26 მაისი

გამოქვეყნებულია: 26.May.2020

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები გილოცავთ 26 მაისს. დღეს, როდესაც 102 წლის უკან საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

ამ უმნიშვნელოვანესი დღის მოლოცვასთან ერთად გვინდა, საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, განსაკუთრებით კი დამოუკიდებლობის პერსპექტივიდან.

ვართ კი დამოუკიდებელი სახელმწიფო?

ვართ კი ის სახელმწიფო, რომლის მთავარი მიზანი საკუთარი ხალხზე ზრუნვაა?

და საერთოდ, ვართ კი ის, რასაც სახელმწიფო შეიძლება ეწოდოს?

ახალგაზრდა მწვანეებს მიგვაჩნია, რომ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.

საქართველოს მეორე რესპუბლიკა, რომელიც შოვინიზმსა და ნეო-ლიბერალიზმს დაეფუძნა, სრულად საპირისპიროა პირველი რესპუბლიკისა, რომელიც სოციალისტურ, სახალხო, ეროვნულ და ინტერნაციონალურ იდეალებზე იდგა.

საქართველოს მეორე რესპუბლიკის მიზანი უკვე მრავალი დეკადაა არა ხალხისა და საქართველოს მოსახლეობის კოლექტიური ინტერესების, არამედ მცირე, ბიზნეს და პოლიტიკური ელიტების ფინანსური და ძალაუფლებრივი ინტერესების დაცვაა.

ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ ღარიბდება მოსახლეობა, როგორი უხარისხო და ხელმიუწვდომელია ჯანდაცვა და განათლება, როგორ ხდება მწვანე სივრცეების, კულტურული ძეგლების, ეროვნული რესურსების გაყიდვა, გასხვისება და განადგურება. სახელმწიფო კი -  ნაცვლად იმისა, რომ მოწინააღმდეგე იყოს - ამ ანტისახალხო ქმედებების ინიციატორი და დამცველია.

ჩვენ ვუყურებთ, როგორ იცვლებიან ხელისუფლებები, სახელები და გვარები, სახეები და ხმები, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება.

ჩვენ ვუყურებთ, როგორ ზედმიწევნით ასრულებენ ჩვენი ხელისუფლებები უცხო ქვეყნის მითითებებს, მაგრამ არაფრად აგდებენ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნებს.

ჩვენ ვუყურებთ, თუ როგორი უძლურია ჩვენი სახელმწიფო უცხოურ თუ ადგილობრივ კაპიტალთან.

ჩვენ ვუყურებთ სახელმწიფოს, რომელიც ოლიგარქების სამსახურშია ჩამდგარი და საერთოდ, ძალაუფლება სრულად მათ ხელშია მოქცეული.

ჩვენ ვუყურებთ საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს.

ჩვენ უკვე ათწლეულებია ამას ვუყურებთ, მაგრამ ეს ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება.

ჩვენ უნდა დავორგანიზდეთ, უნდა გავძლიერდეთ, გავერთიანდეთ და ხმამაღლა ვთქვათ და მოვითხოვოთ: ქართული სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს არა ფინანსური და პოლიტიკური ელიტების, არამედ  საქართველოს მოსახლეობის ისტერესებს!

დიდება თანასწორობას, ერთობას!

დიდება თავისუფლებას!

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

მწვანეების გამოხმაურება დამანგრეველი ჰესების ახალი კასკადის შესახებ

სანამ ადამიანები კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადარჩენისთვის იბრძოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ნებართვა გასცა. საპროექტო ზონაში ექცევა როგორც ქალაქი ონი, ისევე რამდენიმე ახლომდებარე სოფელი, რაც აუცილებლად გამოიწვევს, როგორც სოციალურ, ასევე, ბუნებრივ პრობლემებს

image

მწვანეების განცხადება ქალაქის გაყიდვის გეგმაზე

კახა კალაძემ განაცხადა, რომ ძველ წესრიგში დასაბრუნებლად და პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად, უნდა გასხვისდეს ყველაფერი, რისი გასხვისებაც შესაძლებელია.

image

ბათუმის რივიერასთვის სოლიდარობის აქცია გაიმართა

დღეს, 20 იანვარს ახალგაზრდა მწვანეებმა ბათუმის რივიერას ჩაბეტონება გავაპროტესტეთ. ეს იყო სოლიდარობის აქცია ბათუმელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოძრაობა “მწვანე მომავალთან” და ,,საზოგადოება ბათომთან” ერთად საჯარო სივრცის გასხვისებას უპირისპირდებიან

შემოგვიერთდით