რა ვაკეთოთ? ნაწილი I

გამოქვეყნებულია: 11.Apr.2020

იმ დროს, როდესაც ვირტუალურად მთელი მსოფლიო კარანტინში არის მოქცეული და პანდემია ძრწის დედამიწის ზურგზე, თითოეულ ჩვენგანს საშუალება ეძლევა, უფრო მეტი დრო დაუთმოს კითხვასა და განათლებას. მათთვის, ვისაც მემარცხენე პოზიციები ან, კონკრეტულად, მარქსიზმი აინტერესებს, ანდაც სულაც დღევანდელი გლობალური ეკონომიკის სისტემური შესაწავლა სურს საფუძვლიანად, შესაძლოა, ეს პერიოდი ძალიან ნაყოფიერად იქნას გამოყენებული. 

კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა მსოფლიო პოლიტიკამ ბევრს აჩვენა, რომ გაძლიერებული ჯანდაცვა, ფინანსური დახმარება, ნაციონალიზაცია და, ძირითადად, მსგავსი მემარცხენე-ლიბერალური ცნებები სულაც არ ყოფილა სოციალიზმი. მსოფლიოს იდეოლოგიური ჰეგემონია, რომელსაც ამჟამად ნეოლიბერალები უძღვებიან, თვითონ კრიზისშია ჩავარდნილი და დიდი საყოყმანო გასჩენიათ — როგორ დაარწმუნონ ხალხი თავიანთი იდეების სისწორეში, როდესაც მათ მიერ წარმართული სისტემა ასეთ რადიკალურ შეცდომებს უშვებს? მხოლოდ ამერიკაში, სულ არაფერი რომ არ ვთქვათ სხვა ქვეყნებზე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 30-მდე გაფიცვა მოეწყო და ეს რიცხვი დღემდე იზრდება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ნელ-ნელა ხალხი ამ სისტემაში რწმენას კარგავს. 

საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას შედარებით ეფექტური რეაქცია ჰქონდა კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით (ბევრ ქვეყანაზე უფრო სწაფად და მოხერხებულად მოხდა კარანტინიზაცია და სიტუაციის კონტროლი), საქართველოს ეკონომიკას ამ ყველაფერმა საგრძნობლად დაარტყა და როგორც ყოველთვის, ეს ყველაზე მეტად საზოგადობის დაბალმა ფენებმა — მუშებმა, სოციალურად დაუცველებმა, უსახლკაროებმა, ა.შ. — იგრძნეს. ლარის კურსი დიდი სიჩქარით დაეცა, ქართული ტურიზმის სექტორიც საგრძნობლად დაზარალდა, რაც ანალიტიკოსების თქმით იმას ნიშნავს, რომ თუ სიტუაცია აგვისტომდე არ გამოსწორდა, ქართული ეკონომიკა რეცესიაში შევა. მოკლედ რომ ითქვას, ვერც ჩვენი და ვერც გლობალური ეკონომიკური სისტემა ასეთ დარტყმებს ვერ უმკლავდება საგრძნობი დანაკარგის გარეშე. 

ასეთი მნიშვნელოვანი მომენტები საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომლებიც მსგავსი ვითარებების სიმწვავეს შეიგრძნობენ და საზოგადოების ყოფა აღელვებთ, დაინახონ კაპიტალისტური სისტემის შეცდომები და გაჭირვებები, შესაბამისად, ეძიონ ალტერნატიული მსოფლმხედველობა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, თქვენთვის შემოგვეთავაზებინა სამ-სამი მიზეზი, თუ რატომ უნდა წაიკითხოთ კარლ მარქსის “კომუნისტური პარტიის მანიფესტი” და “გოთას პროგრამის კრიტიკა“ მსგავს კრიტიკულ დროს:


კომუნისტური პარტიის მანიფესტი (გადმოწერეთ PDF)

I. მნიშვნელობა ჩვენი დროისათვის 
გამოჩენილი მარქსისტი ისტორიკოსი ერიკ ჰობსბაუმი წერდა, რომ კომუნისტური პარტიის მანიფესტი ბევრად უფრო რელევანტურია ჩვენი რეალობისთვის, ვიდრე იმ პერიოდისთვის, რომელშიც იგი დაიწერა. შეიძლება ვთქვათ, რომ მარქსი და ენგელსი ზედმეტად აბუქებდნენ თავიანთი მტრის, საერთაშორისო ბურჟუაზიის, მიღწევებს. 

