გაუქმებული აგარის შაქრის ქარხანა და უამრავი უშემოსავლოდ დატოვებული მუშა

გამოქვეყნებულია: 14.Mar.2018

11 მარტს საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები აგარის მუშებს შევხვდით და მათ პრობლემებზე გავესაუბრეთ. უკვე 6 თვეა რაც დაბა აგარის შემოსავლის ერთადერთი წყარო - აგარის შაქრის ქარხანა დაიხურა და 500 მუშა ყოველგვარი სახსრის გარეშე დარჩა. სახელმწიფო სრულად უგულებელყოფს საკუთარი მოქალაქეების საჭიროებებს და არანაირ ხელშეწყობას ან დახმარებას არ გეგმავს, რათა ადგილობრივმა წარმოებამ იარსებოს მაინც, არათუ განვითარდეს. შედეგად, მაღალი ხარისხის ქართული შაქრის ნაცვლად ბაზარს იკავებს უხარისხო, ვადაგასული შაქარი, რომელსაც მიზერულ თანხად ყიდულობენ იმპორტიორები. ამასთან ერთად ხდება თაღლითობაც, ინპორტირებული უხარისხო შაქარი ფასოვდება აგარის შაქრის საწარმოს ნიშნით, რასაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი, ეს პროცესიც გაუკონტროლებლად და დაუსჯელად მიმდინარეობს.

ისევ იგივე მეორდება - მსხვილი ბიზნესი სარგებელს იხვეჭს, მოქალაქეები ამჯერად შიმშილით იხოცებიან, სახელმწიფო კი ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს.

 

***

-  ქართული კომპანიაა?


ვეფხია დარბაიძე - აგარის ქარხნის ყოფილი მუშა:
- პრობლემაც ეგაა, რომ არაა ქართული კომპანია, აზერბაიჯანულ კომპანიას აქვს ნაყიდი. მზა პროდუქცია შემოაქვთ. იმ ერთ კაცს რჩება შემოსავალი და ორი ათასი კაცი მშიერი კვდება და სახელმწიფომ ხომ უნდა იფიქროს ამაზე? ხელისუფლებას მივმართავთ, ნორმალური პასუხი არ არის. წარმოებას როცა ყიდულობ დანიშნულებისამებრ ხომ უნდა ამუშაო? იმ საწარმომ რაღაც პროდუქცია ხომ უნდა გაოუშვას? ჯართში ხომ არ უნდა ჩააბარონ? ყველა ქარხანა 30-იან წლებშია აშენებული და ისეთი დასახლებაა, აქ ხალხს ნაკვეთები არ აქვს და არაფერი, მაგაზეა დამოკიდებული ყველა. ამას ყურადღებას ხომ უნდა აქცევდნენ? მანამდე მუშაობდა ქარხარანა, ეს ბოლო ორი წელი კი პრობლემები გვაქვს.

შემოაქვთ საზღვარგარეთიდან იაფი და უხარისხო პროდუქცია, ეს როდესაც ვუთხარი სახელმწიფოს წარმომადგენლებს პარლამენტში, ჩვენ ხარისხს არ ვამოწმებთო, არამედ უვნებლობას ვამოწმებთ. ანუ ამოწმებენ მხოლოდ იმას, მოგკლავს თუ არა პროდუქტი.

ეს არის ხალხის გენოციდი. ხალხს რომ არ ამუშავებ და ეუბნები, მე ხელფასს ვიმატებ, მოვიპარავ და შენ უმუშევარი იყავი და არ მოიპარო, თორემ დაგაპატიმრებო, გენოციდია აბა რა არის. სამხრეთ ოსეთიდან ხალხი გამორეკეს, არ დაუხოცავთ, ესენი კიდევ შიმშილით გვხოცავენ. იგივე გენოციდს გვიწყობს ჩვენი სახელმწიფო, რომელსაც არ შეუძლია ერთი პატარა კომპანია დაავალდებულოს, ან შეღავათი მისცეს.

-  თვითონ კომპანიის ინტერესებში არ შედის, რომ გაიყიდოს პროდუქცია?

