სიჩუმე და მძვინვარება

გამოქვეყნებულია: 06.Jun.2020

უკვე რამდენიმე თვეა მძიმე ჯვრის თრევა მიწევს, რომელსაც სახელად ზარალა ჰქვია.  აღარ დავწერ როგორ დაიწყო და რა პროცესებია, მკითხველი ვინც ამ ნაწერს ეყოლება, ისედაც ყველამ კარგად იცით რაც ხდება. ჩემი მეგობრებით, თანამებრძოლებით იმედგაცრუებული ადამიანის პოზიციაში ვარ ეს დღეები და ეს ბრაზი სად წავიღო არ ვიცი... ამიტომ ვწერ ალბათ.
რამდენიმე დღის წინ თამარ თორაძემ (ბოროტების ამოხოცილი ძმების დამ), ეთერში ზარალას პირდაპირ დაადო ხელი და გვითხრა, რომ მისი ძმა ზარალამ ჩაცხრილა. ის არის მოწმე, რომელმაც ეს ყველაფერი ნახა. გვიყვება შემზარავ ამბავს, როგორ ურეკავენ ზარალას ახლობლები და ემუქრებიან მოკვლით. პარალელურად როგორ ააგორეს მის წინააღმდეგ რურუას მეგობრებმა კამპანია და მოკლედ... რა რეჟიმში ცხოვრობს ახლა ის ადამიანი.
რა ხდება ამ ამბის მოყოლის შემდეგ? აქციაა და ხალხი ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენას თხოვს მათი მეგობარი ზარალას წინააღმდეგ? მედია ხმაურობს და ყველგან ეს ამბავი გვხდება? არა... სიჩუმეა. არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის საქმეს აგრძელებს და კარირულ ზრდაზე, წარმატებაზე ფიქრობს. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ყველას ეშიანია. ან აზრს ვერ ხედავს ვერაფერში.  არა და ჩვენ გვერდით ხდება ეს ამბავი. ყოველდღიურად ვპოსტავთ იმაზე რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებთ ნაცებს, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგა და რა ხდება? ყველა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას... აი ისე ფილმებში რომ არის. დაჩაჩანაკებული საზოგადოება, რომელიც დაზომბირებულია. პრობლემას წინ უდებ, გისმენენ, გისმენენ და შემდეგ უემოციოდ აგრძელებენ საქმეს.

ზარალას აწუხებდე მარტივი არ არის და არ მინდა ამ ნაწერში ისე გამოვიდეს, თითქოს უშიშარი და უშეცდომო ადამიანის პოზიციიდან წერდეს მწერალი. არა. ამდენი თვეა ზარალას შეწუხებას ვცდილობ და არის მომენტები როცა გამომდის. ვერ გეტყვით, რომ ეს მომენტები სასიამოვნოა და მსუბუქად გრძელდება ცხოვრება. 
ბევრი წელია ჩემი საქმე კამპანიების დაგეგმვა და წარმოებაა. მიმუშავია პოლიტიკოსებზე, პოლიტიკოსების წინააღმდეგ, სხვადასხვა თემაზე და დიდ თუ პატარა ფიგურებზე, მაგრამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ძალიან ხშირი გახდა ჩემში შიშის განცდა. შიშის, რომელიც არასოდეს მიგრძვნია. დაჰაკული ლეპტოპი, მიღებული მუქარის წერილი. ამ ყველაფრის პარალელურად პარანოიები, რომ ჩემ გვერდით გაჩერებული მანქანა მათია და აი ახლა უნდა დასრულდეს ყველაფერი, მაგრამ  პარანოიები პარანოიებად რჩება. ამას ემატება ჩემ გარშემო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ერთ კითხვას მისვამს ,,მიშო, გიღიირს?’’ მე კი პასუხი არ მაქვს. ალბათ მიღირს, რადგან არ ვჩერდები? არ ვიცი, ამაზე ფიქრი კიდევ არ დამისრულებია.
რეალურად რისი შიში მაქვს? იმის, რომ ზარალას ვინმე ავადმყოფი ქუჩაში ერთხელ მართლა დამხვდება და შუბლს გამიხვრეტს? არა. არ მჯერა ასე რომ მოხდება, მაგრამ მაინც. რომ მოხდეს? რას იზამენ ჩემი თანამებრძოლები, ადამიანები ვისაც ვენდობი? ადამიანები, რომლებიც ახლა გაყინული სახით სხედან და ჩურჩულებენ ზარალაზე? იხმაურებენ? რამდენი ხანი? ორი დღე? ან იქნებ არც იხმაურონ. გადაწყვიტონ, რომ აზრი არ აქვს და ისევ კარიერის წინ წაყვანაზე იზრუნონ? ფუჭი რისკის მეშინია. სიმართლის მეშინია. სიმართლის, რომ რეალურად ყველანი მარტონი ვართ და არავინ არის რაღაც თემის გამო კომფორტის ზონის დამტოვებელი.

