ცოტა რამ ემოციურობაზე, „ქრინჯობაზე“ და ქართველი კაპიტალისტების „სიკეთეებზედ“

გამოქვეყნებულია: 26.Sep.2019

ბოლო დღეების განმავლობაში საინტერესო იყო იმ რეაქციებზე დაკვირვება, რაც მოჰყვა გრეტას გამოსვლას. ამხელა ანტი-პიარი თუ მოჰყვებოდა 16 წლის მოზარდის ძალიან სერიოზულ პრობლემაზე ხმამაღლა საუბარს, მე პირადად არ ველოდი. არგუმენტად ხან მისი ასპენგერის სინდრომი მოჰყავდათ, ხან მიზეზი მისი ზედმეტი ემოციურობა ხდებოდა, ხან შეთქმულებაში მონაწილეობას დებდნენ ბრალად, ხან მშობლების მიერ მართულს უწოდებდნენ და ა.შ.

რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ემოციურობა აღიქმება ქალური „ბუნების“ შემადგენელ ნაწილად. შესაბამისად, მას უნდა მოსდევდეს სირცხვილი, მიუღებლობა და საზოგადოება ყველაფერს იზამს, რათა გადაფაროს მთავარი სათქმელი. ის არგუმენტები, რომლებიც გვესმის პატარა 16 წლის გოგოს კრიტიკისას, ძირითადად აქცენტს მის ემოციურობაზე, ე.წ. ყალბ გამოსვლაზე აკეთებს. მაშინ, როცა მისი გამოსვლა ასევე მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებსაც ეხებოდა. თუმცა მავანმა  ლიბერტარიანელებმა კარგად გამონახეს შავი პიარისთვის არგუმენტები. ფაქტი კი ისაა, რომ როგორ ყალბადაც უნდა გვეჩვენებოდეს აღნიშნული გამოსვლა, როგორც უნდა „გვქრინჯავდეს“ მისი გამოხატვის ფორმა, ფაქტი ისაა, რომ კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა, რომელიც კავშირშია იმ ეკონომიკურ წყობასთან, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც ჰქვია კაპიტალიზმი.

თავისუფალი ბაზრის ქართველი აპოლოგეტები კაპიტალიზმს ერთადერთ პროგრესულ სისტემად სახავენ და არგუმენტებად აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ფაქტები მოჰყავთ. მაგ.,  ის, რომ ბავშვების 80 %-ს  აცრა აქვს და ამის შედეგად სიკვდილიანობა შემცირდა,  ის, რომ უმუშევრობა ნელ-ნელა მცირდება, ის, რომ შემცირდა ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ასევე ის, რომ შიმშილი შემცირდა გენმოდიფიცირებული საკვების ხარჯზე და ის, რომ განათლებამიღებულ ქალთა რიცხვი თითქმის გაუთანაბრდა კაცებისას და ა.შ.

ალბათ, არსებული არგუმენტები ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება გარეშე თვალისთვის. თუმცა, რეალობა სრულიად სხვა არის. გენმოდიფიცირებული საკვებით შიმშილის შემცირება მაშინ იქნებოდა ღირებული არგუმენტი, მას რომ მოჰყვებოდეს იმ გვერდითი ეფექტებისა და დაავადებების  ჩამონათვალი, რასაც იწვევს აღნიშნული საკვები და ამ დაავადებების შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი. ასევე აქვე დავამატებდი ადამნიანების უმრავლესობისთვის ჯანსაღი საკვებისა და სუფთა წყლის  ხელმისაწვდომობის პრობლემას, რაც ძალიან ხშირად დაკავშირებულია ამავე დასავლური ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ ადგილობრივი გარემოს განადგურებასთან.  ასევე „კეთილი“ დასავლეთის მიერ ჰუმანიტარული მოწყალება, ალბათ,  იქნებოდა დახმარება მას წინ რომ არ უძღოდეს ამავე კეთილი დასავლეთის მიერ მანამდე ე.წ. მესამე ქვეყნების ეკონომიკისა და  ეკოლოგიური გარემოს განადგურება და სრული ექსპლუატაცია, რომელშიც მართალია  კი ამუშავებენ ადგილობრივებს (ალბათ ამ არგუმენტს იყენებენ უმუშევრობის შემცირებაზე საუბრისას) — თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ დღეში რამდენიმედოლარიანი ხელფასი მილიარდების  მოგების ფონზე თანამედროვე მონობის ახალი სახეა, რომელსაც ძვირფასი თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტები უმუშევრობის შემცირებას უწოდებენ.

ასევე სასაცილოა არგუმენტი, რომ ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შემცირდა მაშინ, როცა ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი გაიზარდა და ასევე გაიზარდა ეკო-მიგრანტების რაოდენობა და კიდევ უფრო გაიზრდება მომავალ ათწლეულებში და მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გახდება.

ასევე ქალების განათლებაზე ხელმისაწვდომობაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირ კავშირშია ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობასთან. უფრო მარტივად — რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით ნაკლები შანსია, რომ გოგო შვილს გადაუხადოს სწავლის საფასური, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ამჯობინებენ, რომ ბიჭ შვილს მისცენ განათლება, რადგან მომავალში ვაჟები უფრო აღიქმებიან „ოჯახში შემომტანებად“. ის, რომ ქალებს უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ როგორც ეკონომიკურად, ასევე კულტურულად ღირსეული განათლების მისაღებად და შემდგომ სამუშაოზე გასასვლელად, ასევე იმ აუნაზღაურებელ საშინაო შრომაზე თვალის დახუჭვა, რაც ხშირად ქალებს აიძულებთ, ორმაგი სამუშაო გაწიონ. ისიც გასაგებია, რომ აღნიშნული არგუმენტი გაუგებარი და ყურით მოთრეულია ე.წ. „პროგრესული“ თავისუფლების მიმდევრებისთვის, მაგრამ აღნიშნულის დასადასტურებლად ისიც საკმარისია, რომ UNDP-ის კვლევა გადაშალონ და წაიკითხონ.

