კაფკა, ნეოლიბერალიზმი და პოლიტკორექტულობა

გამოქვეყნებულია: 07.May.2020

სამი „კ“-ს პრინციპი

მერაბ მამარდაშვილი ერთ-ერთ ლექციზე საუბრობდა ე.წ. სამი „კ“-ს პრინციპის შესახებ; ის სამ მდგომარეობას ახასიათებს — პირველი ორი ამ სიტუაციებიდან აღწერას ექვემდებარება, მესამე მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ იგივე ენობრივი ელემენტებით ხასიათდება, მაინც განუსაზღვრელად რჩება, როგორც უსაზრისო სიტუაცია, ეს არის ცივილიზაციებისკენ მიმართული ე.წ. „შავი ხვრელი“, რომელიც ყლაპავს და ანადგურებს ადამინებს, ერებს, საზოგადოებებს.
პირველი ორი სიტუაცია არის, როგორც მას მამარდაშვილი უწოდებს, კარტეზიუსისა (დეკარტეს) და კანტის, მათში მოცემული გვაქვს გარკვეული პირობები, რის მიხედვითაც ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, ის სამყარო შეიმეცნოს, სადაც არსებობს. პირველი „კ“-ს სიტუაციაში ხორციელდება მარტივი ყოფიერება — „მე ვარ“, რაც არის საბოლოოდ მყარი მსაზღვრელი, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარკვეულ ორიენტირს იღებს ამ სამყაროში — „ამ გაგებით ადამიანი არის არსება, რომელსაც შეუძლია თქვას: „მე ვაზროვნებ, მე ვარსებობ, მე შემიძლია“; აღნიშნულ სიტუაციაში უგულებელყოფილია ნიჰილისტური მდგომარეობის შემქნელი ძალები, რომელიც რამდენიმე სიტყვაში აერთიანებს თავის არსს: „მე არ შემიძლია"; სხვა ყველაფერს — ჩემ გარდა — ბუნების ძალებს, ინერციებს, გარემოებებს — შეუძლია.
მეორე „კ"-ს მდგომარეობაში არსებობს შესამეცნებელი გონითსაწვდომი (ინტელიგიბელური) ობიექტები, რომლებიც ცდის გზითაცაა შეცნობადი; ამიტომაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ეს ერთგვარი სამყაროსადმი მოცემული პირობა გამოიყენოს, განახორციელოს შემეცნების აქტები, ზნეობრივი ქმედებები და გამოიკვლიოს გარემომცველი სამყარო. ორივე სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, ცნებებს მივანიჭოთ საზრისები, რომელიც, მაგალითისთვის,  დაკავშირებულია ეთიკიასთან: „კარგი“ და „ცუდი“, „კეთილი“ და „ბოროტი“.
მესამე „კ“-ს (კაფკას) სიტუაცია წარმოადგენს ისეთ სამყაროს, სადაც პირველი ორი შემთხვევისთვის დამახასიათებელი გარეგანი საგნობრივი ნომინაციები, ენობრივი ელემნტები არსებობს, მაგრამ არ ხორციელდება; პირველი ორი პრინციპში არსებული, მსაზღვრელი პირველმომცველობის აქტებია, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემდა, აღგვეწერა სიტუაცია, ან დაგვეხასიათებინა ამ სიტუაციაში მყოფი ადამიანი, მოგვენიჭებინა საზრისი ცნებებისთვის, ამიტომაც ამ (აბსურდის) სიტუაციაში აღმოჩენილ ადამიანს შეიძლება ეწოდოს განუსაზღვრელი, როგორც აღნიშნულ სიტუაციას.

