სოლიდარობა გაფიცულ მეშახტეებს!

გამოქვეყნებულია: 25.Feb.2016

ტყიბულში  ორი ქვანახშირის მომპოვებელი საბადო ფუნქციონირებს, რომლებმაც მუშაობა 2006 წელს განაახლეს. ამ დროიდან მოყოლებული მუშები ექსპლუატირებულნი არიან,აქვთ უკიდურესად მძიმე სამუშაო პირობები, ტყიბული კი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. 


ისევე, როგორც  საქართველოს სხვა ინდუსტრიულ ქალაქებში (რუსთავი, ზესტაფონი, ჭიათურა, კაზრეთი) მოსახლეობის ნახევარზე მეტი საწარმოშია დასაქმებული და პირდაპირ დამოკიდებულია მათზე.  2016 წლის 13 თებერვლიდან მეშახტეები გაიფიცნენ.  ადამიანები რომლებსაც სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში შიმშილი ელით და რომელთა სრული უმრავლესობა ბანკის კრედიტორია, აქციებით გამოვიდნენ  და მოითხოვეს ღირსეული სამუშაო პირობები.  საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვუერთდებით პროტესტს და მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს ჩართულობისაკენ. 
 
გვინდა ყურადღება გავამახვილოთ რამოდენიმე საკითხზე:
 
1) ტყიბულში მომუშავე მაღაროელების შრომის პირობები აუტანელია, მათი ხელფასები კი, გაწეულ შრომასთან შედარებით, შეუსაბამო. საქნახშირი "ჯი-აი-ჯი" ჯგუფი აცხადებს, რომ ტყიბულის ქვანახშირის საწარმო “სოციალური პროექტია” და ისინი ინტენსიურად მუშაობენ განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს მუშების ადეკვატურ ანაზღაურებას.  თუმცა საწარმოს ადმინისტრაციას  კომუნიკაცია მუშებთან არც პირველი განცხადების შესვლისას და არც გაფიცვის განმავლობაში ჰქონია. დაუშვებელია 21-ე საუკუნეში არსებული ადამიანის ექპლუატაციის ფაქტების  გამართლება ხდებოდეს არარენტაბელურობის არგუმენტით. საწარმოს მხრიდან უხეში დარღვევების ზოგიერთ მაგალითს კი ვერანაირი გამართლება მოეძებნება. მაგალითად, სამუშაო საათების დროს მაღაროში მეშახტეების ბოქლომით ჩაკეტვას, რომელზე პასუხს ადმინისტრაცია თავს არიდებს. ერთ-ერთმა მეშახტემ   საწარმოო პროცესში ფეხის დაზიანებით  ორი საათი ჩაკეტილ კარს მიღმა გაატარა. გაფიცვის ათი  დღის განმავლობაში მუშების და მათი მოთხოვნების სრული იგნორირება კიდევ უფრო ამძიმებდა მომიტინგეთა მდგომარეობას. 23 თებერვალს კი, როდესაც პროტესტმა მაღაროს  შენობასთან გადაინაცვლა, ტყიბულში არსებულმა ადმინისტრაციამ და  ჯი-აი-ჯის სათაო ოფისმა  გადაწყვეტილების  მიმღებ ორგანოდ ერთმანეთი დაასახელეს. 
 
საწარმოს მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნის ამგვარი მცდელობა სრულიად დაუშვებელია.  ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით “ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროშია შექმნილი, პროგრამის ფარგლებში, ტყიბულში ინსპექტირებას აპირებს და ამისათვის ტყიბულის შპს „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება უკვე მიღწეულია. შესწავლის შემდეგ,  დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სამინისტროს კომპანიასთან გარკვეული რეკომენდაციები ექნება. “
 
ტყიბულში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ისევე როგორც მუშების სიკვდილისა და მძიმე დაშავებების ფაქტებს, ასევე საწარმოს მხრიდან პროფკავშირთან დადებული შეთანხმებების დარღვევას,  სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციების გაცემა სრულიად არაადეკვატური და არაეფექტურია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქმედითი შრომის ინსპექციის გადაუდებელი რეჟიმით შექმნის  აუცილებლობას. 
 
საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები მოვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების სასარგებლოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიციის დაფიქსირებას  ბიზნეს დიქტატურის წინააღმდეგ !!!!!
 
2) საწარმოს ადმინისტრაციისა და სახელმწიფოს ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან საუბარი აქციის არაკანონიერების შესახებ სცილდება ზოგადად  სამართლიანობის  ჩარჩოს.  გაფიცვა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა, პირველ რიგში, აზარალებს თავად მუშებს. ტყიბულში გამოსული ნებისმიერი ადამიანი, იმისდა მიუხედავად არის თუ არა იგი დასაქმებული ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროში, იცავს სამართლიანობას. თითოეული მომიტინგე იმაღლებს ხმას საქართველოში არსებულ უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე და იბრძვის სოციალური სამართლიანობისთვის.  მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებენ ქსნის, ჭიათურის, სამკერვალო ქარხნისა და სხვა ადგილებში ექპლუატირებული  მუშები. მათ მხარში უდგას ადგილობრივი თვითმმართველობა,  არასამთოვრობო ორგანიზაციები და სტუდენტური მოძრაობები. ეს არის ყველაზე ავთენტური ბუნტი , ნაპერწკალი, რომელიც უნდა გავრცელდეს საქართველოს მთელ  ტერიტორიაზე და მოიტანოს ცვლილება მოსახლეობის სასარგებლოდ.
 
