საპირველმაისო მანიფესტი

გამოქვეყნებულია: 01.May.2019

1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა!

დღეს მშრომელების უფლებებსა და მათ შორის სოლიდარობის საჭიროება ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს. მსოფლიო მასშტაბით სამუშაოს ბუნების ცვლილებამ მშრომელები კიდევ უფრო მოწყვლადი მდგომარეობის წინაშე  დააყენა: მოკლევადიანი კონტრაქტების იმედად დარჩენილი მუშახელის გაუცხოება სოციალური დაცვის მექანიზმებისაგან, მუდმივი გაურკვევლობისა და დაუცველობის შეგრძნება მშრომელთა ყოველდღიური აგონიის ნაწილად იქცა. გარდა ამისა, ძალაუფლებამ და მისმა აგენტებმა — პარტიებმა და მედიამ —  მოახერხეს, რომ სიტყვა მშრომელის ან მუშის ხსენებისას ადამიანს მხოლოდ მშენებლობაზე, მძიმე ინდუსტრიაში მომუშავე მშრომელები ახსენდება და ვერ ახდენს საკუთარი თავის ამ სიტყვასთან გაიგივებას.

სინამდვილეში კი ჩვენ ყველა მასწავლებლები, მემანქანეები, ტაქსის მძღოლები, მაღაროელები, მიმტანები, ბარმენები, ბუღალტერები, კონსულტანტები, ლექტორები და ყველა სხვა მუშები და მშრომელები ვართ!

დიახ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ყველანი განსხვავებულნი ვართ, თუმცა გვაერთიანებს ჩვენი კლასი — ჩვენ მშრომელთა კლასი ვართ!

ჩვენ, მშრომელებს, კი ერთი მტერი გვაყვს — კაპიტალი და მასთან ფეხგართხმული პოლიტიკური ელიტა, როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიცია, რომელიც ჩვენი ექსპლუატაციის, გაყვლეფისა და გაღარიბების ხარჯზე მდიდრდება!

კონსტიტუციის თანახმად, ძალაუფლების წყარო ხალხია, მაგრამ ჩვენს რეალობაში სრულიად საწინააღმდეგო მდგომარობაა. სახელმწიფო მსხვილი ბიზნესის სამსახურშია ჩამდგარი. მეტიც — ისინი შერწყმული და ინტერგიგრებული არიან ერთმანეთში. პოლიტიკა ქცეულია ბიზნესის ინტერესების გატარებისა და დაცვის სივრცედ. მათ შორის პარლამენტი, სადაც ფეოდალებად ქცეული ათეულობით მილიონერია, რომლებიც არაფერს აკეთებენ, გარდა თავისი ბიზნესის ფლობისა.  

მშრომელებს გვეუბნებიან, რომ რაც შეიძლება პროდუქტიულები ვიყოთ, ვითმინოთ ან სხვა სამსახურში წავიდეთ თუ დამსაქმებელი ცუდ პირობებში გვამუშავებს. ეს ყველაფერი გაბატონებული ლიბერალური იდეოლოგიის ნაწილია, რომელიც თავს გვახვევს ამ იდეებს. საკუთარი ბეჯითი შრომით გამდიდრების იდეოლოგიური მითის დანაშაულებრივი ბუნებისაგან თავის გამოსყიდვა კი, დასაქმებულის სიკვდილზე გადის. დღეს თავისუფლების ყბადაღებული იდეების უკან, ღარიბი ფენისკენ მიმართულ კლასობრივ ტერორთან თანაზიარობის, გამართლების შემთხვევაში კი მისგან სარგებლის მიღების შესაძლებლობები იკვეთება. ამით კი მხოლოდ ელიტა ხეირობს, ჩვენი თავდაუზოგავი შრომით ის მხოლოდ მდიდრება, რადგან ჩვენს შრომას ის ფლობს!

ამ დროს ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

ბოლო წლებში ხელისუფლება თითქოს ცდილობს, გააუმჯობესოს მშრომელთა ცხოვრება, მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ამის მიზეზი არის არა ის, რომ მას ანაღვლებს ხალხის ბედი და კეთილდღეობა, არამედ, რეალურად, მხოლოდ იმ ვალდებულებას ასრულებს, რასაც დასავლეთი აკისერებს. სწორედ ამიტომაა, რომ შრომის კოდექსი რეალურად ვერ მუშაობს და ფაქტობრივად ფურცელზე რჩება, ხოლო მისი შედარებით გაუმჯობესებული ვარიანტის მიღება მაქსიმალურადაა გაწელილი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კვირაში ადამიანი დაახლოებით 40 საათს უნდა მუშაობდეს, ხოლო დღეში 8 საათამდე, მაგრამ ასევე ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არ ხდება.

მშრომელები მონურ პირობებში ვმუშაობთ, რადგან სახელმწიფო ბიზნესის მოთხოვნის კვალდაკვალ არ აწესებს მინიმალურ ხელფასს, არ ხდის შრომის კოდექსს ქმედითუნარიანს, არ აწესებს პროგრესულ გადასახადს, არ არეგულირებს და აკონტროლებს ბაზარს.  

იმ პირობებში, როცა ჩვენი, ყველა მშრომელის სოციალური და ეკონომიკური უფლებები მრავალგზის ილახება ან არ ხდება მათი ღირსეულად უზრუნველყოფა/დაცვა სახელმწიფოს მხრიდან, მუშათა შორის ემპათია და სოლიდარობა არსებით მნიშვნელობას იძენს ჩვენი ყველას ღირსებისთვის ბრძოლაში.

ჩვენი ყველანი მშრომელები ვართ!
ჩვენ მოვითხოვთ ღირსეულ შრომას!
გაუმარჯოს მშრომელთა საერთაშორისო დღეს!

 

 

 

ასევე წაიკითხეთ:

image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 20 ივნისზე

მოქალაქეები ეჯახებიან როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერი პროსტესტის დროს. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიციური რეჟიმის შექმნასა და გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც წამოიწყო და საფუძველი ჩაუყარა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას. მეორეს მხრივ, გვსურს, ხაზი გავუსვათ „ქართული ოცნების” ქმედებებს და იმას, რომ ეს პარტია აგრძელებს წინამორბედის წამოწყებულ პოლიტიკას და, შესაბამისად, პოლიციური რეჟიმის გამოყენებით ცდილობს, ჩაახშოს ქვეყანაში არსებული პროტესტი არსებული სოციალური, ეკონიმიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

შემოგვიერთდით