მშრომელთა საერთაშორისო დღე და COVID-19

გამოქვეყნებულია: 02.May.2020

რამდენადაც შრომის ეკონომიკა მაკროეკონომიკის სტრუქტურული ნაწილია, შეუძლებელია ამ მხრივ არსებული პრობლემების განხილვა, მთლიანად ეკონომიკის წინაშე არსებული პრობლემებისგან დამოუკიდებლად. ამასთან, ჩვენ ხშირად გვესმის, რომ  СOVID-19 გლობალური გამოწვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გვლენა აქვს გლობალურ ეკონომიკაზე. ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი არც საქართველოა. მეტიც, კორონაკრიზისი ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს. ამის მთავარი მიზეზი ქართული ეკონომიკის სტრუქტურაა, ანუ ის მოცემულობა, რომლითაც შევხვდით პანდემიას.

მე ვეცდები, ეს კომპლექსური საკითხი შემდეგნაირად დავყო: ქართული ეკონომიკა და საკუთრივ შრომის ეკონომიკა პრეკრიზისულ პერიოდში და ახლა. შევეცდები ვაჩვენო, რომ კორონავირუსის უარყოფითი ეფექტების სიმძიმე, ჩვენს შემთხვევაში, მნიშვნელოვანჭილად, სწორედ პრეკრიზისულ პერიოდთან არის კავშირში.

ეკონომიკა პრეკრიზისულ პერიოდში

ეკონომიკის სტრუქტურის საფუძვლიანი ანალიზის შესაძლებლობას ცხადია მოკლებული ვარ. ამიტომ, კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენთვის საინტერესო ფაქტორებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომლებიც, თავის მხრივ, მჭიდრო ურთიერთკავშირში არიან.

კერძოდ:

1.   ქართული ეკონომიკა იმპორტდამოკიდებულია;

2.   ქართული ეკონომიკის განვითარებული სექტორები (ტურიზმი, საბანკო-საფინანსო სექტორი) არ არიან დოვლათის შემქმნელები;

იმპორტდამოკიდებულება არ ტოვებს სივრცეს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთცის (რამდენადაც იმპორტი შიდა მოთხოვნის დამაკმაყოფილებელი და ადგილობრივი წარმოების ალტერნატივაა). ადგილობრივი წარმოების განუვითარებლობა მჭიდრო კავშირშია სამუშაო ადგილების ნაკლებობასთან, უმუშევრობის მაღალ დონესთან და საშუალო სოციალური ფენის არარსებობასთან. ყოველივე ეს, გაკვეული დოზით, იწვევს და ამავდროულად თანაარსებობს ჩემ მიერ დასახელებულ მეორე ფაქტორთან. ეს საბოლოო ჯამში გვაძლევს ასიმეტრიულ სოციალურ სივრცეს, სადაც ერთი მხრივ ცხოვრობენ ფინანსური ელიტები და მეორე მხრივ არსებობს დანარჩენი საზოგადოება.

შეგვიძლია ამ ასიმეტრიის მიზეზები წარსულში ვეძებოთ. დავაბრალოთ ის ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში გამოყენებულ შოკური თერაპიის მეთოდს, ან მოვნათლოთ, როგორც შედეგი სახელმწიფო საკუთრების პრივატიზების აგრესიული, შეიძლება ითქვას, მტაცებლური პროცესისა. თუმცა ეს სხვა სასაუბრო თემაა. ფაქტი ერთია, რომ დღესდღეობით გვაქვს ერთგვარი დიალექტიკური მიმართება ეკონომიკის სტრუქტურასა და ფინანსური ელიტების ინტერესებს შორის. ერთი მხრივ, ეკონომიკურ პროცესთა დინამიკის ბუნებაა იმგვარი, რომ იგი თავად, ინტერვენციის გარეშე, უზრუნველყოფს მიდიდარი სოციალური ფენის კიდევ უფრო გამდიდრებას და ღარიბთა გაღარიბებას, ხოლო მეორე მხრივ, პრივილეგირებული ჯგუფები ამოდიან რა საკუთარი ინტერესებიდან, უზრუნველყოფენ ეკონომიკის არსებული სტრუქტურის შენარჩუნებას  და ფაქტობრივად  სპობენ კონკურენციის შესაძლებლობას. ამ კონტექსტში ლეგიტიმურია კითხვა: რატომ ვერ ვხედავთ საკმარისად მასობრივ საზოგადოებრივ წინააღმდეგობას? რა არის აღწერილი მოცემულობის გამართლება?

