პანკისი აქ არის

გამოქვეყნებულია: 24.Apr.2019

21 აპრილს პანკისის ხეობაში სახელმწიფოს სპეცრაზმი შეყავს. სპეცრაზმი, რომელმაც რომელიღაც ინვესტორის კერძო ინტერესი უნდა დაიცვას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საპირისპოდ. ეს უგუნური და უსამართლო ქმედება პანკისელ მოსახლეობას და სპეცრაზმს შორის შეტაკებით სრულდება.

მოდი, შევხედოთ ამ ყველაფერს უფრო დიდი უსამართლობების კონტექსტში, დავიწყოთ ყველაფრისთვის სახელის დარქმევა:

დეპუტატების და მინისტრების განცხადებებში მოსახლეობა და ინვესტორი ორ თანაბარწონიან მხარედაც კი არ განიხილება. თუ ინვესტორის ინტერესი პირადი ფინანსური მოგებაა, მოსახლეობას ჰესის მშენებლობის შედეგად ყველა ნეგატიური ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემა აწვება. 21 აპრილს ჰესის მშენებლობის დაწყებისთანავე სპეცრაზმის მობილიზება სწორედ ამ უკანასკნელ „პრობლემასთან“ გამკლავების გზაა მთავრობისთვის. მიუხედავად მიმდინარე დავებისა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას სამინისტროებთან აქვს, მშენებლობა მაინც იწყება, დავები კი გაყინულ მდგომარეობაშია. ამას ემატება ის ზოგადი იმედგაცრუება, რომელიც პანკისელ თემს სახელმწიფოს მიმართ აქვს დაწყებული მათი მუდმივი ექსკლუზიით, დასრულებული თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის უგულებელყოფით. სპეცრაზმთან შეტაკება უბრალოდ „არაინფორმირებული“ მოსახლეობის პოლიციასთან დაპირისპირება არაა, ესაა იმ ზოგადი უკმაყოფილების გამოძახილი, იმ ეკოლოგიური, სოციალური და კულტურული გაუცხოების შედეგი, რომელიც უკვე დიდი ხანია მწიფდება პანკისში, სვანეთში და საქართველოს სხვადასხვა ნაწილებში.

ამ გაუცხოებას კონკრეტული ეკონომიკური საფუძვლები აქვს. როგორც წინა, ისე ახლანდელი ხელისუფლება მიუხედავად საერთაშორისო თუ ადგილობრივი ზეწოლისა, არც კი განიხილავს განახლებადი ენერგიის შესაძლებლობას. დარიალში მშენებარე ჰესთან 2014 წელს ჩამოწოლილი მეწყერები კიდევ ერთი დასტურია თუ როგორ ვერ სწავლობს ახლანდელი ხელისუფლება წინა მთავრობის შეცდომებისგან და განაგრძობს ენერგოპოლიტიკას, რომელიც გარემოს, საცხოვრებელს და ადამიანების სიცოცხლეს პირდაპირ თუ ირიბ საფრთხეებს უქმნის.

წინა ხელისუფლების წარმომადგენლები (ახლანდელი ოპოზიცია) ამის პარალელურად აბსოლუტურად არანაირ პასუხისმგებლობას იღებენ და არსებულ კრიზისს (ისევე, როგორც ყველა სხვა პრობლემას) მთავრობის, ქართული ოცნების, კონკრეტული დეპუტატების და ბიძინა ივანიშვილის არაკომპეტენტურობას თუ „ბოროტებას“ აბრალებს. ანალოგიურად, ახლანდელი ხელისუფლებისთვის წინას ბოროტებაა საკუთარი ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო. ამ ნაივურ მიდგომას პირობითად „ბოროტების ნარატივს“ ვუწოდებ და ის შემდგომშიც შეგვხვდება. სამწუხაროდ, სისტემური უთანასწორობის და პრობლემების მიბმა კონკრეტული ინდივიდების „ბოროტებაზე“, სიზარმაცეზე თუ უჭკუობაზე, სხვა უფრო დიდი ეკონომიკური პოლიტიკითაცაა გამყარებული, რომელიც ყველანაირ პასუხისმგებლობას ინდივიდს აკისრებს და საზოგადოებაში ადამიანის ეკონომიკურ და სოციალურ პოზიციებს სრულიად უგულებელყოფს. ასე იყო წინა ხელისუფლების პირობებში და ასეა ახლაც. რეალობაში პოლიტიკა არ იცვლება, მხოლოდ სხვა სახეებს ვხედავთ, რომელიც მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავეს გვიმეორებენ: ბიზნეს ელიტების ინტერესი სახელმწიფო ინტერესია, ხალხის ინტერესი კი ამ ინტერესს უნდა დაექვემდებაროს ყველაფრის ფასად!  