ეკონომიკის გლობალიზაცია, ოჯახის სტრუქტურის ნგრევა, რელიგიის ჩახშობა “ეგოისტური ანგარიშის ყინულოვან წყალში”, ყოვლად საპატიოდ მიჩნეული შეხედულებების რღვევა და ყოველივე წმინდის შებღალვა არის დღევანდელი რეალობა, რომლის ყველაზე ნათელი მაგალითი დასავლეთ ევროპაა, მაგრამ ეს არის 1848 წლის გერმანიისაგან ყველანაირად დაშორებული სამყარო, რის გამოც მანიფესტი იმ დროისთვის იკითხება, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა, წინასწარმეტყველება ჩვენს რეალობაზე.

II. ლიტერატურული შედევრი
ნამდვილი პოლიტიკური მანიფესტი არ იწერება აკადემიისა და ევროპული სალონებისათვის; მანიფესტის მოვალეობაა, დაანახოს ადამიანებს სურათი, ისეთი მომავლის პოტენციალისა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიაში არ არსებულა. კომუნისტური პარტიის მანიფესტი საუკუნეზე მეტია განხილვის საგანს წარმოადგენს სხვადასხვა უნივერსიტეტის კათედრასა და ქალაქის კაფეებში, სადაც რადიკალური წვრილი-ბურჟუაზია აღფრთოვენებით აფრიალებს ან აკრიტიკებს ამ დოკუმენტს, თუმცა მანიფესტის ადგილი, პირველ რიგში, მუდამ მშრომელი ხალხის მარცხენა ხელშია. მან შეძლო, რომ შთაეგონებინა მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოს გარშემო, რისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაც მარქსის გენიალური ლიტერატურული ნიჭია. 

მანიფესტი სავსეა ციტატებით, რომლებიც პირველი წაკითხვისთანავე იბეჭდება ნებისმიერი ადამიანის თავში, დაწყებული პირველი წინადადებით ცნობილ “მოხეტიალე აჩრდილზე” და დამთავრებული საბოლოო, ყველასათვის ცნობილი შეძახილით: “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”. მანიფესტს დღემდე შეუძლია შთაგვაგონოს, რომ ვიბრძოლოთ ახალი სამყაროსთვის, რაშიც მას ვერცერთი ეპოქის რევოლუციური დოკუმენტი და სიტყვით გამოსვლა ვერ შეედრება.


III. ახალგაზრდა მარქსი
კომუნისტური პარტიის მანიფესტი დაიწერა 1848 წელს, თუმცა მარქსს პოლიტიკური ეკონომიკის სერიოზულად შესწავლა არ დაუწყია 1850 წლამდე, ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, სადაც მან მარქსისტული თეორიების ხერხემალი შექმნა. მანიფესტში ვხვდებით მარქსს, რომელიც უკვე რევოლუციონერი კომუნისტია, თუმცა არ აქვს განვითარებული იმ თეორიების დიდი ნაწილი, რომლებსაც დღეს მარქსიზმის აუცილებელ კომპონენტებად მოიხსენიებენ. ამ მიზეზით, ახალგაზრდა მარქსისა და მისი პოლიტიკური განვითარების შესწავლა შეუძლებელია მანიფესტის გარეშე. 

