გეი, ლესბოსელი და ქორწინების მიღმა დარჩენილი „სხვები“

გამოქვეყნებულია: 29.Sep.2017

რატომ დაგვავიწყდა, რომ ქორწინების ქალისა და კაცის ერთობად განსაზღვრისას არა მხოლოდ ქორწინება, არამედ ქალობა და კაცობა კიდევ ერთხელ განისაზღვრა და შემოიფარგლა?

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში. ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობად განისაზღვრა. ეს გადაწყვეტილება არც მოულოდნელი იყო და არც დიდი გამოხმაურება მოჰყოლია. პირველ რიგში, ის ლგბტი, უფრო სწორად კი ლესბოსელების და გეების, პრობლემად შეირაცხა და არცერთ საკონსტიტუციო განხილვაზე (ზუგდიდის გარდა) არც კი გაჟღერებულა. მეორე, პირობებში, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად  ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ძალადობასთან, სიძულვილსა და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავება უწევთ, ქორწინების განსაზღვრება მეორეხარისხოვან პრობლემად იქცა. თემისთვის „ერთი და იმავე სქესის“ ადამიანების ქორწინების უფლება არც მანამდე იდგა დღის წესრიგში. თუმცა საკონსტიტუციო ცვლილების პარალელურად რესპუბლიკურმა პარტიამ სამოქალაქო პარტნიორობის ინიციატივა წამოაყენა „ერთი და იმავე სქესის ადამიანებისთვის“. ეს უკანასკნელი ზოგისთვის პრობლემური შეიძლება იყოს, ვინაიდან შეიცავს საშიშროებას ლგბტი თემის მიმართ ძალადობა გაიზარდოს, რაც ხშირად სდევს ხოლმე ლგბტი საკითხებზე საუბარს საჯარო სივრცეში. რაც შეეხება თემს, ამ საკითხზე ცალსახა პოზიცია არავის დაუფიქსირება და საკმაოდ ინდეფერენტული დამოკიდებულება შეიმჩნევა.

შედეგად ქორწინების და საკონსტიტუციო საკითხებზე გამოხმაურება არაერთგვაროვანი და არაინტენსიური იყო. როგორც ქვიარმა ადამიანმა, რომელსაც პირადად ეხება ეს ცვლილება, გადავწყვიტე ჩემი აზრი და წუხილი გამომეხატა.

ემხრობი თუ არა გეი ქორწინებას?

თითქოს, რა მარტივია: ან ემხრობი და ე.ი. ლგ თემის მხარეს ხარ, ან არ ემხრობი და ე.ი. ჰომოფობი ხარ. ამა თუ იმ მხარეს დგომა კი სხვადასხვა ჯგუფისთვის განსხვავებული კონოტაციის მატარებელი, თუმცა თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ მიემხრობოდა. ამ უკანასკნელ პრობლემას აქ ნაკლებად ჩავუღრმავდები. ჰომოფობიის კულტივირება რომ ყველა არხით ხდება საზოგადოებაში სიახლეს არ წარმოადგენს. ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ნიშნავს ქორწინების განსაზღვრება ჩვენთვის – ქვიარ თემისთვის? ჩვენში კი არა მხოლოდ ლესბოსელ და გეის არამედ ტრანს სუბიექტებსაც მოვიაზრებ.

ქორწინება, რომელიც ისედაც მონოგამი ჰეტეროსექსუალი წყვილის კავშირს გულისხმობს, უზარმაზარი სოციალური და კულტურული მნიშვნელობის მატარებელია. ერთმა ნაცნობმა მითხრა ადრე ქმარი და ცოლი „მქნარისა“ და „მწოლისგან“ მომდინარეობსო. არ ვიცი რამდენად შეესაბამება ამგვარი ინტერპრეტაცია სიმართლეს, თუმცა საზოგადოების მოლოდინს ქორწინების მიმართ ნამდვილად ასახავს. ქორწინება არ არის უბრალოდ ლეგალური ერთობა, ის ასევე კონკრეტულ იერარქიულ ურთიერთობას გულისხმობს, რომელშიც ერთი – ქალად გენდერიზებული სუბიექტი – აუცილებლად დაქვემდებარებულია როგორც ეკონომიკურად, ისე კულტურულად. მისი სექსუალობა ქმრის – კაცად გენდერიზებული სუბიექტის – სურვილს უნდა მოერგოს, ეკონომიკური საქმიანობა კი აუნაზღაურებელი საშინაო შრომისა და ზრუნვის სახით, სახელმწიფოსა და ისევ ქმრის პოზიციების გამყარებას ემსახურება. რა თქმა უნდა, არსებობს მითი სანუკვარი ოჯახის შესახებ, რომელშიც ქალი და მამაკაცი თანასწორად ასრულებელ შრომას, თუმცა ამგვარი ოჯახების რაოდენობა ჩვენს კულტურულ რეალობაში იშვიათია. მაშინაც, თუ ასეთი ოჯახების რაოდენობა გაიზრდება, ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ოჯახის წევრებზე ურთიერთზრუნვისა და ბავშვების აღზრდის ვალდებულებას სახელმწიფო კონკრეტულ ერთობას გადააბარებს და საქართველოს შემთხვევაში სოციალურ კეთილდღეობას ავტომატურად ოჯახს აბამს. აი, მაგალითად, სიბერე რომ ავიღოთ: რა მოსდის მოხუცს, რომელსაც შვილი ან მეუღლე არ ჰყავს? პენსია საკმარისი არ არის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, შესაბამისად, ოჯახის გარეშე ადამიანი განწირულია. ოჯახის შექმნაზე მითითებისას ნათესავებიც ხშირად „მომავალში მომვლელის“ არგუმენტს იშველიებენ. ქორწინების უფლების არქონა სხვა მრავალი ეკონომიკური და სოციალური სიკეთის შეზღუდვასაც გულისხმობს: მაგალითად, მემკვიდრეობის მიღების, შვილის ერთად ყოლის და ა.შ.  თუმცა საქართველოს კონტექსტში ამ უფლების ისედაც არარსებობის პირობებში, ზიანი უფრო კულტურული განზომილებისაა. ამ უკანასკნელს მერე უფრო ვრცლად განვმარტავ, ჯერ ისევ ოჯახთან მიმართებაში ჩემს დამოკიდებულებაზე ვისაუბრებ.