საგულისხმოა თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება, რომლითაც ის პანკისში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება: «ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, მარტივად რომ ვთქვა, არის ქვეყნის მტერი». პირველ რიგში, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ პანკისის მოსახლეობა ენერგოდამოუკიდებლობის ან განვითარების წინააღმდეგ არ გამოსულა, კონკრეტული ჰესების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც მათი განცხადებით სასმელი წყლის პრობლემას შეუქმნის. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანი წუხილია, რომლის გასაბათილებლად არათუ ექსპერტული დასკვნა, არამედ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია არცერთ პოლიტიკოსს. რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ჰესების მშენებლობის შესაძლო რისკები არც შესწავლილია და არც მოსახლეობისთვის გაზიარებული.

მეორე, ენერგოგანვითარება და დამოუკიდებლობა გაიგივებულია არაგანახლებადი ენერგიის უფრო მეტად ათვისებასთან და სრულიად უგულებელყოფილია ალტერნატიული ენერგიის წყაროების ან/და ჰესების ადგილობრივ მოსახლეობაზე გავლენის საკითხი. ადგილობრივ ცოდნას, რომელიც ადამიანებმა წლების მანძილზე ამ ადგილას ცხოვრების და მუშაობის შედეგად დააგროვეს, ვერაფერს უპირისპირებენ გარდა მათი მტრებად შერაცხვისა. ამ ბინძურ მეთოდებს მიმართავდნენ კონკრეტული მედია საშუალებებიც, რომლებიც პანკისელების მუსლიმობაზე ხაზგასმით და მათი ლოცვის დემონიზებით ცდილობენ მტრის ხატი შექმნან. პანკისელების მოხსენიება „ძმებად“ ასევე სიმპტომურია ვითომ მშვიდობისმყოფელთა მხრიდან. «ეს სოფელი საქართველოსია»,  პასუხობს ერთ-ერთი სპეცრაზმელი ადგილობრივ მოსახლეს. ამით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ადგილობრივ მოსახლეობას სრულფასოვან მოქალაქეებად არ მიიჩნევს, სახელმწიფოდ კი არა ხალხს, არამედ მხოლოდ პატარა ელიტას და ფორმალური პოლიტიკური თუ ეკონომიკური ძალაუფლების მქონე ჯგუფებს სახავს.

