RMG Gold-ის პოლიტიკა

გამოქვეყნებულია: 26.Feb.2018

წლების სვლასთან ერთად არაფერი იცვლება - ფუჭი ქანების სასაფლაოდ გადაქცეული ტოქსიკური ნივთიერებებით სავსე კუდსაცავები, სასიკვდილოდ დაბინძურებული წყალი, ჰაერი და ნიადაგი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლითაც ჩვენ ყველანი ვიკვებებით ამ გარემოშია გაზრდილი და გაზავებული.

RMG-ის მკვლელ იმპერიას კორპორაციის საცეცები როგორც ბოლნისის ადგილობრივ, ისე მთლიანი ქვეყნის პოლიტიკაში მყარად აქვს გადგმული. „აღმასრულებელი მენეჯერები“, მთავრობები და პოლიტიკური სახეები ისე იცვლებიან, რომ არც ერთს აწუხებს გარემოს ბედი, არავინ თვლის, რომ თვალის დახუჭვა და გაჩუმება ამ შემთხვევაში დანაშაულია. ესაა დანაშაული, რომელსაც უამრავი ადამიანის ცხოვრება ეწირება როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად და ფსიქოლოგიურადაც.

დღეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა, ამ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორია (!). ამ „ინვესტორ-დამსაქმებელის“ წყალობით 2014 წლიდან კაზრეთის საწარმოში აღარ არსებობს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციაც კი, რომელიც აქ მომუშავე ადამიანების უფლებებს დაიცავდა - ფიქციური ორგანიზაციაც კი არ არსებობს. ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები კომპანიის კეთილი ნების ანაბრად მიატოვა - კომპანიის, რომელიც გვწამლავს და თავზე გვაბიჯებს.

ეს კომპანია იმდენად კეთილმოსურნეა, რომ 2014 წელს საყდრის-ყაჩაღიანის ისტორიული მემკვიდრეობის უნებართვოდ აფეთქება-განადგურების შემდეგ ბოლნისის დასაწყისში მუზეუმი აგვიშენა. მუზეუმი, რომლის არსებობაც თავისთავად ცუდი არაა, თუმცა სასწორის მეორე მხარეს ძალიან ბევრი რამ დევს, რის გადაყლაპვასაც გვაძალებს და კიდევ კარგა ხანი ამოგვადენს ყელში. ზუსტად იმდენი ხანი, სანამ ბოლომდე ამოიღებს რისი ამოღებაც შეიძლება და დაგვტოვებს შავ ტოქსიკურ ხვრელში.

ესაა საკითხი, რომელზეც არ შეიძლება გაჩუმება. ესაა საკითხი, რომელიც აფერხებს ადამიანების სუფთა, ჯანსაღ, თანასწორუფლებიან გარემოში ცხოვრებას როგორც ბოლნისსა და მარნეულში, ისე მათ შემოგარენში და მთელს ქვეყანაში.

***

შაბათს, 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის“ კვლევის („ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან“) პრეზენტაცია გაიმართა. ესაა პირველი მასშტაბური კვლევა კომპანია RMG-ის მიერ გარემოსთვის მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით.

პრეზენტაციას ესწრებოდა RMG Gold-ის გარემოსდაცვითი დეპარტამენტის უფროსი - კონსტანტინე ხაჭაპურიძე. როგორც ირკვევა, ბატონ კონსტანტინეს წარსულში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მაღალი თანამდებობა ეკავა.

