მიმართვა მდიდრებს: ჩვენი შრომა

გამოქვეყნებულია: 01.May.2020

„დაე, გაბატონებული კლასები ძრწოდნენ კომუნისტური რევოლუციის შიშით. მასში პროლეტარები არაფერს დაკარგავენ, გარდა თავისი ბორკილებისა."

 

მოკლედ, მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც შრომითი კოდექსი თავიდან ბოლომდე ვისწავლე, უფრო სწორად, გამოცდის ჩასაბარებლად ვიმეცადინე ნახევარი წლის განმავლობაში 16-ჯერ, ლექციის წინ. ძირითადად კი იმაზე ვიყავი კონცენტრირებული, რომ მესწავლა რა არის გაფიცვა და ლოკაუტი, ანდაც სხვა ტერმინები და გაწერილი ვადები, რაც გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში დამეხმარებოდა. რეალურად კი, იმის გააზრებაც ვერ შევძელი, თუ რა არსებითი პრობლემების შექმნა შეეძლო ამ დოკუმენტს ყოველდღიურობაში, რომ ეს დოკუმენტი ჩვენი, მშრომელების, ყველაზე დიდი მტერია.

თუ კარგად გადავხედავთ შრომით კოდექსს, თითქმის ყველგან იდეალურადაა გაწერილი დასაქმებულის უფლებები შრომითი ურთიერთობის შეთანხმებიდან დაწყებული აუნაზღაურებელი მუშაობით დასრულებული, აუნაზღაურებელი შვებულების ჩავთვლით. როგორც იტყვიან, საათივითაა აწყობილიო. მაშინ სადაა პრობლემა თუ კანონი ასე კარგად და ძლიერად გვიცავს? ჩვენში, რადგანაც საკმარისად მოტივირებულები არ ვართ მონური შრომისთვის? თუ დამსაქმებელში, რომელსაც, უხეშად რომ ვთქვათ, „გასდის" და ექსპლუატატორის როლში წარმოგვიდგება? ან, იქნებ, კანონი საერთოდაც არ გვიცავს?

კიდევ ერთხელ დავუბრუნდები წინა აბზაცს და სათქმელს ასე განვაგრძობ: მაშინ სად არის პრობლემა? პრობლემა კი სწორედ აქვეა, თითქმის ყველა რეგულაციის წინადადების დასასრულს, კონკრეტულად კი, შემდეგ ფრაზაში: „თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული". აი, რა აძლევს დამსაქმებლებს უფლებას, რომ ასე თამამად შეგვიდგინონ მათზე მორგებული ხელშეკრულებები, რომლებიც იმ აუცილებელ პირობებს, რაც სამსახურში არა მხოლოდ კომფორტის შესაქმნელად, არამედ სასიცოცხლო ძალების შესანარჩუნებლად გვჭირდება, უბრალო ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილ უმოქმედო დებულებად ტოვებს.

ამის თქმისთანავე მსგავს კომენტარებს ვისმენ ხოლმე: „მაშინ რატომ თანხმდები შემოთავაზებულ ხელშეკრულებას?", „გაიფიცე და აღარ გექნება პრობლემა", „არ მოგწონს? სხვაგან წადი".

და ისინი სრულიად მართლები იქნებოდნენ მე რომ საუბარი მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე მქონდეს. სინამდვილეში კი პრობლემა მასიურია, გლობალურია, სისტემურია.

ის გამჯდარია ყოველდღიურობაში.

მას ყველაგან შეხვდები.

შენი საყვარელი რესტორნის თანამშრომლებში, რომელთა შესახებაც არაფერი გსმენია.

იმ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებში, სადაც ყოველ დილით „გამოკვებავ" შენს ძვირადღირებულ ავტომობილს ხოლმე.

სასურსათო მაღაზიაში, სადაც ნაყიდი პროდუქციით გემრიელიბებს უმზადებ ოჯახს.

