კლიმატის მოძრაობა — ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის ახალი ტალღა

გამოქვეყნებულია: 19.Sep.2019

უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც 16 წლის შვედმა გოგომ — გრეტა ტუნბერგმა სტოკჰოლმში რიქსდაგის (შვედეთის პარლამენტი) წინ პარასკევ დილას პირველი გაფიცვა მოაწყო. მისმა რამდენიმეკვირიანმა მარტო ჯდომამ ტრანსფარანტით „სკოლის გაფიცვა კლიმატისთვის“ სხვა ახალგაზრდებიც შთააგონა, გარეთ გამოსულიყვნენ, გაეცდინათ სკოლები თუ უნივერსიტეტები და გაფიცულიყვნენ. მათი მესიჯი მარტივია: „რა აზრი აქვს სწავლას, თუ ჩემი და დედამიწის არსებობა საფრთხეშია?“ ამ სლოგანით ყოველ პარასკევს ათასობით მოსწავლე და სტუდენტი იფიცება მთელი მსოფლიოს გარშემო. 15 მარტს კი პირველი გლობალური კლიმატური გაფიცვა მოეწყო, რომელსაც ორ მილიონზე მეტი ახალგაზრდა შეუერთდა. 

20-27 სექტემბერს მსოფლიო კიდევ ერთხელ ახალგაზრდების მეთაურობით იფიცება; აღნიშნულ გაფიცვას შეუერთდა მსოფლიო პროფკავშირთა ორგანიზაციაც. მოთხოვნა მარტივია: მოქმედების დროა! 

აქ კი შევწყვეტ გრეტასა და კლიმატის დასავლურ მოძრაობაზე საუბარს, რადგან — დიახ, ეს მოძრაობა, ერთი შეხედვით, დასავლურია — ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში, შვედეთში დაიწყო და გაფიცულთა უმრავლესობაც ევროპელი ახალგაზრდაა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უამრავი ახალგაზრდა იფიცება გლობალურ სამხრეთსა და საქართველოშიც. რატომ? 

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი პასუხია, რომ კლიმატის კრიზისს საზღვრები არ აქვს. ასევე არ აკავებთ საზაღვრები ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, რომლებიც მარტივად გადალახავენ უბრალო ხალხისთვის ერთობ რთულად გადასალახ საზღვრებს და ნებისმიერი კონტინენტის ნებისმიერ წერტილში იწყებენ საქმიანობას, რომელიც, რეალურად, ქვეყნის ეროვნული რესურსების (როგორც ადამიანური, ისე ბუნებრივი) მაქსიმალური ათვისება და ექსპლუატაციაა. აქვე აღვნიშნავდი, რომ სწორედ ეს ტრანსნაციონალური კორპორაციები არიან კლიმატის კრიზისში მთავარი დამნაშავეები — ისინი ქმნიან ჭარბ პროდუქციას, ახდნენ კონსუმერიზმის პროპაგანდას, რათა მეტი და მეტი გაყიდონ და ცნობილი გამოთქმით რომ მოკლედ შევაჯამო მათი საქმიანობა „წყლის კომპანიები აწარმოებენ პლასტმასის ბოთლებს და არა წყალს“. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნია სულ რაღაც 100 ნათვობმომპოვებელი კორპორაცია, რომელიც პასუხისმგებელია სასათბურე აირების გამონაბოლქვის 71%-ზე[1]. ეს კი არის სწორედ ის მთავარი რამ, რაც კლიმატის ცვლილებას[2] იწვევს. ამ დროს კი ვხედავთ, როგორი ტრენდული ხდება „მწვანე ცხოვრების წესი“ — ნაკლები პლასტმასის მოხმარება, ვეგანობა და სხვა — რომელიც, თავისთავად, ძალიან კარგია (და რაც უფრო მეტი ადამიანი ვიცხოვრებთ ასე, მით უკეთესი), მაგრამ ის, თუ როგორ ხდება ამის მოწოდება, რომ თითქოს ჩვენ, ინდივიდუალურად შეგვიძლია კლიმატის ცვლილების შეჩერება, რომელიც, თურმე ჩვენი გამოწვეულია, არის უდიდესი პრობლემა, რადგან, მარტივად რომ ვთქვათ — არის ტყუილი. განსაკუთრებით საქართველოსა და გლობალური სამხრეთის, ე.წ. „განვითარებადი“ სახელმწიფოების შემთხვევაშია ეს ერთობ გაუგებარი, როცა „ღარიბ ქვეყნებში მაცხოვრებელ ინდივიდს თითქმის არ აქვს გავლენა კლიმატის ცვლილებაზე[3]“.