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ ცხარე პოლემიკა გაიმართა. RMG-ის წარმომადგენლებმა სრულიად უარყვეს კომპანიის მიერ ნიადაგის, ჰაერის, მდ. კაზრეთულას მარცხენა შენაკადისა და სხვა ახლოს გამდინარე წყლების დაბინძურება. მათ ერთადერთ არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ თურმე დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი, რომელიც არა მხოლოდ ლაბორატორიულად დასტურდება, არამედ აშკარად ჩანს მდინარე კაზრეთულას მარცხენა შენაკადში, წიაღისეულით მდიდარი ნიადაგების ბუნებრივი ანომალიაა. თუმცა, კვლევის ერთ-ერთი თანაავტორის, ალექსანდრე ღონღაძის შეკითხვა, თუ რატომ აღინიშნება დაბინძურების რადიკალურად განსხვავებული მაჩვენებლები 2014 წლამდე (როცა კომპანიამ ისტორიული ძეგლი ააფეთქა და თავისი სამუშაოები დაიწყო) და მას შემდგომ, RMG Gold-მა ფაქტობრივად უპასუხოდ დატოვა; მათ უბრალოდ უნდობლობა გამოუცხადეს არა მხოლოდ „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის“ კვლევას, არამედ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევასაც, რომლითაც სწორედ ბატონი ალექსანდრეს სიტყვები დასტურდება. მათ ასევე სრულიად უგულებელყვეს კვლევის კიდევ ერთი თანაავტორის, გურანდა ავქოფაშვილის შეკითხვა იმის შესახებ, რომ კომპანია ძვირფასი ლითონის მოპოვების დროს აფეთქებებისას ჰაერში პირდაპირ ფანტავს ტოქსიკურ მტვერს და არ იყენებს სპეციალურ მტვრის დამჭერებს.

 

კონსტანტინე ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ კომპანია RMG Gold თავად აწარმოებს უფრო მასშტაბურ კვლევებს, რომლის შედეგების მიხედვითაც ისინი საერთოდ არ აბინძურებენ გარემოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ამ კვლევებს არ ასაჯაროებენ, ამის უფლებას კი კომპანიას კანონი აძლევს.

კომპანიის წარმომადგენლებმა „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივ პლატფორმას“ კვლევის ახლიდან, ერთობლივად დაწყება და კამათის სამუშაო შეხვედრისას გაგრძელება შესთავაზეს. ამასთან დაკავშირებით არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ RMG ამით კიდევ ერთ ფარსს გეგმავს, რადგან ესაა კომპანია, რომელიც აშკარა ფაქტებს უარყოფს და უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად საკუთარ თავს სრულიად უდანაშაულოდ ასაღებს.

ერთი სიტყვით, RMG Gold-მა კარგად დაგეგმილი სპექტაკლი გაითამაშა. კომპანიის წარმომადგენლებმა სიმართლის გასარკვევად მებრძოლების როლი მოირგეს, რომელთაც უსამართლოდ ადანაშაულებენ. კონსტანტინე ხაჭაპურიძემ ასევე განაცხადა, რომ ის არ ისაუბრებდა და არც აინტერესებს აღნიშნული თემის პოლიტიკური ფონი, რომელსაც „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის“ კვლევის ნაწილი ეთმობა. მაგრამ, სინამდვილეში, შეუძლებელია პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტის უგულებელყოფა, რადგან სწორედ ეს ფაქტორები თამაშობს აქ მთავარ როლს. ესაა ნეოლიბერალიზმი, აქ კომპანიას არ ზღუდავს კანონი, რათა მომწამვლელი ნივთიერებები გარემოში გაავრცელოს; აქ ბიზნესმენის მოგების ხარჯზე უპრობლემოდ გაწირავენ მუშების, მომხმარებლებისა და, უბრალოდ, ახლომახლო მცხოვრები მოსახლეობის სიცოცხლესა თუ ჯანმრთელობას; აქ დაპირისპირება ისევ ორ მხარეს შორისაა - მსხვილი კომპანიის ინტერესსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას შორის.

 

ფოტო © მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

image

სოლიდარობა პანკისელებს, არა ჰესებს

რაც პანკისში ხდება არ არის მხოლოდ პანკისის პრობლემა! ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა! რადგან იგივე სისტემა, რომელიც დღეს პანკისელებს ებრძვის აქ მუშებს ხოცავს სამუშაო ადგილზე, გამონაბოლქვში გვახრჩობს და სიღარიბეში სულს გვაძრობს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკით.

შემოგვიერთდით