ხვალ

გამოქვეყნებულია: 15.Apr.2020

"აქ ყველაფერი საშინლად მოსაწყენი და არაფრის მომცემია. აქ ყოველდღე თავიდან კვდება ის ჩასახული იმედი, რომელიც შეიძლება არც კი გაჩნდეს. სამყარო თითქოს უზარმაზარი მახვილით გაკვეთეს. წლებია ერთმანეთზე უარესია...

ყოველდღე, მუდმივად მათთვის ვმუშაობთ, მათთვის, ვინც იმ სამყაროში ცხოვრობს. ვმუშაობთ დისტანციურად, ვმუშაობთ ფიზიკურად, ვუმზადებთ და ვაჭმევთ სადილს, ვურეცხავთ პიჯაკებს, ვუზრდით პროდუქტებს, ვუთვლით ფულს, ვუძებნით “მეწველ ძროხებს”… ჩვენ კი იმის დროც არ გვრჩება რომ სუფთა ჰაერი მშვიდად ჩავისუნთქოთ.

ისინი ცოტანი არიან, მაგრამ ჩვენი შრომა თითქოს არასდროს არის საკმარისი…

ასე ყოფნა კი რთულია.. ჩვენ პატარა ჭიანჭველები ვართ, საკუთარ ბუდეებში შეყუჟულები. აქ თავისუფალი დრო თუ გვაქვს წიგნებს ვკითხულობთ ხოლმე, ვკითხულობთ გმირებზე, რევოლუციონერებზე, გულანთებულ ახალგაზრდებზე, მოკლედ, ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ვერასდროს გავხდებით. ალბათ, თავის დროზე რომ გვექნა მსგავსი რამ, ასე ყოფნა არ მოგვიწევდა."

 

თავისუფლად შეიძლება ვინმემ ასეთი რამ დაწეროს წლების შემდეგ.

თავისუფლად შეიძლება უარესი მოხდეს.

მაგრამ თავისუფლად შეიძლება დასაწყისშივე აღმოვფხვრათ ეს ყველაფერი. მართალია, უკვე ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ უთქვამთ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ისიც უთქვამთ, გველს მანამდე უნდა წააცალო თავი, სანამ პატარააო. ამ შემთხვევაში ორივე ამართლებს. ნუ, დრო ჯერ კიდევა არის.

მსოფლიო შოკშია.

მსოფლიო პანიკაშია.

მსოფლიო დაბნეულობაშია.

რა იქნება ამის შემდეგ? ან იქნება საერთოდ რამე? როგორი იქნება ჩვენი ყოველდღიურობა პანდემიის ჩავლის შემდეგ? ამ კითხვას უამრავი ადამიანი ყოველდღე უსვამს საკუთარ თავს. ათას სცენარს წარმოიდგენენ ხოლმე, დაწყებული იქიდან, რომ ქუჩა ხალხისთვის ყველაზე საშიში ადგილი გახდება და იმით დასრულებული, რომ ყველა ერთმანეთთან სიმბიოზურად, სიამ-ტკბილობაში განვაგრძობთ ცხოვრებას.

რეალური პასუხი კი შეიძლება გონებაში დაშვებული ყველაზე კეთილშობილური, ნეიტრალური ან საზარელი წარმოსახვებიდან ნებისმიერი იყოს. ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ ამ ყველაფრის ჩავლის შემდეგ. ახლავე უნდა გავაკეთოთ არჩევანი როგორი გვინდა ხვალინდელი დღე იყოს, ფანჯრიდან ფანჯარაში ყურებით: დაბადება, ოთხი კედელი, აღსასრული თუ ძველებურად ლაღი, თავისუფალი, ზოგჯერ რთული, მაგრამ საბოლოოდ შესაძლებლობებითა და იმედით სავსე. შეიძლება ბოლო წინადადებაში ცოტა გადავაჭარბე, მაგრამ ასე თუ ისე გასაგებია მაინც მოცემულობა.

