კალაძის მადლობაზე

გამოქვეყნებულია: 30.Jan.2019

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლა 2013 წლიდან დაიწყო, როცა ინვესტორებმა, მიუხედავად კანონთან წინააღმდეგობაში მოსვლისა, საჯარო სივრცეში, რეკრეაციულ ზონაში მშენებლობის უფლება მოიპოვეს. ამის წინააღმდეგ ბრძოლა ახლად გამოჩენილმა მოძრაობამ — „პარტიზანულმა მებაღობამ“ დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული ნელ-ნელა სხვადასხვა ჯგუფები და ინდივიდებიც ჩაერთვნენ ვაკის პარკის დასაცავად. 2013 წლიდან მოყოლებული თბილისმა სხვადასხვა მერი გამოიცვალა, მათ შორის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მერი თბილისის ისტორიაში (რომელიც, ალბათ, ასევე დაიმკვიდრებს სახელს) — დავით ნარმანია.

თბილისის მოსახლეობას ვაკის პარკის დაცვა დიდ ძალისხმევად დაუჯდა. წესით, უნდა იყოს კიდეც მერიის ინტერესებში (!), იცავდეს ქალაქს, მაგრამ სწორედ მერია აღმოჩნდა ქალაქის უდიდესი მტერი. უკვე დიდი ისტორია აქვს მერიის ნებართვით ქალაქის განადგურებას. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მმართველობაში ქვეშ ყოფილა თბილისის მერია, თუმცა პრობლემები არასდროს გამოსწორებულა, არამედ — პირიქით, თბილისი (და უნდა აღინოშნოს — საქართველოს სხვა ქალაქებიც) ნელ-ნელა უფრო მეტად განიცდის დეგრადაციას. 2019 წლამდე ვაკის პარკის დამცველები რამდენი მეთოდით ვიბრძოდით — იქნებოდა ეს კარვებით გამაგრება თუ სასამართლოში სარჩელის შეტანით ბრძოლა. და საბედნიეროა, რომ ამ ბრძოლებმა შედეგი საბოლოოდ გამოიღო. ნამდვილად საამაყო და სამაგალითოა ეს წარმატება, რაც ურბანულ ისტორიაში წარმატებულ ურბანულ პრაქტიკებში უნდა ჩაეწეროს.

რაც შეეხება ამ ამბავში თბილისის მერს: ახლანდელმა მერმა კახა კალაძემ [„ადამიანური“] ბოდიში მოუხადა ვაკის პარკის აქტივისტებს და, როგორც დღევანდელი პოლიტიკის დიქოტომიას შეეფერება — კრიტიკა დაიწყო გიგი უგულავათი დააკისრა რა მას მთელი პრობლემები. რაშიც, ერთი მხრივ, არის კიდეც მართალი, თუმცა ამ სცენარის უდიდესი ნაწილი ხორციელდებოდა სწორედ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში. სწორედ ნარმანიასა და კალაძის დროს იყო, როცა აქტივისტებს სარჩელი მოგებული ეგონათ, ინვესტორმა კი მშენებლობის უფლება კვლავ მოიპოვა.

ბოდიშის გარდა კალაძე მადლობასაც უხდის მოსახლეობას, რომ ასე დაიცვეს პარკი. ერთი მხრივ გასაგებიცაა ამ მადლობის ფორმა — მერს ჰიფსტერობისკენ აქვს კურსი აღებული და საკმაოდ მძიმე ურბანული პრობლემების გადაფარვა სწორედ ამ ჰიფსტერიზმით ხდება ხოლმე — „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ მსგავსი გრაფიკული დიზაინის მხრივ კარგად (ზოგჯერ ესეც კი არც ისე კარგად) შეფუთული ფასადური ყალბი კამპანიებით, ერთი-ორი ლურჯი ავტობუსის თბილისში შემოყვანით, რომელშიც მერი გაშვების დღეს ავტობუსში დემონსტრაცილად ჯდება (სხვათა შორის, მოხუცებისა და შეზღუდული უნარების ადამიანებისთვის განკუთვნილ სკამზე) და ხალხს აჩვენებს, რომ აი, დღეს მერი ხალხთან ერთად დემოკრატიულ საქართველოში ავტობუსით მგზავრობს. სხვა დღეებში ის უბრალოდ ისევ მილიონებად შეფასებულ თავისი მანქანებით აგრძელებს ცხოვრებას. ჰიფსტერიზმის ამ პოლიტიკის ნაწილია გახარიას პომპეზური ბოდიში 2018 წლის მაისში და ახლა ეს მადლობა. არაფრის.

მეორე მხრივ — მერი გონს მოეგო მხოლოდ ხალხის მიერ აქციის დაანონსების შემდეგ და მხოლოდ ამის შედეგად დაინახა, რომ ამ სახის პრობლემის წინაშე (2013 წლიდან!) იდგა ქალაქის უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული ზონა? როგორ მოვთარგმნოთ ამის შემდეგ მისი მადლობა? გამოდის, მერი თვითონვე ვერ ხედავს მასზე მინდობილი ქალაქის უდიდეს პრობლემებს და მხოლოდ საჯაროდ გამოსვლა და ყვირილი აფხიზლებს?

ამასთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანია სიტყვები, რომელიც წარმოთქვა ინვესტორმა გიორგი ზაქაიძემ და რამაც, სამწუხაროდ, ბევრში კმაყოფილება გამოიწვია — «რეალობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ქალაქის მერიამაც გვთხოვა, ის წინადადებები, რომლებიც შემოგვთავაზეს არის რეალობასთან ახლოს და არის ადეკვატური, დავთანხმდით გაცვლაზე. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, პირდაპირ რომ გითხრათ, ბიზნესს გავაკეთებდით ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭავჭავაძის ქუჩაზე, მთაწმინდაზე, გლდანში თუ ვარკეთილში». ერთი მხრივ, სასიხარულოა, რომ ბოლოს და ბოლოს ინვესტორი განიდევნა ამ ადგილიდან, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ განაცხადიდან ჩანს, რომ ინვესტორს და არქიტექტორებს არ აქვთ ხედვა პროექტებს რისთვის და სად აშენებენ. მათ შეუძლიათ ყველა პროექტი მოარგონ ყველა ადგილს. ამ ტექსტიდან ასევე შეგვიძლია, წავიკითხოთ, რომ მათ მთაწმინდაზეც კი — ასევე დაცულ ტერიტორიაზე — შეუძლიათ მშვიდად მიადგნენ და ახლა ვაკის პარკის სანაცვლოდ იქ გაგვიხდეს კარვები გასაშლელი. პრინციპში, ამ ტერიტორიაზე ასეც მოხდა: ერთ-ერთი უდიდესი ურბანული გამოსვლა იყო პანორამას წინააღმდეგ, პროექტის წინააღმდეგ, რომელმაც ქალაქის გენგეგმაში ზონალობები შეცვალა ერთი ხელის მოსმით (შეცვლილი არც იყო, როცა მშენებლობა დაიწყო...), ქალაქის მთის ფერდობები შეცვალა, ლანდშაფტს იერსახე შეუცვალა, ჯენტრიფიკაცია მოახდინა სოლოლაკში. ეს მოხდა უშუალოდ ქართული ოცნების ბატონობის პერიოდში, მაგრამ არც ნარმანიას და არც კალაძეს არაფერი უთქვამს ამის საწინააღმდეგოდ, ვეღარავინ აღმოჩნდა წინარე ისტორიებში, რომ რამე გადაებრალებინათ და სუფთაზე გამოსულიყვნენ ამის ხარჯზე.

ეს ანალიზი უჩვენებს რამდენად ფასადური და ფარისევლურია მთელი ეს პოლიტიკა, რომ მდგომარეობა სულ უფრო მწვავე ხდება, რომ ბევრი დავკარგეთ. სავარაუდოდ, სიტყვების ამ თამაშებში სამომავლოდ კიდევ ძალიან ბევრს დავკარგავთ. ყველაზე სამწუხარო ზემოთქმულებში კი ისაა, რომ ამ ყველაფერს, თუ განადგურდა, უკან ვეღარ დავიბრუნებთ. შეიძლება ერთეულმა ინვესტორებმა მოგება ნახონ გარკვეული დროით, მაგრამ ადამიანზე მეტად მორგებულ ქვეყანაში ეკონომიკა ამ ეფემერული პოლიტიკით ვერ ძლიერდება და ვხედავთ კიდეც სად და რამდენია ჩვენი მ.შ.პ..

ბოლოს კი, თუ კალაძე თავის ბოდიშში მართლაც ალალია —

ბატონო თბილისის მერო,

ქალაქს აქვს მსგავსი უდიდესი პრობლემები, რომლებზე ბრძოლაც ამ მადლობის პარალელურად მიმდინარეობს. ამ პრობლემათაგან აღსანიშნავია ორი ადგილი, რომელთანაც შესაჭიდებელი კომპანია m2 აღმოჩნდა — ნინოშვილის ქუჩასა და თ.ს.უ-ს მაღლივი კორპუსის წინ. ველით თქვენ მიერ გულისხმიერების გამოჩენას, პრობლემის ისევე დაუყონებლივ და „სწრაფ“ მოგვარებას, ბოდიშს და მადლობას თქვენი (და არა მარტო) მხრიდან.

 

ბექა ბუჩაშვილი

ასევე წაიკითხეთ:

image

#ტრამვაითბილისს

გარემოს დაბინძურება, სოციალური უთანასწორობა,  ეკონომიკური ჩაგვრა, ანტი-ადამიანური ურბანული პოლიტიკა, განათლების სისტემის კოლაფსი… დაუსრულებლად შეიძლება დღევანდელი ქართული საზოგადოების მძიმე პრობლემების ჩამოთვლა. ამ ასპექტების უმეტესობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება და აზარალებს, ხოლო ისეთ მასიურ პრობლემას, როგორიც ჰაერის დაბინძურებაა, ვერც ერთი ჩვენგანი გავექცევით — ტყვიითა და მომწამვლელი ნივთიერებებით გაჟღენთილ ჰაერს ყველანი ვსუნთქავთ.

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების მიზანი სწორედ ამ მდგომარეობასთან ბრძოლა და მწვანე წესრიგის შექმნაა. მწვანე წესრიგი არა მხოლოდ ეკოლოგიური ასპექტის მოგვარებაა, არამედ იგი მოიაზრებს ნებისმიერი ნიშნით ჩაგვრისა და უთანასწორობის აღმოფხვრას. ესაა ადამიანის კეთილდღეობაზე მორგებული წესრიგი.

image

გამოხმაურება ვიტალი საფაროვის საქმეზე

სრულიად შემაძრწუნებელია ჩვენთვის ვიტალი საფაროვის მკვლელობის ამბავი. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს, ყველა მის მეგიბარსა და ნაცნობს. ვუცხადებთ მათ გვერდში დგომას და მზად ვართ, რაც ჩვენს ძალებში იქნება, ყველანაირად დავეხმაროთ ვიტალის ნაცნობებს ნეო-ნაცისტური და ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ საბრძოლველად.  განსაკუთრებით, ვიტალის დედას — მარინა ალანაკიანს, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით მზაობას გამოთქვამს, წინ აღუდგეს ნეო-ფაშისტურ აგრესიას.

შემოგვიერთდით