რა ვაკეთოთ? ნაწილი II: სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ

გამოქვეყნებულია: 24.Apr.2020


წინა სტატიაში განვიხილეთ კარლ მარქსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტი" და „გოთას პროგრამის კრიტიკა", ახლა კი ფრიდრიხ ენგელსის ჯერი დადგა — ბოლოს და ბოლოს იგი მეცნიერული სოციალიზმის თანა-აღმწერია!

სოციალიზმი და უტოპია — ბევრისათვის ეს ორი სიტყვა მჭიდრო ასოციაციაშია ერთმანეთთან. ხშირად უწოდებენ მარქსიზმს და მის მიზნებს „უტოპიურ ოცნებას”, ანდაც „გულუბრყვილო ზღაპარს”, თუმცა ასეთი არგუმენტებით ბრძოლა მარქსიზმის თავდაპირველ თვისებას — მეცნიერებას — უგულებელყოფს. მსგავსი შინაარსის არგუმენტაცია უტოპიური სოციალიზმის, როგორც ლეგიტიმური ცნების არსებობასაც ივიწყებს. ფრანგი სოციალისტების თხოვნით, ზუსტად ამ მოკლე პამფლეტით — “სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ” (რომელიც ენგელსმა თავისი 1878 წლის „ანტი-დიურინგის” ბოლო ნაწილიდან ამოიღო) განასხვავა ენგელსმა მეცნიერული სოციალიზმი, და მარქსამდე არსებული უტოპიური სოციალიზმი. ამასთანავე აღწერა ამ ორის განვითარება, დებულებები, მთავარი კომპონენტები, და მათ გარშემო არსებული ფილოსოფიური მიმდინარეობები და ცნებები.

1868 წელს, კაპიტალის პირველი ნაწილის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ, ენგელსი წერს მარქსს: “შემდეგი კითხვა იბადება: გახდა თუ არა შენი წიგნის [კაპიტალის - ავტ.] შინაარსის ცნობილი, მოკლე მიმოხილვა სასწრაფო საჭიროება? იგი თუ არ დაიწერა, ვინმე მოსე ან სხვა დაწერს და ყველაფერს აურევს”. მარქსმა ამაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა კაპიტალის მოკლე მონახაზის გამოქვეყნება ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ზუსტად “სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ”-ში შეძლო ენგელსმა წარმატებით, და მხოლოდ ორმოცამდე გვერდის გამოყენებით მარქსის და მისი წინამორბედების უმნიშვნელოვანესი იდეების მიმოხილვა, და ისეთი ცენტრალური ცნებების ახსნა, როგორიცაა ისტორიული მატერიალიზმი და დიალექტიკა. ამიტომაც ეს ნაშრომი წარმოადგენს მარქსისტული ანალიზის უაღრესად მნიშვნელოვან დედაბოძს, რომლის გარეშეც სოციალისტური სამყარო დიდად იზარალებდა.

რადგან ეს დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ 3 თავისაგან შედგება, ამ კვირას სიმბოლურად გთავაზობთ 3 მოკლე მიმოხილვას და მიზეზს  - თითოს თითო თავისათვის - თუ რატომ უნდა გაეცნოთ ფრიდრიხ ენგელსის “სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ”-ს

(გადმოწერე PDF)

I. უტოპიური სოციალიზმი

„სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ” არის ის ერთ-ერთი უმნიშცნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც სოციალიზმს ნათლად ჰყოფს ორად და ხსნის უტოპიურ-მეცნიერული სოციალიზმის დიქოტომიას, მათ განვითარებასა და ძირითად საკითხებს. პირველ თავში, ენგელსი აღწერს 3 უტოპიური სოციალისტის: სენ-სიმონის, ფურიეს და ოუენის მოღვაწეობასა და შემოქმედებას. ენგელსი ამ სამი ფიგურისადმი და მათი ბურჟუაზიული საზოგადოების კრიტიკისადმი აშკარად პატივისცემით არის გამსჭვალული, თუმცა ასევე ნათლად ხედავს მათი თეორიების არასრულ სახეს და ლიმიტებს, რაც ნაწილობრივ კაპიტალიზმის განუვითარებლობის ბრალი იყო. ამ სოციალსტებისაგან ვერცერთმა ვერ შეძლო კლასობრივი პერსპექტივისა და ანალიზის შემოთავაზება, და ძირითადად ეყრდნობოდნენ განმანათლებლობის ეპოქის ცნებებს, როგორიცაა „სამართალი” და „საღი აზრი”. 

