი შედეგები ადგილობრივ დონეზე ყველაზე კარგად იგრძნობა. განსაკუთრებით, ქალაქებში, სადაც საბინაო პოლიტიკა სპეკულაციის საგანია, საზოგადო სიკეთეების პრივატიზების პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს და ხშირია პოლიტიკური კორუფციაც;
  3. ადგილობრივი ინსტიტუტები მთავრობის ის ნაწილია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან და იძლევა მონაწილეობით დემოკრატიის ყველაზე მეტ შესაძლებლობას, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ არჩევნებში ხმის მიცემით.

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი მიზეზი: მუნიციპალიზმს აქვს პოლიტიკის ფემინიზაციის ბევრად მეტი პოტენციალი, ვიდრე პოლიტიკურ მოქმედებას ნაციონალურ, თუ ტრანსნაციონალურ დონეზე.

 

მოქმედების გზების ტრანსფორმაციული პოტენციალი

წინა სტატიაში საუბარი იყო პოლიტიკის ფემინიზაციაზე; იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკის კეთების კონცეფციის ფუნდამენტური ცვლილება და რომ ჩვენი ფოკუსი არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობითობის გაზრდა ან/და გენდერული ბალანსის დაცვა.  მნიშვნელოვანია მასკულინური მექანიზმების — კონკურენციის, იერარქიის, ჰომოგენურობის ცვლილება. ასეთი პოლიტიკა პირადსა და პოლიტიკურს შორის ხელოვნურად შექმნილი დაყოფის აღმოფხვრის საუკეთესო მექანიზმია და გვაძლევს სისტემაში არსებული დინამიკის ცვლილებისა და ემანსიპატორული ალტერნატივების შემქნის შესაძლებლობას.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ აქ საკითხი ესენციალისტური პერსპექტივიდან არ განიხილება. გენდერული როლები, რა თქმა უნდა, თავად პატრიარქატის მიერაა წარმოებული; და „ფემინური“ ღირებულებებისა და პრაქტიკების დანერგვა იმიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ქალები კაცებისგან აბსოლუტურად განსხვავებულ სოციალიზაციის პროცესს გადიან. მათ არავინ ასწავლის დომინანტურ „მასკულინურ“ პრაქტიკებს, რაც მათ პოლიტიკური სივრციდან რიყავს. პოლიტიკის კეთების ასეთი ცვლილება  პატრიარქატის იმ ფუნდამენტს აკრიტიკებს, რომელიც თავადაა გენდერული როლების მწარმოებელი. თუ ჩვენი მიზანი მეტი დემოკრატია და ხალხის გაძლიერებაა, „ფემინური“ მოქმედების გზები — თანამშრომლობა, დიალოგი, ჰორიზონტალურობა — სხვა ჩაგრული და პოლიტიკისგან გარიყული ჯგუფების ჩართვასაც შეუწყობს ხელს.

თანამედროვე მუნიციპალურ მოძრაობებს პოლიტიკის მიმართ „ფემინური“ მიდგომა აქვთ და რადიკალურ მიზნებს კონკრეტულ ქმედებებთან აერთიანებენ. ტრადიციული მემარცხენეობისთვის დამახასიათებელი „მასკულინური“ მახასიათებლებიც, როგორიცაა ძალაუფლების ნებისმიერ ფასად მოპოვება და იდეოლოგიური „სიწმინდეების“ ტყვეობაში ყოფნა — მუნიციპალიზმს არ ემუქრება. მუნიციპალიზმი ხასიათდება დინამიკური სწავლების მეთოდებით — სწავლება კეთების, ცდისა და შეცდომების გააზრდების დახმარებით. პრობლემების მოგვარების სტრატეგია, როგორებიცაა საცხოვრისზე წვდომა, ბუნებრივი რესურსების მართვა და ა.შ., კომპლექსური რეაგირებაა და არა აბსტრაქტული ცნებების გარშემო დებატები, რაც, სამწუხაროდ, მრავალ პროგრესულ ორგანიზაციას ახასიათებს.

 

შექმნის და ორგანიზების ფემინური პროცესი

სახელმწიფო პოლიტიკური პროექტის მთავარი შეზღუდვები მდგომარეობს შიდა კონფლიქტების შიშსა და მოთხოვნილებაზე, ყველაფერი ზემოდან ქვემოთ გაკონტროლდეს.  ასეთი „მასკულინური“ დინამიკა კი არაა ქმედითი და ვერ ასახავს დიდ გეოგრაფიულ არეალზე დასახლებულ, მზარდი მოსახლეობის პრიორიტეტებსა და ინტერესებს. ასეთი პოლიტიკური პროექტისთვის მხარდამჭერების არსებობაც კი რთულია, რადგან შეუძლებელია ერთი პოლიტიკური პროექტი ყველასთვის მისაღები, ქმედითი და რელევანტური იყოს. მემარცხენეების დაყოფის მიზეზი ქვეყნის მასშტაბით ხშირად ესეც არის ხოლმე.

