მწვანეების განცხადება ქალაქის გაყიდვის გეგმაზე

გამოქვეყნებულია: 06.May.2020

დავიწყოთ იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში პანდემიასთან გამკლავება უწევდა და უწევს საავადმყოფოს, რომლის შენობაც, პრივატიზების პოლიტიკის შედეგად, გასხვისებულია და ბოლო წლებია ახალი მფლობელი კოსმეტიკური რემონტის ჩატარების საშუალებასაც არ იძლევა. ამ ამბავს, მინიმუმ, იმაზე უნდა დავეფიქრებინეთ, რომ ამ კონკრეტულ პოლიტიკასა და აქამდე არსებულ პრაქტიკებს, საბოლოო მიზნად არა საყოველთაო კეთილდღეობა და საზოგადოების, როგორც ერთობის, ფუნქციონირება აქვთ, არამედ, ამ მიდგომით ხეირობენ მხოლოდ ერთეული ადამიანები. 

დღეს ჩვენ უკვე ვიწვნიეთ ის, რომ ამგვარ პოლიტიკას კრიზისის დროს ჩიხში შევყავართ და საფრთხის ქვეშ დგება მთავარი — სიცოცხლის უფლება. თუმცა, თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე 2020 წლის 6 მაისს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ძველ წესრიგში დასაბრუნებლად და პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად, უნდა გასხვისდეს ყველაფერი, რისი გასხვისებაც შესაძლებელია.

ანთროპოლოგი და გეოგრაფი დევიდ ჰარვი ამბობს, რომ სივრცითი პრაქტიკები სოციალური ბრძოლის და კონფლიქტის მუდმივი არენაა და ის ადამიანები, რომლებიც ამ სივრცეებს განკარგავენ და აწარმოებენ, ფლობენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს თავიანთი ძალაუფლების განვრცობისა და რეპროდუციისთვის. გამოდის, ეს სივრცე იმის მაჩვენებელია, თუ როგორი საზოგადოება ვართ და ამის გასააზრებლად საჭიროა დავსვათ კითხვა, თუ როგორია საჯარო სივრცე დღეს და რა სოციალურ პრაქტიკებს აწარმოებს იგი.

ამ განცხადებაში ჩვენ არ შევეცდებით საჯარო სივრცის ანალიზსა და კომპლექსურ შესწავლას, თუმცა ვცდით, აღვწეროთ ის სივრცული პრაქტიკები, რომლებზე დაკვირვებაც შესაძლებელია და რომლებიც უთანასწორო გარემოში აყენებენ ამ სივრცეებზე წვდომის მქონე ადამიანებსა და მათ მიღმა მყოფებს. 

სახელმწიფო ვალდებულია, ყველა მოქალაქისთვის თანაბრად შექმნას საბაზისო სერვისები, ვალდებულია შექმნას სოციალური ინფრასტრუქტურა, როგორიცაა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბაღები და სკოლები, ვინაიდან მოსახლეობის ზრდის პირობებში უკვე არსებული სივრცეები ვეღარ იტევს ახალ ნაკადებს და ქალაქი გადამჭიდროების საფრთხის პირასაა. ქალაქის მერის განცხადების შემდეგ, ვნახეთ რომ ეს პროცესი უკვე შეუქცევადია და სივრცეზე უფლებას მხოლოდ ადამიანების ექსკლუზიური წრე იღებს.

ასევე, დაკვირვების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასხვისებული და მუნიციპალური სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის მოხმარებას ფუნდამენტურად განსხვავებული პრაქტიკები აქვს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თავისი როლიდან გამომდინარე, სახელმწიფოს შეუძლია ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტის შექმნა, მაშინ, როცა კერძო სექტორი მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული და მისი სივრციდან გამოირიცხება ის, ვინც მფლობელს ფინანსურ სარგებელს ვერ მოუტანს.

დღეს თბილისის მერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ფუნდამენტური მნიშვნელობის რესურსებზე წვდომა მხოლოდ მცირე ჯგუფს ექნება. მიუხედავად იმისა, რომ წლების  განმავლობაში ეს პოლიტიკა ისედაც ცხადია, მომავალში თბილისის მაგალითზე ჩვენ უკვე ნათლად დავინახავთ სივრცულ ბარიერებს, რომლებიც ქალაქის მაცხოვრებლების უმრავლესობისთვის იქნება ფუნქციონირებისთვისა და არსებობისთვის სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორი.

ამ განცხადებით ქალაქის მერმა უარი თქვა საკუთარ პასუხისმგებლობაზე — მართოს ქალაქი და დასაჯიჯგნად გადაულოცა ბიზნეს კლასს, რომელიც თავის მხრივ მმართველ რგოლებსა და სტრუქტურებშია აზელილი.

სამწუხაროდ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომაზე არ იმყოფებოდა თენგიზ ცერცვაძე, რომელიც ჩვენ ყველას მაგივრად გააწნიდა სილას კახა კალაძეს, ამიტომ ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა გავაცნობიეროთ, რომ საერთო სიკეთის გადასარჩენად ბრძოლაა საჭირო — ბრძოლა ერთად, სტრუქტურულად და ორგანიზებულად.

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

ჩვენი რესურსები ჩვენია! - გამოხმაურება „ფრონტერას“ მუშის სიკვდილზე

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები და “სოლიდარობის ქსელი” ვეხმაურებით გასულ კვირას მომხდარ საზარელ ფაქტს: დედოფლისწყაროში მშრომელმა თავი მოიკლა, რადგან დამსაქმებელი, ამერიკული კომპანია “ფრონტერა”, მას და კიდევ 92-ზე მეტ მუშას ხელფასს 11-14 თვე არ უხდიდა. 

image

გამოხმაურება 4 ივლისის ინციდენტზე

აქციის დასრულების შემდგომ, ამბროლაურში, ერთ-ერთ ქუჩაზე შემთხვევით შეხვდნენ ოთარ სირაძე და ჩვენი წევრები, რა დროსაც ყოფილმა გუბერნატორმა მანქანიდან მათ უშვერი სიტყვებით მიმართა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ცოტა ხანში, ოთარ სირაძე და მისი ძმა გადმოვიდნენ მანქანიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წევრს, ნიკოლოზ ღლონტს, რაც დანარჩენებმა ვიდეო მასალაზე აღბეჭდეს.

image

26 მაისი

ამ უმნიშვნელოვანესი დღის მოლოცვასთან ერთად გვინდა, საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, განსაკუთრებით კი დამოუკიდებლობის პერსპექტივიდან.

 

შემოგვიერთდით