უტოპიური სოციალისტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისუსტე ის იყო, რომ ვერანაირი პრაგმატული გეგმა და სტრატეგია ვერ შეიმუშავეს სოციალიზმის „განსახორციელებლად”, გარდა იმისა, რომ სიტყვიერად დაერწმუნებინათ სხვები, და მათ შორის კაპიტალისტები (!), რომ ეს საზოგადობის მოწყობის უფრო რაციონალური და სასარგებლო გზა იყო. ამ სისუსტეების მიუხედავად, ენგელსი მათ დიდი პატივისცემით ეპყრობა და თავისივე ისტორიულ კონტექსტში სვამს ამ სამ დიდ უტოპიურ სოციალისტს, და ირონიით გამსჭვალული კრიტიკით უტევს იმ „ფილისტინელებს”, რომლებიც თავიანთი „გამბედავი მსჯელობით” ამპარტავნად უყურებენ „განუვითარებელ” უტოპიელებს. 

ეს თავი კარგად ანახებს სოციალიზმის ისტორიულ განვითარებასა და ფესვებს და ასევე ისტორიულად აჯამებს იმ პიროვნებათა მოღვაწეობას, რომლებმაც — მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდნენ როგორ და რატომ — შეიმუშავეს სოციალიზმის პირველი ნაკვთები.

II. დიალექტიკა

ამ ნაშრომის მეორე თავი დიალექტიკას ეძღვნება, სადაც ენგელსი ფილოსოფიის ისტორიას განიხილავს ძველი ბერძნებიდან ჰეგელამდე (ვინც თანამედროვე დიალექტიკის მამად მიიჩნევა), ანუ „არასრული” დიალექტიკიდან გერმანულ იდეალიზმამდე. აქვე იკვეთება ჰეგელის, როგორც იდეალისტის სისუსტეც - იგი ისტორიის განვითარებას უყურებდა როგორც იდეების ბრძოლას, მატერიალური და ეკონომიკური მიზნების და მიზეზების ბრძოლის მაგივრად.

დიალექტიკა, როგორც ძველ ბერძნებს ესმოდათ, სამყაროს აღიქვამდა როგორც წინააღმდეგობების, ცვლილებებისა და შიდა დამოკიდებულებების ჯამს. ჰეგელი იყო პირველი ფილოსოფოსი, ვინც დიალექტიკური ხედვა სრულად განავრცო და კონტექსტში ჩასვა, თუმცა მისი ფილოსოფია იდეალიზმის მიერ იყო ლიმიტირებული. როდესაც დიალექტიკურ მსჯელობას ვიყენებთ კაპიტალიზმის ანალიზისათვის, აქ უკვე მკვეთრად ვხედავთ მისი, როგორც სისტემის დასაბამს და განვითარების მიზეზებს, და მეტი მასალა გვეძლევა სამუშაოდ და გასაანალიზებლად, ვიდრე უბრალოდ იმის თქმა, რომ კაპიტალიზმი “ცუდი” ან “ბოროტი” წარმოების სისტემაა. 

