ახალგაზრდა მწვანეები ევროპის მწვანეთა პარტიის ყრილობაზე

გამოქვეყნებულია: 12.Nov.2019

8-10 ნოემბერს ფინეთში, ქალაქ ტამპერეში, გაიმართა ევროპის მწვანეთა პარტიის (European Green Party) რიგით 30-ე ყრილობა, რომელსაც სპეციალური მიწვევით ესწრებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების თანასპიკერები გიორგი ფცქიალაძე და მარიამ ვაწაძე.

გიორგი ფცქიალაძე ყრილობაზე საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებს წარმოადგენდა, ხოლო მარიამ ვაწაძე ევროპის ახალგაზრდა მწვანეების ფედერაციის (FYEG) დელეგაციის წევრად იყო წარდგენილი. 

ევროპის მწვანეთა პარტია პანევროპული პარტიაა, რომელშიც ევროპის მასშტაბით არსებული მწვანე, მემარცხენე და ეკოლოგისტური პარტიები არიან გაერთიანებული. ის ოფიციალურად 2004 წელს დაფუძნდა, თუმცა მას წინ უსწრებდა ჯერ ევროპელი მწვანეების თანამშრომლობა 1979-დან 1993-მდე, ხოლო 1993-დან ევროპის მწვანეთა პარტიების ფედერაცია, რომელსაც ამავე წელს შეუერთდა საქართველოს მწვანეთა პარტია ზურაბ ჟვანიას მეთაურობით; ხოლო ჟვანია ფედერაციის თანათავმჯდომარედ (მდივნად) იქნა არჩეული.

ევროპის მწვანეთა პარტია ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული პარტიაა, რომლის რეიტინგი და მხარდაჭერა მუდმივად იზრდება, განსაკუთრებით 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე, როცა იგი ევროპარლამენტის მეოთხე უდიდესი ჯგუფი გახდა და მისი წარმომადგენლობა 52-დან 74 დეპუტატამდე გაიზარდა.

ყრილობის მასპინძელი ფინეთის მწვანეთა პარტიაა, რომელიც მმართველ პარტიას წარმოადგენს. ყრილობას ვიდეომიმართვით ჩაერთო ფინეთის პრემიერ-მინისტრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ხოლო დელეგატებს უშუალოდ მიმართეს შინაგან საქმეთა, საგაერო საქმეთა და გარემოსდაცვის მინისტრებმა, რომლებიც ფინეთის მწვანეთა პარტიის წევრები არიან. ყრილობა კი ახლადარჩეულმა პარლამენტარმა, ფინეთის ახალგაზრდა მწვანეების ყოფილმა თანასპიკერმა, 25 წლის ირის სუომელამ გახსნა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების მნიშვნელობას უშუალოდ მწვანეთა პარტიასა და მის წარმატებაში.

ევროპის ახალგაზრდა მწვანეთა ფედერაცია ევროპის მწვანეთა პარტიის ახალგაზრდული ფრთაა, რომელსაც ყრილობაზე რეზოლუციების წარდგენისა და ხმის უფლება აქვს. FYEG-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2019 წლის ევროპარლამენტის საარჩევნო კამპანიაში ახალგარდების ხმების მობილიზებაში. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ამ გაერთიანების წევრი ორგანიზაცია ვართ და მის აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენი თანასპიკერი მარიამ ვაწაძეა არჩეული, ასევე FYEG-ის მედია პლატფორმის The Ecosprinter-ის სარედაქციო ბორდშია ჩვენი ერთ-ერთი მდივანი თამარ ჯაყელი.

