აზოტელები

გამოქვეყნებულია: 30.Jan.2017

აზოტის ქიმიური ქარხნიდან 350-მდე ადამიანი გაუფრთხილებლად დაითხოვეს სამსახურიდან. აი ასე, ძალიან მარტივად, ერთ დღეს მივიდნენ სამსახურში და მათი საშვებით ქარხნის ტერიტორიაზე ვეღარ შევიდნენ. ეს ამბავი რომ გავიგე მაშინვე დედაჩემს დავურეკე, რომელიც, რაც თავი მახსოვს, ქარხანაში მუშაობს. მე კი 25 წლის ვარ. სულ მცირე 25 წელი ქარხანაში. ციან მარილებს აწარმოებს მისი ცეხი და ყველაზე მომწამვლელია ქარხანაში. ბავშობაში მახსოვს ბულკს და რძეს ატანდნენ მავნე ზემოქმედება რომ გაეტანა ორგანიზმიდან. იმაზე ადრე თურმე ამ ცეხს განსაკუთრებულად მავნე სტატუსი ჰქონდა მინიჭებულია (საბჭოთა კავშირის დროს) და შესაბამისადაც ნაზღაურდებოდა. ამ ეტაპზე აღარც რძეა არც იმის აღიარება რომ განსაკუთრებულად მავნეა ამ ცეხში მუშაობა. დედაჩემი ცვლაში მუშაობს და ღამის გათენება უწევს. ექიმმა რამდენჯერმე მკაცრად აუკრძალა ღამის ცვლაში მუშაობა, მაგრამ მოგეხსენებათ ორი სტუდენტი შვილის რჩენა როგორი ამბავია. გამახსენდა ბავშობა როცა ღამის ცვლების მიხედვით გვპატრონობდნენ სამეზობლოს დედები. ქარხნის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და შესაბამისად ყველა ქარხანაში მუშაობდა. ვისაც ღამის ცვლა არ უწევდა ის იყო სამეზობლოს ბავშვების „დედა“. გამახსენდა როგორ გადის დედაჩემი ყოველ სამუშაო დღეს ნახევარი საათით ადრე ათი წუთის სავალ გაჩერებამდე, იმის შიშით რომ არ დაიგვიანოს, არ დაკარგოს შემოსავლის წყარო. თორემ ვის ადადრდეს 50 წელს მიღწეული, მოლდაველი ბიბლიოთეკარი ქალი.დედაჩემს გაუმართლა. მისი საშვით ქარხნის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შევიდა. თუმცა მალე ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად დაიბარეს. არც დაფიქრებულა, არც წაუკითხავს, არც ასლი მიუციათ მისთვის. მე პირადად გამართლებას ვერ დავარქმევდი ამას თუ გავითვალისწინებთ როგორ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. კოლექტიური ხელშეკრულება მთელი თავისი მიღწევებითა და ბრძოლით წარსულს ჩაბარდა. დეტალებზე არ ვკონცენტრირდები, ამას პროფკავშირის იურისტები ჩემზე კარგად გაართმევენ თავს, თუმცა იურიდიული განათლება არ გჭირება რომ მიხვდე რაღაცა არაა მწყობრში, როდესაც 5 გვერდიან წვრილი შრიფტით აკრეფილი ტექსტის ქვეშ ნაჩქარევად გაწერინებენ ხელს.

