რუსთავის ქიმიური ქარხნიდან 340 თანამშრომელი გაუფრთხილებლად გაათავისუფლეს

გამოქვეყნებულია: 27.Jan.2017

რუსთავის ქიმიური ქარხნიდან, სადაც 2300 ადამიანია დასაქმებული, ბოლო დღეებში 340 ადამიანი გაათავისუფლეს, რაც საწარმოში დასაქმებულთა 15%-ს შეადგენს. 28 დეკემბერს 10 საათზე საწარმოს ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გაიმართება. აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება მანამ, სანამ საწარმო არ დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს შრომითი ხელშეკრულებების შეცვლასა და განთავისუფლებული ხალხის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.
მომხდართან დაკავშირებით „ახალგაზრდა მწვანეები“ შევხვდით ადგილობრივი პროფკავშირების თავმჯდომარეს გელა ბიჭიაშვილის. მასობრივი დათხოვნა საწარმოს ადმინისტრაციამ კანონმდებლობის გვერდის ავლით განახორციელა. მან არ გააფრთხილა თანამშრომლები, რომლებიც სამუშაო ადგილზე მისვლისას ვეღარ შევიდნენ ქარხნის ტერიტორიაზე. ქარხანა განთავისუფლებულ თანამშრომლებს ორი თვის ხელფასის ანაზღაურებას პირდება, თუმცა ასეთ შემოთავაზების მიღებისას მუშები ფაქტიურად თანხმდებიან მათ განთავისუფლებას.
უფრო იღბლიან თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმეს, თუმცა ხელშეკრულება არ მოიცავს იმ მიღწევებს, რომლებიც წლების განმავლობაში ბრძოლის შედეგად მიიღეს ქარხნის მუშებმა და პროფკავშირმა. გაუქმდა კოლექტიური ხელშეკრულება. საწარმოს ადმინისტრაციის განცხადებით ძველმა ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა, რადგანაც ქარხანას ახალი მფლობელი ჰყავს - „სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტი“, რომლის თავმჯომარეც ეფრემ ურუმაშვილია, ხოლო კოლექტიური ხელშეკრულება შპს „რუსთავის აზოტთან“ იყო გაფორმებული. ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა დაჩქარებული წესით მოხდა, რის შედეგადაც დასაქმებულები ვერ აცნობიერებენ როგორი დარღვევით არის შედგენილი შრომითი ხელშეკრულება და რა საფრთხის შემცველია ის მათთვის. ამ საკითხზე პროფკავშირის წარმომადგენლები და იურისტები მუშაობენ და ცდილობენ თანამშრომლებს აცნობონ ყველა სარისკო და კანონთან წინააღმდეგობაში არსებული მუხლების შესახებ. მეტი ინფორმაცია რუსთავის ქიმიური ქარხნის პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის მიმდინარე დავასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ  მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის - თამაზ დოლაბერიძის განცხადებაში .

„ახალგაზრდა მწვანეები“ მივიჩნევთ, რომ მიმდინარე მოვლენები დიდ ყურადღებას საჭიროებს. შრომითი კანონმდებლობისა და, ზოგადად, შრომითი ურთიერთობების გაუმჯობესების ნაცვლად სახეზე გვაქვს დიდი რეგრესი. ირღვევა დასაქმებულის ფუნდამენტური უფლება იყოს ინფორმირებული.  შეგახსენებთ, 2012 წლიდან მეტალურგიის ქარხნიდან დაახლოებით 1200 ადამიანი გაათავისუფლეს. აზოტისა და მეტალურგიის ქარხნები რუსთავის მოსახლეობის დასაქმების ძირითადი წყაროა. „რუსთავის აზოტი“-დან ბოლო ორი დღის განმავლობაში დათხოვნილ მუშათა შორის ზოგი საპენსიო ასაკს გადასცდა, თუმცა გაურკვეველია მათი პენსიის საკითხიც. იმ არგუმენტით, რომ „სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტი“ კი არ ათავისუფლებს, არამედ თავიდან  ქმნის სამუშაო ადგილებს, ის ფაქტიურად უკარგავს სტაჟს ქარხანაში წლების განმავლობაში დასაქმებულ ადამიანებს.
სულ უფრო მზარდი ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომელსაც მოაწერეს ხელი ქარხანაში დარჩენილმა მუშებმა ქმნის შიშისა და სასოწარკვეთის ფონს. „ახალგაზრდა მწვანეები“ მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, მიიღოს ზომები და არ დატოვოს დასაქმებულები უპასუხისმგებლო დამსაქმებლის პირისპირ. საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ და კომპანიის ძველმა ადმინისტრაციამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მოლაპარაკების წარმატებით დასრულება დააანონსა, რის შედეგადაც რუსთავის აზოტის ას მილიონ ლარზე მეტით დაფინანსება უნდა მიეღო, თუმცა ქარხნის ფუნქციონირება ბუნებრივი აირის ფასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მაინც გაჩერდა.

ყველას ვისთვისაც არ არის სულ ერთი საქართველოში დასაქმებულის უფლებები მოგიწოდებთ, თვალი ადევნოთ რუსთავის ქიმიური ქარხნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და გამოხატოთ სოლიდარობა უკანონოდ განთავისუფლებული მუშებისადმი. ხოლო საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ გაწიოს ეფექტური მოდერირება და დაიცვას მოქალაქეები უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი შრომითი დარღვევებისაგან!

ასევე წაიკითხეთ:

image

პასუხი თბილისის მერს

ჩვენ მერს ვთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოს საჯარო/სატელევიზიო დებატებში, სადაც იგი პასუხს გასცემს როგორც ახალგაზრდა გარემოსდამცველების, ასევე ურბანისტების, ეკოლოგებისა და სხვა სპეციალისტების კითხვებსა და მოთხოვნებს. ამ სახის დიალოგს მივიჩნევთ ჩვენს აქციაზე ადეკვატურ გამოხმაურებად და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერად.

image

გაიფიცე გარემოსთვის: მანიფესტი

ჩვენი მომავალი თქვენს ხელშია და თქვენ მას ანადგურებთ!

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, 15 აპრილს არ მივდივართ სასწავლო დაწესებულებებში, ჩვენ ვიფიცებით და ვაწყობთ მსვლელობას!

image

სოლიდარობა დევნილებს

„ახალგაზრდა მწვანეები” სოლიდარობას ვუცხადებთ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნები და უზრუნველყოს საცხოვრებლით.

შემოგვიერთდით