კორპორაციებს რომ მივუბრუნდეთ, ჯერ კიდევ 1972 წელს ნეო-ლიბერალიზმის ჰეგემონურ დისკურსად ქცევამდე რამდენიმე წლით ადრე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩილეს სოციალისტმა პრეზიდენტმა სალვადორ ალიენდემ თავის ცნობილ სიტყვაში თქვა: „ჩვენ წინაშეა ტრანსნაციონალურ კორპორაციებსა და სახელმწიფოს შორის არსებული კონფლიქტი. ისინი ერევიან სახელმწიფოს ფუნდამენტურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვით საკითხებში. კორპორაციები გლობალური ორგანიზაციები არიან ... [და] არ კონტროლდებიან პარლამენტის ან სხვა  რომელიმე კოლექტიური ინტერესის გამომხატველი ინსტიტუციების მიერ… მათ არანაირი კავშირი აქვთ იმ ადგილთან, სადაც საქმიანობენ; მათი ერთადერთი ინტერესი მოგების მიღებაა“[4]. აღნიშნული გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი, ა.შ.შ-ს ღია მხარდაჭერით, სამხედრო გადატრიალების გზით დაამხეს. სოციალისტი ალიენდე ულტრა-მემარჯვენე, ფაშისტმა სამხედრო დიქტატორმა აუგუსტო პინოჩეტიმ ჩაანაცვლა, რომლის სახელს ათი ათასობით ადამიანის წამება, დაპატიმრება და მოკვლა უკავშირდება. გარდა ამისა, მისი მმართველობის დროს მოხდა პრივატიზაციის, დერეგულაციისა და ნეო-ლიბერალიზაციის კამპანია; გაიყიდა ალიენდეს დროს ნაციონალიზებული და სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი ინდუსტრიები, ბანკები და სხვა რესურსები. აღნიშნული არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, რომელიც ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესებს შეეწირა. 

ნეო-ლიბერალიზმი ზემოთ ერთხელ უკვე ვახსენე. ეს ის ტერმინია, რომელსაც ძალიან ხშირად გაიგებთ ჩვენგან, მწვანეებისგან და მემარცხენეებისგან საქართველოს, და არა მარტო, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის აღწერისას. ძალიან მოკლედ რომ დავახასიათოთ ის დევიდ ჰარვის სიტყვებით: „ნეოლიბერალიზმი, პირველ რიგში, არის პოლიტიკური თეორია ეკონომიკური პრაქტიკების შესახებ, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანის კეთილდღეობა მიიღწევა ინდივიდუალური სამეწარმეო თავისუფლებით იმ ინსტიტუციონალურ ჩარჩოში, რომელიც ხასიათდება ძლიერი უფლებით კერძო საკუთრებაზე თავისუფალი ბაზრითა და თავისუფალი ვაჭრობით. ხოლო სახელმწიფოს როლი ამ პრაქტიკების სათანადო ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა და დაცვაა“[5]. ჩილეში მოწყობილი გადატრიალებიდან და იქ ჩიკაგოს ბიჭების[6] მიერ დაწყებული ნეო-ლიბერალიზმის ექსპერიმენტიდან რამდენიმე წელიწადში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კონსერვატორი მარგარეტ ტეტჩერი (1979), ხოლო ა.შ.შ-ს პრეზიდენტი რესპუბლიკელი რონალდ რეიგანი (1981) ხდება. ამ პერიოდიდან იწყება ნეო-ლიბერალიზმის ჰეგემონურ იდეოლოგიად ქცევა, ა.შ.შ-ს მიერ დომინირებულმა გლობალურმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა — მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ნეო-ლიბერალიზმი გლობალურ პოლიტ-ეკონომიკურ სისტემად აქციეს, დაიწყეს რა მისი დანერგვა ე.წ. განვითარებად ქვეყნებში; დერეგულაცია, პრივატიზაცია და ბაზრის ლიბერალიზაცია კი ერთადერთ სწორ ეკონომიკურ პრაქტიკებად გამოაცხადეს.