- კომპანიის ინტერესში არ შედის. ასე უდგებიან - მე როდესაც კონკურენციას ვერ ვუწევ, შემოაქვთ სხვებს. იმას თუ შემოაქვს მე რატომ ვამუშავებ, მეც შემოვიტან და გავყიდი. აგარის ქარხნის მფლობელებს შემოაქვთ და სხვებსაც უკვე, ასეთი პრობლემები გვაქვს. აქამდე 100-200 ათას ტონას ვამუშავებდით წელიწადში და ასე თუ ისე თავი გაგვქონდა.

მაღაზიებში შაქარს აწერია: „წარმოებულია აგარაში. სინამდვილეში შემოტანილია, უბრალოდ აქ ფასოვდება.“


- ამ პროცესს არეგულირებს რაიმე?

- ვითომ დააჯარიმეს, მაგრამ მაღაზიაში ვნახულობთ მაინც აწერია: „წარმოებულია აგარაში“, მაგრამ არ არის აქ წარმოებული. წარმოება საერთოდ არ მუშაობს, ერთი ტომარაც არაა აქ წარმოებული.

- პროფკავშირი რას აკეთებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

- პროფკავშირი ჩვენ გვერდით არის ახლა, ხუთშაბათს გვქონდა ბოლო გამაფრხთილებელი აქცია, შემდეგ უკვე  თბილისში ჩამოვალთ, რათა სახელმწიფოს მივმართოთ. ჩვენც არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, ადამიანური ლაპარაკი ასეა და.

- ხელფასი?

- სად არის ხელფასი?! რაც ნამუშევარი გვქონდა ის გადაგვიხადეს. საშუალო ხელფასი წამროებაში 200-300 ლარია, დირექტორის ხელფასი კი - 15 ათასი. თვითონ კმაყოფილები არიან, ხმას არ იღებენ. ქუთაისში ვიყავით პარლამენტში, იქაც ავუხსენით სიტუაცია, გვეუბნებიან კომპანიას ვერ შევედავებით ვერაფერშიო. რანაირი სახელმწიფოა, მაშინ გაყიდონ ყველაფერი. სულ ყველაფერი შემოვიტანოთ, მაგრამ ამ ხალხს რას ვეუბნებით მერე, რითი უნდა იარსებონ?

- თავად ამბობენ, რომ ქარხნების აშენება უნდათ და გახსნა, თუ ვერ ამუშავებენ როგორ უნდა იყოს ეს?

- პატარა ბავშვები არავინ არა ვართ, 50 წლის ვარ, 2012 წლის მერე სად გაიხსნა ერთი ქარხანა მაინც მაჩვენეთ, ვიღაცამ ჩურჩხელა გამოუშვა სახლში 200 ცალი და გაყიდა გერმანიაში, მაგას თუ ქარხანას ეძახიან, აშენებულა საქართველო და ეგ არის.

აგარის ქარხნის გვერდით მშვენიერი საკონსერვო ქარხანა იყო 500 დასაქმებულით, 2012 წლის შემდეგ ვაშლი არ გაკოტრიალებულა იმ ტერიტორიაზე, იქაც უმუშევარი დატოვეს ხალხი. ახლა, ფაქტიურად, დაბა პარალიზებულია. ხელისუფლებას ვერ ვაგებინებთ ვერაფერს და რა გავაკეთოთ, არ აინტერესებს თავისი მოსახლეობა. ჩვენ  მხოლოდ შრომა გვინდა. შვებულებაში გავდიოდით და იმის ფულსაც გვიხდიდნენ.

პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოება უნდა იყოს. ამათ უკვე მილიონი აღარ ყოფნით და უნდათ მილიარდი იშოვონ, ესაა ჩვენი სახელმწიფო. ხომ არ ვთხოულობთ, რომ გვაჩუქონ, ან სოციალურად დაუცველი ვარ. რომც დაგვინიშნონ დახმარება, ნებისმიერი ჩვენგანი 40 ლარად იცხოვრებს თვეში? ჩვენ ხელისუფლება არა გვყავს. უგონოდ ამტანი ხალხი ვართ ქართველები, უაზროდ ვიტანთ ყველაფერს.