ნაც მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალიან აქტიური აქტივისტი ვიყავი. ჩემ გარშემო კი ადამიანების დიდი ჯგუფი იყო, რომელიც შეშინებულები მომიწოდებნენ მეც შეშინებული ვყოფილიყავი. რა უცნაურია, ზარალა მაშინაც ხელისუფლება იყო და ახლაც. ჩემ გარშემო გაყუსული ადამიანების ჯგუფია, მე ისევ ვწერ და ზარალა ისევ იქ არის, სადაც იყო.
ახლა კი ვუყურებ ქალს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და 24 საათი ამ ყველაფერზე ფიქრობს,  მაგრამ არ ჩერდება და აგრძელებს მხილებას. უღირს? კი, უღირს. ჩვენ კი არ გვიღირს ამ ქალის სიმართლის დაცვა, არ გვიღირს იმიტომ რომ ზარალაა, იმიტომ რომ მისია ყველაფერი, იმიტომ რომ კარიერაა, იმიტომ რომ კომფორტის ზონაში ჯდომა და მშვიდი მუშაობა ჯობია, ბრძოლების გამოგონება და უსაფრთხო თემებზე საუბარი ჯობია.  დასაკარგიც ბევრი გაქვთ. მე ალბათ არაფერი. მგონი არ მეამაყება, მაგრამ ასე გამოვიდა.

ასე რევოლუცია არ მოხდება. ასე ცვლილებები არ იქნება. ასე, არაფერი არ იქნება. მხოლოდ იგივე.

მარცხი ბრძოლის გარეშე.


ბლოგის ავტორი: მიშო ჯიბლაძე

ასევე წაიკითხეთ:

image

ზარალა თუ ზარალა

თუ ასეთი ზარალა გამოჩნდება — მერე რა, რომ ისიც ზარალა იქნება, ამაზე კირკიტის დრო არაა, პოლიტიკა ასე არ მუშაობს — ჩვენი ყველას ვალი იქნება სწორედ მას დავუჭიროთ მხარი, რომ რეალური ცვლილებები დადგეს დღის წესრიგში. მერე უკვე უფლება აღარ გვექნება, ზარალას მაფიოზურ საქმიანობაზე გვქონდეს პრეტენზია, თუ აგერ გვყავს მისი ალტერნატივა და მხარს არ ვუჭერთ.

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

image

კაფკა, ნეოლიბერალიზმი და პოლიტკორექტულობა

ნეოლიბერალური პოლიტკორექტურობა არ წარმოიქმნება საკითხების რეფლექსიების შედეგად, იგი არ წარმოადგენს დიალექტიკური პროცესის სასრულ ფაზას; ის არის პასიური რეაქცია სამყაროში წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, მასობრივ ჩაგვრაზე (ქალების, ქვიარების და ა.შ.), ეკოლოგიურ პრობლემებზე; ეს ქმნის სიმულაციურ გარემოს, თითქოს აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლა ინტენსიურად მიმდინარეობდეს.

შემოგვიერთდით