 

გოთას პროგრამის კრიტიკა (გადმოწერე PDF)

I. გოთას პროგრამის კრიტიკა მარქსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარია
კარლ მარქსმა პოლიტიკური ეკონომიკის კრიტიკას ათასობით გვერდი მიუძღვნა თავისი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, სანამ ურთულეს ნაშრომებზე გადავალთ, სადაც გაცილებით უფრო ღრმად ხდება განხილვა კლასიკური პოლიტ-ეკონომიკის, მათემატიკური ფორმულებისა და სოციო-პოლიტიკური ანალიზის, აუცილებელია, გავეცნოთ სხვა უმნიშვნელოვანეს ნამუშევრებს. ზუსტად ამ კატეგორიაში შედის გოთას პროგრამის კრიტიკაც, რომელიც 1875 წელს იქნა დაწერილი. მასში მარქსი აკრიტიკებს თავისი პერიოდის სოციალისტური პარტიის, SAPD-ს პროგრამას და გვთავაზობს განვითარების შემდეგი საფეხურის — სოციალიზმის მოკლე მონახაზს. ამ ნაშრომში ფიგურირებს უაღრესად მნიშვნელოვანი ცნებები, როგორიცაა პროლეტარიატის დიქტატურა, თანასწორობა, „შრომის ტალონები“ (labour vouchers) და „წინა საზოგადოების დაღი“ — ეს ყოველივე მეტად მნიშვნელოვანია კაპიტალიზმის ალტერნატივის ძიებაში და ეს მოკლე მიმოხილვა გვთავაზობს მსოფლიო სისტემების მარქსის მიერ მიჩნეულ სწორ ტრაექტორიას.
ასევე, ზუსტად ასეთ კრიზისულ დროში იჩენენ თავს ფსევდო-სოციალისტები და შარლატანები, რომლებიც სპეციალურ ნარატივზე დაყრდნობით ცდილობენ მარქსიზმისა და მისი თეორიების რეინტერპრეტაციას. მსგავსი თაღლითების მსხვერპლობისაგან თავის ასარიდებლად, ლოგიკური გადაწყვეტილებაა, ამ ნაშრომების პირადად შესწავლა და დამოუკიდებელი დასკვნების გამოტანა, რათა უფრო “გამოცდილმა” სოციალისტებმა და მათმა ყალბმა ნააზრევმა თქვენი დაყოლიება ვერ მოახერხოს.

II. გოთას პროგრამის კრიტიკის წაკითხვა აუცილებელი წინაპირობაა უფრო რთული ნაშრომების გასარჩევად
თავისთავად ნათელია, რომ არც მარქსისტები და არც სხვა შეხედულების მქონე პირები არ იწყებენ პირდაპირ "კაპიტალით", ანდაც ენგელსის "ანტი-დიურინგით", რადგან ეს ნაშრომები შედარებით რთული და ნიუანსებით დატვირთულია. თუმცა, ადრე თუ გვიან, ამ რთული ტექსტების გარჩევაც აუცილებელია, რადგან ჰარი კლივერის, ამერიკელი მარქსიზმის სწავლულის და ზაპატისტური მოძრაობის მონაწილის თქმით, მარქსის მეცნიერული ანალიზი და პოლიტიკური ეკონომიკის კრიტიკა, მისი მთელი არსით, მუშათა იარაღს წარმოადგენს. თუმცა, ვინც არც მუშა და არც კომუნისტია, აუცილებლად დააინტერესებს “ადამიანის ბუნების”, მსოფლიო ეკონომიკური სისტემის შესაძლო მომავლის და საზოგადოების ემანსიპაციის მარქსისეული ახსნა. ბოლოს და ბოლოს, იგი ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედ არის აღიარებული.

გოთას პროგრამის კრიტიკა, თავისი ლაკონური მანერით, თეორიულ საფუძველს უქმნის ყველა იმ ადამიანს, ვისაც შემდგომში საკუთარი ცოდნის გაღრმავება სურს პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკაში. ამ ნაწარმოებში ახსნილი ცნებები და ლიბერალური მოწოდებების კრიტიკა გარანტიას გვაძლევს, რომ ჩვენც 1875 წლის სოციალისტების მსგავს შეცდომებს არ დავუშვებთ.