არსებობს მოსაზრება, რომ ქორწინების მოთხოვნა ლესბოსელებისა და გეების მხრიდან უკვე არსებული სისტემის უპირობოდ მიღებისა და მორგების სტრატეგიაა. ჩვენ არ ვსვამთ კითხვას რას ნიშნავს „ქორწინება“? რა მანკიერი სოციალური ურთიერთობების ამსახველია ის? რას ნიშნავს მონოგამია და ქორწინების მხოლოდ ორი ადამიანით შემოსაზღვრა? და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: თუ ქორწინება განსხვავებული ან ერთი და იმავე სქესის ადამიანების უფლების კონტექსტში განიხილება, სად ხვდებიან ის ადამიანები, ვინც ამ სქესის და გენდერის ორობითი სისტემის მიღმა არსებობენ?

პირველ და მეორე კითხვაზე ჩემი პოზიცია ცალსახად ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტის გადააზრების საჭიროებას მიემართება. ოჯახი, როგორც სოციალური ორგანიზების უმნიშველოვანესი ინსტიტუტი, ისედაც საკმაოდ მრავალფეროვანია: ის ხშირად დების, დედა-შვილის, და-ძმის ან უბრალოდ კარგი მეგობრების ერთობა შეიძლება იყოს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ოჯახი გენდერული ჩაგვრისა დასხეულების რეგულირების ასპარეზია. მაშინაც კი, როცა ეს ინდივიდუალურ დონეზე არ ხორციელდება და, მაგალითად, ორივე მეუღლე ერთნაირად არის ჩართული შვილების აღზრდასა თუ საშინაო შრომაში, ოჯახის მონოგამიურობა, როგორც წესი, ქალად მონიშნული სხეულის კონტროლს მიემართება. ასევე, როგორც ზემოთ ვახსენე, ის ეკონომიკური ერთეულია, რომელიც სახელმწიფოს ან თუ გინდ უფრო დიდი ჯგუფების და საზოგადოების პასუხისმგებლობას ნიღბავს. ეს უკანასკნელი ასევე მნიშვნელოვანი გენდერული განზომილების მატარებელია, ვინაიდან მთავარ მომვლელად აუცილებლად ქალად გენდერიზებული სუბიექტი მოიაზრება.

თუ ქორწინების საკითხს ამგვარად დავაყენებთ, გამოდის, ოჯახი არა მხოლოდ მათი პრობლემაა, ვისაც ჰეტერო ქორწინებაზე არ მიუწვდება ხელი, არამედ იმ ადამიანებისაც, ვისაც პროტესტი აქვს არსებული ეკონომიკური და სოციალური მოწყობის და გენდერული ჩაგვრის მიმართ. არა გეი ქორწინება, არამედ თვითონ ქორწინებაა პრობლემა. თუმცა როცა მემარცხენე კრიტიკა მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა ლესბოსელების და გეების არსებულ სისტემაზე მორგების პოლიტიკაა გასაკიცხი, ცოტა არ იყოს ჰომოფობიის სუნი მომდის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქორწინების ამგვარი განსაზღვრებით ჩვენ მართლაც ვზარალდებით უკვე არსებულ სისტემაში. ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ არასაკმარისად მოქალაქეები ვართ და ჩვენი ადგილი ამ წესრიგში არ არის. სისტემასთან ბრძოლა კი მხოლოდ ლესბოსელი, გეი ან ტრანს სუბიექტების პასუხისმგებლობა არ არის. თუმცა ვინაიდან ახლა არა უბრალოდ მემარცხენე არამედ იმ ადამიანის პოზიციიდანაც ვწერ, რომელიც თავს არცერთ გენდერს მიაკუთვნებს, ერთი კითხვა მიჩნდება:

