საპრეზიდენტო არ-არჩევნები 2018

გამოქვეყნებულია: 29.Nov.2018

არჩევნების ღამეს არ მძინავს ხოლმე. ვერ მძინავს. რას ველოდები არ ვიცი, მაგრამ ქცეცნობიერად მაინც მჯერა ეტყობა, მრავალი იმედგაცრუების მიუხედავად, რომ არჩევნებს, თუნდაც ცუდს და უარესს შორის, მაინც აქვს აზრი.

გუშინ 2018 წლის 28 ნოემბერს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები შედგა საქართველოში. პრეზიდენტი სამართლებრივად ისედაც ფორმალობაზე ოდნავ მეტია, თუმცა ვეტოს და შეწყალების უფლებასთან ერთად რაღაც კულტურული დანიშნულებაც აქვს. და ეს უკანასკნელი დადებითი შეიძლება არც იყოს. მიშაგამოვლილებს პრეზიდენტის ავტოკრატიის („დაუკრეფაობის“), შევარდნაძეგამოვლილებს სრული ინდეფერენტულობის შემდეგ მარგველაშვილი, რომლის ხსენებაზეც ჩალით გამოტენილი რამე ჩიტის ფიტული უფრო მახსენდება ვიდრე რეალური ადამიანი.

შემდეგი პრეზიდენტიც უარესი არარაობა იქნება ყველა გაგებით და კანდიდატების სპექტრი ამაზე მეტყველებს.

აქვე უნდა გამოვტყდე, რომ წინასაარჩევნოდ ისეთ აპათიაში ჩავვარდი, რომ არჩევნებზეც კი არ მივედი (არც პირველ და არც მეორე ტურში) და ალბათ ამიტომ ვერ დავიძინე წუხელ. სამაგიეროდ ბევრი ვიფიქრე არჩევნებზე, რომლის შესახებაც ჩემ ირგვლივ ყველამ იკამათა და ჩემი აზრით — სულ ტყუილად.


პოლიტიკურად უკულტურო ერი

მოსახლეობის ნახევარიც კი არ მივიდა არჩევნებზე (46.77%), მეორე ტურში კი ეს მონაცემი მთელი 10%-ით გაიზარდა. რამდენიც უნდა იმეორონ, რომ ქართველებს პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს და აიიი მოვა დრო და ჩვენ ტყიურებიც მივალთ არჩევნებზე და ა.შ. და ა.შ. პოლიტიკის ინტერესი და არჩევნებზე აქტიურობა არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში. რეალურად ძალიანაც პოლიტიკურად ანგაჟირებული ერი ვართ და თან პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს, მაგრამ მსგავსი უკულტურობა არც ჩვენი ნაკლული გენის შედეგია და არც გამოსწორდება, სანამ აბსოლუტური პოლიტიკური იმედგაცრუების 28-წლიანი ისტორიის ახალ ფურცელს არ გადავშლით. ისედაც ცხადია, რომ იქ, სადაც არჩევანი არ გაქვს არჩევნების აზრიც იკარგება, მაგრამ, რომ დაფიქრდე, დამოუკიდებელი საქართველო 28 წლისაა ჩემსავით და მხოლოდ 22 წლის ასაკში ნახა პოლიტიკური ძალაუფლების მშვიდობიანი და არარევოლუციური გადაცემა, გაჭირვებით სწავლობს, არ გააყალბოს არჩევნები და ჩემსავით იცის, რომ უმრავლესობისთვის არსებითი ცვლილება არჩევნებით არ მოვა — ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მოსულა და არც იმედისმომცემი ნიშანი ჩანს.


აბა სისხლიანი 9 წელი გინდათ?

არა, ნამდვილად არ გვინდა. თუმცა ის ფაქტი, რომ ვაშაძე სულ ოდნავ ჩამორჩა სალომე ზურაბიშვილს, და მეორე ტურში 40% მაინც მოაგროვა, რამდენიმე სევდიანი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების ერთადერთ ძლიერ ოპოზიციად რჩება.
მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ამ პარტიას და მის კანდიდატს უჭერს მხარს ან ისეა იმედგაცრუებული რომ ოცნებას „სამაგიეროს უხდის“, ან მოსახლეობის იმ მცირე ნაწილს მიეკუთვნება, რომელსაც ე.ნ.მ მაინც უპირობოდ და ფანატიკურად უყვარს.

მეორე ტურის დანიშვნამ გარკვეული პოზიტიური ცვლილებები ნამდვილად მოიტანა, მაგ. 2000 ლარამდე ვალების ჩამოწერა. თუმცა ეს უკანასკნელი ერთჯერადი აქტია, რომელიც ამომრჩევლების მოსყიდვას უფრო ჰგავს და, შესაბამისად, სახელმწიფოს ურთიერთობა ბანკებთან არ მგონია უახლოეს ხანებში შეიცვალოს. რა თქმა უნდა ბევრი იტყვის, რომ „ესეც საქმეა“ და მართალიც იქნება იმ ათასობით ადამიანისთვის, ვინც ვალს ვერ იხდიდა „ესეც ნამდვილად საქმეა“, მაგრამ ანალოგიურად წინასაარჩევნოდ 30-30 ლარის დარიგება ხმის მიცემის სანაცვლოდ (რაც ე.ნ.მ-ს, ისე ოცნების დროს ხდებოდა და ხდება) „საქმეა“ მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის. მიუხედავად ამისა, მეორე დანაშაულად ითვლება და პირველი — ხალხის სასიკეთო ქმედებად.  რა თქმა უნდა, ვალების ჩამოწერას უფრო აქვს შანსი შემდგომში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებად იქცეს, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, არაფერი გვაძლევს ასე ფიქრის საშუალებას.