ამის საპირისპიროდ, მრავალფეროვნება მუნიციპალიზმისთვის უპირატესობაა: პოლიტიკური პროექტები  ადგილობრივი კონტექსტის მიხედვითაა განსხვავებული. მაგ., მუნიციპალურ პლატფორმებს ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა სახელები და მოკავშირეები ჰყავთ პარტიების სახით. აგრეთვე, განსხვავებულია მათი პოლიტიკური პრიორიტეტები, მაგ., ბარსელონაში საცხოვრისის უფლების დაცვა, მზარდ ტურიზმთან მიმართებაში. მიუხედავად გამოწვევებისა, ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური მრავალფეროვნების უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს, სადაც ადამიანები უფრო მეტად იცნობენ ერთმანეთს და აკავშირებთ საერთო მიზნები.

პოლიტიკის ფემინიზაცია აგრეთვე ნიშნავს გადაწყვეტილებების მიღების ჰორიზონტალურ მეთოდს და მმართველობის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ Barcelona en Comu, რომლის 1700 აქტივისტი დამოუკიდებლად მუშაობს სამეზობლო საბჭოებში, პოლიტიკურ ჯგუფებსა და კომიტეტებში. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა აქტივისტებს შორის და, აგრეთვე,  ორგანიზაციული და ინსტიტუციონალური მმართველობა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, ის მაინც შესაძლებელია. გადაწყვეტილებების მიღების ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც გრასრუთ აქტივისტების გამაძლიერებელიც იქნება, ყველაზე მეტად მუნიციპალურ დონეზეა შესაძლებელი.

მუნიციპალური მოძრაობები მმართველობის ახალი, კოლექტიური მეთოდების ინიციატორები არიან. ამ მხრივ აუცილებლად აღსანიშნია ქურთების გამათავისუფლებელი მოძრაობა [The Kurdish freedom movement], სადაც ხელმძღვანელთა პოზიციები თანაბრადაა გადანაწილებული კაცებსა და ქალებს შორის [ზოგიერთ ქალაქს ქალი და კაცი ვიცე-მერიც ჰყავს]. ეს ხელს უშლის ძალაუფლების მხოლოდ კაცების ხელში კონცენტრაციას და ცვლის იმას, თუ როგორ ხდება აღმასრულებელი პოლიტიკის წარმოება.

მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუციურ დონეზე ამგვარი მექანიზმები ძალიან ცოტა ქვეყანაში გამოიყენება, ესპანეთის Barcelona en Comu კარგი მაგალითია იმისა, რომ ასეთი ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია. Barcelona en Comu-მ შეცვალა ნაციონალური პოლიტიკური პარტიების საპრეზიდენტო მმართველობის მოდელი და შექმნა აღმასრულებელი საბჭო 8 ადამიანით და საკოორდინაციო ჯგუფი 40 ადამიანით, მინიმუმ 50% ქალების პროპორციით.

 

„ფემინური“ ნარატივი

ყოველი პოლიტიკური პროექტი უნდა აპელირებდეს „ჩვენ“ ნარატივით, რათა ხალხმა ამ იდეასთან იდენტიფიკაცია შეძლოს. ნაციონალისტურ პროექტებში „ჩვენ“, ძირითადად, განხილულია ქვეყნის/ეროვნების პერსპექტივიდან. „ჩვენ“ ნარატივის ნაციამდე და სახელმწიფომდე დაყვანა პრობლემატურია, რადგანაც ეს დამყარებულია  პატრიარქატზე,  კოლონიალიზმსა და კაპიტალიზმზე. იმის მაგიერ, რომ ეს ყველაფერი გავაძლიეროთ, ჩვენ პირიქით, უნდა ვაკრიტიკოთ და კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მსგავსი მიდგომა. ერი-სახელმწიფოსგან მომდინარე კოლექტიური იდენტობები, როგორც წესი, ქსენოფობიური, სექსისტური, კლასისტური ან, უკეთეს შემთხვევაში, საერთოდ დაცლილია შინაარსისგან.

მემარჯვენე ძალების ზრდასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანი ხდება ალტერნატიული კოლექტიური თვითიდენტიფიცირება, რომელიც იქნება ძლიერი, ინკლუზიური და უსაფრთხეობის უზრუნველმყოფელი ყველასთვის. მუნიციპალიზმი კი ამის შესაძლებლობას იძლევა იმით, რომ აქ  ადგილობრივი „ჩვენ“ ნარატივი ხდება მნიშვნელოვანი, რომელიც დაფუძნებულია საცხოვრებელ ადგილზე და არა კანონიერ მოქალაქეობაზე ან ეთნიკურ იდენტობაზე.