ის რაც დღეს ხდება არ არის მხოლოდ პანდემიის შედეგად წარმოქმნილი კრიზისი. პანდემია აქამდეც ხშირად ყოფილა. უარესიც, ომები ხდებოდა, გამანადგურებელი კატასტროფები ხდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევებში ზიანი უმეტესად იმით იყო გამოწვეული, რომ ჯერ არც კი იცოდნენ, როგორ დაეცვათ თავი. დღეს ეს ამდენად სერიოზულ პრობლემას აღარ წარმოადგენს. საუკუნეების განმავლობაში იკვლევდნენ სამყაროს, სწალობდნენ გარემოს, ხვეწდნენ სამედიცინო ტექნოლგიებს, ამარტივებდნენ ტრანსპორტირებას. ინტერნეტის განვითარებამ შექმნა საშუალება, გამარტივებულიყო დაგროვილი ცოდნის გაზიარების პროცესი.

მიუხედავად ამისა, რომ გვაქვს საჭირო ცოდნა და აღჭურვილება, დიდი დაბრკოლელების გარეშე, მოკლე დროში აღვიქვათ გარემოს სიგნალები და დაუყოვნებლივ დავიწყოთ მთელი რიგი პრობლემების შემსუბუქებაზე მუშაობა, ყოველი შემდეგი დღე უფრო და უფრო მძიმე ხდება. ახლა უბრალო ზიანზე მეტს ვხედავთ მსოფლიოს გარშემო. ვხედავთ როგორ აბრუნებენ საავადმყოფოებიდან ხალხს, რადგან ინფექციის შესამოწმებლად ტესტირებისთვის საკმარისი თანხა არ აქვთ, ვხედავთ როგორ უხურავენ ხალხს აფთიაქებს კარს, რადგან დანაზოგი წამლის საყიდლად არ ჰყოფნით. ვხედავთ პროდუქციით სავსე და ხალხისგან დაცარიელებულ მაღაზიებს, ვხედავთ მშიერ მოხუცს და სახლიდან გამოგდებულ სტუდენტს, რომელმაც ქირის გადახდა ვერ შეძლო, რადგან კრიზისის ნიღაბს ამოფარებულმა ბიზნესმენებმა სამსახურიდან გამოაგდეს ან სახელმწიფომ მათი სამუშაო ობიექტი დახურა, ვხედავთ სოციალურ ქსელებში ატვირთულ სურათებს, კუბოებით გადაღებულ დარბაზს, თვალსა და ხელს შუა ტრაგედიიდან სტატისტიკამდე რომ გვექცა. ტრაგედიის სტატისტიკაზე პოლიტიკოსები გამახსენდნენ. ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც 1-2% ლეტალურ (სასიკვდილო) მაჩვენებლზე მაღლა ეკონომიკის ზრდას აყენებენ, ვხედავთ ხალხს, როგორ გაურბიან თანამოქალაქეებს, მეზობლობს, ნაცნობებს მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც მძიმედ დაინფიცირებული ერის წარმომადგენელია. ვხედავთ, რომ ყოველივე ეს, ჯანდაცვა, განათლება, საცხოვრებელი, რის მისაღებადაც გასული წლების თუ საუკუნეების განმავლობაში თითქმის ყველამ მიიღო მონაწილეობა, დღეს მხოლოდ ერთეულთა ფუფუნების საგანს წარმოადგენს.

მაგრამ მთავარია დავინახოთ თუ რამ მოგვიყვანა აქამდე.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთ დღეს ვიღაც მივიდა დასკვნამდე, რომ ყველაფერი მას ეკუთვნის. ეკუთვნის საავადმყოფოები, ეკუთვნის სკოლები, ეკუთვნის უნივერსიტეტები, პარკები, ტრანსპორტი. მივიდა დასკვნამდე რომ რადგან ყველაფერი ეს ეკუთვნის ჩვენზე ამაღლებულია და ზუსტად ისე გვექცევა, როგორც რობოტებს, თავში რაღაც ცოდნას გვიდებს მისი სკოლით და უნივერსიტეტით უფრო სწორად ტვინს გვირეცხავს, შემდეგ კი სულის მოთქმამდე გვამუშავებს იმისთვის რომ ფუფუნებაში უდარდელად იცხოვროს, თავისუფლად დროს კი მისივე ფილმებითა და გადაცემებით გვართობს და ამ გზით აგრძელებს ჩვენი ტვინის მოწამვლას. ჩვენ კი ვეჩვევით, ეს ბუნებრივი გვგონია, ზოგჯერ მოგვწონს კიდეც და საბოლოოდ სწორედ მათ წინააღმდეგ მივდივართ, თან გააზრებულად, ვინც ჩვენთვის რეალობის დანახვებას ცდილობს. ცრუ ცოდნითა და რწმენებით თავგამოდებით, ბრმად ვიცავთ მათ და ამიტ კიდევ უფრო ვუმარტივებთ ჩვენს მითვისებას.