ნეოლიბერალიზმი და ნეოლიბერალური პოლიტკორექტულობა

მესამე ,,კ“-ს სიტუაციის იდენტურ მახასიათებლებს ქმნის ნეოლიბერალური სივრცე, თავისი ანარქო-კაპიტალისტური მოდელით, „თავისუფლების“ ცნებითა და მორალური მახასიათებლებითაც კი, ვინაიდან მასში, როგორც მესამე „კ“-ს პრინციპით მოცემულ სიტუაციაში არ არსებობს პირობა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა, შეგვესწავლა თვით ეს სამყარო, ამიტომაც ცნებები, რომლებიც ამ სამყაროში არსებობს, უსაზრისოა, მკვდარია, არაფერ მყარზე არ დგას, არ გამოდის აპოსტერიორული (ცდაზე დამყარებული), ან მარტივი ყოფიერების პირობით მოცემული მნიშვნელობებიდან. ამ სიტუაციაში არსებული ადამიანი, როგორც გრეგორი ზამზა კაფკას მოთხრობაში, ფიქრობს არა იმაზე, რომ საშინელ მწერად გადაიქცა, არამედ იმაზე, რომ სამსახურში დაგვიანება არ შეიძლება, რომ აუცილებლად უნდა დააგროვოს ფული, რადგანაც ასეთ მოცემულობაში აღმოჩენილ ადამიანს არ შეუძლია რამე შეცვალოს, შეიმეცნოს ობიექტები (განზომილებები: ეკონომიკური, ეთიკური და ა.შ), ასეთი ადამიანი, როგორც იოზეფ კ. „პროცესიდან", განწირულია გაუგებრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ცნებები მკვდარია, ისინი მაინც მუშაობენ იმდენად, რამდენადაც ეს ნეოლობერალურ დღის წესრიგს სჭირდება, აღნიშნულ ცნებებს მნიშვნელობას ანიჭებს არა ზემოთ აღწერილი ორი პრინციპით გათვალისწინებული პირველმომცველობის აქტები, არამედ ერთგვარი სიმულაციური მორალი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა პოლიტკორექტულობა.
ნეოლიბერალური პოლიტკორექტულობა არ წარმოიქმნება საკითხების რეფლექსიების შედეგად, იგი არ წარმოადგენს დიალექტიკური პროცესის სასრულ ფაზას; ის არის პასიური რეაქცია სამყაროში წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, მასობრივ ჩაგვრაზე (ქალების, ქვიარების და ა.შ.), ეკოლოგიურ პრობლემებზე; ეს ქმნის სიმულაციურ გარემოს, თითქოს აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლა ინტენსიურად მიმდინარეობდეს. ნეოლიბერალური პოლიტკორექტულობა სხვა არაფერია, თუ არა სიღრმისგან დაცლილი ზედაპირი, რომელზეც უსიცოცხლოდ, მიმოფანტულად ყრია სიტყვები: რასიზმი, ქსენოფობია, ეკოლოგია, ფემინიზმი, თავისუფლება და ა.შ; ესენი მხოლოდ მკვდარი სიტყვებია და სხვა არაფერი, აღნიშნული ნეოლიბერალური სივრცე ქმნის ილუზიას, რომ ეს ცნებები თითქოს თავის თავში გულისხმობდეს აბსოლუტურ ობიექტურ ცოდნას სამყაროს შესახებ და მათ არ სჭირდებოდეთ საზრისის მიმნიჭებელი რამ. იმის გამო, რომ ნეოლიბერალურ სივრცეში არ არსებობს პირველი ორი „კ“-ს პრინციპისთვის დამახასიათებელი პირობები, დისკურსებიც გამქრალია და ზემოთ აღნიშნული პრობლემატური საკითხების მოგვარების დონე ცნებებისა და სიმბოლოების დემონიზებას არ სცილდება. აი, მაგალითად, ნეოლიბერალური პოლიტკორექტულობა ბლოკავს ფაშიზმს, როგორც სიტყვას და ფაშიზმთან დაკავშირებულ ყველა სიმბოლოს, გვეუბნება, რომ ფაშიზმი ცუდია, მაგრამ რატომ არის ეს ასე, იმას ვერ ამტკიცებს, (დისკურსის არარსებობა არის უცილობლად ამდენი ფაშისტური ჯგუფის არსებობის მიზეზი ამ სივრცეში); პრობლემა შეიძლება მთავრდებოდეს მტკიცებითი ცნებით, რომ ესა თუ ის იდეოლოგია ცუდია, მაგრამ ის ვერ დაიწყება ამავე ცნებით, მას წინ უნდა უძღოდეს დიალექტიკური მაგალითი, აპოსტერიორული დაკვირვება, ანალიზი და ობიექტების (განზომილებების) შემეცნება. იგივეა ფემინიზმის საკითხი, ამ აღწერილ სივრცეში დაგმობილია ქალთა დისკრიმინაცია, მაგრამ ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ დაყვანილია უნიათო რიტუალებამდე, ზედაპირულ მეთოდებამდე, როგორიც არის, მაგალითად, ქვოტირების სისტემები და სხვა. და თუ ამ კონტექსტის შემოქმედებს შეეკითხები, სად მდებარეობს ამ პრობლემის სათავე, ისინი აუცილებლად იმ ცნებებით დაგელაპარაკებიან, რომლებიც კარგა ხანია მკვდარია. ეს არის სივრცე, სადაც ჩანს პრობლემა, მაგრამ არასოდეს - პრობლემის სათავე, ეს არის ზუსტად აბსურდის ტერიტორია, სადაც პოლიტკორექტულობა თამაშობს როლს, რომ დაფაროს სიღრმე და პრობლემის გადაჭრა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე დაიყვანოს, შექმნას სიმულაციური რეალობა, რომ ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მეამბოხე ცეკვით, ფილმებისთვის ოსკარების მიცემით, (რომლებშიც აღნიშნული პრობლემები, ასევე ზედაპირულად არის წარმოდგენილი), მოწოდებებით, რომ დავიცვათ ბუნება და ა.შ., იმის ნაცვლად, რომ პრობლემის სიღრმეს ჩაყვეს და ის საკუთარ არსებაში აღმოაჩინოს.


