#ტრამვაითბილისს

გამოქვეყნებულია: 04.Nov.2018

გარემოს დაბინძურება, სოციალური უთანასწორობა,  ეკონომიკური ჩაგვრა, ანტი-ადამიანური ურბანული პოლიტიკა, განათლების სისტემის კოლაფსი… დაუსრულებლად შეიძლება დღევანდელი ქართული საზოგადოების მძიმე პრობლემების ჩამოთვლა. ამ ასპექტების უმეტესობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება და აზარალებს, ხოლო ისეთ მასიურ პრობლემას, როგორიც ჰაერის დაბინძურებაა, ვერც ერთი ჩვენგანი გავექცევით — ტყვიითა და მომწამვლელი ნივთიერებებით გაჟღენთილ ჰაერს ყველანი ვსუნთქავთ.

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების მიზანი სწორედ ამ მდგომარეობასთან ბრძოლა და მწვანე წესრიგის შექმნაა. მწვანე წესრიგი არა მხოლოდ ეკოლოგიური ასპექტის მოგვარებაა, არამედ იგი მოიაზრებს ნებისმიერი ნიშნით ჩაგვრისა და უთანასწორობის აღმოფხვრას. ესაა ადამიანის კეთილდღეობაზე მორგებული წესრიგი.

დღევანდელ დღეს ქვეყანაში ფაქტობრივად ოფიციალური ელიტური კორუფცია მოქმედებს: საჯარო ინფორმაციით ყველამ ვიცით, რა თანხები იფლანგები, რა თანხები მიდის პრემიებზე; ვიცით, როგორ შეუძლია ბიზნეს ელიტას, იდგეს კანონზე მაღლა, სამართლიანობაზე მაღლა. ამასთან ერთად, უმეტეს შემთხვევაში, ბიუჯეტის [ჩვენი] ფული, რაც კორუფციაში და ფლანგვაში არ მიდის, ისიც კი არ ხმარდება საზოგადოებისთვის საჭირო ღონისძიებებს. პროექტები, რაც მოსახლეობის მდგომარეობას გააუმჯობესებდა, საქართველოს ბიუჯეტით რეალურად ხელმისაწვდომია, თუმცა არ არსებობს მათი განხორციელების პოლიტიკური ნება.

ტრამვაი საუკეთესო გამოსავალია თბილისში ჰაერის დაბინძურების მძიმე ნიშნულთან, გაუთავებელ საცობებთან და ტრანსპორტში ჭყლეტვასთან საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი კომპეტენტური ურბანისტი და ქალაქმგეგმარებელი დაეთანხმებოდა ამ აზრს, თბილისის მერია ყოვლად უსარგებლო და, პირიქით, უარესი შედეგის მომტან პროექტებში ხარჯავს ჩვენს ფულს:

  • ესტაკადები - არ შველის საცობებს, არამედ — პირიქით. ამას კარგად ვხედავთ გმირთა მოედნის ესტაკადაზე უზარმაზარ საცობებში (დაიხარჯა 114 864 750.06 ₾);
  • მიწისზედა მეტრო - არ გადის თბილისის იმ მარშრუტებზე, სადაც მგზავრთა ნაკადი ყველაზე დიდია, შესაბამისად, ვერ განტვირთავს ქალაქს და ვერ შეამცირებს ჰაერის დაბინძურებას. თანაც, მეტროს აშენებენ მაშინ, როცა მგზავრთნაკადი უფრო მაღალია და ტრამვაის გამტარუნარიანობა უკვე აღარაა საკმარისი. შესაბამისად, ეს პროექტიც ვერანაირ კრიტიკას უძლებს (გამოყოფილია 90 მლნ ა.შ.შ $). უფრო ვრცლად იხილეთ ურბანული ლაბორატორიის სტატია.

„ახალგაზრდა მწვანეებმა“ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა კამპანია, რათა საზოგადოებაში წამოვწიოთ ტრამვაის საკითხი, სხვა ქალაქების გამოცდილებაზე და სპეციალისტებზე დაყრდნობით დავასაბუთოთ ტრამვაის საჭიროება თბილისში. იმისთვის, რომ ბიუჯეტის თანხები ჩვენი — მოქალაქეების კეთილდღეობას მოხმარდეს საჭიროა, ერთად მოვითხოვოთ ტრამვაი, რომელიც წინგადადგმული  უდიდესი ნაბიჯი იქნება თბილისის სატრანსპორტო სისტემისა და, ზოგადად, ქალაქის გონივრულად მოწყობაში.