დავუბრუნდეთ იღბალს. თუმცა იღბალი რა შუაშია როდესაც მთელი სისტემა ადამიანის წინააღმდეგ არის აგებული. ამ სისტემის წინააღმდეგ ვიბრძვი და ყოველთვის ვცდილობ რაიმე გავაკეთო, მაგრამ არასდროსაა ეს რაიმე საკმარისი. აქციაზეც მივედი ღამის ცვლიდან. მართალია დაგვიანებით და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანთან გასაუბრება მოვახერხე. ბევრ აქციაზე ვყოფილვარ - ტყიბულში, ქსანში და არამარტო, მაგრამ, აქ, რუთავში ვგრძობ რომ უფრო ცუდად მხდის უიმედობის განცდა. ვიცი რომ ეს ქალბატონები დედაჩემის და მამაჩემის ყოველდღიური ურთიერთობების ნაწილნი არიან. ყველას მოვუყევი ვინ ვარ. მეამაყება როცა მეუბნებიან „მურმანი მომიკითხე“. მურმანი მამაჩემია. სამსახურიდან დაახლოებით ერთი წლის წინ დაითხოვეს. ყველა იცნობს. პარალელურად თურქეთიდან ჩამოტანილი საქონლით ვაჭრობდა. ნისიაზე ატანდა ხალხს, რა თქმა უნდა. სამსახურიდან რომ დაითხოვეს პროფკავშირებში დარჩენა მაინც უნდოდა. როგორც კი მასობრივი დათხოვნის ამბავი გავიგე კონტაქტებით მომამარაგა — „ეს პროფკავშირებიდან, ეს ჩვენი ჟურნალისტი იყო, შეხვდი გაესაუბრე“. თვითონ სოფელშია, იქიდან არჩენს ოჯახს. თუმცა, ვიცი, გული აქ აქვს.

მე ღამის ცვლაში ვმუშაობ, სამი ღამე გადაბმულად. საოცნებო სამსახური არაა, მაგრამ დედაჩემს ცოტათი ვუმსუბუქებ საკუთარ თავზე აღებულ პასუხისმგებლობას. ეს ქალებიც ვიღაცის დედები არან, ბებიები, ყველას თავისი ისტორია აქვს. რუსთავი დიდია. მე თუ მკითხავთ მთელი რუსთავი აქციაზე უნდა იდგეს. შევძლებთ კი ამას?

ცისანა ნადირაშვილი - დერატიზატორი
„მთავრობასთან მაქვს მესიჯი - ნუ შეეხებიან ჩვენს ღირსებას. ცუდს რომ გაგვიკეთებენ გამარჯობა და ბოდიში მაინც გვითხრან.“

 

თამარ აბულაძე - მეაპარატე
„78 წლიდან ცვლის უფროსი ვყავი. ოთხი წლის წინ რეორგანზება გაკეთდა კაპროლაქტამის წარმოებაზე და მეაპარატე გავხდი.“

 

დალი ბერაძე - მხატვარი გამფორმებელი
„გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავუდგეთ ერთმანთს მხარში.“

 

თამილა ბიჩაშვილი  (მარჯვნივ) - მედდა
„მადლობა, რომ დაგვაფასეთ“
თინა მაჩიტიძე - ექთანი
„უცერემონიოდ გაგდებულები“

 

 

ბლოგის ავტორი: სტელა ნამგალაძე

ასევე წაიკითხეთ:

image

საპრეზიდენტო არ-არჩევნები 2018

არჩევნების ღამეს არ მძინავს ხოლმე. ვერ მძინავს. რას ველოდები არ ვიცი, მაგრამ ქცეცნობიერად მაინც მჯერა ეტყობა, მრავალი იმედგაცრუების მიუხედავად, რომ არჩევნებს, თუნდაც ცუდს და უარესს შორის, მაინც აქვს აზრი.

image

რატომ გვჭირდება ტრამვაი

ავტომობილების რაოდენობისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო თბილისს აქვს  სატრანსპორტო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისათვის საჭიროა საზოგადოებრივი  ტრანსპორტის განვითარება. ამისათვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის  შექმნა.

image

გარემოს დამაბინძურებელი კომპანიების „მწვანე“ მოღვაწეობა

მთელ მსოფლიოში მიმდინარე გარემოს დამანგრეველი პროცესების მხრივ საქართველო არათუ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, არამედ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ჰაერის დაბინძურებისა თუ სხვა ეკოლოგიურ საფრთხეთა სტატისტიკებში. უმეტესწილად დაბალი ხარისხის საწვავის, გაუმართავი ავტოტრანსპორტის, საწარმოო დაბინძურების, მოუწესრიგებელი მოძრაობისა და, ასევე, ქაოსური მშენებლობების წყალობით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის შენებაც არ ხდება წესისამებრ და მთელი სამშენებლო მტვერი ჰაერში იფანტება, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

შემოგვიერთდით