ჩემი აზრით, ამ სოციალური პათოლოგიის, ნორმალურ, ბუნებრივ მდგომარეობად წარმოჩენის მცდელობა დაფუძნებულია ლიბერტარიანული ეკონომიკური პოლიტიკის ნარატივზე. სწორედ სუპერდერეგულირებულია, ღია ეკონომიკის უალტერნატივობის მითი უქმნის გამართლებას ზემოთ აღწერილ მდგომარეობას. პოლიტიკური კლასი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ არის გამიჯნული ფინანსური ელიტებისგან, მუდმივად ახდენს მკაცრად დიქოტომიური მოდელის კულტივირებას, სადაც საზოგადოებას უწევს აირჩიოს ორიდან ერთი: ეკონომიკური ზრდა, ან სოციალური სამართლიანობა. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ შრომის ეკონომიკა და მშრომელთა უფლებები.

არახალია, რომ შრომითი კანონმდებლობა არასათანადოდ არეგულირებს რიგ საკითხებს და დამსაქმებლებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს კანონმდებლობით გაწერილი ნორმები, აღსრულების ნაწილში არსებული პრობლემები (და მათი სისტემური ხასიათი) შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ჩვენს ირგვლივ ყოველდღიურად ირღვევა, როგორც შრომის კოდექსით, ისე შიდა ხელშეკრულებით დადგენილი ნორმები, რომლებიც ეხება სამუშაო საათებს, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმებს და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს პრესტიჟული კერძო სკოლის მასწავლებელი ხარ თუ მსხვილი ფინანსური ორგანიზაციის თანამშრომელი, რიგითი თანამშრომელი თუ მაღალი რანგის მენეჯერი, საკანონმდებლო ნორმების დარღვევას ყველგან შევხვდებით. ამდენად, ეს ტრენდიდან ამოვარდნილი ერთი ან რამდენიმე შემთხვევა კი არ არის, არამედ თავად არის ტრენდი.

ყოველივე ამაზე „სუპერდერეგულირების უალტერნატივობის მითის“ შემქმენთა თუ მომხრეთა არგუმენტი ის გახლავთ, რომ შექმნილი ვითარება ნორმალურია, რადგან საფუძვლად ორ თავისუფალ სუბიექტს შორის შეთანხმება უდევს. სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესში ჩარევა ამ სუბიექტთა უფლებების დარღვევა იქნება.  ( ამ ლოგიკით შრომის კოდექსის საჭიროებაც ბუნდოვანია. თუ არ იარსებებს ნორმა, მისი დარღვევაც შეუძლებელი გახდება). თუმცა, ამ არგუმენტის მოშველიებისას, არავინ ფიქრობს, რომ შეუძლებელია სამართლიანი ეწოდოს შეთანხმებას, რომლის ერთ მხარეს არსებობისთვის აუცილებელი სახსრების მაძიებელი სუბიექტია, ხოლო მეორე მხრეს - დამატებითი მილიონის შოვნის მსურველი. სწორედ აქ ჩნდება შესაძლებლობა ექსპლუატაციისა, რაც არის კიდეც ის მოცემულობა, რომლითაც კორონაკრიზისს შევხვდით.

COVID-19 და მისი ეფექტები

სახეზეა ეკონომიკური სტაგნაცია და უარესის მოლოდინი. დღევანდელი გლობალური ეკონომიკური წესრიგის პირობებში, ამაზე მიუთითებს მაგალითად ბარელი ნავთობის ისტორიულ მინიმუმზე დაცემა და მსოფლიო ლიდერების ლტოლვა, აღადგინონ ვირუსის გამო შეჩერებული ეკონომიკური აქტივობები.

ამ სტაგნაციამ დღის სინათლეზე გამოიტანა და, როგორც არასდროს, თვალსაჩინო გახადა ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის ხარვეზები და, საკუთრივ, იმპორტდამოკიდებულების სიმძიმე. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი აგროწარმოება არ არის შემძლე, ელემენტარულ დონეზე დააკმაყოფილოს მოთხოვნა. საჭირო გახდა ცალკეულ იმპორტიორებთან მოლაპარაკება ფასების სტაბილურობის მეტნაკლებად შესანარჩუნებლად. შექმნილ მდგომარეობაში ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით რეაბილიტირდა კონკრეტული წარმოება.