მეორე მხრივ, დავინახეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ (ცოტა მაინც) შეეშინდა. ეს შიში უფრო მეტად მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უფრო ეხება. თუ ოცნებას ძალაუფლების დაკარგვის ეშინია ჩვენ სხვა შიში მოგვიგდო ღამეების სათებებლად: ვაითუ, სამოქალაქო ომი წამოიწყოს ნაციონალურმა მოძრაობამ?! ან უარესი — გაიმარჯვოს და ისევ სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნოს? რაზე საპასუხოდაც ძალიან ბევრი გარშემომყოფისგან გავიგე „მაგას ისევ სალომე ჯობს“.

უდავოდ, სალომეს ზურაბიშვილის გამარჯვება გარდაუვალი და საჭირო იყო. იმიტომ კი არა, რომ ქალია ან კარგი, ან თუნდაც ვაშაძეზე უკეთესი კანდიდატია. რეალურად, აწ უკვე ჩვენი პრეზიდენტისგან კარგს რომ არაფერს უნდა ველოდოთ, კარგად ვიცით. თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ ე.ნ.მ-ს წარმომადგენელი პრეზიდენტად ისევ გაუთავებელი არშემდგარი „კოჰაბიტაციის“ და ე.ნ.მ-ს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსს ნიშნავს. ისინი, ვინც ვაშაძეს აძლევდნენ ხმას იმ იმედით, რომ ვაშაძე ზურაბიშვილზე უკეთესი პრეზიდენტი იქნებოდა, ისეთივე სულელია, როგორც ის, ვინც საპირისპოდ ფიქრობდა. ამიტომ ყველა რადიკალური განცხადება და წინასწარმეტყველება კანდიდატების უნარების შესახებ უინტერესოა. მოდი აქვე შევთანხმდეთ, რომ ყოველთვის ორ თანაბრად ცუდ კანდიდატს შორის ვირჩევთ. საქართველოში ხომ ყველა არჩევნები „არ-არჩევნებია“, სადაც არჩევნებზე მარტო იმიტომ მიდიხარ, რომ ვიღაცას ხელი შეუშალო გამარჯვებაში, ვინაიდან ის ვიღაც, ვისაც ხმას არ აძლევ უფრო მეტად გძულს ვიდრე შენ მიერ მხარდაჭერილი კადიდატი. თავის მხრივ, შენი კანდიდატიც გეზიზღება. განსხვავება სუფთად რაოდენობრივია. ახლა კი ნაკლებ ცუდიც კი არ შეგვხვდა ასარჩევად.


მაშინ რატომ არ იყო სწორი ჩემი არჩევნებზე არწასვლა?

იმ მიზეზის გამო, რატომაც მერის არჩევნებზე წავედი. არჩევნები არის ის ერთადერთი პოლიტიკური ქმედება, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას სახელმწიფოს გასაკონტროლებლად შეუძლია გამოიყენოს. არჩევნებზე წასვლა და ქართული ოცნების „დაშინება“, რომ ვაშაძეს შეიძლება მივცე ხმა — პოკერის თამაშს ჰგავს. საარჩევნო ბიულეტენზე ზურაბიშვილია შემოხაზული, მაგრამ შენ სახელმწიფოს ეთამაშები და აშინებ, რომ აშინებ, რომ სინამდვილეში მის საპირისპირო კანდიდატს დაუჭირე მხარი. რა თქმა უნდა, ზოგჯერ შეგიძლია, ჩემსავით თავი შეიკავო (fold) იმიტომ, რომ უბრალოდ ძალიან ძალიან დაიღალე. ამიტომ დავწვები ახლა და კარგად გამოვიძინებ და მერე იმაზე დავიწყებ ფიქრს (თუ ოცნებას) როგორ შევქმნა მომავალი არჩევნებისთვის ის კანდიდატი, რომელიც ამ „არ-არჩევნებს“ არჩევნებად აქცევს.

 

ნუკრი ტაბიძე

ასევე წაიკითხეთ:

image

რატომ გვჭირდება ტრამვაი

ავტომობილების რაოდენობისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო თბილისს აქვს  სატრანსპორტო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისათვის საჭიროა საზოგადოებრივი  ტრანსპორტის განვითარება. ამისათვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის  შექმნა.

image

გარემოს დამაბინძურებელი კომპანიების „მწვანე“ მოღვაწეობა

მთელ მსოფლიოში მიმდინარე გარემოს დამანგრეველი პროცესების მხრივ საქართველო არათუ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, არამედ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ჰაერის დაბინძურებისა თუ სხვა ეკოლოგიურ საფრთხეთა სტატისტიკებში. უმეტესწილად დაბალი ხარისხის საწვავის, გაუმართავი ავტოტრანსპორტის, საწარმოო დაბინძურების, მოუწესრიგებელი მოძრაობისა და, ასევე, ქაოსური მშენებლობების წყალობით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის შენებაც არ ხდება წესისამებრ და მთელი სამშენებლო მტვერი ჰაერში იფანტება, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

image

გეი, ლესბოსელი და ქორწინების მიღმა დარჩენილი „სხვები“

რატომ დაგვავიწყდა, რომ ქორწინების ქალისა და კაცის ერთობად განსაზღვრისას არა მხოლოდ ქორწინება, არამედ ქალობა და კაცობა კიდევ ერთხელ განისაზღვრა და შემოიფარგლა?

შემოგვიერთდით