ანდაც ფერმაში, სადაც შენი საყვარელი სასუსნავებისთვის ინგრედიენტებს აწარმოებენ.

ისინი კი გიხსნიან, გიხნიან და გიმტკიცებენ, რომ არ ხარ მართალი, რომ თუ არ მოგწონს უნდა წახვიდე, რომ სამყარო ასე უნდა იყოს მოწყობილი, რადგან კიდევ ერთ ფურცლების ხროვაზე ვიღაც მონათმფლობელმა ეკონომისტმა გრაფიკი ისე ააგო, რომ მშიერი უნდა დარჩე, რომ ბაზარმა უკეთ იცის რა და როგორ გჭირდება.

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, მინიმალური ხელფასი — ოცნება მშრომელთათვის, უტოპია სისტემაშეჩვეული მოქალაქეებისათვის, ხოლო ხელისშემშლელი ფაქტორი თბილ სავარძელში მოკალათებული პარლამენტარი ბიზნესმენებისათვის.

მოკლედ, დღეს მე ვისაუბრებ, თუ რას ნიშნავს იყო მშრომელი საქართველოში.

ანუ შრომა სწავლის ფასად.

სწავლა შრომის ფასად.

შრომა ცხოვრების ფასად

და ცხოვრება — შრომის ფასად.

ჩვენ არ გვაქვს ძილი და არ გვაქვს დასვენება. ჩვენთვის დანაშაულია გვქონდეს სიცხე და გახდე ავად. მახსოვს, ერთ-ერთ სამსახურში მუშაობისას ცუდად გამხადეს (გამხადეს და არა — გავხდი, რადგანაც ვმუშაობდი შესვენების გარეშე, თითქმის ყოველდღე, დღეში 16-17 საათის განმავლობაში). მაღალმა სიცხემ მომცა, წნევა იმაზე დაბალი მქონდა, ვიდრე ოდესმე, თავბრუ კი ისე მეხვეოდა, რომ მეგონა ვეღარასდროს ვერ გამოვკეთდებოდი. წამალი ვერ დავლიე, ვერც კლინიკაში წავედი, რადგან ხელფასი არ მქონდა თავის დროზე აღებული; გვერდით კი ბინის ქირა, სწავლის გადასახადი და გასასტუმრებელი ვალების სია მქონდა, რის ფონზეც ჯანმრთელობა ჩემთვის მხოლოდ ფუფუნების საგნად რჩებოდა. მადლობა ჩემს უფროსს, რომ თხუთმეტწუთიანი შესვენება მაჩუქა, რის შემდეგაც კი ისევ ჩემს პოზიციაზე დაბრუნება და მომხმარებლებთათვის ღიმილიანი და ენერგიული გამასპინძლება მომთხოვა. მე ეს ვერ შევძელი. ანდაც ვინ შეძლებდა? მას შემდეგ ორი სამსახური გამოვიცვალე და, სიმართლე გითხრათ, განსხვავებული სიტუაცია არსადაც არ დამხვედრია.

ჩვენთვის ჯანმრთელობა ფუფუნებაა.

ჩვენთვის საცხოვრებელი ფუფუნებაა. წლების განმავლობაში ვუყურებდი ბინებიდან გაყრილ ჩემს მეგობრებს, რომელთაც „კეთილსინდისიერი" დამსაქმებლები უხელფასოდ ტოვებდნენ. უფულოდ დარჩენილ მდგმურს კი შემდეგ ყველა თავიდან იშორებდა.

ჩვენ არ გვშია და არ გვწყურია. ჩვენი ყოველი წამი პროდუქტიულად უნდა იქცეს და შეუსვენებლად უნდა განვაგრძოთ დამსაქმებლისთვის ვილის ფულის გამომუშავება.

ჩვენთვის არ არსებობს უფლებები, სამაგიეროდ არსებობს ვალდებულებების, მოვალეობებისა და აკრძალვების მთელი ნუსხა.

