„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 12 მაისს პოლიციის მიერ თავდასხმის თაობაზე

გამოქვეყნებულია: 12.May.2018

2018 წლის 12 მაისს, „სამთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების“ შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო განჩინების საფუძველზე განახორციელა საგამოძიებო მოქმედება კლუბ „ბასიანისა“ და „კაფე გალერეას“ ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. შედეგად, დაკავებულია 8-ზე მეტი პირი და ასევე, ათეულობით ადამიანი, რომელთა აყვანაც მოხდა პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი შეკრებიდან ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო.

აღნიშნული მოქმედებები წარმოადგენს სახელმწიფოს პასუხს ბოლო რამოდენიმე თვის, ხოლო უფრო ფართე კონტექსტში, უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გარშემო მიმდინარე დებატებზე. 12 მაისის მოვლენებმა შემატა საფუძვლიანი ეჭვი მოსაზრებას, რომ სახელმწიფო ცდილობს კლუბური სივრცის დემონიზებას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დისკურსის ფარგლებში. ასევე, საეჭვოა, რატომ დაემთხვა ეს ღონისძიება მოახლოებულ 17 მაისის „საერთაშორისო დღეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ“, წინა დღით მომხდარ ცვლილებებს პარტია „ქართულ ოცნებაში“ და მომავალ 26 მაისის დღეს. 12 მაისის ოპერაცია ბადებს კითხვებს, თუ რამდენად პროპორციული და აუცილებელი საჭიროებით განპირობებული იყო ის ზომები, რომელსაც სახელმწიფომ მიმართა „სამთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების“ შედეგად, რათა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტები გამოევლინა. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ზომების მიღება წარმოადგენს მნიშვნელოვან და ხმამაღალ განაცხადს ფართო საზოგადოებისადმი, სადაც ნარკოდანაშაული და კლუბური სივრცე ურთიერკავშირში განიხილება და ლახავს როგორც კლუბური სივრცის, ისე მის მომხმარებელთა ღირსებასა და რეპუტაციას. დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი არჩევნის და, შესაბამისად, ალტერნატივების მრავალფეროვნების არსებობაა, რაც საზოგადოების ყველა წევრს აძლევს საშუალებას, იპოვოს საკუთარი გემოვნებისა და სურვილის შესაბამისი სივრცე თვითგამოხატვისა და თვითრეალიზაციისთვის.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის კლუბური სივრცე იქცა მნიშვნელოვან პლატფორმად არა მხოლოდ გართობის, არამედ სამოქალაქო აქტივიზმის მობილიზაციისთვისაც. აღნიშნულმა სივრცეებმა ახალგაზრდებს, და არა მხოლოდ, საშუალება მისცა, ეპოვათ ალტერნატიული ადგილი თვითგამოხატვისთვის, რომელსაც გართობისა და აქტივიზმის სხვა სივრცეები მანამდე არ ან ვერ სთავაზობდნენ. კლუბური სივრცე იქცა იმ უნიკალურ ადგილად, რომლის მიმართაც არაერთ ახალაგაზრდას, და არა მხოლოდ, აქვს განსაკუთრებული სიახლოვისა და სიამაყის შეგრძნება. 12 მაისს სახელმწიფოს მხრიდან კლუბურ სივრცეზე განხორციელებული თავდასხმა არის არა მხოლოდ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის განსაკუთრებით საეჭვო და რეაქციული ფორმა, არამედ ბრძოლა იმ სივრცეების წინააღმდეგ, რომლებსაც ახალგაზრდები თავისუფლების ერთ-ერთ გამოხატულებად აღვიქვამთ.

დროა, სახელმწიფომ შეწყიტოს ახალგაზრდებისა, და არა მხოლოდ, წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული პოლიტიკა, შეიმუშავოს და განახორციელოს ჰოლისტიკური, ადეკვატური და სტრუქტურული მიდგომა ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში და, ასევე, მხედველობაში მიიღოს მრავალფეროვნებისა და თავისუფლების გამოხატულების სხვადასხვა ფორმები. დროა, დასრულდეს დანაშაულებრივი პოლიციური, მჩაგვრელი რეჟიმი. 

ფოტო © http://netgazeti.ge/news/275932/

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

პასუხი თბილისის მერს

ჩვენ მერს ვთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოს საჯარო/სატელევიზიო დებატებში, სადაც იგი პასუხს გასცემს როგორც ახალგაზრდა გარემოსდამცველების, ასევე ურბანისტების, ეკოლოგებისა და სხვა სპეციალისტების კითხვებსა და მოთხოვნებს. ამ სახის დიალოგს მივიჩნევთ ჩვენს აქციაზე ადეკვატურ გამოხმაურებად და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერად.

image

გაიფიცე გარემოსთვის: მანიფესტი

ჩვენი მომავალი თქვენს ხელშია და თქვენ მას ანადგურებთ!

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, 15 აპრილს არ მივდივართ სასწავლო დაწესებულებებში, ჩვენ ვიფიცებით და ვაწყობთ მსვლელობას!

image

სოლიდარობა დევნილებს

„ახალგაზრდა მწვანეები” სოლიდარობას ვუცხადებთ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნები და უზრუნველყოს საცხოვრებლით.

შემოგვიერთდით