თუ არაფერი გამოხმაურება არ იყო, იმ კვირაში დავგეგმავთ აქციას, მინიმუმ 500 კაცი წამოვალთ, ეგ კიარა მთელი დაბა მობილიზდება. ამას წინათაც ვიყავით სოლიდარობის აქციაზე თბილისში 300კაცი, 80% იმ აქციაზე აქედან ჩასულები ვიყავით. წინასწარ დავუკავშირდეთ და დავაორგანიზოთ. ჩვენი შვილებისთვის ვშრომობთ, რათა ის გაჭირვება არ ნახონ, რაც ჩვენ. ომშიც ვიყავით, სამი ომი გამოვიარეთ და მაინც ისეთი გაჭირვება ჩვენს წინა თაობას არ ქონია, რომ სამსახურის და შიმშილობის პრობლემა ქონოდათ.

დღეს საქართველოში ანარქიაა სწორედ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს. უბრალოდ ვითხოვთ, რომ გვამუშავეთ და ალალი შრომით ჩვენი ოჯახები ვარჩინოთ. არანაირ ყურადღებას რომ არ გვაქცევენ შეგეზიზღება საკუთარი თავიც და სახელმწიფოც. ქართველობა უკვე ლამის სალანძღავი გახდეს საქართველოში. საკუთარი ქვეყნის მოქალაქე პრიორიტეტი უნდა იყოს მთავრობისთვის. უბრალოდ შრომის უფლებას ვითხოვთ, მეტს არაფერს.

ხანდახან ისე ვართ ღამეებს აქ ვათენებთ ხოლმე, აი, ამ ცეცხლთან. სახლშიც აღარ გვინდა შესვლა ისეთ დღეში ვართ. სახლში რომ შევდივარ და შვილი შემომხედავს სიბრაზისგან ცრემლები მომდის. შვილი რომ რაღაცას გთხოვს და რომ არ მაქვს შესრულების საშუალება, რა გავაკეთო. ვისთვის ვომობდი? რისთვის ვცხოვრობდი?

კანონებს იღებენ ნარკოტიკებზე, კი ბატონო, ვისაც უნდა მოსწიოს. იმხელა გაშუქებები აქვს ამ საკითხს. ის იმიტომ ხდება ნარკომანი, რომ იმას სამსახური არ აქვს, თორემ აბა მე, მშრომელ კაცს სად მაქვს მაგის დრო, კარგი რომ იყოს პირველი მე მოვწევდი.

პენსიები დააგროვეთო... მკვდარი ფულია ეგ, პენსიამდე გვაცოცხლებენ საერთოდ? თან კანონმდებლობას იღებენ დაგროვებითი პენსიის შესახებ. რითი დავაგროვო? რითი დავაგროვო ამაზე არ იფიქრონ. ამერიკაში ასეაო, ამერიკაში და გერმანიაში თავის უმუშევარს იმდენს აძლევენ იმათ ნამუშევარს კი არა, ჩვენიანი რომ ჩადის ლტოლვილად იმას აძლეევნ იმხელა თანხას, რომ იარსებოს და მშიერი არ იყოს.

-  სამუშაო პირობები თუ იყო დამაკმაყოფილებელი?

- არანაირი უსაფრთხოების ზომები, 50 გრადუსიან სიცხეში უწევდა ზოგს მუშაობა დანადგარებთან, რადიკულიტი დაემართა ხალხს მაგის გამო. არც სპეციალური ტანსაცმელი არც რამე დამცავი ხელსაწყოები, მაგრამ თანახმა ვართ მაინც, ოღონდ გვქონდეს სამუშაო და იყოს ეგეთი, არ გვაქვს პრეტენზია. ტექნიკას დაუყენეს აპარატები გაგრილდესო, თვითონ მუშა როგორ მდგომარეობაში იქნება, ეგ არ აინტერესებთ.

თუ არ გნებავს ასეთი სამუშაო, კიბატონო, წაბრძანდი, ამ დროს მოვტრიალდები და სამი კაცია რიგში. ხალხის გაჭირვებით სარგებლოებნ. რა ქნას კაცმა, ბავშვი რომ უკვდება მშიერი, ჩაუცმელი, ტიტველი და შიშველი, თორემ განა არ ვიცით ჩვენი უფლებები.