ამ თავშივე ვხედავთ დასკვნას, რომ დიალექტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, სოციალიზმი “უკვე აღარ განიხილება როგორც ამა თუ იმ გენიალური გონების შემთხვევითი აღმოჩენა, არამედ როგორც ორი ისტორიულად წარმოშობილი კლასის - პროლეტარიატისა და ბურჟუაზიის - ბრძოლის აუცილებელი შედეგი”. ენგელსი აჯამებს, რომ უტოპიური მიდგომა სოციალიზმისადმი, რაც მოიცავდა ხალხის იმაში დარწმუნებას რომ იგი კაპიტალიზმს სჯობდა ლოგიკითა და რაციონალურობით, ჩაანაცვლა მეცნიერულმა გაგებამ, რომ სოციალიზმი კაპიტალიზმის ბუნებრივი შედეგია და იგი საზოგადოების განვითარების შემდეგი საფეხურია. ამ თავში მკითხველი შეიტყობს არათუ დიალექტიკის განვითარებაზე, არამედ მის სარგებლიანობაზე და გამოსადეგარ თვისებებზე, თუ როგორ უნდა მოერგოს იგი მეცნიერულ ანალიზსს და რა წვლილი შეაქვს ჩვენს აზროვნებაში კაპიტალიზმთან დაკავშრებით. დასასრულისაკენ, ენგელსი აღწერს მარქსის როლს მეცნიერული სოციალიზმის განვითარებაში, ხაზს უსვამს მის აღმოჩენებს და მატერიალისტური აზროვნება შემოჰყავს საუბარში, რომელიც ლოგიკურად ებმევა შემდეგ თავს.

III. ისტორიული მატერიალიზმი

როგორც ენგელსმა აღნიშნა 1892 წლის პირველი ინგლისური გამოცემის წინასიტყვაობაში, ისტორიული მატერიალიზმი “ყველა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების საბოლოო მიზეზს და გადამწყვეტ მამოძრავებელ ძალას ხედავს საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაში, წარმოებისა და გაცვლა-გამოცვლის წესების ცვლილებაში, საზოგადოების აქედან გამომდინარე დაყოფაში სხვადასხვა კლასებად და ამ კლასების ურთიერთ შორის ბრძოლაში”. მესამე თავი, რომელიც “სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ”-ის ბოლო და ყველაზე ვრცელი თავია, ენგელსი თავდაპირველადვე აღნიშნავს, რომ ისტორიული მატერიალიზმის მთავარი დებულებაა “წარმოება, და წარმოების კვალდაკვალ პროდუქტების გაცვლა-გამოცვლა", რომელიც მისივე თქმით "ყოველი საზოგადოებრივი წყობილების საფუძველია”. 

ეს თავი კაპიტალიზმის მარქსისეულ გაგებას აღწერს, მისი განვითარებიდან ენგელსის დრომდე. ენგელსი იწყებს კაპიტალისტური წარმოების ფეოდალური საზოგადოებიდან წარმოშობის ანალიზიდან. წარმოების საშუალებების განვითარებიდან გადავდივართ შრომის განაწილების განვითარებაზე, და პარაგრაფ-პარაგრაფ, ენგელსი კაპიტალიზმის, როგორც ეკონომიკური სისტემის სრულ სახესა და ევოლუციას წარმოგვიდგენს. 

კაპიტალისტური რევოლუცია, რომელიც ენგელსის მიერ აღწერილი განვითარების მსვლელობის მეორე საფეხურია (შუა საუკუნეების საზოგადოების შემდეგ), ახდენს გადატრიალებას მრეწველობაში, და გამოირჩევა საწარმოო საშუალებების კონცენტრაციით დიდ სახელოსნოებში. აქ თავს იჩენს ამ რევოლუციაში მონაწილე ორი კლასი: კაპიტალისტი და პროლეტარი. ამ ყველაფერს მოჰყვება კაპიტალისტური სისტემის შინაგანი წინააღმდეგობების წინა ფლანგზე წამოწევა, რომლის მთავარ გამოვლინებას საზოგადოებრივი პროდუქტის ცალკელული კაპიტალისტის მიერ მითვისება წარმოადგენს. ბოლოსაკენ, ენგელსი აჯამებს პროლეტართა მდგომარეობას, ეხება დაქირავებულ შრომასა და ინდუსტრიის გაუმჯობესებას, სახელმწიფოს როლსა და განვითარებას, და ყველა იმ ძირითად დებულებას, რომლზეც კაპიტალიზმის მარქსისტული ანალიზია აგებული.

