გარემოს დამაბინძურებელი კომპანიების „მწვანე“ მოღვაწეობა

გამოქვეყნებულია: 19.Apr.2018

მთელ მსოფლიოში მიმდინარე გარემოს დამანგრეველი პროცესების მხრივ საქართველო არათუ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, არამედ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ჰაერის დაბინძურებისა თუ სხვა ეკოლოგიურ საფრთხეთა სტატისტიკებში. უმეტესწილად დაბალი ხარისხის საწვავის, გაუმართავი ავტოტრანსპორტის, საწარმოო დაბინძურების, მოუწესრიგებელი მოძრაობისა და, ასევე, ქაოსური მშენებლობების წყალობით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის შენებაც არ ხდება წესისამებრ და მთელი სამშენებლო მტვერი ჰაერში იფანტება, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა, რომელიც მოსახლეობისგან საკმაო გაღიზიანებასა და უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, მსხვილმა კომპანიებმა საქართველოშიც დაიწყეს ამ პროცესებით სარგებლობა და საკუთარი თავების ეკოლოგიაზე მზრუნველებად გასაღება. ამ პროცესს გრინვოშინგი (greenwashing) ეწოდება და მას მთელ მსოფლიოში აქტიურად მიმართავენ გარემოს ყველაზე დიდი მტერი კომპანიები, მაგალითად, ნავთობის კომპანიები – SHELL და British Petrolium.

გრინვოშინგის დახმარებით კორპორაციები ცინიკურად ოპერირებენ გარემოსა და ეკოლოგიური თემებით, რათა შეიქმნან მწვანე იმიჯი. ეს არის მცდელობა, დაფარო გარემოსადმი უარყოფითი ქმედებები, „გაამწვანო“ შენი იმიჯი რეკლამის, სლოგანებისა და ვიზუალური ეფექტების გამოყენებით. დახარჯო მილიონები იმაში, რომ საკუთარი პროდუქციის „სიმწვანეში“ დაარწმუნო მომხმარებელი.

გრინვოშინგი მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია, დაცლილი ყოველგვარი გარემოზე ზრუნვისა და მწვანე ხედვისგან. მარკეტინგში დასაშვებია აშკარა ტყუილები და მრავალგვარი მანიპულაციები – ოღონდაც პროდუქცია გაიყიდოს, ამიტომ გრინვოშინგსაც მთელ მსოფლიოში დიდი გასაქანი აქვს და ბევრი მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში.

ყველაზე მძიმე შედეგი, რასაც ჰაერის დაბინძურება იწვევს, ონკოლოგიური დაავადებებია. ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი დაზღვევებისა თუ უფასო სამედიცინო მომსახურების არ არსებობის გამო, უმრავლეს შემთხვევაში, ასეთი დიაგნოზი პირდაპირ სიკვდილს ნიშნავს, თანაც – ტანჯვით სიკვდილს. მწვანე საკითხებს ამოფარება მხოლოდ და მხოლოდ პიარსა და ადამიანთა საჭიროებებით მანიპულირებას ემსახურება.

კომპანიები ერთი ხელით გვაავადებენ, მეორეთი კი ორ კინკილა ხეს გვირგავენ.

 

ხეების დარგვა, როგორც გრინვოშინგი

ქართული გრინვოშინგი, ძირითადად, ორ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: გამწვანება და ნარჩენების „გონივრული“ მართვა. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანიამ, -მა მთაწმინდაზე გამწვანების აქცია მოაწყო. ეს აქცია ჩვეულებრივი სიყალბე და თამაში იყო, რადგან ეს გააკეთა კომპანიამ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სარეკრეაციო ტერიტორიაზე, რომლის არსებობაც ქალაქის შუაში უმნიშვნელოვანესია – ყოფილ იპოდრომზე ხეები გაჩეხა მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად. ეს კეთილი, გარემოზე მზრუნველი კომპანია არც კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას მოერიდა და მელიქიშვილზე ისტორიული შენობა სრულიად დაანგრია. აბსურდი იქამდეც მივიდა, რომ m² „სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო 2018“-ის მფლობელი გახდა.

ხეების დარგვაზე აგებული პიარი კომპანიების გარდა ქართველი პოლიტიკოსების ერთ-ერთი ყელაზე გაცვეთილი ხერხია. პოლიტიკური გრინვოშინგი საქართველოში წარმოადგენს ტყუილ დაპირებებს ხეების დარგვაზე, ბიუჯეტის ფლანგვას ამოთხრილ ორმოებზე, გამხმარ ნერგებს ან უბრალოდ გამწვანების აქტივობებს მაღალჩინოსნების მონაწილეობით.

ხელისუფლება არათუ არანაირ რეალურ ღონისძიებას ატარებს გარემოს დაცვის მიმართულებით, არამედ ყველანაირად ხელს უწყობს ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნასა თუ გამწვავებას: შემოაქვს ნორმაზე 6.5-ჯერ უფრო დაბინძურებული დიზელის საწვავი, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ბიუჯეტიდან ყიდულობს; არ ზრუნავს მოძრაობის მოწესრიგებაზე და გონივრულ ურბანულ გარემოზე; კერძო სექტორს არ უწესებს სათანადო რეგულაციებს, რათა არ მოხდეს საწარმოო თუ სამშენებლო დაბინძურება; საერთოდ უგულებელყოფს ნარჩენების გონივრულ მართვას, გადამუშავებას და ა. შ.; უკონტროლოდ გასცემს ნებართვებს ხეების ჭრასა თუ პარკების დემონტაჟზე, ასევე, რაც ყველაზე საშიშია – უამრავი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზეც. ეს კი ქვეყანას ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს. ასეთი ვითარების ფონზე ხეების დარგვა ის ფანდია, რომელზეც არც ერთი ამომრჩეველი თუ მყიდველი არ უნდა წამოეგოს. ეს არის სწორედ ის, რაც ყველა ამ „მწვანე“ აქტივობის უკან იმალება.

