როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

გამოქვეყნებულია: 29.May.2020

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა). ასევე არ ცვლის ოფიცრების სამსახურიდან გაშვება იმ ფაქტს, რომ არც ერთი მათგანი ციხეში არ ზის — ადამიანის მკვლელობისათვის. მსგავსი მკვლელობები ოფიცრების მხრიდან და ზოგადად პოლიციის ძალადობა ამერიკისათვის უცხო არაა — განსაკუთრებით კი შავკანიანი პიროვნებების წინააღდეგ. 

ამ ყველაფერს მოჰყვა საპროტესტო ტალღა: აქციები, შენობების გადაბუგვა, მაღაზიების ძარცვა. უკვე მესამე დღეა, რაც მიმდინარეობს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისათვის გაფიცვები და დემონსტრაციები; ამ ყველაფრის უკან დგას საუკუნეების განმავლობაში და დღემდე ჩაგრული ხალხის ბრაზი და თრთოლვა. 

მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრულია, ფლოიდის მკვლელი, 44 წლის ოფიცერი დერეკ შოვინი დაკავებული არ არის. მას ასევე აქვს დანაშაულებრივი ქმედებების გრძელი სია — გარდა იმისა, რომ კისერზე მუხლით დაჭერის მეთოდი სასტიკი და არაკანონიერია (იგი პოლიციის განყოფილების თანამშრომლების გადამზადებაში არ შედის და ლიცენზირებული ტაქტიკა არ არის — ჯონ ელდერის, მინეაპოლისის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით), 2011 წელს იგი დროებით იქნა სამსახურიდან განთავისუფლებული ალასკელ ადგილობრივ ლიროი მარტინეზის უკანონო სროლისათვის; 2008 წელს მან შეუიარაღებელ, შავკანიან ირა ტოლესს ესროლა, და ამ ყველაფერთან ერთად, იგი ლათინო ამერიკელი უეინ რეიზის ერთ-ერთი მკვლელი იყო. ეს ბოლო ორი დანაშაული პოლიციის მიერ გამართლებული იქნა, თუმცა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაზე დაგმობისა და სამსახურიდან გაშვების გარდა სხვა რეაქცია არ ყოფილა.

ამ ყველაფერს მოჰყვა ხალხის განრისხება, პოლიციასთან შეტაკება, შენობების დარბევა, ა.შ. პროტესტების მესამე დღეს ძალიან მნიშვნელოვნად და მასშტაბურად განვითარდა სიტუაცია: ნაძარცვი საქონელი და სანოვაგე თავმოყრილია ერთ-ერთ უბანში, და ხდება მათი განაწილება-დარიგება საჭიროების მიხედვით; რიგით მესამე პოლიციის მესამე სადგური იქნა აღებული და განადგურებული (ამ სადგურიდან აღებული ნივთები, როგორიცაა რუპორები და ფანრები ასევე განაწილებული იქნა დემონსტრანტებს შორის); გადაცმული პოლიცია ცეცხლს უკიდებს შენობებს, პროტესტებისთვის ლეგიტიმაციის წასართმევად; სადაც აქციის მონაწილეებს იარაღი არ აქვთ, პოლიცია ილუზიას ქმნის რომ ხელჩართული ბრძოლაა — ხელოვნური თოფის გასროლის ხმების გაჟღერებით — ასევე პროტესტების შესალახად; თუმცა პოლიციას არ აქვს არანაირი კონტროლი სამხრეთ მინეაპოლისში — უბნების ნახევარზე ზემოქმედების საშუალება დაკარგეს. რა თქმა უნდა, ლიბერალური თუ კონსერვატორული მედია ამ ყველაფერს აშუქებს ძალიან ცალსახად და მიკერძოებულად.

მსგავს სპონტანურ რეაქციებს (სპონტანური იმიტომ, რომ მსგავსი მკვლელობები ყოველ წელს ხდება აშშ-ში, თუმცა ისეთი მასშტაბური და დამანგრეველი გამოსვლები, რომელიც ამჟამად მინეაპოლისში მიმდინარეობს, სიხშირით თანაფარდობაში არ არის ამ მკვლელობებთან) ხალხისაგან ბევრი მხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგე ჰყავდა მე-20 საუკუნის პოლიტიკაში. განსაკუთრებით კი 1905 წლის რუსეთის რევოლუციის დროს, როდესაც მსოფლიომ არნახული დონის და სიმძლავრის გაფიცვები და ბუნტები ნახა. ამის ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო როზა ლუქსემბურგი, რომელიც რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, 1906 წელს თავისი ნაშრომით, “მასობრივი გაფიცვით” გამოეხმაურა. თვითონ  ამ პამფლეტასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მეტწილად იმიტომ, რომ სპონტანური რევოლუციური ქმედებების პრაქტიკა არსებობდა, თუმცა თეორია მეტნაკლებად არა. სპონტანურობას გამოეხმაურა ენგელსი 1873 წელს, ხოლო ლენინი 1902-ში (თუმცა ნეგატიურად).