სიმპტომურია, რომ სწორედ სახელმწიფოდ მოაზრებულ ჯგუფებს და მოსახლეობას შორის გაჩენილ უფსკრულს, მთავრობა ძალადობით ან ძალადობის შიშით პასუხობს. პოლიციელის შეურაცხყოფა და სპეცრაზმელებთან ფიზიკური დაპირისპირება ლამის სიწმინდის ხელყოფის რანგში აიყვანა უკლებლივ ყველა მინისტრმა თუ დეპუტატმა. საზოგადოების გამოხმაურებებშიც ხშირად მეორდებოდა ხელშეუხებელი პოლიციის ნარატივი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების უდიდეს ნაწილს როგორც წინა ხელისუფლების შემთხვევაში, ისე შემდგომ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში, ძალიან მყარი პოზიციები ჰქონდა და რამდენიმე მნიშვნელოვან გამარჯვებასაც მიაღწია (მაგ. ბირჟამაფიას შემთხვევა), პანკისში პოლიციური ძალადობა სრულიად გამართლებულ მოვლენად შეირაცხა. ანალოგიურად, სვანეთში ჰესების წინააღმდეგ გამოსვლებიდან მთავრობამ წარმატებით გადაიტანა ყურადღება მოსახლეობის მიერ ხე-ტყის შესაძლო უკანონო ჭრაზე. გარდა იმისა, რომ ეს უკანასკნელი არა მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ პირობებს, არამედ ისევ მათს პიროვნულ „ბოროტებას“დაბრალდა, სპეცრაზმის მიერ ხალხის დარბევა და ადგილობრივების იარაღით დაშინებაზე საზოგადოების უდიდეს ნაწილს რეაქცია არც ჰქონია. ის ფაქტი, რომ პრობლემები პერიფერიაში უფრო ძნელად აღწევს ცენტრის ყურამდე და უფრო ნაკლებ თანაგრძნობას იმსახურებს, არც ახალი ამბავია და არც გასაკვირი, თუმცა რატომ ვაპროტესტებთ პოლიციურ რეჟიმს ცენტრში და მხოლოდ მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვეხება, და ვამართლებთ ჩვენ მიღმა არსებული ჯგუფების შემთხვევაში? რატომ გვგონია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების წინააღმდეგ გაჩაღებული ომი რამით განსხვავდება სვანეთში მოსახლეობის დარბევისგან ან პანკისში ჰესების მშენებლობა რატომ გვგონია განცალკევებული მოვლენა თბილისში პანორამის მშენებლობისგან?

ჩვენ არ უნდა ვიკითხოთ რამდენი პოლიციელი დაზარალდა ან ვინ ისროლა პირველი ქვა პოლიციელის მიმართ. ან, თუნდაც, რა იყო ამ ქვის სროლის მიზეზი იმ მომენტში. ჩვენ უნდა გავიაზროთ ეს დაპირისპირებები ჩაგვრის უფრო დიდ სტრუქტურაში, გავითვალისწინოთ რა პირობებში და როგორ მივიდნენ კონკრეტული ჯგუფები ქვის სროლამდე. რატომ გახდა ქვის სროლა მათი ერთადერთი გამოსავალი? მხოლოდ ასე შეიძლება, ამოვიცნოთ და გავცდეთ „ბოროტების“ სულელურ ნარატივს, რომლითაც როგორც წინა, ისე ახლანდელი ხელისუფლება მათდამი სამართლიანი კრიტიკის და უკმაყოფილების დისკრედიტაციას ცდილობს.

 

ბლოგის ავტორი: ნუკრი ტაბიძე

ფოტოს წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

„თავისუფლება“ და პირღებინება

ხვალაც იგივენაირად გავიღვიძებ და დილით გულს ავირევ ამ რეალობაზე, სადაც მარგინალი და სრულიად მარტოდ მყოფი ქვიარი ვარ,  რომლის ადგილი აღარსადაა. ამასობაში კი ვიღაცები დროშებს გაშლიან, სახელმწიფოც პლიუსებს დაიწერს, გირჩები და „მხარდამჭერები“ თავიანთ პროგრესულობას დაამტკიცებენ — მე კი განვაგრძობ წამლის საყიდლად ვალების აღებას და რწყევიდან რწყევამდე ცხოვრებას. ამასობაში ისიც უნდა მოვიფიქრო, სად წავიყვანო თემის უსახლკარო და ნაცემი წევრები, რომლებსაც ქამინგაუთის გამბედაობა არ ყოფნით და მათი ადგილი არც ნათლებშია და არც ბნელებში.

image

საპრეზიდენტო არ-არჩევნები 2018

არჩევნების ღამეს არ მძინავს ხოლმე. ვერ მძინავს. რას ველოდები არ ვიცი, მაგრამ ქცეცნობიერად მაინც მჯერა ეტყობა, მრავალი იმედგაცრუების მიუხედავად, რომ არჩევნებს, თუნდაც ცუდს და უარესს შორის, მაინც აქვს აზრი.

შემოგვიერთდით