ისტორიული რეტროსპექტივა რელიგიისა და ცხოველების ურთიერთობაზე

გამოქვეყნებულია: 18.Feb.2016

რაც უნდა არარელიგიური იყოს თანამედროვე საზოგადოება, სულიერი განვითარება მაინც რელიგიას უკავშირდება. კაცობრიობის განვითარება, ბევრი სამეცნიერო აღმოჩენა და ფილოსოფიური ნააზრევიც ზუსტადაც რომ სარწმუნეობის რიტუალიზაციასთანაა კავშირში. ამას გარდა, სხვადასხვა რელიგიებს ახასიათებთ   გარკვეული  დამოკიდებულება ცხოველებისა, მათი ჭამისა ან უბრალოდ მოკვლის მიმართ. ამ პოსტში მოკლედ მიმოვიხილავ რწმენებისა და ცხოველთა მიმართ დამოკიდებულებას.

არქაულ რელიგიურ შეხედულებებში ცხოველთა მიმართ ორგვარი დამოკიდებულება შეიმჩნევა.  ერთის მხრივ, ცხოველი არის ტომის/თემის მფარველი, ე.წ. ტოტემი,  ღვთაებრივი ძალის მატარებელი.  მეორეს მხრივ, „პრიმიტიული“ ტომები ნადირობით ირჩენენ თავს (თუმცა „ცივილიზებული ადამიანისგან“ განსხვავებით, მათი მხრიდან მიყენებული ზიანი ძალიან მცირეა).  მაგრამ, ისევ და ისევ განსხვავებით თანამედროვე ცივილიზაციის მატარებელ homo-მომხმარებელუსისგან, ამ ხალხებს აქვთ განცდა იმისა, რომ ამ ნადირობით რაღაცას აშავებენ. ზოგი ბოდიშს თხოვდა მოკლული ცხოველის სულს, ზოგს ნადირობის ლიმიტი ჰქონდა დაწესებული  და ა.შ.

რელიგიური შეხედულებების თავდაპირველი განვითარება თანამედროვე ცივილიზაციის განვითარებას იმით ჰგავდა, რომ ტექნიკური საკითხების დახვეწისადმი მისწრაფებისას მათ დაავიწყდათ ზოგი სულიერი დეტალი. ზოგ მითოლოგიას ღმერთები ყავდა გამოყვანილი პირველ პლანზე, ზოგს - ადამიანები, მაგრამ იშვიათს თუ ახსენდებოდა ცხოველები, რომლებიც მითების უბრალო და ხშირ შემთხვევაში უარყოფით პერსონაჟებად დატოვეს და  მათი ხოცვა-ჭამა სრულიად გამართლებული  იყო მმართველი ელიტის - ქურუმების  მიერ. გამონაკლისის სახით მახსენდება ორი არქაული მითოლოგია (და მინდა ვთქვა, რომ ეს გამონაკლისებიც არასრულფასოვანია).

პირველი გახლავთ ეგვიპტური, რომელშიც ღვთაებათა უმრავლესობას განასახიერებდა ცხოველი, და ამ ცხოველის მოკვლა-შეჭმასთან იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მას თაყვანს სცემდნენ  (ეგვიპტური პანთეონი ძალიან დაგლეჯილი იყო ლოკალურ მინი-პანთეონებად), სერიოზული სანქციები იყო დაწესებული. ასევე, ქურუმები საქონლისა და თევზის ხორცის გარდა სხვა ხორცს არ ჭამდნენ,  მაგრამ ხალხის მასას ამისადმი არ უბიძგებდნენ, რადგანაც რელიგია იყო პრივილეგირებულთა სფერო.

მეორე კი გახლავთ ინდუიზმი. აქ შემოდის უკვე თანამედროვე ვეგეტარიანიზმთან იდეოლოგიური მსგავსება - ცხოველთა ჭამა გაიგივებულია ძალადობასთან და ავნებს ადამიანის კარმას (თუმცა სხვადასხვა ცხოველის მოკვლა კარმის დაზიანებას და მომავალი ინკარნაციების ცვლას სხვადასხვანაირად ახდენს).