30-ე ყრილობა მნიშვნელოვნად დაეთმო პარტიის ისტორიისა და მომავალის გააზრებას, მის წარმატებებსა და წარუმატებლობებზე საუბარს; 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე რეფლექსიას, თუ როგორი წარმატებული გამოდგა ის დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, თუმცა ნაკლებად წარმატებული სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ყრილობამ მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: პარტიის რიგებიდან გარიცხა ლატვიის მწვანეთა პარტია, რომელიც გამოირჩევა მემარჯვენე, ანტი-სოციალური და ნაციონალისტური იდეებით და მიღებულ იქნა სამხრეთ ტიროლის მწვანეთა პარტია (იტალია). ასევე მიღებულ იქნა რეზოლუციები, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სამხრეთ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნის შესახებ, რადგან სწორედ მერკოსურის სავაჭრო შეთანხმებაა ამაზონის ხანძრების უმთავრესი მიზეზი და რეზოლუცია კლიმატური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რათა სწრაფად გატარდეს ეფექტური ღონისძიებები კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ, მნიშვნელოვნად დაიბეგროს დამაბინძურებელი კომპანიები და ეს თანხა მწვანე ტრანზიციას მოხმარდეს. აღსანიშნავია, რომ ეს რეზოლუცია ევროპის ახალგაზრდა მწვანეთა ფედერაციამ და ევროპის მწვანეთა პარტიის კომიტეტმა დააყენეს.

ყრილობამ ორი წლის ვადით აირჩია თანათავმჯდომარეები: ეველინ იეტებრუკი (ბელგია), ტომ ვაიტსი (ავსტრია); გენერალური მდივანი: მარ გარსია (ესპანეთი); კომიტეტის წევრები: უტე მიშელი (გერმანია), ორას ტინკინენი (ფინეთი), ვულა ცეცი (საბერძნეთი), მელანი ვოჟელი (საფრანგეთი), მიხალ ბერგი (ჩეხეთი), ჯინ ლამბერტი (დიდი ბრიტანეთი).

ყრილობაზე მიწვეულები იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, როგორც მწვანე-მემარცხენე იდეებისა და ღირებულებების გამტარი მოძრაობა საქართველოში. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს მწვანეთა პარტია, რომელიც უკვე საკმაო ხანია აღარ წარმოადგენს იმ იდეებსა და ღირებულებებს, რომელსაც მწვანე ეწოდება, სწორედ ამიტომ დატოვეს პარტია ახალგაზრდა მწვანეებმა წლების წინ და დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ. და თუმცა საქართველოს მწვანეთა პარტია დღემდე რჩება ევროპელი მწვანეების რიგებში, არაა გამორიცხული, თუ მისი კარდინალურად განახლება და შეცვლა არ მოხდა, ლატვიის მწვანეთა პარტიის მსგავსად გარიცხონ.

ყრილობაზე გახმოვანდა, რომ მომდევნო პერიოდში ევროპის მწვანეთა პარტიის პრიორიტეტი აღმოსავლეთ ევროპა, მათ შორის საქართველოც, იქნება. ამის გამოხატულებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შემდგომი 31-ე ყრილობა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაიმართება. 

და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა და ურთიერთიბა კიდევ უფრო გაღრმავდება და ინტენსიური გახდება ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებსა, და ევროპის მწვანეთა პარტიას შორის.

 

ასევე წაიკითხეთ:

image

ბათუმის რივიერასთვის სოლიდარობის აქცია გაიმართა

დღეს, 20 იანვარს ახალგაზრდა მწვანეებმა ბათუმის რივიერას ჩაბეტონება გავაპროტესტეთ. ეს იყო სოლიდარობის აქცია ბათუმელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოძრაობა “მწვანე მომავალთან” და ,,საზოგადოება ბათომთან” ერთად საჯარო სივრცის გასხვისებას უპირისპირდებიან

image

ანას ბაღში ბიზნესი ძალადობრივად შეიჭრა

დღეს, 10 იანვარს, დილის საათებში, ანას ბაღში სამშენებლო კომპანიამ ტექნიკის შეყვანა დაიწყო, რასაც ვარკეთილელები და, მათ შორის, “ახალგაზრდა მწვანეები”, წინ აღუდგნენ: გადაკეტეს გზა, რასაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

image

რა მოხდა COP25-ის გარშემო

მიმდინარე ტექსტი აღარ ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვას და ითხოვს მხოლოდ იმას, რომ პროექტებმა თავიდან აიცილონ ეკოლოგიური ზიანი და მათგან გამოწვეული სოციალური ზემოქმედებები. იგი ამბობს, რომ მოლაპარაკებები უნდა შედგეს იქ, სადაც შესაბამისობაში იქნება მოქმედ შიდა კანონმდებლობასთან და რომ სხვა გარანტიების განხილვა შედგება 2028 წლისთვის.

შემოგვიერთდით