გზა ევროპისკენ - ახალგაზრდა მწვანეების საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

გამოქვეყნებულია: 07.Dec.2014

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა დაახლოებით ერთი დეკადის წინ შვედეთისა და პოლონეთის მთავრობების ინტენსიური მუშაობის შედეგად შემუშავდა.საპილოტე პროგრამა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო) და აღმოსავლეთ ევროპის განაპირა ქვეყნებს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელარუს ერთი პოლიტიკური სარჩულის ქვეშ აქცევდა და განვითარების საერთო გეგმის მათზე მორგებას ისახავდა მიზნებს.

აღმოსავლეთ პატნიორობის ქვეყნებისთვის შეიქმნა “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა”, რომლის უპირობო შედეგი ევროკავშირის მეზობელი სახელმწიფოების დასავლურ ღირებულებათა სისტემასთან სინქრონიზაცია უნდა ყოფილიყო. “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” იმპლემენტაციის ფაზაზე, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირმა რამდენიმე ათეული მილიონი ევროს რაოდენობის ინვესტიცია განახორციელა, რაც თავის მხრივ პარტნიორობის ქვეყნების მხრიდან საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებათა მთელ წყებად უნდა თარგმნილიყო.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციო-კულტურული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საერთო სამეზობლო პოლიტიკის წარმატების ერთი საზომით გაზომვა რეალურ საფუძველს იქნებოდა მოკლებული. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიისა და უმბ-ის რეგიონის პოლიტიკურმა დინამიკამ ევროკავშირს პროგრამის ტრანსფორმაციის მიმართულება უკარნახა.შედეგად, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ერთ ბადეში მოექცა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ტექსტიც შემუშავდა.

2013 წელს, მაშინ როცა ასოცირების ხელშეკრულების მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე გადადიოდა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკუთარი პოლიტიკური ვექტორი ევროპიდან ერთის შემთხვევაში რუსეთისკენ, ხოლო მეორე შემთხვევაში ნეიტრალურობისკენ გადაანაცვლა. გამომდინარე აქედან, ცხადი გახდა, რომ ევროკავშირის მხრიდან სამხრეთ კავკასიის ერთ რეგიონად აქმა პოლიტიკური კონტექსტის გაუთვალისწინებლად უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების პროცესი დააჩქარა და 2014 წლის ივნისში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ზემოთ ხსენებულმა ქვეყნებმა ევროპული მომავლისკენ სწრაფვა დაადასტურეს.

ევროკავშირის საზღვრების შესაძლო გაფართოება კომპლექსური პროცესია და მისი სხვადასხვა ასპექტის ანალიზი სამოქალაქო აქტორებს აქვთ საკუთარი პასუხისმგებლობისა და პრეროგატივის ქვეშ მოქცეული. მიუხედავად ამისა, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებული ურთიერთსაწინააღმდეგო დისკურსები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, საქართველოში ასოცირების ხელშეკრულება არაერთგვაროვნად იქნა გაშინაარსებული და საზოგადოებისთვის მიწოდებული, რაც რეალობასთან აცდენილი მოლოდინების საფუძველი გახდა.

ახალგაზრდა მწვანეები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მონიტორინგის საჭიროებას ვაცნობიერებთ და ვცდილობთ ყურადღებით გავაანალიზოთ “ასოცირების ხელშეკრულების” მნიშვნელოვანი პასაჟები, რომლებიც უახლოეს მომავალში დაარეგულირებს საქართველოს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით, ადამიანის უფლებების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. ამ ხელშეკრულების შედეგად, ქვეყანა ვალდებულებას არაერთი სფეროს სრულ რეფორმირებასა და ევროპულ სტანდარტებასთან მიახლოებაზე იღებს. ამ პროცესის ფარგლებში ასობით ახალი კანონის მიღება და იმპლემენტაცია მოქალაქეების უშუალო მონაწილეობისა და ჩართულობის გარეშე მოხდება, რაც დიდწილად არა კომუნიკაციის ნების არარსებობით, არამედ ცვლილებათა დროითი მასშტაბის თუ მისი მოცულობით იქნება გამოწვეული. ახალგაზრდა მწვანეებს გვაფიქრებს ამ პროცესის ინერტულობა და ვცდილობთ ვიკვლიოთ თუ რა სიკეთეების მომტანი, იქნება ქვეყნისთვის ევროპული ინსტიტუტებისკენ მიმავალი სწრაფი ნაბიჯები: მივყავართ თუ არა ამ სვლას სოციალური თუ ეკოლოგიურად სამართლიანი ქვეყნის მშენებელობისკენ?