ეს სწორედ ის სისტემაა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში წარმმართველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეოლოგიად იქცა, განსაკუთრებით 2003 წლიდან, როცა ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა მოვიდა მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. სააკაშვილის ხელისუფლებამ ზედმიწევნით შეასრულა ნეო-ლიბერალური სახელმწიფოს მშენებლობისთვის საჭირო ქმედებები — დერეგულაცია, პრივატიზაცია, ძლიერი პოლიციური სისტემა, კერძო საკუთრების ფეტიშიზაცია, ანტი-სოციალური პოლიტიკა და ა.შ.. განსაკუთრებით ცხადი და ხისტი აღნიშნული ტრანსფორმაცია ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრად ყოფნისას განხორციელდა, „ყველაფერი იყიდება სინდისის გარდა“, ამბობდა ბენდუქიძე. მისი მიზანი საკუთარი [ეკონომიკის] სამინისტროს დახურვა და სახელმწიფოს მიერ ყველანაირი ეკონომიკური რეგულაციის გუქმება იყო[7]. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, შეიძლება აქ იკითხოთ, რა კავშირშია ეს ყველაფერი: ნეო-ლიბერალიზმი, ჩილე, ტეტჩერი, ნაციონალური მოძრაობა და კლიმატის კრიზისი ერთმანეთთან. მაგრამ, რეალურად, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რადგან კლიმატის კრიზისს კონკრეტული დამნაშავე ჰყავს და ეს სწორედ აღნიშნული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა — კაპიტალიზმია, რომელიც ყველაფერს ყიდვა-გაყიდვის (კომოდიფიკაციის) საგნად აღიქვამს, ხოლო სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევას, მოქალაქისა თუ ბუნების დაცვას — „თავისუფლების შელახვად“. სწორედ ამ იდეოლოგიის დამსახურებაა დღევანდელი მსოფლიო წესრიგი — დასავლური კორპორაციები სახელმწიფოებზე მაღლა დგნან, აქვთ მეტი ძალაუფლება და, ფაქტობრივად, უამრავი ქვეყანა მათ კოლონიადაა ქცეული. იმავე იდეოლოგიის ქვეშ ხდება გარემოზე ნებისმიერი რეგულაციისა თუ სახელმწიფო ზედამხედველობის მოხსნა, რაც, ბუნებრივია, იწვევს უამრავ ეკოლოგიურ პრობლემას. საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ, ამ ნეოლიბერალურ და არადემოკრატიულ ვარიაციებს, რა თქმა უნდა, შეეწირა გარემო და რესურსებთან დაკავშირებული პოლიტიკის ჯანსაღად განვითარების პოტენციალი. მოხდა გარემოს დაცვის სფეროს სრული დერეგულაცია. გარემოსთვის ყველაზე სახიფათო ეკონომიკური სფერო, წიაღისეულის მოპოვება, ეკოლოგიური ექსპერტიზის მიღმა აღმოჩნდა. საბოლოოდ კი 2011 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული ფუნქციები ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა, ხოლო გარემოს დაცვის სხვადასხვა ფუნქცია მთავრობის სხვადასხვა უწყებაში მიმოიფანტა. გარემოს დაცვა, როგორც სფერო, საერთოდ გაქრა, რაც მომავალში მრავალი არაადეკვატური გადაწყვეტილებით დაგვირგვინდა[8]. მაშასადამე, როცა ვსაუბრობთ საქართველოსა თუ მსოფლიოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მის მიღმა კონკრეტული პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურა დგას.

მოკლედ რომ შევაჯამოთ და მივუბრუნდეთ კლიმატის გაფიცვას: უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ეკო-აქტივისტი უშვებს დიდ შეცდომას, როცა საუბრობს მხოლოდ ეკოლოგიაზე, CO2-ზე და სხვა მხოლოდ ტექნიკურ/მეცნიერულ საკითხე. ამით ისინი ახდენენ კლიმატის ცვლილების დეპოლიტიზაციას, რაც ფუნდამენტურად არასწორია, ვინაიდან პრობლემის სათავე პოლიტიკურია და მისი ცვლილების გარეშე რეალური პროგრესი ვერ იქნება. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ არსებობს „უკეთესი კლიმატი“ არსებულ პოლიტიკური და ეკონომიკურ სისტემაში, რომლისთვისაც გაფიცული ახალგაზრდები ვიბრძვით, რადგან „უკეთესი კლიმატის“ არსებობას გამორიცხავს ადამიანებისა და ბუნების ექსპლუატაციაზე დაფუძნებული არსებული ტრანსნაციონალური და ადგილობრივი კაპიტალისტური ეკონომიკური მოდელები და თუ სისტემა არ შეიცვალა, დედამიწისა და ადამიანების არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

