თეოკრატია არ არის დემოკრატია!

გამოქვეყნებულია: 12.Feb.2016

ახალგაზრდა მწვანეები მივიჩნევთ, რომ კანონპროექტ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ დასჯის შესახებ იმის გარდა, რომ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას, ბუნდოვანია და ბადებს ბევრ კითხვას:

-როგორ განმარტავს კანონი რელიგიას? ცვლილების შესახებ განმარტებითი ბარათის თანახმად „რამდენიმე წელია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საბაბით პერიოდულად ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიების მიმართ“. ფორმალურად კანონის ეს იდეა თითქოს ყველა რელიგიას და სარწმუნოებას მოიაზრებს, მაგრამ, რეალურად, ყოველთვის საუბარი ერთ კონკრეტულ დენომინაციაზეა. ასევე გაუგებარია როგორ განიხილავს კანონი ათეიზმს და ათეისტების არარელიგიურ გრძნობებს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ იგნორირებულნი არიან აგნოსტიკოსები და ათეისტები?

-გაუგებარია ურთიერთდამოკიდებულება რელიგიებს შორის მათში არსებული განსხვავებებიდან გამომდინარე. მაგალითისათვის, ქრისტიანობა აღიარებს სამების პრინციპს მაშინ, როცა ისლამი სრულიად ეწინააღმდეგება ერთი ღმერთის რაიმე სახით ინტერპრეტაციას და ზოგმა მუსლიმმა ღემრთის სამსახოვანი იპოსტასის იდეის წარმოთქმა საჯაროდ შეიძლება საკუთარი რელიგიური გრძნობების შელახვადაც მიიღოს. ბუნდოვანია ტერმინი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“. ვის კომპეტენციაში შედის ზღვარის გავლება შეურაცხყოფასა და აზრის დაფიქსირების - შეურაცხყოფასა და კრიტიკას შორის.

-ასევე განმარტების ბარათის თანახმად „გაურკვეველი ჯგუფები და პიროვნებები მიზანმიმართულად ახორციელებენ რელიგიური სიწმინდეების, ნაგებობების და სიმბოლოების შეურაცხყოფას“, რომლის მაგალითად მოყვანილია 2012 წლის 9 სექტემბერს ქაშუეთის ეკლესიის გალავანზე დახატული წმინდა ნინოს კარიკატურა წარწერით „Pussy Riot“. ჩვენ ვთვლით, რომ საკულტო ნაგებობის შეურაცხყოფად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ანანურის ეკლესიის შუასაუკუნოვან კარში გაზის გამათბობლის დამონტაჟება მისი დასახიჩრებით, რომელიც, გარდა იმისა, რომ ცვლის ან ანადგურებს შენობის ისტორიულ სახეს ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს კარს და გარშემო ადგილებსაც გაზის გამონაბოლქვის გამო. გარკვეული პირების მიერ ჩადენილი ეს დანაშაულებრივი ქცევა არასდროს გამხდარა სახელმწიფოს მიერ მათი დასჯის მიზეზი.

-ინიციატორის კიდევ ერთი არგუმენტია „სოციალურ ქსელში შექმნილი რამდენიმე ათეული გვერდი, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა ღვთის გმობა, მართლმადიდებლური ეკლესიის, მისი წინამძღოლისა და იერარქების შეურაცხყოფა“. სწორედ ეს განცხადება განსაკუთრებულ ეჭვს ბადებს, რომ აღნიშნული ცვლილება მოემსახურება დომინანტური რელიგიური ინსტიტუტის ძალადობრივი ქმედებების კრიტიკის შეზღუდვას. სამწუხაროდ, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის მსახურნი თავად ახორციელებენ შეურაცხყოფასა და ზოგიერთ შემთხვევაში, ძალადობას, თუმცა მათ კანონი, როგორც წესი, არასდროს სჯის (კარგი მაგალითისთვის მხოლოდ 2013 წლის 17 მაისის საქმეც გამოდგება).

-განმარტების ბარათში არაფერია ნათქვამი არადომინანტური რელიგიების მიმართ განხორცილებული შეურაცხყოფის შესახებ, მაგალითად, აჭარაში მეჩეთზე აჭედებულ ღორის თავზე, ანდაც, იმავე წელს, ებრაელების მამართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე თავისუფლების მოედანზე და სხვ.

ამ ყველაფრის ანალიზის შედეგად ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ცვლილება კანონპროექტში არ ემსახურება ტოლერანტობის იდეას და მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებასა და მათ მიმართ ყველანაირი კრიტიკის მოსპობას გულისხმობს. კანონპროექტი აშკარად ემუქრება სეკულარიზმს საქართველოში და იგი მიზნად ისახავს რელიგიური ინსტიტუტების მიერ საკანონმდებლო ბერკეტების ხელში ჩაგდებას, რაც პირდაპირი გზაა თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ. გარდა ამისა, არანაკლებ შემაშფოთებელია, რომ მოცემული ცვლილება შეზღუდავს სხვადასხვა სახის ხელოვანი ადამიანების გამოხატვის ფორმებს. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საკითხი უკავშირდება მომავალ არჩევნებს და საქმე გვაქვს მმართველი პარტიიის მხრიდან ხმების მოსაპოვებლად გადადგმულ პოპულისტურ ნაბიჯთან.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კონსტიტუცია, ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონი, უკვე იცავს რელიგიის თავისუფლებას და კანონპროექტში ცვლილების ინიციატორს სოსო ჯაჭვლიანსა და ავტორს ზვიად ტომარაძეს მივიჩნევთ სრულად არაკომპეტენტურ პირებად მოცემულ საკითხში, მოვითხოვთ, რომ ცვლილება არ შევიდეს ძალაში.

ასევე წაიკითხეთ:

image

პასუხი თბილისის მერს

ჩვენ მერს ვთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოს საჯარო/სატელევიზიო დებატებში, სადაც იგი პასუხს გასცემს როგორც ახალგაზრდა გარემოსდამცველების, ასევე ურბანისტების, ეკოლოგებისა და სხვა სპეციალისტების კითხვებსა და მოთხოვნებს. ამ სახის დიალოგს მივიჩნევთ ჩვენს აქციაზე ადეკვატურ გამოხმაურებად და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერად.

image

გაიფიცე გარემოსთვის: მანიფესტი

ჩვენი მომავალი თქვენს ხელშია და თქვენ მას ანადგურებთ!

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, 15 აპრილს არ მივდივართ სასწავლო დაწესებულებებში, ჩვენ ვიფიცებით და ვაწყობთ მსვლელობას!

image

სოლიდარობა დევნილებს

„ახალგაზრდა მწვანეები” სოლიდარობას ვუცხადებთ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნები და უზრუნველყოს საცხოვრებლით.

შემოგვიერთდით