„ახალგაზრდა მწვანეების“ შეხედულება მოძალადე თამაზ აქუბარდიას ქმედებებზე

გამოქვეყნებულია: 29.Oct.2017

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვეხმიანებით მარი კურტანიძის ღია წერილს, რომელშიც ის თავისი ყოფილი მასწავლებლისა და ლექტორის თამაზ აქუბარდიას მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე ყვება. „ახალგაზრდა მწვანეები“ ვაფასებთ მარი კურტანიძის გამბედაობას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. მიგვაჩნია, რომ საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი და მოძალადეების მხილება სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის  ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს.

სექსუალური შევიწროება იმ საკითხთა რიგს მიეკუთვნება, რომლის წინააღმდეგაც ქალებს ყოველდღიურად გვიწევს გამკვლავება. დღესდღეისობით, ქალთა უმრავლესობას ერთხელ მაინც ჰქონია ასეთი ტიპის გამოცდილება – იქნება ეს საჯარო (ტრანსპორტი, ქუჩა, პარკი და სხვ.) თუ პირად სივრცეში. ამავე დროს, საზოგადოების გულგრილობა და ამ პრობლემის უარყოფა მხოლოდ ამწვავებს მოძალადეებში დაუსჯელობის შეგრძნებას. კაცობის აღიარებული ნორმა არათუ არ უარყოფს ძალადობის ასეთ ფაქტებს, არამედ უფრო ამწვავებს მას და ჭეშმარიტი ვაჟკაცობის იარლიყს აკერებს ყველას ვინც ასე იქცევა. ეს ნორმა და დამოკიდებულებები შესაცვლელია!

სექსუალური შევიწროების პრობლემას ასევე ამძაფრებს საზოგადოებრივი აზრი, რომლის მიხედვითაც – „მსვერპლი ყოველთვის მტყუანია“. მარი კურტანიძის განცხადების შემდეგაც საზოგადოებრივი აზრი ორად დაიყო და უმრავლესობა ისევ მარის ადანაშაულებს იმაში, რაც მოხდა. „გამოიწვიე“, „ალბათ გსიამოვნებდა“, „იგონებ“ და სხვ. გამოთქმები ლიდერობს ამ ფაქტის შეფასებაში. „ახალგაზრდა მწვენეები“ ვგმობთ ასეთ დამოკიდებულებას და ვთვლით, რომ საზოგადოებრივი აზრის ზუსტად ასეთი ნეგატიურობა არის იმის მიზეზი, რომ ქალებს უწევთ გაჩუმება და ძალადობის ფაქტების დამალვა. ზუსტად ეს დამოკიდებულება ქმნის სივრცეს, სადაც გოგონები და ქალები წინააღმდეგობას ვერ უწევენ მოძალადეს. ზუსტად ეს დამოკიდებულება ხდება იმის მიზეზი, რომ მოძალადეები რჩებიან დაუსჯელები.

ამავე დროს, გვსურს გამოვეხმაუროთ თამაზ აქუბარდიას საპასუხო განცხადებას. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ როგორ იყენებენ მოძალადეები თავის საზოგადოებრივ სტატუსს იმისთვის, რომ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თამაზ აქუბარდიას განცხადება ზუსტად ამაზეა მიმართული. თამაზ აქუბარდიამ, რომელიც მასწავლებელი და ლექტორია და, ამავე დროს, ყოფილი პარლამენტარია, პასუხი უნდა აგოს იმ ქმედებებზე, რომელიც ჩაიდინა და მისი სოციალური მდგომარეობა არ უნდა იცავდეს მას ამისგან.

„ახალგაზრდა მწვანეები“ ასევე, მივმართავთ მწვანეთა პარტიას, რომლის მანდატითაც გახდა თამაზ აქუბარდია პარლამენტის წევრი. მოვუწოდებთ პარტიას, რომ გაემიჯნოს მოძალადეს და დაგმოს სექსუალური შევიწროება. გენდერული თანასწორობა ყოველთვის იყო მწვანე იდეოლოგიის განუყოფელი ნაწილი და პარტია, რომელსაც აქვს პრეტენზია, თავის პოლიტიკას ამ იდეოლოგიას აყრდნობდეს, არ უნდა თანამშრომლობდეს მოძალადეებთან.

„ახალგაზრდა მწვანეებს“ არა ერთხელ გაგვიკრიტიკებია მწვანეთა პარტია იმ პოლიტიკის გატარების გამო, რომლითაც ისინი უკვე წლებია გამოირჩევიან. ზუსტად ეს იდეოლოგიური წინააღმდეგობები გახდა იმის საფუძველი, რომ „ახალგაზრდა მწვანეებმა“ 2012 წელს გავწყვიტეთ ყველანაირი კავშირი პარტიასთან და დამოუკიდებლად გავაგრძელეთ ფუნქციონირება. მწვანეთა პარტია დღეს არის კონსერვატიული ღირებულებების მატარებელი ორგანო, რომელსაც არანაირი კავშირი აქვს მწვანე იდეოლოგიასთან. მიზოგინიას და ჰომოფობიას არ აქვს ადგილი მწვანე პოლიტიკის რიგებში!

ასევე წაიკითხეთ:

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

image

სოლიდარობა პანკისელებს, არა ჰესებს

რაც პანკისში ხდება არ არის მხოლოდ პანკისის პრობლემა! ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა! რადგან იგივე სისტემა, რომელიც დღეს პანკისელებს ებრძვის აქ მუშებს ხოცავს სამუშაო ადგილზე, გამონაბოლქვში გვახრჩობს და სიღარიბეში სულს გვაძრობს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკით.

შემოგვიერთდით