მაგრამ აქ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია გასათვალისწინებელი, რომ კლიმატის კრიზისი ყველას ერთნაირად არ დააზარალებს და მას გააჩნია კლასობრივი და პოლიტ-გეოგრაფიული შრე. ჩვენ, „განვითარებადი“ ქვეყნები, რომლებიც სამყაროს პოლიტიკურ პერიფერიაში ვცხოვრობთ და პირდაპირ ვთქვათ, რომ ვართ ღარიბები — ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად დამოკიდებული სხვა ჩვენზე „აღმატებულ“ ქვეყნებზე, ბევრად მალე და უფრო მტკივნეულად ვიგრძნობთ კლიმატის კრიზისით გამოწვეულ ეკოლოგიურ და სოციალურ კატასტროფებს, ვიდრე „განვითარებული“ დასავლეთის ქვეყნები, სადაც კლიმატის მოძრაობა ყველაზე ძლიერია. ძლიერია, რადგან მეტი და მეტი აცნობიერებს, რომ მისი პირადი კეთილდღეობა დაფუძნებულია ხალხისა და ბუნების ექსპლუატაციაზე, კოლონიალიზმზე, სხვების გაღარიბებასა და გაყვლეფაზე — იქნება ეს შვედეთი, გერმანია თუ გაერთიანებული სამეფო, ხოლო კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევებიც სწორედ ‘განვითარებულ’ დასავლეთში ცხოვრობენ, სწორედ დასავლეთმა დატოვა „ეკოლოგიური კვალი“, კლიმატის კრიზისიც ჩრდილოეთის მიერ სამხრეთზე ბატონობისა და მისი ექსპლუატაციის გამოვლინებაა. შესაბამისად, ჩვენი, ახალგაზრდა მწვანეებისა და სხვა მემარცხენე-მწვანეების აზრით, დასავლეთმა, ანუ გლობალურმა ჩრდილოეთმა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების შეჩერებაზე, რაც შეუძლებელია თუ მსოფლიო წესრიგი არ შეიცვალა, არ მოხდა დოვლათის რედისტრიბუცია, ეკონომიკის დეცეტრალიზაცია და, საერთოდ, გლობალური ჩრდილოეთის ჰეგემონიის დასრულება. „საშინაო პერსპექტივა ჩრდილოეთს მოუწოდებს, შეამციროს ბუნებრივი გარემოს გამოყენების ის მასშტაბი, რასაც საკუთარი კეთილდღეობისთვის მოიხმარს და უკან გადაუხადოს სამხრეთს ის ეკოლოგიური დავალიანება, რომელსაც ათწლეულების და საუკუნეების განმავლობაში უსამართლოდ ართმევდა საკუთარი კეთილდღეობისთვის. აქედან გამომდინარე, ეკოლოგიური კორექტირების მთავარი არენა არის არა სამხრეთ ნახევარსფერო ან  მთლიანი დედამიწა, არამედ თავად ჩრდილოეთი. შესაბამისად, საშინაო პერსპექტივა სწორედ იმ უარყოფითი გლობალური ეფექტების შემცირებას ისახავს მიზნად, რომელსაც ჩრდილოეთი ქმნის. ეს შემცირება კი უნდა მოხდეს იქამდე, სანამ ეს ეფექტები არ მოექცევა ჩრდილოეთის საზღვრებს შიგნით, ანუ მხოლოდ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ[9]“.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ვიბრძოლოთ კლიმატური სამართლიანობისთვის სამხრეთშიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალაუფლება ის შევაჩეროთ. მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, მოვითხოვოთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომ სახელმწიფო ატარებს მოსახლეობის კოლექტიურ ინტერესს და წინააღმდეგობას უწევდეს ადგილობრივ თუ გლობალურ კორპორაციებს. „კარგი გლობალური სამეზობლოს მშენებლობა ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, მოითხოვს საშინაო რეფორმას კოსმოპოლიტური სულისკვეთებით“[10]. ამის საპირისპირო რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში, სადაც ათწლეულებია, ვუყურებთ როგორ დგას სახელმწიფო არა ხალხის, არამედ მსხვილი ბიზნესის მხარეს; როგორ ზედმიწევნით ატარებს მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნაკარნახებ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც აღარიბებს ქართველ ხალხს და ანადგურებს ბუნებას. დღესდღეისობით საქართველო გლობალურ დონეზე არ არის გარემოს დამაბინძურებელი, თუმცა ადგილობრივ დონეზე უამრავი სოციო-ეკოლოგიური პრობლემები გვაქვს. ასევე, შესაძლებელია, არსებულმა ლიბერალურმა, ინვესტორებზე და მათ გამდიდრებაზე მორგებულმა მიდგომამ გამოიწვიოს სხვადასხვა ტრანსნაციონალური კორპორაციის მიერ მათი წარმოებების აქ გადმოსროლა, რაც გაზრდის ემისიებს, გარემოს დაბინძურებას და კატასტროფული შედეგი ექნება, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ მოსახლეობასა და კლიმატზე.

ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ამას არ ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან, რადგან  ბრძოლა, რომელშიც მრავალი წელია ჩართულია სვანეთის, პანკისისა თუ სხვა მოსახლეობა ჰესების წინააღმდეგ არის სწორედ ის, რაც ჩვენ უნდა გავაფართოვოთ, ერთმანეთს დავუკავშიროთ, გავაძლიეროთ და გავაგრძელოთ. რადგან ნამდვილი ბრძოლა არის ხალხის კოლექტიურ ინტერესს, კეთილდღეობასა და ეკონომიკური ელიტის კიდევ უფრო გამდიდრებას შორის. ეს ბრძოლა ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალურ დონეზე, ამიტომ მხოლოდ გაერთიანება და სოლიდარობა მიგვიყვანს ახალ მსოფლიო წესრიგამდე.

მე ვიფიცები, რადგან კლიმატის კრიზისსა და ეკონომიკური ელიტის ბატონობას საზღვრები არ აქვს; რადგან დროა, ავაშენოთ სამყარო ყველასთვის და არა ერთეულებისთვის. და ბოლოს, სხვა გზა არც გვაქვს: ჩვენ უნდა დავასრულოთ კაპიტალიზმი მანამ, სანამ თავად დაგვასრულებს ჩვენ — ხალხსა და პლანეტას.

გიორგი ფცქიალაძე

 



[1] (Riley 2017)
[2] კლიმატის ცვლილების მიზეზად აღიარებულია ადამიანის საწარმოო საქმიანობა და ინტენსიური ინდუსტრიალიზაცია, რის შედეგადაც გამოყოფილი სათბური აირები ცვლის ატმოსფეროს შემადგენლობას და ხელს უშლის სითბოს კარგვას. ამ აირებს „სათბური გაზები“ ეწოდება, რომელთა შორისაა ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი, ჰიდროფტორნახშირბადები, პერფტორნახშირბადები და გოგირდის ჰექსაფტორიდი. ეს გაზები შთანთქავს დედამიწიდან ატმოსფეროში არეკლილ ინფრაწითელ გამოსხივებას და აბრუნებს მას დედამიწაზე. სათბური გაზების მთელი რაოდენობის 63%-ს ნახშირორჟანგი შეადგენს, შემდეგ მოდის მეთანი 24%-ით, აზოტის ქვეჟანგი 10%-ით და სხვა აირები - 3%-ით. ყველაზე ძლიერი გაზებია HFC, PFC-ები და SF6-ები, ზოგადი სახელწოდებით “ფ-აირები”. მეთანი იჭერს 21-ჯერ მეტ სითბოს, ვიდრე ნახშირორჟანგი, აზოტის ქვეჟანგი კი, 310-ჯერ მეტს. (მწვანე ალტერნატივა 2013)
[3] (Newman 2019)
[4] (Allende 1972)
[5] (Harvey 2007, 2)
[6] ჩიკაგოს სკოლის ეკონომისტების ჯგუფი
[7] (Jones 2015)
[8] (წიქრიძე და ყაზიაშვილი 2017, 69)
[9] (ზაქსი 2018)
[10] (ზაქსი 2018)

 

ბიბლიოგრაფია
 

მწვანე ალტერნატივა. 2013. მწვანე პოლიტიკა და გარემოსდაცვა.

წიქრიძე, ნიკოლოზ, და ხვიჩა ყაზიაშვილი. 2017. „დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის.“ ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო-ში, ნიკოლოზ წიქრიძე, გურანდა ავქოფაშვილი, ხვიჩა ყაზიაშვილი, მარიკა ავქოფაშვილი, ალექსანდრე ღონღაძე და ზურაბ სამხარაძე -ის მიერ, 61-84. თბილისი.