არ ვიცი როგორ, მაგრამ ასეთმა ადამიანებმა ერთ დროს თავისუფლებასა და თანასწორობაზე უარი გვათქმევინეს და გულის მოსაოხებლად ილუზიური თანასწორობა მოგვაჩეჩეს ხელთ.

გაიცანით, ეს კაპიტალიზმია, ხელოვნურად შელამაზებულ დოგმატურ წინადადებებს ამოფარებული კლანური სისტემა.

გაიცანით, ეს კაპიტალიზმია, რომელმაც ასეთ კრიზისულ პერიოდშიც კარგად დაამტკიცა თავისი სიბოროტე და უმაქნისობა.

ჩვენ კარგად ვნახეთ როგორ აუარესებს ისედაც უკვე მძიმე მდგომარეობას, თუნდაც, მხოლოდ კერძო ჯანდაცვა. ჩვენ კარგად ვნახეთ, რომელმა მეთოდმა უფრო იმუშავა, ხალხის სამსახურში მდგარმა საავადმყოფოებმა, ტრანსპორტმა, სკოლებმა თუ ზემოთ რომ დავახასიათეთ, ისეთი ინდივიდების მოგებაზე ორიენტირებულმა კლინიკებმა და ობიექტებმა.

მოკლედ, როდესაც ყველაფერი ჩაივლის, კიდევ უფრო გააზრებულად განვაგრძობთ იმ ფაქტით ცხოვრებას, რომ ბიზნეს-ელიტა მხოლოდ საკუთარ საცეცებს უყურებს, რომ წურბელასავით ელოდება შენს მოდუნებას და დასუსტებას, რათა ბოლომდე გამოგწუროს და გამოგწოვოს. ექიმი, მუშები, სერვისის თანამშრომლები - მიუხედავად იმისა რომ ისინი ყველაზე დაუფასებლები არიან, მათ გარეშე ალბათ ვერც გადავრჩებიდით. კერძო სექტორი ბიზნესის ერთ-ერთი და დიდი საცეცია, იარაღია, რომელიც, თავისთავად მავნებელია.

და სანამ თვითიზოლირებულები ვიცავთ თავს, კარგად დავფიქრდეთ, როგორი დღე გვინდა იყოს ხვალ და რისი გაკეთება შეგვიძლია დღეს ამისთვის.

 

ავტორი: მარიამ ფახურიძე
ფოტო © the sun

ასევე წაიკითხეთ:

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

image

კაფკა, ნეოლიბერალიზმი და პოლიტკორექტულობა

ნეოლიბერალური პოლიტკორექტურობა არ წარმოიქმნება საკითხების რეფლექსიების შედეგად, იგი არ წარმოადგენს დიალექტიკური პროცესის სასრულ ფაზას; ის არის პასიური რეაქცია სამყაროში წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, მასობრივ ჩაგვრაზე (ქალების, ქვიარების და ა.შ.), ეკოლოგიურ პრობლემებზე; ეს ქმნის სიმულაციურ გარემოს, თითქოს აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლა ინტენსიურად მიმდინარეობდეს.

image

დაფასებული მშრომელის ღიმილი

ისინიც ხშირად სამსახურიდან დაბრუნებული შემოდიან აშლილი ნერვებით, მაგრამ შენი მაინც არ ესმით. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ნავაჭრს დებ, შენ მაინც 300-400 ლარი გრჩება და მერამდენე ცდაზე ისევ ვერ სწავლობ ჭკუას, როგორ იმყოფინო თვის ბოლომდე.

შემოგვიერთდით