თუ ვინმე თანამდებობის პირია, სულ მცირე 1500 აქვს ხელფასი, მერე თანამდებობასთან ერთად იზრდება ხელფასის რაოდენობაც. რომ ჩამოიყვანო ეს თანამდებობის პირები და ჩამოატარო, ჰკითხო რა სად არის, წარმოებაში რა ხდება, ვერაფერს გიპასუხებენ. ამ დროს მუშები იდგნენ და ხარშავდნენ 50 გრადუსიან სიცხეში. ამასაც კი არ ვჩივით. პროდუქცია გამოვუშვათ, ვიმუშაოთ, ვაწარმოოთ, ოჯახები ვარჩინოთ ეს გვინდა მხოლოდ.

თუ მეკითხებიან შემოსავალი რამდენი გაქვსო, შემოსავალი - 0, გასავალი - 12 000 ლარი ბანკის ვალი. უკვე ვალებში ვართ გადავარდნილები. მარტო მე არ ვარ ეგრე, მუშების 99% ასეა. ხალხის ბრალია, რომ თავზე ვისვამთ. რატომ არავინ ლაპარაკობს ამაზე? სახელმწიფო იმიტომ არაა და იმიტომ არ გვყავს, რომ არაფერი აინტერესბს გარდა იმისა, რომ თავიანთი ჯიბეები გაივსონ.

ტელევიზიაში თქვა ვიღაც პოლიტიკოსმა ჩემზე, უსწავლელი გლეხიაო. მერე თავად ხომ განათლებული და ნიჭიერი კაცია? თუ ასეთი ნიჭიერები ხართ, მობრძანდით, გვითხარით, რით ვიარსებოთ, როგორ ვიცხოვროთ. მიწას ვერ დავამუშავებთ და მესაქონლეობა ვერ გვექნება, ეს დაბაა, სოფელი არაა - მიწის ნაკვეთები არ გვაქვს. რომ ამბობენ ქართველები ზარმაცები არიანო, ჩვენ აქ ვიხვეწებით სამუშაოდ მიგვიშვან. ყველაფერს ხურავენ და გარედან შემოაქვთ, მერე კი ამბობენ ქართველები ზარმაცეცბი არიანო. ერთადერთი ხელ-ფეხიღა შემრჩა იმისთვის, რომ იარაღი ავიღო და ხელისუფლებას დავესხა.

პირდაპირ გვეუბნებიან, მე რომ შემომაქვს შაქარი უფრო მეტ შემოსავალს ვპოულობო. მეუბნება, აქ თუ მრჩება ერთი მილიონი, იქ მრჩება ათი მილიონი. ამას ამბობს ქართველი, სახელმწიფო კი გვეუბნება ჩვენ უფლება არ გვაქვს, ხმა გავცეთო. ჩვენ არ მოვითხოვთ, რომ შემოტანა აკრძალოს, ჩვენც ვიმუშაოთ და შემოტანითაც შემოიტანონ. ვისიც გაიყიდება გაიყიდება, ეს არის კონკურენცია. აგარის შაქარი რაც გამოვიდა ეგრევე გაიყიდა. ახლა შემოდის ფრანგული, გერმანული და პოლონური შაქარი. ხომ შეგვიძლია გავიგოთ რა ღირს შაქარი გერმანიაში, პოლონეთში. სადღაც სამ დოლარამდე ღირს. რანაირად შეიძლება, იქ გამოშვებული შაქარი აქაურზე იაფი იყოს. რანაირად შეიძლება, იქიდან შემოტანილი შაქარი 1.20₾-ად იყიდებოდეს? ნორმალური ადამიანი დაფიქრდება და იტყვის - ეს შაქარია თუ რა უდებურებაა? შაქარს, ისევე როგორც სხვა პროდუქციას, აქვს ვადა. ერთი თუ ორი წლის შემდეგ გადასაყრელი ხდება. ზუსტად იმ ფასად შემოაქვთ ის ნაგავი, ვადაგასული შაქარი, რამდენადაც ჩვენ აქ ვაკეთებთ. ვინც აქ არ მუშაობს ამ შაქრებს ვერ გაარჩევს.