საწარმოს მფლობელები უარს აცხადებენ  მომიტინგეებთან შეხვედრაზე მანამ სანამ ისინი არ დაუბრუნდებიან სამუშაო პროცესებს. მათი მცდელობა კიდევ ერთხელ ჩაახშონ პროტესტი, ხოლო დროთა განმავლობაში საკითხის აქტუალობის დაკარგვის შემდეგ უკუაგდონ მუშათა მოთხოვნები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კრახისთვისაა განწირული. მიმდინარე მოვლენების მიმართ დაფიქსირებული მათი პოზიცია მოკლებულია პასუხისმგებლობას. მოცემული საკითხი მაშტაბურია და პრობლემების მოგვარებას ვერ უშველის ადმინისტრაციისა და შუა რგოლის მენეჯერების გათავისუფლება. 
 
საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს ტყიბულში მიმდინარე პროცესებში, რომელიც არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობების დარეგულირებით. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს რეგიონში ალტერნატიული დასაქმების ადგილების შექმნაზე, რათა  მოსახლეობა არ იყოს დამოკიდებული ქვანახშირის მოპოვებაზე.  იმის გარდა, რომ მოსახლეობა ფინანსურად არის დამოკიდებული საწარმოზე, ასევე ნადგურდება მათი საცხოვრებელი გარემო. დაფიქსირებულია ფაქტები როდესაც საწარმო ქვანახშირის ნარჩენებს  ქალაქის  ცენტრში ასაწყობებს. გადამუშავებული ქვანახშირის პირველადმა ნარჩენებმა აალება დაიწყო, რამაც  მცხოვრებლებს დიდი პრობლემები შეუქმნა.სახელმწიფოს გარემოსდაცვითი მექანიზმები სუსტია და არ ხორციელდება  გარემოზე ზემოქმედების შეფასება. 
 
უახლოს მომავალში სახელმწიფოს ჩართულობით უნდა დაკმაყოფილდეს მუშათა მოთხოვნები, რაც გულისხმობს მათთვის ღირსეული შრომის პირობებისა და ანაზღაურების უზრუნველყოფას.
 
იხილეთ მეშახტეების მიმართვა : http://emc.org.ge/2016/02/23/emc-6/
 
........................................................................................................................
 
მეშახტეების მხარდასაჭერად, 26 თებერვალს 15:00 დან 19:00 ამდე თავისუფლების მეტროსთან  შეგროვდება თანხა. შემოგვიერთდით პარასკევს თავისუფლების მოედანზე. გამოიტანეთ გასაყიდად ნივთები ( ჩანთები, სტიკერები, ხელნკაკეთი აქსესუარები და სხვა).შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა გაფიცულ მეშახტეებს. მხარში დავუდგეთ ტყიბულელ მუშებს  ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, რათა შევქმნათ  გამარჯვების პრეცედენტი. პრეცედენტი რომელიც ქვეყანაში ჩაგვრის ნებისმიერი გამოვლინების წინაღმდეგ ბრძოლის მაგალითი იქნება. https://www.facebook.com/events/561286674029594/
 
აგრეთვე, ამავე დღეს, მწვანე მუშტი, თვითორგანიზების ქსელი, ახალგაზრდა მწვანეები, თბილისის სოლიდარობის ქსელი, თეთრი ხმაურის მოძრაობა მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ 18:00 საათზე აქციაზე, რომელიც დაიწყება დელისის მეტროსთან და გაგრძელდება მსვლელობით გაზაფხულის ქუჩა #14-ის მიმართულებით, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" (ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "საქნახშირი") ცენტრალური ოფისისკენ.
https://www.facebook.com/events/196908434003238/

ასევე წაიკითხეთ:

image

26 მაისი

ამ უმნიშვნელოვანესი დღის მოლოცვასთან ერთად გვინდა, საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, განსაკუთრებით კი დამოუკიდებლობის პერსპექტივიდან.

 

image

მწვანეების გამოხმაურება დამანგრეველი ჰესების ახალი კასკადის შესახებ

სანამ ადამიანები კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადარჩენისთვის იბრძოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ნებართვა გასცა. საპროექტო ზონაში ექცევა როგორც ქალაქი ონი, ისევე რამდენიმე ახლომდებარე სოფელი, რაც აუცილებლად გამოიწვევს, როგორც სოციალურ, ასევე, ბუნებრივ პრობლემებს

image

მწვანეების განცხადება ქალაქის გაყიდვის გეგმაზე

კახა კალაძემ განაცხადა, რომ ძველ წესრიგში დასაბრუნებლად და პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად, უნდა გასხვისდეს ყველაფერი, რისი გასხვისებაც შესაძლებელია.

შემოგვიერთდით