III. გოთას პროგრამის კრიტიკა საკმაოდ მოკლე და შედარებით მარტივად გასაგები ტექსტია
მარქსის ეს ნაშრომი სულ 40 გვერდამდეა, მაგრამ გაჯერებულია თეორიული მასალით, რომელიც კომუნისტური პარტიის მანიფესტს შედარებით ნაკლებად აქვს (თავისთავად, რადგან იგი პროპაგანდისტული პამფლეტა იყო, რომელიც სპეციალური შეკვეთით დაიწერა და გამარტივებულ ენაზე აღწერს მოვლენებსა და გეგმებს). ბევრი მარქსისტი სულს ღაფავს კაპიტალის პირველი რამდენიმე თავის წაკითხვით, რადგან ისინი მასიური და რთული გასაგებია ვიდრე სხვა მარქსისტული ლიტერატურა. ეს პრობლემა გოთას პროგრამის კრიტიკას არ ახასიათებს — იგი მოკლე, გასაგები და მარტივად საკითხავია, რომელსაც ძირითადად რამდენიმე საათში კითხულობენ ყდიდან ყდამდე.  

რომ შევაჯამოთ: პოლიტიკური შეხედულებებისა და იდეოლოგიური მიზნების მიუხედავად, "კომუნისტური პარტიის მანიფესტისა" და "გოთას პროგრამის კრიტიკის" შესწავლა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანის სოციო-ეკონომიკური აზროვნების გასამდიდრებლად — ისინი მსოფლიოში აღიარებულნი არიან, როგორც უმნიშვნელოვანესი ნაშრომები სხვადასხვა დროსა და კონტექსტში, მათი შექმნიდან დღემდე.

არ ეთანხმებით მარქსს? ახლა უკვე ინფორმირებული ხართ მის კონკრეტულ პოზიციებზე და საღ კრიტიკას შეგიძლიათ მიჰყოთ ხელი. მოგეწონათ მარქსის იდეები? აქედან უკვე შეგიძლიათ, ისტორიული მატერიალიზმისა და დიალექტიკის სამყაროში უფრო ღრმად გადაეშვათ.



ავტორი: ნიკოლოზ ქობალიანი
ფოტო © marx200.org
________________
COVID-19 Strike Wave Interactive Map
What impact will coronavirus have on the Georgian economy?
Coronavirus pandemic batters tourism in Georgia
Why read "Capital", 150 years later?
Eric Hobsbawm's Introduction to the 2012 Edition of Marx & Engels 'The Communist Manifesto'
The Specter Is Still Roaming Around!
Yanis Varoufakis: Marx predicted our present crisis – and points the way out

ასევე წაიკითხეთ:

image

ზარალა თუ ზარალა

თუ ასეთი ზარალა გამოჩნდება — მერე რა, რომ ისიც ზარალა იქნება, ამაზე კირკიტის დრო არაა, პოლიტიკა ასე არ მუშაობს — ჩვენი ყველას ვალი იქნება სწორედ მას დავუჭიროთ მხარი, რომ რეალური ცვლილებები დადგეს დღის წესრიგში. მერე უკვე უფლება აღარ გვექნება, ზარალას მაფიოზურ საქმიანობაზე გვქონდეს პრეტენზია, თუ აგერ გვყავს მისი ალტერნატივა და მხარს არ ვუჭერთ.

image

სიჩუმე და მძვინვარება

არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის საქმეს აგრძელებს და კარირულ ზრდაზე, წარმატებაზე ფიქრობს. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ყველას ეშიანია. ან აზრს ვერ ხედავს ვერაფერში.  არა და ჩვენ გვერდით ხდება ეს ამბავი. ყოველდღიურად ვპოსტავთ იმაზე რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებთ ნაცებს, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგა და რა ხდება? ყველა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას... აი ისე ფილმებში რომ არის. დაჩაჩანაკებული საზოგადოება, რომელიც დაზომბირებულია. პრობლემას წინ უდებ, გისმენენ, გისმენენ და შემდეგ უემოციოდ აგრძელებენ საქმეს.

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

შემოგვიერთდით