სოლიდარობა პანკისელებს, არა ჰესებს

გამოქვეყნებულია: 21.Apr.2019

დღეს პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა და უმოწყალოდ დაარბია ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც ჰეს „ხადორი 3“-ის  მშენებლობას აპროტესტებს. დღეს ჩვენ ყველანი მოწმეები ვართ იმის, თუ როგორ აყენებს სახელმწიფო კერძო ბიზნესის ინტერესებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ. სახელმწიფოს მხრიდან პოლიციური რეჟიმის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ პოლიტიკის ტოტალურობას.

უკვე წლებია, ადგილობრივი მოსახლეობა პანკისში, სვანეთში, მაჭახელაში აპროტესტებს ჰესების მშენებლობას, რომელიც ანადგურებს გარემოს და ქვეყნის ბუნებრივ რესურსებს ბიზნეს ელიტების ინტერესებს უქვემდებარებს. ეს პოლიტიკა არ დაწყებულა დღეს, არამედ უკვე ორი ათწლეული მიმდინარეობს. ჩვენ კარგად გვახსოვს ის მავნე შედეგები, რაც არაერთმა ჰესმა მოიტანა, კარგად გვახსოვს დარიალში დატრიალებული ტრაგედია.

მიუკერძოებელი ექსპერტებისგან ცნობილია, რომ დამანგრეველი ჰესების მასიურ მშენებლობას არანაირი კავშირი აქვს ქვეყნის ენერგოეფექტურობასთან და ენერგოდამოუკიდებლობასთან, როგორც შეცდომაში შევყავართ და გვაჯერებენ, თითქოს ასეა. არამედ, რაც აქ ხდება, ესაა ისევ და ისევ უმდიდრესი ბიზნეს ელიტების კიდევ უფრო გამდიდრებაზე მიმართული ღონისძიებები.

მთავრობას ვალდებულება აქვს აღებული, უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა ყველა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში. თუმცაღა, იგი ამ პროცესის გაყალბებით, ადამიანების დაშინებითა და ტერორით ცდილობს ერთეული ბიზნესების ინტერესების დაცვას.

დღეს ჩვენ ბიზნესის დიქტატურის პირობებში გვიწევს ცხოვრება, სადაც პოლიცია ამ დიქტატურის სამსახურშია ჩამდგარი და მხოლოდ მის დასაცავად იყენებს საკუთარ ძალას. დღეს ბრძოლის ხაზი გადის პანკისში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა თავდაუზოგავად იბრძვის იმ მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ, რისი მოწმეც უკვე წლებია ვართ.

„ახალგაზრდა მწვანეები“ სოლიდარობას ვუცხადებთ პანკისელებს ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რაც პანკისში ხდება არ არის მხოლოდ პანკისის პრობლემა! ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა! რადგან იგივე სისტემა, რომელიც დღეს პანკისელებს ებრძვის აქ მუშებს ხოცავს სამუშაო ადგილზე, გამონაბოლქვში გვახრჩობს და სიღარიბეში სულს გვაძრობს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკით.

პანკისელების გვერდით დგომა თითოეული ჩვენგანისვის და მთელი საზოგადოებისთვისაა გადამწყვეტი!

ჩვენ ვუერთდებით EMC-ის, მწვანე ალტერნატივისა და კავკასიური სახლის მოწოდებას და მოვითხოვთ:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალის გამოყენება პანკისის ხეობაში და გამოიყვანოს ხეობაში შეყვანილი დამატებითი ძალები.
  • დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტი ნათია თურნავა, რომელსაც აშკარა ინტერესთა კონფლიქტი აქვს ბიზნეს ინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის და მისი დანიშვნიდან პირველივე დღეებში კრიზისი შექმნა პანკისის ხეობაში.
  • საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ძალაუფლების სავარაუდო გადამეტების გამოძიების მიზნით.
  • საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს აღნიშნული თემით და გამოიყენოს საზედამხედველო მექანიზმები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და უფლებების დაცვისთვის;
  • დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაინტერესდნენ მათი ფინანსური დახმარებით მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების სავალალო გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგებით, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკების უგულებელყოფით.

 

 

 

ასევე წაიკითხეთ:

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

image

15 წლის ბიჭის სიკვდილის შესახებ

ჩვენ გვესაუბრებიან თავისუფლებაზე და მის სიკეთეებზე, მაგრამ რეალობაში ვხედავთ, რომ თავისუფალი მხოლოდ ბიზნესია. ბიზნესი თავისუფალია, რომ დაჩაგროს, დაიმონოს და ექსპლუატაცია გაუწიოს. ეს იგივე პოლიტიკაა, რომელიც 15 წლის ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.

შემოგვიერთდით