Allende, Salvador. 1972. „Speech to the United Nations (excerpts).“ Marxist.org. December 4. წვდომილი 2019 წლის 16 September. https://www.marxists.org/archive/allende/1972/december/04.htm.

Harvey, David. 2007. A Brief History of NeoLiberalism. New-York: Oxford Unversity Press.

Jones, Stephen F. 2015. „Kakha Bendukidze and Georgia’s failed experiment.“ openDemocracy. 2 January. წვდომილი 2019 წლის 17 September. https://www.opendemocracy.net/en/odr/kakha-bendukidze-and-georgias-failed-experiment/.

Newman, Jared. 2019. „Focusing on how individuals can stop climate change is very convenient for corporations.“ Fast Company. 1 September. წვდომილი 2019 წლის 18 September. https://www.fastcompany.com/90290795/focusing-on-how-individuals-can-stop-climate-change-is-very-convenient-for-corporations.

Riley, Tess. 2017. „Just 100 companies responsible for 71% of global emissions, study says.“ The Guardian. 10 Jule. წვდომილი 2019 წლის 18 September. https://www.theguardian.com/sustainable-business/2017/jul/10/100-fossil-fuel-companies-investors-responsible-71-global-emissions-cdp-study-climate-change.

ზაქსი, ვოლფგანგ. 2018. „მდგრადი განვითარება და ბუნებრივი გარემოს კრიზისი: ოქსიმორონის პოლიტიკური ანატომია.“ European.ge. 28 აგვისტო. წვდომილი 2019 წლის 18 სექტემბერი. http://european.ge/oqsimoronis-politikuri-anatomia/.

 

ფოტო © ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, თბილისი, სამხრეთ კავკასია

 

ასევე წაიკითხეთ:

image

თავისუფლება

იგი რაღაცით უძალობას ჰგავს. სულ თავს გახვევია, ზოგჯერ გრძნობ, ზოგჯერ ვერა. თუმცა კი იცი, რომ არსებობს. მას ყოფიერების სუნი აქვს, რომლითაც გაჟღენთილია უფანჯრებო ბინა. კედლებზე მოდებული ჭვარტლის გემო. მის სხეულს იმ მიწის სიმძიმე აქვს, რომელშიც მისთვის მებრძოლი ადამიანების სხეულები ჩაასვენეს. მაგრამ მათი სიცოცხლეც არ აღმოჩნდა საკმარისი იმ პროცენტების დასაფარად, რომლითაც სისტემა თავისუფლებას ყიდის. ყიდის ჩვენზე, შენზე და ჩემზე. ესაა დანაზოგი, რომელსაც საკუთარი სისხლით, წვეთ-წვეთობით ვავსებთ, დაუსრულებლად.

image

ცოტა რამ ემოციურობაზე, „ქრინჯობაზე“ და ქართველი კაპიტალისტების „სიკეთეებზედ“

სრულიად ტრაგი-კომიკურია აღნიშნული არგუმენტების მოსმენა იმ პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომელთაც პირდაპირ მიუძღვით წვლილი იმ პოლიტიკის შექმნასა და გატარებაში, რომელმაც ეკონომიკურ და ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანა  ქვეყანა და დედაქალაქი. ე.წ. ბენდუქიზაცია, რომელიც  თავის დროზე გულისხმობდა  ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტისა თუ საჯარო სივრცის გაყიდვასა და გასხვისებას,  და რა პოლიტიკასაც  აგრძელებს ამჟამინდელი ხელისუფლება.  

image

„თავისუფლება“ და პირღებინება

ხვალაც იგივენაირად გავიღვიძებ და დილით გულს ავირევ ამ რეალობაზე, სადაც მარგინალი და სრულიად მარტოდ მყოფი ქვიარი ვარ,  რომლის ადგილი აღარსადაა. ამასობაში კი ვიღაცები დროშებს გაშლიან, სახელმწიფოც პლიუსებს დაიწერს, გირჩები და „მხარდამჭერები“ თავიანთ პროგრესულობას დაამტკიცებენ — მე კი განვაგრძობ წამლის საყიდლად ვალების აღებას და რწყევიდან რწყევამდე ცხოვრებას. ამასობაში ისიც უნდა მოვიფიქრო, სად წავიყვანო თემის უსახლკარო და ნაცემი წევრები, რომლებსაც ქამინგაუთის გამბედაობა არ ყოფნით და მათი ადგილი არც ნათლებშია და არც ბნელებში.

შემოგვიერთდით