ეს ის კითხვაა, რომელიც საფუძვლად დაედო ჩვენს მიერ 27-30 ნოემბერს, თბილისში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას “Reaching Out (to) Europe” – “გზად ევროპისკენ”. კონფერენციის თანაორგანიზატორებს ჩვენი პარტნიორები, ახალგაზრდა მწვანეების ევროპული ფედერაცია და აღმოსავლეთ ევოროპის ახალგაზრდა მწვანე ორგანიზაციების ქსელი წარმოადგენდნენ, ხოლო პროგრამას სრულად მასპინძლობდა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი.
სამ დღეზე გადანაწილებული პროგრამის ლოგიკამ მონაწილეებს საშუალება მისცა დეტალურად გაეცნოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის არსებული მოლაპარაკებების ჩარჩოები, ადგილობივი დისკურსები, რომლითაც გარემოცვულია ევროკავშირის გაფართოების საკითხი და ამასთან, მწვანე პერსპექტივა თავად ევროპაზე, როგორც გეოგრაფიულ თუ პოლიტ-ეკონომიკურ ერთეულზე.

კონფერენციის დასაწყისში დაისვა კითხვა, თუ რა აერთიანებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის თუ კულტურის წარმომადგენელ 30 მონაწილეს, რომლებიც წინასწარ შეირჩა ორგანიზატორების მხრიდან. დისკუსია არაერთგვაროვანი იყო, თუმცა “ევროპის”, როგორც კონცეპტის ირგვლივ განვითარდა. დისკუსიამ პასუხებზე ბევრად მეტი კითხვა გააჩინა: რაზე ვსაუბრობთ, როცა ევროპას ვახსენებთ? არის ეს კონტინენტი, კეთილდღეობის პოლიტიკა, საერთო ეკონომიკური სივრცე თუ ღირებულებათა სისტემა? რას ნიშნავს იყო ევროპელი და რა განაპირობებს ამ იდენტობის გაჩენას და გამყარებას - შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა თუ საერთო მონეტარული სისტემის მომხმარებლობა? როგორ ვხედავთ მწვანეები ევროპას და როგორი წარმოგვიდგენია ის მომავალში? ამ ცენტრალურ კითხვებზე პასუხების პოვნა უტოპიურია, თუმცა მათზე მსჯელობა აუცილებელი.

ორგანიზატორებიც და მონაწილეებიც კარგად აცნობიერებდნენ, რომ ევროკავშირის გაფართოების თუ სხვადასხვა მოალაპარაკებას მხოლოდ ერთეული აქტორები არ ჰყავს და უკრაინის, საქართველოსა თუ მოლდოვას შემთხვევაში რუსეთს გააჩნია ინტერესი ამა თუ იმ მიმართულებით მიმართოს პროცესი. რუსეთის ხელში არაერთი ბერკეტია, თუმცა ყველაზე ხშირად მისი გავლენა ადგილობრივი დისკურსების წარმოებასა თუ კვლავწარმოებაზე აისახება ხოლმე. ამასთან, მოწვეული ლექტორებისა და ანალიტიკოსების დახმარებით გამარტივდა საზოგადოებრივი დისკურსიების შემქნელი აქტორების იდენტიფიცირება.

ევროპული ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი ასოცირების პროცესის ერთ-ერთი სიმპტომია. ევროპარლამენტში მიღებული რეგულაციები ძალიან მალე გავრცელდება საქართველოზე და ერთგვარ სტანდარტს დაუწესებს ხელისუფლებას და უშუალოდ აისახება მოსახლეობის ყოფაზე (დადებითად თუ უარყოფითად). ამ საკითხის პრობლემად აღქმაში ევროპარლამენტის წევრმა ჰაიდი ჰიუტალამაც თავისი წვლილი შეიტანა. მან დაწვრილებით ისაუბრა ევროპარლამენტში “ევრონესთის” გუნდის მიზნებსა და ამოცანებზე და ევროკავშირის გაფათოებასთან დაკავშირებით მათ პოზიციებზე.

ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი და მის ჩარჩოში განსახორცილებელი ცვლილებები ახალგაზრდა მწვანეების საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენსავე მიერ ორგანიზებული კონფერენციას საკმაოდ ნაწყოფიერ წინაპირობად აღვიქვამთ მომავალი აქტივობისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

image

პასუხი თბილისის მერს

ჩვენ მერს ვთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოს საჯარო/სატელევიზიო დებატებში, სადაც იგი პასუხს გასცემს როგორც ახალგაზრდა გარემოსდამცველების, ასევე ურბანისტების, ეკოლოგებისა და სხვა სპეციალისტების კითხვებსა და მოთხოვნებს. ამ სახის დიალოგს მივიჩნევთ ჩვენს აქციაზე ადეკვატურ გამოხმაურებად და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერად.

image

გაიფიცე გარემოსთვის: მანიფესტი

ჩვენი მომავალი თქვენს ხელშია და თქვენ მას ანადგურებთ!

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, 15 აპრილს არ მივდივართ სასწავლო დაწესებულებებში, ჩვენ ვიფიცებით და ვაწყობთ მსვლელობას!

image

სოლიდარობა დევნილებს

„ახალგაზრდა მწვანეები” სოლიდარობას ვუცხადებთ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნები და უზრუნველყოს საცხოვრებლით.

შემოგვიერთდით