ანას ბაღში ბიზნესი ძალადობრივად შეიჭრა

გამოქვეყნებულია: 10.Jan.2020

დღეს, 10 იანვარს, დილის საათებში, ანას ბაღში სამშენებლო კომპანიამ ტექნიკის შეყვანა დაიწყო, რასაც ვარკეთილელები და, მათ შორის, “ახალგაზრდა მწვანეები”, წინ აღუდგნენ: გადაკეტეს გზა, რასაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

უკვე თვე-ნახევარია, რაც ანას ბაღის დასაცავად ადგილობრივები კარვებით იკავებენ მიმდებარე ტერიტორიას, სადაც კორპუსის უკანონო მშენებლობას აპირებს კერძო მესაკუთრე, რომელიც მუდმივი დაშინებითა და შეჭრით ცდილობს აღნიშნულის განხორციელებას და პროტესტის შეჩერებას. მოსახლეობა მოითხოვს პარკს და მწვანე საჯარო სივრცეს  ბეტონისა და დაბინძურებული ჰაერის ნაცვლად. ისინი კოლექტიური ძალისხმევით ღამეებს ათევენ და მუდმივად მორიგეობენ, რათა არ დაუშვან ტერიტორიაზე შეჭრა და მშენებლობის დაწყება. 

პოლიციამ პროტესტანტები ძალის გამოყენებით გაიყვანა ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან, განსაკუთრებული სისასტიკითა და აქტივობით გამოირჩეოდნენ თავად სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები - როგორც მუშები, ასევე გაურკვეველი თანამდებობის პირები, -  რომლებიც მთელი დღის განმავლობაში, ვიდეო-კამერით მობილიზებულები, ცდილობდნენ, დამცინავი დამოკიდებულებითა და აგრესიული მიმართვებით პროტესტის მონაწილეების გაღიზიანებასა და მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების გაღვივებას.

დაპირისპირებების შედეგად დაჭერილია 11 პირი, მათ შორის არიან როგორც ადგილობრივები, ისე სამშენებლო კომპანია შპს “ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” წარმომადგენლებიც. საპატრულო პოლიცია სრულიად უსაფუძვლოდ, ძალმომრეობით, აკავებდა ადგილობრივებსა და პროტესტის მონაწილეებს. 

ჩვეულებისამებრ, ადგილზე გამოცხადნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და, ტრადიციულად, ინტერვიუს მიცემის, ანუ ადგილზე დაფიქსირების შემდეგ დატოვეს მოვლენათა ეპიცენტრი. “ახალგაზრდა მწვანეები” ვემიჯნებით მათ პოპულისტურ აქტებს, რადგან ისინი ემსახურებიან იმ აბსოლუტურად იდენტურ პოლიტიკას, რომელიც ანას ბაღში იჭრება და ადამიანებს ართმევს საჯარო სივრცეს და ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, რომელ სტრატეგიას ამოეფარებიან.

15 იანვარს გაიმართება დაკავებულთა სასამართლო პროცესი. “მწვანეები”, მოსახლეობასთან ერთად, არ ვაპირებთ დანებებას, არა მხოლოდ ანას ბაღში, არამედ ყველგან, სადაც მსხვილი ბიზნესის ინტერესი ადამიანების კეთილდღეობას უპირისპირდება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ანას ბაღში, დიღმის ტყეში, რუსთავში, ბათუმში, ოქროს უბანში და არა მხოლოდ!

ასევე წაიკითხეთ:

image

ბათუმის რივიერასთვის სოლიდარობის აქცია გაიმართა

დღეს, 20 იანვარს ახალგაზრდა მწვანეებმა ბათუმის რივიერას ჩაბეტონება გავაპროტესტეთ. ეს იყო სოლიდარობის აქცია ბათუმელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოძრაობა “მწვანე მომავალთან” და ,,საზოგადოება ბათომთან” ერთად საჯარო სივრცის გასხვისებას უპირისპირდებიან

image

რა მოხდა COP25-ის გარშემო

მიმდინარე ტექსტი აღარ ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვას და ითხოვს მხოლოდ იმას, რომ პროექტებმა თავიდან აიცილონ ეკოლოგიური ზიანი და მათგან გამოწვეული სოციალური ზემოქმედებები. იგი ამბობს, რომ მოლაპარაკებები უნდა შედგეს იქ, სადაც შესაბამისობაში იქნება მოქმედ შიდა კანონმდებლობასთან და რომ სხვა გარანტიების განხილვა შედგება 2028 წლისთვის.

image

ახალგაზრდა მწვანეების გამოხმაურება 15 წლის ბიჭის მკვლელობაზე

ხვალ შეიძლება შემდეგი მსხვერპლი ვიყოთ ჩვენ. უნდა გამოვფხიზლდეთ იქამდე, სანამ უთანასწორობაზე და ძალადობაზე დამყარებული სისტემა ყველას და ყველაფერს ღრმა მორევში ჩაითრევს და გადარჩენა შეუძლებელი გახდება. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ გამართული სოციალური პოლიტიკა, რადგან ამის გარეშე, პოლიციური რეჟიმის ჩამოშლა შეუძლებელია.

შემოგვიერთდით