ენგელსი გვაჩვენებს, რომ ამ წინააღმდეგობებს აუცილებლად მივყავართ ეკონომიკურ, და მაშასადამე სოციალურ კრიზისებამდე, რომელიც იწვევს ისტორიული მდგომარეობის სიმწიფეს, საიდანაც უკვე პროლეტარული რევოლუცია გამომდინარეობს. მაშასადამე, ისტორიამ შექმნა არამარტო კაპიტალიზმის თვით-დამანგრეველი პირობები და თვისებები, არამედ მდგომარეობები, რომლებიც ამ პრობლემებს გადაჭრის - რათქმაუნდა აქ საუბარია სოციალისტურ რევოლუციაზე და წარმოებაზე.

“სოციალიზმის განვითარება უტოპიიდან მეცნიერებისაკენ” ერთ-ერთი ყველაზე მეტად ბეჭდვადი და კითხვადი ნაშრომი იყო და არის სოციალისტურ ტრადიციაში. ეს შთამბეჭდავი პამფლეტი მარტივად და მოკლედ ხსნის სოციალიზმის, როგორც ცნების განვითარებას, ასხვავებს მის ორ სახეობას, და დეტალებში საუბრობს მეცნიერული სოციალიზმზე და მის ძირითად დებულებებზე. ენგელსმა, დაინახა რა ამ ნაშრომის წარმატება, შეიმუშავა გეგმა რომ გამოეცა მეორე ნაწილი, რომელიც ასევე ანტი-დიურინგიდან იქნებოდა ამოღებული. ეს ნაწილი უკვე ეხებოდა პირადად გერმანიის განვითარებას, განსაკუთრებით ოტო ფონ ბისმარკის პერიოდს. სამწუხაროდ, მისი გამოქვეყნება მოხდა მხოლოდ 1968 წელს, ინგლისურ ენაზე, და მისი წინამორბედის პოპულარობას ბევრად ჩამოუვარდება.
თუმცა ენგელსის გენიალური აზროვნება და ანალიზის უნარი დღემდე ცოცხლობს მისი ნაშრომების ფურცლებზე, და მის ყოველივე მკითხველს აჯილდოებს ისტორიის, დიალექტიკისა და მატერიალიზმის ათვისებითა და ძირეული გაგებით.


ფოტო © listelist.com

ასევე წაიკითხეთ:

image

ზარალა თუ ზარალა

თუ ასეთი ზარალა გამოჩნდება — მერე რა, რომ ისიც ზარალა იქნება, ამაზე კირკიტის დრო არაა, პოლიტიკა ასე არ მუშაობს — ჩვენი ყველას ვალი იქნება სწორედ მას დავუჭიროთ მხარი, რომ რეალური ცვლილებები დადგეს დღის წესრიგში. მერე უკვე უფლება აღარ გვექნება, ზარალას მაფიოზურ საქმიანობაზე გვქონდეს პრეტენზია, თუ აგერ გვყავს მისი ალტერნატივა და მხარს არ ვუჭერთ.

image

სიჩუმე და მძვინვარება

არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის საქმეს აგრძელებს და კარირულ ზრდაზე, წარმატებაზე ფიქრობს. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ყველას ეშიანია. ან აზრს ვერ ხედავს ვერაფერში.  არა და ჩვენ გვერდით ხდება ეს ამბავი. ყოველდღიურად ვპოსტავთ იმაზე რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებთ ნაცებს, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგა და რა ხდება? ყველა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას... აი ისე ფილმებში რომ არის. დაჩაჩანაკებული საზოგადოება, რომელიც დაზომბირებულია. პრობლემას წინ უდებ, გისმენენ, გისმენენ და შემდეგ უემოციოდ აგრძელებენ საქმეს.

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

შემოგვიერთდით