აგრეთვე, მუნიციპალური ნარატივები ეროვნულ პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით არაა პატრიარქალური — ნაკლებად აგრესიული და კონფრონტაციულია. მაგ., ესპანეთში, როცა პოდემოსი სახელმწიფო დონეზე თავს ესხმის თავს la casta-სა და la trama-ს [პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს], მუნიციპალური პლატფორმები უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ „საერთო საზოგადოებრივი სიკეთეებისა და კეთილდღეობების“ არსებობის მნიშვნელობაზე. მუნიციპალური ნარატივი ასევე დაცულია თეორიების აბსტრაქტულ მორევში ჩაკარგვისგან და უფრო მეტად მიმართულია კონკრეტულ მიზნებსა და პრობლემების პრაქტიკულ გადაწყვეტაზე. მაგ., ესპანეთში როცა პარტიები ერთმანეთს გრამშის „ჰეგემონიის“ ტერმინებით ეკონტაქტებიან, მუნიციპალიზმი კონკრეტულად და გასაგებად საუბრობს პრობლემებზე, როგორიცაა ჰაერის ხარისხი, საჯარო სივრცის გამოყენება, ბინის ფასების ზრდა და იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი და გასაგებია ყველასთვის.  

 

მუნიციპალიზმის მიღმა

რა თქმა უნდა, მუნიციპალიზმი არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოო მიზანი მიღწეულია. ის უბრალოდ დამხმარე მექანიზმია გენდერული სამართლიანობისთვის ბრძოლისთვის, სხვადასხვა განსხვავებული ადამიანების მმართველობით დაინტერესებისთვის, დემოკრატიული ორგანიზაციებისა და კოლექტიური მმართველობის ფორმების შექმნისთვის და იმ ფონზე, როცა მემარჯვენე ძალები სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან.  აგრეთვე, აქედან არ გამომდინარეობს ის, რომ უარი უნდა ვთქვათ ნაციონალურ თუ ტრანსნაციონალურ დონეზე მუშაობაზე. მუნიციპალიზმი, ადგილობრივი ინტერესების დასაცავად პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე  ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობის კუთხით. ეს უფრო თანამშრომლობას ჰგავს, რომელიც ემყარება ადგილობრივ მოძრაობებს  და პოლიტიკის კეთების ახალ გზებს,რომლებიც ასე გვჭირდება უკეთესი მომავლისთვის.

 

თარგმანი: ეკა მღებრიშვილი

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

უპირობო ძირითადი შემოსავალი

70-იან წლებში კანადის პროვინცია მანიტობაში უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყეს —  ზოგ მოქალაქეს ფულს სახელმწიფო უპირობოდ ურიგებდა.  ქალაქ დოფინში, მაგალითად, ყოველ თვე მოქალაქეებს ეგზავნებოდათ ჩეკები, რათა გარანტირებული ჰქონოდათ უპირობო ძირითადი შემოსავალი. ამ ინიციატივის (Mincome) მიზანს წარმოადგენდა იმის ჩვენება, თუ რა მოხდებოდა ასეთი ინიციატივის დანერგვის შემთხვევაში. შეწყვეტდა ხალხი მუშაობას? გაფლანგავდნენ ფულს ღარიბები და მაინც სიღარიბეში გააგრძელებდნენ ცხოვრებას?

image

რატომ ვნებს ტყვია ადამიანებს

ადამიანები ტყვიას სხვადასხვა პროდუქტში უკვე 8000 წელია იყენებენ (ჩვენთვის, როგორც ცნობილია, პირველად მისი მოპოვება 6500 წ-ს ქ.შ-მდე დაიწყეს ანატოლიაში), ამიტომაც გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ მხოლოდ დაახლ. 150 წ-დან ქ.შ-მდე გახდა ცნობილი, რომ ტყვია საშიშია და მასთან თამაში არ ღირს, როცა ადამიანის სხეულზე მისი გავლენა ცნობილმა ბერძენმა ფიზიკოსმა ნიკანდროს კოლოფონელმა შეისწავლა. ნიკანდროსმა ეს მეტალი „მომაკვდინებლადაც“ კი აღწერა. მან თავის ნაშრომში „ალექსიფარმაკა“ განვრცობით დაწერა ადამიანის სხეულზე მისი საზიანო ეფექტების შესახებ.

image

კლიმატის ცვლილება გენდერული პერსპექტივიდან

ქალები კლიმატის ცვლილების შედეგად ყველაზე დაზარალებულ ჯგუფად ითვლებიან, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უმცირესობაში არიან.

შემოგვიერთდით