მწვანე აკადემია

გამოქვეყნებულია: 28.Nov.2015

დღესდღეობით, საქართველოში, მიუხედავად სხვადასხვა ჯგუფების მიერ მწვანე პოლიტიკისა თუ გარკვეული მწვანე საკითხების წინ წამოწევისა, მწვანე დისკურსი მაინც მარგინალიზირებულად რჩება პოლიტიკური დღის წესრიგში. ამავე დროს, ის საკითხები, რომლებიც, როგორც წესი, განიხილება საზოგადოების ფართო წრეებში,მოკლებულია მწვანე პოლიტიკის ისეთ ცენტრალურ ასპექტს, როგორიცაა გარემოსა და საზოგადოების ჰოლისტური ანალიზის მეთოდი, რაც არსებული პრობლემების ახსნას მათი სისტემური ხასიათიდან გამომდინარე ცდილობს და არა სისტემის კონკრეტულ გამოვლინებებთან ბრძოლის მეთოდით.


მწვანე პოლიტიკის ასეთი პოზიციის ფონზე, საკმაოდ მნიშვნეოვანი იყო ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ ჩატარებული „მწვანე აკადემია“, რომელშიც საქართველოსა და ევროპის მწვანე ორგანიზაციებისა თუ მოძრაობების წევრებმა  მოიყარეს თავი და რომელმაც შექმნა სივრცე, სადაც შესაძლებელი გახდა, როგორც მწვანე მოძრაობების ისტორიული მიმოხილვა, ასევე არსებული მოძრაობების კრიტიკული ანალიზი, მწვანე პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვა და სხვადასხვა ჯგუფებს შორის სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვაც კი.

თემების სიმრავლიდან გამომდინარე, რომლებიც განიხილებოდა აკადემიის ფარგლებში, რთულია ყველა ასპექტის განხილვა, თუმცა გამოვყოფ იმ თემებს, რომლებიც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია საქართველოში მწვანე აქტივიზმის განვითარებისთვის. ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმ წარსული გამოცდილების გაზიარება, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევისა და 90-იანი წლების მწვანე მოძრაობის მიერ იქნა შექმნილი. აკადემიაში მანანა ქოჩლაძის მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ ნათლად დაგვანახა, რომ ისეთი არაძალადობრივი და დემოკრატიულ საწყისებზე დაყრდნობილი იდეოლოგიაც კი, როგორიცაა მწვანე იდეოლოგია შესაძლებელია ნაციონალისტური და ადამიანთა ექსკლუზიაზე დაყრდნობილი დისკურსების ურთიერთკვეთაზე აღმოჩნდეს. ეს კი თავის მხრივ აკარგვინებს მას თავის ემანსიპატორულ ხასიათსა და ასუსტებს იმ შედეგებს, რის მიღწევასაც ცდილობენ და შეუძლიათ მწვანე აქტივისტებს.

ასევე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია აკადემიის მიმდინარეობისას არსებული პოლიტიკური სიტუაციის კრიტიკული გადააზრების მცდელობები, ევროპელი მწვანეების მიერ მათი გამოცდილებების გაზიარება და სამხრეთ კავკასიის ისეთ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, როგორებსაც სომხეთი და აზერბაიჯანი წარმოადგენენ. კავკასიის ქვეყნების გამოცდილებების გაზიარებამ იმ პრობლემების კონტურები მოხაზა, რომლებიც საერთოა რეგიონისთვის, ხოლო ევროპელი პარტნორების გამოცდილებამ ამ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტები ან/და ამ ვარიანტების ალტერნატიული გზების ძიების შესაძლებლობა შემოგვთავაზა.