ეს უკანასკნელი ფაქტი, თითქოს შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთგვარ შემობრუნებად, ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობის რეალურ დაფასებად, ეკონომიკური რეალობის მანკიერების აღმოფხვრისკენ გადადგმულ ნაბიჯად, თუმცა, პარალელურად გაძლიერებული რიტორიკა, იმის შესახებ, რომ მოსალოდნელი კრიზისის თავიდან აცილების ერთადერთი გზა მეტი დერეგულირებაა, მაფიქრებინებს, რომ ამ თვალსაზრისით ცვლილება არ იქნება. გავრცელებული მოლოდინი, რომ კრიზისის შემდეგ მეტად სოლიდარულ მსოფლიოს მივიღებთ, ქართულ სოციო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეზე არ ვრცელდება. ამის არგუმენტად ისიც გამოდგება, რომ საქართველოში არსებული პრივილეგირებული ჯგუფების, მთლიანად მანიპულაციას დაფუძნებული მოქმედების წესი არ იცვლება, არც ახლა — კრიზისულ პერიოდში. ამის მაგალითია შრომის ეკონომიკა.

სამუშაო ადგილების შემცირება და უმუშევრობის ზრდა პანდემიის პირობებში გლობალური მოვლენაა, თუმცა, ქართულ რეალობაში ბევრი არაბუნებრივი და საგანგაშო რამ ხდება. ჩემი აზრის უკეთ ჩამოსაყალილებლად, მოვიშველიებ გერმანელი მოაზროვნის, მარკუს გაბრიელის, სიტყვებს. ის გავრცელებულ აზრს, რომ ჩვენ, ყველანი, უხილავ მტერთან ომში ვართ ჩაბმულნი „საომარ რიტორიკას“ უწოდებს. მართალია მარკუს გაბრიელი ეთიკურ პრობლემას განიხილავს, მე ამ სახელდებას ჩვენი კონტექსტისთვის გამოვიყენებ და ვიტყვი: „საომარი რიტორიკა“  არის საგანგებო მდგომარეობაში გაჩენილი შრომითი ექსპლუატაციის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აყვანის, საგანგებო გამართლება (მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ლიბერტარიანულმა პროპაგანდამ ძალა დაკარგა, მისი ფუნქცია „საომარმა რიტორიკამ“ შეითავსა). შრომის საათების ნორმირებამ აზრი დაკარგა, დისტანციურად მუშაობა, რიგ შემთხვევებში, მთელი დღით მუშაობას გულისხმობს. არის ანაზღაურების გარეშე მუშაობის და ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ფუნქციების შესრულების მოთხოვნები და ყოველივე ამას საფუძველს უქმნის, ლეგიტიმაციას სძენს, სწორედ „საომარი რიტორიკა“. რაც შეეხება სახელწიფოს, ის, ერთი მხრივ, ავრცელებს „საომარ რიტორიკას“, ხოლო, მეორე მხრივ, არ არის შემძლე ( ან არ აქვს ნება), ალაგმოს ზემოთაღწერილი გვერდითი ეფექტები. ამდენად, თუკი დღეს ვერ ვხედავთ სოლიდარულ პრინციპზე დაფუძნებულ ეკონომიკურ პროცესს, ძნელი წარმოსადგენია მისი არსებობა პოსტკრიზისულ პერიოდში, როცა, რაც მეტად დაკარგავს ძალას ვირუსი, მით მეტად მოიკრებს სიღარიბე.

ასე რომ, 2020 წლის პირველი მაისი უარესის მოლოდინით და უკეთესის იმედით, მშრომელების ფორმაშეცვლილი და შინაარსდამძიმებული ყოველდღიურობის ფონზე აღინიშნება.

 

ავტორი: ალექსანდრე ძაბირაძე

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

image

კაფკა, ნეოლიბერალიზმი და პოლიტკორექტულობა

ნეოლიბერალური პოლიტკორექტურობა არ წარმოიქმნება საკითხების რეფლექსიების შედეგად, იგი არ წარმოადგენს დიალექტიკური პროცესის სასრულ ფაზას; ის არის პასიური რეაქცია სამყაროში წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, მასობრივ ჩაგვრაზე (ქალების, ქვიარების და ა.შ.), ეკოლოგიურ პრობლემებზე; ეს ქმნის სიმულაციურ გარემოს, თითქოს აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლა ინტენსიურად მიმდინარეობდეს.

image

დაფასებული მშრომელის ღიმილი

ისინიც ხშირად სამსახურიდან დაბრუნებული შემოდიან აშლილი ნერვებით, მაგრამ შენი მაინც არ ესმით. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ნავაჭრს დებ, შენ მაინც 300-400 ლარი გრჩება და მერამდენე ცდაზე ისევ ვერ სწავლობ ჭკუას, როგორ იმყოფინო თვის ბოლომდე.

შემოგვიერთდით