რატომ დაგვავიწყდა, რომ ქორწინების ქალისა და კაცის ერთობად განსაზღვრისას არა მხოლოდქორწინება, არამედ ქალობა და კაცობა კიდევ ერთხელ განისაზღვრა და შემოიფარგლა? ოჯახი კიმხოლოდ ექსკლუზიურად ქალად და კაცად განსაზღვრულ სუბიექტებს მიება, რითაც არა მხოლოდ გეებიდა ლესბოსელები, არამედ ყველანაირი ერთობა „ნაკლულ“ და „არასრულფასოვან“ ოჯახად მოინიშნა. თუ ქორწინების უფლების არქონის საპირისპირო ამ უფლების მინიჭება ან, თუნდაც, სამოქალაქო პარტნიორობისთვის ბრძოლაა, ჩვენ ვამბობთ, რომ სქესი მნიშვნელოვანია ქორწინებასთან და ოჯახთან მიმართებაში. თუ აქამდე მხოლოდ „სხვადასხვა“ (რომელიც ყოველთვის მდედრობითი ან მამრობითია) სქესის ადამიანებს შეეძლოთ დაქორწინება, ახლა ერთი და იმავე სქესის ადამიანებიც შეიძლება დაქორწინდნენ და, შესაბამისად, ისარგებლონ მასთან მიბმული სიკეთეებით. თვითონ სქესისთვის ამხელა მნიშნელობის მინიჭება არ ხდება განსჯის საგანი. საქართველოში, სადაც სქესს და გენდერს შორის ტოლობის ნიშანია დასმული როგორც სამართლებრივ ისე საზოგადოებრივ დონეზე, ტრანს-სხეულების განდევნის პრობლემაც არ გვარდება. მნიშვნელობა არ აქვს ერთი და იმავე სქესის თუ მხოლოდ განსხვავებული სქესის ადამიანების ერთობად განსაზღვრება ქორწინება, პასუხი ერთია: შენი გენიტალიები მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ის განსაზღვრავს შენს უფლებებასსიყვარულზე, სოციალურ კეთილდღეობაზე, ხშირად – სიცოცხლეზე. როცა ქალების დაქვემდებარება, ჰომოფობია, ტრანს და გენდერულად არაკონფორმული ადამიანის ჩაგვრა ამგვარ დაშვებას ემყარება, მოთხოვნაც საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის. ზოგი იტყვის, რომ ყველა გზას ვჭრი დაუმოქმედობისკენ მოვუწოდებ. ზოგი კი შეიძლება შემომედავოს, რომ საკუთარ თავში წინააღმდეგობრივიქმედებებიც კი შედეგების მიხედვით უნდა შეფასდეს და არა ლოგიკურობის ხარისხით. თუმცა ჩემირევოლუცია იქ იწყება სადაც არა დაქორწინებულთა სქესი, არამედ თვითონ ოჯახი, ქორწინება დასხეულის ამა თუ იმ გენდერისადმი მიკუთვნება გახდება პრობლემა! ეს არ გამორიცხავს წინააღმდეგობასქორწინების ჰომოფობიური ჩანაწერის მიმართაც, უბრალოდ, გვახსენებს, რომ მისი საპირისპირომხოლოდ ქორწინების ან პარტნიორობის მოთხოვნა არ არის! ამიტომ ეს ტექსტი ჩემი პირველი ტრანსქამინგ–აუთია და ჩემი პირადი ბრძოლის დასაწყისი!

ავტორი: ნუკრი ტაბიძე

ასევე წაიკითხეთ:

image

საპრეზიდენტო არ-არჩევნები 2018

არჩევნების ღამეს არ მძინავს ხოლმე. ვერ მძინავს. რას ველოდები არ ვიცი, მაგრამ ქცეცნობიერად მაინც მჯერა ეტყობა, მრავალი იმედგაცრუების მიუხედავად, რომ არჩევნებს, თუნდაც ცუდს და უარესს შორის, მაინც აქვს აზრი.

image

რატომ გვჭირდება ტრამვაი

ავტომობილების რაოდენობისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო თბილისს აქვს  სატრანსპორტო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისათვის საჭიროა საზოგადოებრივი  ტრანსპორტის განვითარება. ამისათვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის  შექმნა.

image

გარემოს დამაბინძურებელი კომპანიების „მწვანე“ მოღვაწეობა

მთელ მსოფლიოში მიმდინარე გარემოს დამანგრეველი პროცესების მხრივ საქართველო არათუ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, არამედ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ჰაერის დაბინძურებისა თუ სხვა ეკოლოგიურ საფრთხეთა სტატისტიკებში. უმეტესწილად დაბალი ხარისხის საწვავის, გაუმართავი ავტოტრანსპორტის, საწარმოო დაბინძურების, მოუწესრიგებელი მოძრაობისა და, ასევე, ქაოსური მშენებლობების წყალობით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის შენებაც არ ხდება წესისამებრ და მთელი სამშენებლო მტვერი ჰაერში იფანტება, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

შემოგვიერთდით