პაNOრამა

გამოქვეყნებულია: 25.Feb.2016

ახალგაზრდა მწვანეები „პანორამა თბილისის“ პროექტს კერძო კომერციული ინტერესის საზოგადოებრივ აზრთან უპირატეს მდგომარეობაში დაყენების მორიგ მაგალითად მივიჩნევთ. აღნიშნული პროექტის მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, თუმცა სახელმწიფო მის აზრს არ ითვალისწინებს და ქვეყნის კანონმდებლობასაც კერძო ბიზნესის ინტერესებს არგებს.

ინვესტორების არგუმენტი, რომ მშენებლობის დროს დასაქმდება 2000-მდე, ხოლო ექპლუატაციის პერიოდში - 1000-მდე ადამიანი, ვერ გამოდგება პროექტის განხორციელების შედეგად მიყენებული ზარალის საპირწონედ. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ისედაც დასაქმებულია მომსახურების სფეროში, სადაც ანაზღაურება შეუსაბამოა, ხოლო სამსახური - არასტაბილური. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ინვესტირებას უფრო მდგრად პროექტებში, რომლებიც მოერგება, პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესებს და მიმართული იქნება მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ. მით უმეტეს, როდესაც ძველი თბილისის მოსახლეობის უმეტესობა მძიმე სოციალურ პირობებში ავარიულ სახლებში ცხოვრობს.

- თბილისის ისტორიულ უბანში ფეშენებელური პროექტის მშენებლობა მეტად გააღრმავებს არსებულ სოციალურ უთანასწორობას. ნათელია, რომ კავკასიაში ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზის პროექტირება არ შედის რიგითი მოსახლის ინტერესებში. მსგავსი პროექტები, სავარაუდოდ, გამოიწვევს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ქალაქის ისტორიულ ადგილს კი ბიზნეს ინტერესებისთვის გამოიყენებენ.

მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების შედეგად ხდება ქალაქის, როგორც სივრცის, მითვისება. ურბანულ განვითარებაზე წვდომა მხოლოდ ძალაუფლების მქონე ადამიანების პრეროგატივად იქცა. ქალაქი ის სივრცეა, რომელიც ადამიანების ჰარმონიულ ცხოვრებას უნდა უწყობდეს ხელს და სრულად იყოს მორგებული მათს ინტერესებს. დღესდღეობით კი, ნეოლიბერალური პოლიტიკის შედეგად, ქალაქი შინაარსისგან იცლება და მხოლოდ კერძო ბიზნესის განვითარების არეალი ხდება.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ მოქალაქეებმა არ უნდა დავთმოთ ჩვენი უფლება ქალაქზე და არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, საზოგადო სივრცე მხოლოდ კომერციული მოხმარების საგნად აქციოს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ჩვენი სივრცეა, რომელიც კოლექტიური ქმედებით შეგვიძლია მეტად სოციალურად სამართლიანად გარდავქმნათ.

აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ პარალელურად მიმდინარეობს ტყიბულის მაღაროელების გაფიცვა. ამ, ერთი შეხვედვით, ერთმანეთისგან განყენებულ ფაქტს ბევრი საერთო აქვს. ორივე პრობლემა ქვეყნის ნეოლიბერალური პოლიტიკიდან გამომდინარეობს. ორივე შემთხვევაში ბიზნეს ინტერესები დომინირებს საზოგადოების საჭიროებებზე. ასეთ დროს მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა და თანადგომა.

ასევე წაიკითხეთ:

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

image

სოლიდარობა პანკისელებს, არა ჰესებს

რაც პანკისში ხდება არ არის მხოლოდ პანკისის პრობლემა! ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა! რადგან იგივე სისტემა, რომელიც დღეს პანკისელებს ებრძვის აქ მუშებს ხოცავს სამუშაო ადგილზე, გამონაბოლქვში გვახრჩობს და სიღარიბეში სულს გვაძრობს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკით.

შემოგვიერთდით