თანაც გვეუბნებიან, რომ არანაირ პროდუქციაზე ხარისხს არ ვამოწმებთო. მაგას რომ გეტყვის შენი სახელმწიფო რა ხარისხზე უნდა იყოს ლაპარაკი საერთოდ. მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე ათასობით ადამიანი გამოდის და აქ რამდენი ადამიანი შიმშილით იხოცება ტელევიზორშიც არ აჩვენებენ. ის კი არა, გიორგი სააკაძე ვინ იყო, ბაში აჩუკი, გვაჩვენონ ტელევიზორში; დემეტრე თავდადებული და მაია წყნეთელი გვეამაყებოდა ჩემს დროს. დღეს შემზიზღდა ქართველობა ასე რომ ვართ გაქვავებული. ხელისუფლებას გააკრიტიკებ და ეგრევე ნაციონალებს გიწოდებენ, არ ვართ ნაციონალები... პოლიტიკურად რომ შევეხო, იმ მთავრობის დროს დასაქმებული ვიყავი და ახლა ასე ვარ. ძალა აღმართს ხნავსო, მაგრამ როდემდე მოხნავს აღარ ვიცი. როდემდე მოითმენს ქართელი ხალხი ამდენ უმსგავსობას მე ვეღარ ვხვდები. და მართლა ასე თუ გააგრძელეს, ამ ქვეყანაში აღარავინ დარჩება.

 

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

#ტრამვაითბილისს

გარემოს დაბინძურება, სოციალური უთანასწორობა,  ეკონომიკური ჩაგვრა, ანტი-ადამიანური ურბანული პოლიტიკა, განათლების სისტემის კოლაფსი… დაუსრულებლად შეიძლება დღევანდელი ქართული საზოგადოების მძიმე პრობლემების ჩამოთვლა. ამ ასპექტების უმეტესობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება და აზარალებს, ხოლო ისეთ მასიურ პრობლემას, როგორიც ჰაერის დაბინძურებაა, ვერც ერთი ჩვენგანი გავექცევით — ტყვიითა და მომწამვლელი ნივთიერებებით გაჟღენთილ ჰაერს ყველანი ვსუნთქავთ.

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების მიზანი სწორედ ამ მდგომარეობასთან ბრძოლა და მწვანე წესრიგის შექმნაა. მწვანე წესრიგი არა მხოლოდ ეკოლოგიური ასპექტის მოგვარებაა, არამედ იგი მოიაზრებს ნებისმიერი ნიშნით ჩაგვრისა და უთანასწორობის აღმოფხვრას. ესაა ადამიანის კეთილდღეობაზე მორგებული წესრიგი.

image

გამოხმაურება ვიტალი საფაროვის საქმეზე

სრულიად შემაძრწუნებელია ჩვენთვის ვიტალი საფაროვის მკვლელობის ამბავი. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს, ყველა მის მეგიბარსა და ნაცნობს. ვუცხადებთ მათ გვერდში დგომას და მზად ვართ, რაც ჩვენს ძალებში იქნება, ყველანაირად დავეხმაროთ ვიტალის ნაცნობებს ნეო-ნაცისტური და ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ საბრძოლველად.  განსაკუთრებით, ვიტალის დედას — მარინა ალანაკიანს, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით მზაობას გამოთქვამს, წინ აღუდგეს ნეო-ფაშისტურ აგრესიას.

image

საზოგადოებრივი ტრანსპორტი = დემოკრატია

თანამედროვე საზოგადოებისთვის მობილობა დიდი გამოწვევაა.ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებისას, ჯანდაცვის თუ განათლების სფერეობისგან განსხვავებით, ძირითადად, იგი უარესდება და არამდგრადი ხდება.
მობილობა განვითარებადი ქვეყნების პრობლემას წარმოადგენს არა ტექნოლოგიების,ან ფულის განხრით, არამედ, სამართლიანობის, თანასწორობის შეზღუდვით.

შემოგვიერთდით