გადავწყვიტე, თქვენთვის შემომეთავაზებინა საინტერესო ნაწყვეტები როზა ლუქსემბურგის “მასობრივი გაფიცვის” მე-6 თავიდან, სათაურით “ორგანიზებული და არაორგანიზებული მუშების თანამშრომლობა აუცილებელია გამარჯვებისათვის.” გადავწყვიტე, რომ ეს ნაწარმოები საკმაოდ რელევანტურია მიმდინარე მოვლენების ფონზე, რომელიც ზოგმა მარქსისტმა დაგმო როგორც არაფექტური და რევიზიონისტური (დიდი არგმუნეტი მოდის ქაოსური ქმედებიდან, ორგანიზების გარეშე), ხოლო ზოგმაც — მხარდაჭერა გამოუცხადა. სამწუხაროდ, ამჯერად როზა ლუქსემბურგის ნაშრომები ქართულ ენაზე არ არის თარგმნილი, თუმცა ახლახანს დაიწყო მისი მოკლე პამფლეტების თარგმნა. “მასობრივი  გაფიცვის” მე-6 თავიდან მოცემული ამონარიდები მინეაპოლისში მიმდინარე პროტესტების საინტერესო და ეფექტური ანალიზის საშუალებას გვაძლევს.


როზა ლუქსემბურგი - მასობრივი გაფიცვა

თავი VI
ორგანიზებული და არაორგანიზებული მუშების თანამშრომლობა აუცილებელია გამარჯვებისათვის [ნაწყვეტები]

1878 წელს, პროფკავშირები დაახლოებით 50,000 წევრს ითვლიდა. დღევანდელი პროფკავშრის ლიდერების თეორიის თანახმად [1], ეს ორგანიზაცია, როგორც ზევით აღვნიშნეთ, არ იყო “საკმარისად ძლიერი” იმისათვის, რომ გაშმაგებულ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართულიყო. მაგრამ, გერმანელმა პროფკავშირელებმა, რაოდენ სუსტებიც არ იყვნენ, ბრძოლა წამოიწყეს — უფრო კონკრეტულად, ანტი-სოციალისტური კანონის წინააღმდეგ - და იმის დემონსტრაცია მოახდინეს რომ “საკმარისად ძლიერები” იყვნენ; გარდა იმისა, რომ ისინი ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ, თავიანთი ძალა ხუთჯერ გაზარდეს: 1891 წელს, ანტი-სოციალისტური კანონების გაუქმების შემდეგ, მათ 277,659 წევრი ჰყავდათ. მართალია, ის, რომ მეთოდები, რომლებიც პროფკავშირელებმა გამოიყენეს ანტი-სოციალისტური კანონების წინააღმდეგ არ იყო მშვიდობიანი, ფუტკრისნაირი შეუფერხებელი პროცესი: ისინი ბრძოლაში ჩაერთნენ სრულიად განადგურებულები, მაგრამ შემდეგ ტალღაზე ფეხზე წამოდგნენ და ხელახლა დაიბადნენ. მაგრამ ზუსტად ეს არის განვითარების ის მეთოდი, რომელიც პროლეტარულ კლასობრივ ორგანიზაციებს ახასიათებს: ბრძოლაში გამოწრთობა და ბრძოლის ველიდან უფრო ძლიერად გამოსვლა.

მასობრივი გაფიცვა, როგორც სერიოზული პოლიტიკური, კლასობრივი ქმედება, მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზებული მუშების ჩართულობით თავიდან ბოლომდე უიმედოა. თუ მასობრივი გაფიცვა, ანდაც მასობრივი გაფიცვები წარმატებისათვის იღწვიან, ისინი უნდა გახდნენ ნამდვილი ხალხის მოძრაობები, ანუ, პროლეტართა უდიდესი ნაწილი უნდა იყოს ჩაბმული ამ ბრძოლაში…