კლასიკურ მითოლოგიებსა და რელიგიებში - ბერძნულ-რომაული, ზოროასტრიზმი და მისი „შვილობილი“ მიტრაიზმი - ცხოველები განიხილებიან ან როგორც მსხვერპლი (ჰეკატობმა - ასი ხარის მსხვერპლთშეწირვა ელინისტურ კულტურებში. საინტერესოა, რომ ეს სიტყვა დღეს აღნიშნავს ომისა ან კატასტროფის უზარმაზარ და უაზრო მსხვერპლს), ან როგორც ქტონიკური და არქაული ბოროტება: - ყველა კლასიკური ღმერთი და/ან გმირი ებრძვის ცხოველებს (ჰერაკლე - ლომს, ტახს, ცხენებს და ა.შ., მიტრა - ხარს, მარდუკი - გველ თიამატს და ა.შ).
თანამედროვე მსოფლიო რელიგიებს რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ აქ სიტუაცია ძალიან არ შეცვლილა კლასიკურებთან შედარებით, თუმცა მცირე ევოლუცია მოხდა.

ქრისტიანობასა და იუდაიზმში ვეგეტარიანელობა, როგორც ასეთი, არ გვხვდება, პირიქითაც - ცხოველთა შეწირვის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია. მაგრამ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი.

,,შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს,  რაც კი დედამიწაზე დახოხავს''. (დაბადება. თავი პირველი. 27, 28)

ძველი აღთქმის პირველი თავის მიხედვით, ღმერთი ადამიანებს აძლევს ცხოველებს და მოუწოდებს მათ პატრონობას. არსად არ არის ნახსენები ცხოველებით კვება. და საინტერესო არის შემდეგი ქვეთავი:

თქვა ღმერთმა : ,,აჰა მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.'' (დაბადება. პირველი თავი, 29) სადაც გარკვევით მითითებულია, რომ სწორედ მცენარეები ეძლევათ ადამიანებს საკვებად.
სხვა ადგილებში, იუდაიზმში აღწერილია ცხოველების მიმართ მხოლოდ ნეგატიური დამოკიდებულება - მათ ყოფენ „სუფთა“ და „ბინძურებად“, აღწერილია დეტალებში მათი სასტიკი მსხვერპლთშეწირვის ცერემონიალი, მათ უკავშირებენ ბევრ ნეგატიურ თვისებებს. ბოლოს და ბოლოს გველის აღქმა თანამედროვე ცნობიერებაში, როგორც ბოროტების აღმნიშვნელის, მოდის ზუსტად ძველი აღთქმიდან (სადაც ის მოხვდა შუმერული მითოლოგიიდან, სხვა  დანარჩენ ძველ აღმოსავლურ რელიგიაში გველი ძირითადად დადებითი სახით ჩანს - სიბრძნე, უკვდავება, დუმილი, ნაყოფიერება, სიუხვე და მედიცინა).
განვითარებისას, იუდაიზმმა ქრისტიანობის (და შემდეგ ისლამის) სახე მიიღო. ძველი აღთქმის ტრადიციებს დაემატა ზოგი ახალი ხედვა კონკრეტულ ცხოველთა მიმართ. იუდაისტებისთვის უბრალოდ „ბინძური“ ღორი სახარებაში ხდება დემონებისთვის თვშესაფარი (ქრისტემ უბრძანა დემონთა „ლეგიონს“ ღორებში ჩასახლება), ინკვიზიციის პერიოდში კატა, თხა, ბუ და მამალი გარდაიქმნენ სატანის აღმნიშვნელ სიმბოლოებად (რისი მიზეზიც იყო წარმართობიდან შემორჩენილი ამ ცხოველთა ტოტემიზაციის ტრადიცია და რისი შედეგიც იყო ათასობით უდანაშაულო არსების სასამართლო პროცესები და სიკვდილით დასჯა, რამაც მოიტანა შავი ჭირის გავრცელება ევროპაში - კატების ოდენობამ იმდენად იკლო, რომ ვირთხებზე ფაქტობრივად აღარავინ ნადირობდა). ისლამში ამ მხრივ სიტუაცია ასე რადიკალურად არ განვითარებულა - ღორი ითვლებოდა ბინძურ ცხოველად, ძალადობა მსხვერპლშეწირვას არ აცდა, ზოგი ცხოველი კი (მაგალითად კატა) გახდა პატივისცემის ობიექტი.
და ბოლოს მინდა გავჩერდე იმ მსოფლიო რელიგიაზე, რომელიც მიჩნეულია ყველაზე ვეგეტარიანულად - ბუდიზმზე. მართლაც, ცხოველთა მოკვლა და ჭამა მიჩნეულია ცოდვად, თუმცა ყველა მიმდინარეობაში არაა აკრძალული - ტიბეტურ ბუდიზმში ფარდობითი ხორცისმჭამლობაა (ერთი კამეჩი მეტ ხალხს გამოკვებავს, ვიდრე ქათამი, ამიტომ ჯობია დაკლა ერთი კამეჩი, ვიდრე მისი ტოლფასი ბევრი ქათამი). თავდაპირველად კი, თვით ბუდა გაუტამას, ამ რელიგიის დამაარსებლის დროს, ბერებს ეკრძალებოდათ არა მარტო ხორცის ჭამა, არამედ მიწის თოხნაც კი, რადგანაც ამ ქმედებას  ცოცხალი არსებების სიკვდილი მოყვებოდა.
ბუდიზმი არის რელიგია, რომელიც თავისი საფუძვლებით ყველაზე ახლოს დგას  ფილოსოფიასთან და ზოგადად რომ ვთქვათ, ვეგეტარიანელობის  ფილოსოფია მას ეთანხმება - ცხოველთა კვლა უბრალოდ ძალადობაა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ცხოველები და ადამიანებიც ბუნების შვილები არიან (და ცხოველები უფრო დიდხანს ცხოვრობენ ამ პლანეტაზე, ვიდრე ჩვენ, ასე რომ ნუ ვიქნებით კაენები ჩვენი ძმების მიმართ. სამწუხაროდ, დღეს ეს მსოფლიოში არ ხორციელდება. ურბანიზაცია ანადგურებს ეკოსისტემებს, სადაც ცხოველები ბინადრობენ, ბრაკონიერები ანადგურებენ ცხოველებს იქ, სადაც ცივილიზაციამ არ ჩააღწია (ბეწვი, ძვალი ან ხორცი, ანდაც უბრალოდ გართობა - ფარერის კუნძულებზე, დანიაში, ყოველწლიურად უბრალოდ კლავენ დელფინებს ), ადამიანები კი, ამ დროს ამბობენ - რა დროს ცხოველია, როდესაც საკუთრივ ადამიანები არიან ცუდ დღეში.

 

თითქოს და ერთადერთი, რაც უკეთესისკენაა წასული, არის რელიგია და რიტუალები.
მაგრამ რამდენად მასეა? მოდით შევეშვათ არქაულ აფრიკულ ტომებსა და ისლამურ ქვეყნებს და შევხედოთ იმას, თუ რა ხდება ჩვენთან, საქართველოში...

 

ავტორი: მიშა შაველაშვილი

ასევე წაიკითხეთ:

image

გარემოს დამაბინძურებელი კომპანიების „მწვანე“ მოღვაწეობა

მთელ მსოფლიოში მიმდინარე გარემოს დამანგრეველი პროცესების მხრივ საქართველო არათუ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, არამედ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ჰაერის დაბინძურებისა თუ სხვა ეკოლოგიურ საფრთხეთა სტატისტიკებში. უმეტესწილად დაბალი ხარისხის საწვავის, გაუმართავი ავტოტრანსპორტის, საწარმოო დაბინძურების, მოუწესრიგებელი მოძრაობისა და, ასევე, ქაოსური მშენებლობების წყალობით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის შენებაც არ ხდება წესისამებრ და მთელი სამშენებლო მტვერი ჰაერში იფანტება, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

image

გეი, ლესბოსელი და ქორწინების მიღმა დარჩენილი „სხვები“

რატომ დაგვავიწყდა, რომ ქორწინების ქალისა და კაცის ერთობად განსაზღვრისას არა მხოლოდ ქორწინება, არამედ ქალობა და კაცობა კიდევ ერთხელ განისაზღვრა და შემოიფარგლა?

შემოგვიერთდით