აკადემიის კიდევ ერთ ცენტრალურ საკითხად გენდერისა და მისი მწვანე პოლიტიკის ნაწილად ქცევის თემა გახდა. როგორია მწვანე ფემინიზმი? რატომაა მწვანე პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი გენდერული უთანასწორობის გადაჭრა და ლგბტქ თემის უფლებები? როგორ უნდა მოხდეს ფემინისტური იდეების მწვანე პოლიტიკასთან გაერთიანება? ეს ალბათ ის კითხვებია, რომლებზეც აკადემიის ყველა მონაწილე ფიქრობდა მისი მიმდინარეობისას. ხაზს გავუსვამდი იმ ფაქტს, რომ ამ კითხვებზე არ არსებობს ერთი საერთო პასუხი და ალბათ ნებისმიერმა აქტივისტმა საკუთარი გამოსავალი იპოვა ან/და სამომავლოდ იპოვის ამ პრობლემაზე. ჩემი პირადი აზრით კი, უნდა მოხდეს კონკრეტული ჯგუფის მიერ შეთანხმებული ფემინისტური დღის წესრიგის წინ წამოწევა და მასზე მუშაობა. ასე მაგალითად, ,,საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები'' უპირატესობას ანიჭებენ ინტერსექციული ჩაგვრის ხაზგასმას, გენდერის ისეთ კატეგორიებთან ურთიერთკვეთაზე მითითებას, როგორიცაა კლასი, სექსუალობა, ეთნიკური წარმომავლობა და სხვ. ასეთი მიდგომა ხაზს უსვამს ჩაგვრის სისტემების ინტერსექციას და მწვანე პოლიტიკას უფრო ინკლუზიურსა და დემოკრატიულს ხდის. თქმულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენე ჯგუფებში ფემინიზმი შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხად ჩაითვალოს, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ მიმდინარეობის სამომავლო გაძლიერება, მისი იდეებისა და იდეოლოგიის აქტივიზმში გადატანა, ხოლო სხვა ჯგუფების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებით საერთო კვეთის წერტილების შექმნა აქტივიზმის ამ ნაწილშიც.

და ბოლოს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც მწვანე აკადემიამ შესძინა თანამედროვე მწვანე აქტივისტებს, მოძრაობებსა თუ ჯგუფებს წარმოადგენს ერთმანეთის უფრო ახლო გაცნობის შანსი და შემდგომი თანამშრომლობის გეგმები. აკადემიის მონაწილეების უმეტესობა დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოში არსებულ მწვანე მოძრაობებსა თუ ორგანიზაციებს შორის არსებობს ის საერთო წერტილები, რომელზეც მუშაობა შესაძლებელია - იქნება ეს სოციალური თანასწორობა, კორპორაციების წინააღმდეგ ბრძოლა, მუშათა უფლებები თუ სხვა. აკადემიის ცენტრალურ მოსაზრებად ალბათ კლოდ ვაინბერის მოწოდება გახდა საერთო თემებზე კონცენტრირების მოხდენასა და მათზე სამომავლო მუშაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ მწვანე აკადემიამ შექმნა საფუძველი სამომავლო კოოპერაციისთვის და კონკრეტული გეგმების დასახა რამდენიმე თვეში ერთხელ აქტივისტების საერთო შეკრებებისა და საჯარო დისკურსიებისთვის, ეს მოსაზრება ალბათ ცენტრალური გახდება აქტივისტების სამომავლო თანამშრომლობისთვისაც.

თქმულიდან გამომდინარე, ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ ჩატარებული „მწვანე აკადემია“ იქცა არა მხოლოდ გარკვეული ცოდნების არტიკულაციის სივრცედ, არამედ არსებული ცოდნების გადააზრების, დისკუსიისა და თანამშრომლობისთვის გარკვეული გზებისა თუ მეთოდების ძიების სივრცედაც. ეს კი თავის მხრივ, შესაძლოა საქართველოში არსებული მემარცხენე თუ მწვანე ჯგუფების გაერთიანებისა და გაძლიერების საფუძველი გახდეს.

 

ასევე წაიკითხეთ:

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

image

სოლიდარობა პანკისელებს, არა ჰესებს

რაც პანკისში ხდება არ არის მხოლოდ პანკისის პრობლემა! ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა! რადგან იგივე სისტემა, რომელიც დღეს პანკისელებს ებრძვის აქ მუშებს ხოცავს სამუშაო ადგილზე, გამონაბოლქვში გვახრჩობს და სიღარიბეში სულს გვაძრობს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკით.

შემოგვიერთდით