 

პოლიეთილენისა და ქაღალდის პარკები, როგორც გრინვოშინგი

არანაკლები პრობლემაა პოლიეთილენის პარკებისგან გამოწვეული დაბინძურება. დღესდღეობით საქართველოში არ ხდება ნაგვის გადამუშავება, პოლიეთილენის პარკები ნაგავსაყრელზე ან პირდაპირ გარემოში ხვდება დიდი რაოდენობით. მის გასახრწნელად 1000-მდე წელია საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმელეთზე თუ წყალში ნარჩენების რაოდენობა სწრაფად იზრდება. პოლიეთილენი უკვე ყველგანაა, ჩვენს სისხლშიც კი, რადგან ის თევზებისა და ცხოველების ორგანიზმში ხშირად ხვდება. თვით დეგრადირებული პოლიეთილენიც ტოქსიკურია, აბინძურებს ნიადაგს და წამლავს მცენარეებს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ წელიწადში 500 მილიარდიდან ერთ ტრილიონამდე პოლიეთილენის პარკი გამოიყენება.

არსებობს ე. წ. ბიოპარკები, რომელიც ჩვეულებრივ პოლიეთილენის პარკებზე ადრე დეგრადირდება – საშუალოდ 400 წელიწადში. თუმცა ეს არანაირად არ არის ალტერნატივა და თითქმის იგივე კატასტროფული შედეგი მოაქვს. სწორედ ამ ბიოპარკებით აპელირებს ზოგიერთი კომპანია და, ასევე, გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელმაც 2015 წელს მათი პოპულარიზება დაიწყო. ამავე წლიდან მოყოლებული ბიოპარკების გრინვოშინგს ეწევა სუპერმარკეტების ქსელი ნიკორა; აქ თქვენ ნახავთ მწვანე პოლიეთილენის პარკებს, რომელზე დატანილი სლოგანებიც გარემოს დაცვისკენ მოგვიწოდებენ.

სუპერმარკეტების ქსელი გუდვილი უფრო შორს მიდის კრეატიული გრინვოშინგის წარმოებაში და უარეს აბსურდულ აქციას სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს: გუდვილში ჩვეულებრივი პოლიეთილენის პარკები ფასიანია, შემოსული თანხა კი ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება (არავინ იცის მართლა მოხმარდება თუ არა).

წიგნის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი, რომელიც დაბალი ხარისხის თარგმანებითა და დასაქმებულთა ექსპლუატაციით გამოირჩევა, ქაღალდის პარკებს უწევს პოპულარიზებას, თანაც იმავე დროს პოლიეთილენის პარკებსაც აქტიურად იყენებს. ნარჩენების პრობლემის გადასაწყვეტად, სამწუხაროდ, არც ქაღალდის პარკებია გამოსავალი, რადგან ბევრად ადვილად ფუჭდება, შესაბამისად მეტი იხარჯება და ქაღალდის რესურსის არაგონივრული ხარჯვაა, რომელიც ისევ გარემოს პრობლემებს იწვევს.

 

***

ეკო-მეგობრულობა და გარემოზე ზრუნვა მეტია, ვიდრე მოხერხებული და მასებზე გათვლილი სლოგანი. დღესდღეობით, სულ უფრო რთული ხდება მსგავსი კომპანიებისა და გარემოზე გულწრფელად მზრუნავი კომპანიების ერთმანეთისაგან განსხვავება. როცა კომპანიების გრინვოშინგი შეუმჩნეველი რჩება, მომხმარებლები ხელს უწყობენ გარემოსადმი უარყოფითი გავლენის მქონე პროდუქციის წარმოებას, რაც ნამდვილად არაეთიკური დამოკიდებულებაა იმ ინდივიდებისადმი, რომელთაც მაღალი ეკოლოგიური ცნობიერება აქვთ.

ავტორი: მარიამ ვაწაძე

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

საპრეზიდენტო არ-არჩევნები 2018

არჩევნების ღამეს არ მძინავს ხოლმე. ვერ მძინავს. რას ველოდები არ ვიცი, მაგრამ ქცეცნობიერად მაინც მჯერა ეტყობა, მრავალი იმედგაცრუების მიუხედავად, რომ არჩევნებს, თუნდაც ცუდს და უარესს შორის, მაინც აქვს აზრი.

image

რატომ გვჭირდება ტრამვაი

ავტომობილების რაოდენობისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო თბილისს აქვს  სატრანსპორტო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისათვის საჭიროა საზოგადოებრივი  ტრანსპორტის განვითარება. ამისათვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის  შექმნა.

image

გეი, ლესბოსელი და ქორწინების მიღმა დარჩენილი „სხვები“

რატომ დაგვავიწყდა, რომ ქორწინების ქალისა და კაცის ერთობად განსაზღვრისას არა მხოლოდ ქორწინება, არამედ ქალობა და კაცობა კიდევ ერთხელ განისაზღვრა და შემოიფარგლა?

შემოგვიერთდით