კამპანიის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

  • სტატიის გავრცელება, სადაც თბილისის ტრამვაის წარმომადგენელი, ბექა ნინიკური დეტალურად ასაბუთებს, რატომ გვჭირდება ტრამვაი;
  • 5 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია, „რატომ სჭირდება თბილისს ტრამვაი“. ლექციის შემდგომ სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ ტრამვაის კამპანიის ტილოს ჩანთები და წაიღონ სტიკერები;
  • მოეწყობა გარეთ გასვლები სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც ავაგროვებთ ხელმოწერებს ტრამვაის მოთხოვნასთან დაკავშირებთ. ხელის მოწერა ასევე შესაძლებელი იქნება ლექციაზე, „მწვანე ფესტზე“  და გიორგი ბაბუნაშვილთან შეხვედრისას;
  • 1-ლი ნოემბრიდან ფეისბუკზე დაიწყება ონლაინ კამპანია, სადაც ქარდებზე ახსნილი იქნება, თუ რატომ არაა სწორი ტრამვაისთან დაკავშირებული სხვადასხვა გავრცელებული მოსაზრება და როგორ განტვირთავს გზებს ტრამვაი;
  • შაბათს, 10 ნოემბერს თბილისის ქუჩებში, იქ სადაც ადრე ტრამვაი გადიოდა, მოეწყობა გამოფენა: ფეისბუკზე გამოქვეყნდება ღონისძიება, სადაც მონიშნული იქნება ყველა ლოკაცია, სადაც თბილისის ძველი ტრამვაის ამსახველი პლაკატები განთავსდება. ხალხს საშუალება ექნება ეწვიოს ამ ადგილებს და დაათვალიეროს მთელ თბილისში გაბნეული გამოფენა;
  • დაიბეჭდება გაზეთი, რომელშიც შევა თბილისის ტრამვაის ისტორია, ურბანული ანალიზი დღევანდელ დღეს ტრამვაის საჭიროებაზე და ამ პროექტის განხორციელების პერსპექტივები. გაზეთი დარიგდება უფასოდ საჯარო ლექციაზე 5 ნოემბერს და გამოფენის გახსნის დღეს 9 ნოემბერს თბილისის ათ ლოკაციაზე, იქ სადაც პლაკატებს გავაკრავთ;
  • ჩვენს საიტზე დროდადრო გამოქვეყნდება თარგმნილი პუბლიკაციები ურბანულ თემებზე;
  • 17-18 ნოემბერს „პოლიტიკაში“ (აღმაშენებლის გამზ. 164) ვმართავთ „მწვანე ფესტს“ ქალაქის თემაზე, სადაც იქნება დისკუსია ტრამვაის შესახებ. ფესტივალის ორივე დღეს სტუმრებს შეეძლებათ პეტიციაზე ხელმოწერა;
  • 24 ნოემბერს ჩვენს ოფისში ვიწვევთ ურბანისტ გიორგი ბაბუნაშვილს, რომელიც გაგვესაუბრება მერიის ახალ ინიციატივაზე — მიწისზედა მეტროზე. განიხილავს, რატომ არაა ეს პროექტი ეფექტური და რატომ სჯობს მას ტრამვაის გაყვანა.

ასევე წაიკითხეთ:

image

გამოხმაურება ვიტალი საფაროვის საქმეზე

სრულიად შემაძრწუნებელია ჩვენთვის ვიტალი საფაროვის მკვლელობის ამბავი. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს, ყველა მის მეგიბარსა და ნაცნობს. ვუცხადებთ მათ გვერდში დგომას და მზად ვართ, რაც ჩვენს ძალებში იქნება, ყველანაირად დავეხმაროთ ვიტალის ნაცნობებს ნეო-ნაცისტური და ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ საბრძოლველად.  განსაკუთრებით, ვიტალის დედას — მარინა ალანაკიანს, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით მზაობას გამოთქვამს, წინ აღუდგეს ნეო-ფაშისტურ აგრესიას.

image

საზოგადოებრივი ტრანსპორტი = დემოკრატია

თანამედროვე საზოგადოებისთვის მობილობა დიდი გამოწვევაა.ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებისას, ჯანდაცვის თუ განათლების სფერეობისგან განსხვავებით, ძირითადად, იგი უარესდება და არამდგრადი ხდება.
მობილობა განვითარებადი ქვეყნების პრობლემას წარმოადგენს არა ტექნოლოგიების,ან ფულის განხრით, არამედ, სამართლიანობის, თანასწორობის შეზღუდვით.

შემოგვიერთდით