ჩვენს გვერდით არ დგას სასამართლო, რადგანაც ყველა დამსაქმებელი „გვითანხმდება" ამ პირობებზე და მათ ჩვენი ნებით ვემორჩილებით, ნებით, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

მახსოვს მინიმალური ხელფასის მოთხოვნით აჯანყებული თანამშრომლები, შემდგომში უსამსახუროდ დარჩენილები. მახსოვს აქციები, დემონსტრაციები, სადაც სულელებსაც კი გვეძახდნენ, ეკონომიკა არ იცითო. ჩვენ რომ მონებივით არ გვექცეოდნენ ხომ ჩამოენგრეოდათ ეს ეკონომიკა?

მდიდრებო, ჯიბეგასქელებულებო, ექსპერტებო და თავისუფალი ბაზრის ანარქისტებო, ლიბერტარიანელებო, ბიზნესმენებო და პოლიტიკოსებო, ეს ეკონომიკა ჩვენზე დგას და, მინდა გითხრათ, უჩვენოდ ვერაფერს გახდებოდით და ვერც დაიკვეხნიდით იმ რიცხვებით, ეკონომიკურ ზრდას რომ ახასიათებთ ხოლმე.

მე მოლარე ვარ, მე მკერავი ვარ, მიმტანი ვარ, ექთანი ვარ, თათბირზე მიმავალს ბენზინს გისხამ და იქ მისულს დალაგებულ კაბინეტს გახვედრებ. მე მშრომელი ვარ და შრომა ვარ, შრომა, რომლის გარეშეც არაფერს წარმოადგენთ.

ჩვენმა და მხოლოდ ჩვენმა სახლში ერთთვიანმა ჯდომამ მთელ სამყაროს დაგინგრიათ ეკონომიკა.

ამიტომ მანამ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, ჯერ კიდევ გვაქვს ძალა, რომ ვიმუშაოთ, რომ გაჭამოთ, დაგვარცხნოთ და კოსტუმები გიკეროთ, გონს მოეგეთ! თქვენ ჩვენს გარეშე არაფერს წარმოადგენთ!

ჩვენ ღირსეულ შრომას ვითხოვთ!

ჩვენ ღირსეულ ცხოვრებას ვითხოვთ!

რადგან ეს არ არის ფუფუნება, რადგან ეს თქვენი საკუთრება არ არის და თუ გაბედავთ და ასე მიიჩნევთ, ამას მშრომელები მორჩილად აღარ შევხვდებით!


ავტორი: მარიამ ფახურიძე

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

ზარალა თუ ზარალა

თუ ასეთი ზარალა გამოჩნდება — მერე რა, რომ ისიც ზარალა იქნება, ამაზე კირკიტის დრო არაა, პოლიტიკა ასე არ მუშაობს — ჩვენი ყველას ვალი იქნება სწორედ მას დავუჭიროთ მხარი, რომ რეალური ცვლილებები დადგეს დღის წესრიგში. მერე უკვე უფლება აღარ გვექნება, ზარალას მაფიოზურ საქმიანობაზე გვქონდეს პრეტენზია, თუ აგერ გვყავს მისი ალტერნატივა და მხარს არ ვუჭერთ.

image

სიჩუმე და მძვინვარება

არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის საქმეს აგრძელებს და კარირულ ზრდაზე, წარმატებაზე ფიქრობს. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ყველას ეშიანია. ან აზრს ვერ ხედავს ვერაფერში.  არა და ჩვენ გვერდით ხდება ეს ამბავი. ყოველდღიურად ვპოსტავთ იმაზე რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებთ ნაცებს, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგა და რა ხდება? ყველა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას... აი ისე ფილმებში რომ არის. დაჩაჩანაკებული საზოგადოება, რომელიც დაზომბირებულია. პრობლემას წინ უდებ, გისმენენ, გისმენენ და შემდეგ უემოციოდ აგრძელებენ საქმეს.

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

შემოგვიერთდით