საპირველმაისო

გამოქვეყნებულია: 01.May.2020

ბოლო ორი საუკუნეა წითელი დროშების ფრიალით საზოგადოების ყველაზე დიდი ნაწილი — მუშათა კლასი — ხელებს აღაპყრობს ზეცას და ღრუბლებში აღმართულ ოქროს ტახტრევნებზე მსხდარ ბურჟუაზიას 2 გროშით მეტს ემუდარება.

ხანდახან, თუ ბრაზმა დაახრჩო მუშები, კაპიტალისტური სამოთხის შტურმზეც არ არიან უარს — თოფებით ხელში, მგრგვინავი ლოზუნგებითა და თეორიული წინდახედულობით, გაშმაგებული უჯანყდება საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენა ყველაზე მაღალს. გაცეცხლებული ბურჟუაზია მოჰკივის ღრუბლებიდან და მეხსა და გრგვინვას არ აკლებს ხალხს; ვერცხლის კოვზის ქნევით, კბილთა ღრჭიალით და თვალთა ბრიალით იმუქრება რომ სისხლში ჩაახრჩობს ყველას, ვინც წინ აღუდგება მათ წამოჭიმულ სისტემას; იმუქრება, რომ ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ფურცლებზე მიმოფანტავს ხალხის ცხოვრების გაუმჯობესების ყველა მცდელობას; იმუქრება, რომ ხოცვა-ჟლეტას მოუწყობს მუშებს და მათი სისხლით გაპოხავს და მორწყავს მათ მიერ ტანჯულად დამუშავებულ მიწასა და ქარხნებს; და ხსნა არ ჩანს.

პირველი მაისი უკვე 130 წელია მუშათა დღესასწაულია. 130 წელია დემონსტრაციებსა და გაფიცვებს გაუთანგავს მუშები. უსასრულო ციკლივით უპირისპირდება ხალხი მმართველ კლასს, მმართველი კლასი კი ხალხს. რამდენ ნაბიჯსაც მუშები გადადგამენ, ორ იმდენს ბურჟუაზია დგამს. ერთ აჯანყებას ორი კონტრ-აჯანყება მოჰყვება, ერთ გაფიცვას ორი ჩახშობის მცდელობა. მუშა ჰერაკლე და კაპიტალისტი ჰიდრა გამწარებულები ებრძვიან ერთმანეთს. ვეფხი და მოყმესავით დამქანცველად ეკვეთება ხან ერთი, ხან მეორე და სანამ რომელიმე სისხლისგან დაცლილი არ დაეცემა მინდორზე, ბოლო არ აქვს ომს. უკვე ორასი წელია კაპიტალიზმი ბუკითა და ნაღარით მომავალ ხალხს გაუგონარი სისასტიკით კუწავს ნაწილ-ნაწილ და ისტორიის სანაგვეზე ისვრის. გაბრაზებული ბავშვივით ყურები დაულუქავს თითით და არაფრის მოსმენა არ სურს. კომპრომისი? არა. დახმარება? არა. მდგომარეობის შემსუბუქება? არა. სისტემის შეცვლა? არა და არა; და ხსნა არ ჩანს.

განა რა უნდა ქნას მუშამ, რომ მისი შრომითა და ფულით მონადიმე ხალხს ხმა მიაწვდინოს? დაცინვისა და აბუჩად აგდების გარდა ვერ ღებულობს ვერაფერს. ათასში ერთხელ (ეგეც თუ ძალიან გაუმართლა), სუფრის ნარჩენებს მიუყრის ბურჟუაზია და ქუჩის ძაღლივით კუდამოძუებულმა უნდა მიირთვას და მადლიერებაც გამოუცხადოს მათ. ვაი თუ ყელში ამოუვიდა და უკეთესი პირობები მოითხოვა — თითის ქნევისა და კბილებს შორის ზიზღიანად გამოცრილი „წადი და სხვა სამსახური იშოვნე!”-ს მეტი არ მოჰყვება ამას. და უნდა იშრომოს და იოფლოს, იწვალოს და წელზე ფეხები დაიდგას, სანამ მასაც სანაგვეზე არ მოისვრიან. და სხნა არ ჩანს.

აჰა, მოგორდა პირველი მაისის 131-ე წელი. თითქოს და ამ 131 წლის განმავლობაში პროგრესს მივაღწიეთ. თითქოს და ყველაფერი კარგად არის. თემიდასავით თვალზე ნაჭერი წაგვიკრავს და ჩვენ თავს ვამშვიდებთ, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. სულ მალე; წუთი-წუთზე ჩამოჰრკავს მშვიდობის ზარი და ყველანი ბედნიერად ვიცხოვრებთ.

მაგრამ სოფლის შენებას „კარგი სიმღერის თქმა და კაი ბანი” არ შველის. უნდა გავერთიანდეთ. უნდა გავუწოდოთ ხელი ერთმანეთს. სოლიდარობასა და ორგანიზებაში ჩაისახება ნამდვილი თავისუფლებაც. ერთად, უკეთესი მომავლისათვის. ეგებ ხსნაც გამოჩნდეს.

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

image

კაფკა, ნეოლიბერალიზმი და პოლიტკორექტულობა

ნეოლიბერალური პოლიტკორექტურობა არ წარმოიქმნება საკითხების რეფლექსიების შედეგად, იგი არ წარმოადგენს დიალექტიკური პროცესის სასრულ ფაზას; ის არის პასიური რეაქცია სამყაროში წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, მასობრივ ჩაგვრაზე (ქალების, ქვიარების და ა.შ.), ეკოლოგიურ პრობლემებზე; ეს ქმნის სიმულაციურ გარემოს, თითქოს აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლა ინტენსიურად მიმდინარეობდეს.

image

დაფასებული მშრომელის ღიმილი

ისინიც ხშირად სამსახურიდან დაბრუნებული შემოდიან აშლილი ნერვებით, მაგრამ შენი მაინც არ ესმით. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ნავაჭრს დებ, შენ მაინც 300-400 ლარი გრჩება და მერამდენე ცდაზე ისევ ვერ სწავლობ ჭკუას, როგორ იმყოფინო თვის ბოლომდე.

შემოგვიერთდით