სრულიად ტრაგი-კომიკურია აღნიშნული არგუმენტების მოსმენა იმ პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომელთაც პირდაპირ მიუძღვით წვლილი იმ პოლიტიკის შექმნასა და გატარებაში, რომელმაც ეკონომიკურ და ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანა  ქვეყანა და დედაქალაქი. ე.წ. ბენდუქიზაცია, რომელიც  თავის დროზე გულისხმობდა  ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტისა თუ საჯარო სივრცის გაყიდვასა და გასხვისებას,  და რა პოლიტიკასაც  აგრძელებს ამჟამინდელი ხელისუფლება.  

აღნიშნული გასაგებია იმ ელიტებისგან, რომლებიც თავის დროზე ფლობდნენ (და, გარკვეულწილად, დღესაც ფლობენ) პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალაუფლებას, მაგრამ სრულიად გაუგებარია რიგითი ადამიანებისგან, რომლებსაც ფეისბუქზე „ბრძნული“ აზრების ფრქვევა ჰგონიათ აქტივიზმი. ორი ვარიანტია: ან უბრალოდ საკითხს არ იცნობენ და არსებულმა ჰეგემონურმა იდეოლოგიამ იმდენად კარგად და მომხიბვლელად  შეფუთა ე.წ. „თავისუფლება“, რომ ყველა მიისწრაფვის „პროგრესულთა“ რიგებში ჩასაწერად ან უბრალოდ ბოროტებასთან გვაქვს საქმე, სადაც ეკონომიკური სისტემა ადამიანურ სიცოცხლესა და ყოფაზე მაღლა დგას. სამწუხარო ისაა, რომ ადრე თუ გვიან ამ სისტემის შედეგები ყველას შეგვეხება, უბრალოდ ელიტებს შეეძლებათ, თვითონ და თავიანთი შვილები უსაფრთო კურორტებზე გახიზნონ, ღარიბებს კი უთუოდ „თავისუფლების“ სახელით სიკვდილი გველის.

ბლოგის ავტორი: ირა სილანტევა

ასევე წაიკითხეთ:

image

კლიმატის მოძრაობა — ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის ახალი ტალღა

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ვიბრძოლოთ კლიმატური სამართლიანობისთვის სამხრეთშიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალაუფლება ის შევაჩეროთ. მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, მოვითხოვოთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომ სახელმწიფო ატარებს მოსახლეობის კოლექტიურ ინტერესს და წინააღმდეგობას უწევდეს ადგილობრივ თუ გლობალურ კორპორაციებს. „კარგი გლობალური სამეზობლოს მშენებლობა ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, მოითხოვს საშინაო რეფორმას კოსმოპოლიტური სულისკვეთებით“. ამის საპირისპირო რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში, სადაც ათწლეულებია, ვუყურებთ როგორ დგას სახელმწიფო არა ხალხის, არამედ მსხვილი ბიზნესის მხარეს; როგორ ზედმიწევნით ატარებს მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნაკარნახებ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც აღარიბებს ქართველ ხალხს და ანადგურებს ბუნებას.

image

„თავისუფლება“ და პირღებინება

ხვალაც იგივენაირად გავიღვიძებ და დილით გულს ავირევ ამ რეალობაზე, სადაც მარგინალი და სრულიად მარტოდ მყოფი ქვიარი ვარ,  რომლის ადგილი აღარსადაა. ამასობაში კი ვიღაცები დროშებს გაშლიან, სახელმწიფოც პლიუსებს დაიწერს, გირჩები და „მხარდამჭერები“ თავიანთ პროგრესულობას დაამტკიცებენ — მე კი განვაგრძობ წამლის საყიდლად ვალების აღებას და რწყევიდან რწყევამდე ცხოვრებას. ამასობაში ისიც უნდა მოვიფიქრო, სად წავიყვანო თემის უსახლკარო და ნაცემი წევრები, რომლებსაც ქამინგაუთის გამბედაობა არ ყოფნით და მათი ადგილი არც ნათლებშია და არც ბნელებში.

image

პანკისი აქ არის

სამწუხაროდ, სისტემური უთანასწორობის და პრობლემების მიბმა კონკრეტული ინდივიდების „ბოროტებაზე“, სიზარმაცეზე თუ უჭკუობაზე, სხვა უფრო დიდი ეკონომიკური პოლიტიკითაცაა გამყარებული, რომელიც ყველანაირ პასუხისმგებლობას ინდივიდს აკისრებს და საზოგადოებაში ადამიანის ეკონომიკურ და სოციალურ პოზიციებს სრულიად უგულებელყოფს. ასე იყო წინა ხელისუფლების პირობებში და ასეა ახლაც. რეალობაში პოლიტიკა არ იცვლება, მხოლოდ სხვა სახეებს ვხედავთ, რომელიც მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავეს გვიმეორებენ: ბიზნეს ელიტების ინტერესი სახელმწიფო ინტერესია, ხალხის ინტერესი კი ამ ინტერესს უნდა დაექვემდებაროს ყველაფრის ფასად!  

შემოგვიერთდით