ავტორი: ირაკლი ბიტიაშვილი

გამოყენებული მასალები:

მამარდაშვილი, მერაბ ცნობიერების ტოპოლოგია თბილისი, ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2011

ცნობიერების ტოპოლოგია

კაფკა, ფრანც 2013. გამომც. მარინე ცხადაია ფრანც კაფკა რჩეული მოთხრობები თბილისი: გამომცემლობა ,,პეგასი“

ასევე წაიკითხეთ:

image

ზარალა თუ ზარალა

თუ ასეთი ზარალა გამოჩნდება — მერე რა, რომ ისიც ზარალა იქნება, ამაზე კირკიტის დრო არაა, პოლიტიკა ასე არ მუშაობს — ჩვენი ყველას ვალი იქნება სწორედ მას დავუჭიროთ მხარი, რომ რეალური ცვლილებები დადგეს დღის წესრიგში. მერე უკვე უფლება აღარ გვექნება, ზარალას მაფიოზურ საქმიანობაზე გვქონდეს პრეტენზია, თუ აგერ გვყავს მისი ალტერნატივა და მხარს არ ვუჭერთ.

image

სიჩუმე და მძვინვარება

არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის საქმეს აგრძელებს და კარირულ ზრდაზე, წარმატებაზე ფიქრობს. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ყველას ეშიანია. ან აზრს ვერ ხედავს ვერაფერში.  არა და ჩვენ გვერდით ხდება ეს ამბავი. ყოველდღიურად ვპოსტავთ იმაზე რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებთ ნაცებს, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგა და რა ხდება? ყველა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას... აი ისე ფილმებში რომ არის. დაჩაჩანაკებული საზოგადოება, რომელიც დაზომბირებულია. პრობლემას წინ უდებ, გისმენენ, გისმენენ და შემდეგ უემოციოდ აგრძელებენ საქმეს.

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

შემოგვიერთდით