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირდაპირ, პოლიტიკურ, მასობრივ ქმედებებზე უფრო ვრცელდება, ვიდრე საპარლამენტო ბრძოლებზე. თუ სოციალ-დემოკრატები [2], როგორც მუშათა კლასის ორგანიზებული ბირთვი, არიან მუშათა მოძრაობის ყველაზე მნიშვნელოვანი ავანგარდი, და თუ მუშათა მოძრაობის პოლიტიკური სიმკვეთრე, ძალა და ერთობა ამ ორგანიზაციიდან მოედინება, მაშინ არანაირად არის დასაშვები პროლეტარიატის კლასობრივი მოძრაობის წარმოდგენა, როგორც ორგანიზებული უმცირესობის მოძრაობა. ყველა ნამდვილი, დიდებული კლასობრივი ბრძოლა უნდა ეყრდნობოდეს მასების მხარდაჭერასა და თანამშრომლობას; ხოლო კლასობრივი ბრძოლის ის სტრატეგია, რომელიც ამ თანამშრომლობას სერიოზულად არ უყურებს და დაფუძნებულია ფაქიზად დადგმულ სცენარზე, პატარა, კარგად გაწვრთნილ პროლეტართა ნაწილის გამოყენებით, სასიკვდილოდაა განწირული, როგორც საბრალო მარცხი.

ამიტომ მასობრივი გაფიცვა, და ფართო პოლიტიკური ბრძოლა გერმანიაში ვერანაირად იქნება მხოლოდ ორგანიზებულ მუშებზე და ვერც რომელიმე პარტიის ცენტრალური კომიტეტის მითითებებზე დამოკიდებული...

პროლეტართა კლასობრივ ბრძოლაში ორგანიზაციების მეტისმეტად გაზვიადებული და არასწორი შეფასება ძირითადად ეყრდნობა არაორგანიზებული პროლეტარიატის და მათი პოლიტიკური სიმწიფის არასაკმარისად შეფასებას. რევოლუციურ პერიოდში, კლასობრივი ბრძოლის ამოხეთქვის შტურმში, სწრაფი კაპიტალისტური განვითარების და სოციალ-დემოკრატიული გავლენის მთელი საგანმანათლებლო ეფექტი, პირველი ხალხთა მასებზე აისახება…

ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთში, დაახლოებით ორ წელიწადში, პროლეტარიატის დიადი მოძრაობა და ქმედება, მუშათა და დასაქმებულთა შორის სულ პატარა კონფლიქტებიდან, ანდაც მთავრობის ორგანოების ყველაზე უმნიშვნელო, მაგრამ სასტიკი ქმედებებიდან შეიძლება წარმოიშვას. ამას, რა თქმა უნდა ყველა ხედავს, და ყველას სჯერა, რადგან “რევოლუცია” რუსეთშია. მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს, რომ კლასობრივი გრძნობა და კლასობრივი ინსტინქტი რუს პროლეტართა შორის არის ცოცხალი და აქტიური... გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში და ჰოლანდიაში, ყველაზე მრისხანე პროფკავშირული კონფლიქტები, მუშათა კლასის ზოგად მოქმედებას ძალიზედ იშვიათად მოიხმობენ - და როდესაც ამას შვრებიან, მხოლოდ მუშათა ორგანიზებული ნაწილი ირჯება - რუსეთში, ყველაზე პატარა დავაც კი ქარიშხალს ატრიალებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამჟამად - როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს - ყველაზე ახალგაზრდა, ნაკლებად გაწვრთნილი, ცუდად განათლებული და უარესად ორგანიზებული რუსი პროლეტარიატის კლასობრივი ინსტინქტი უზომოდ უფრო ძლიერია, ვიდრე გერმანიაში ან სხვა რომელიმე დასავლეთ ევროპის ქვეყანაში ორგანიზებული, გაწვრთნილი და განათლებული მუშათა კლასის. და ეს ყველაფერი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც “ახალგაზრდა, გადაღლილი აღმოსავლეთის” განსაკუთრებული უმანკოება “ზოზინა დასავლეთთან” შედარებით, არამედ როგორც პირდაპირი, რევოლუციური, მასობრივი ქმედების შედეგი.

სოციალ-დემოკრატები პროლეტარიატის ყველაზე განათლებული და კლასობრივი აზროვნების მქონე ავანგარდია. მაგრამ ისინი ვერ დაელოდებიან, ფატალისტურად, გულზე ხელის დაკრეფით, თუ როდის მოვა “რევოლუციური სიტუაცია”, ანდაც როდის ჩამოვარდება ზეციდან, უეცრად, ხალხის სპონტანური მოძრაობა. პირიქით, ისინი ახლა, როგორც ყოველთვის, უნდა დაშურდნენ სიტუაციათა განვითარებას და ეცადონ მოვლენების დასწრაფებას. მაგრამ, ეს ყველაფერი ვერ მოხდება უცაბედი “მოწოდების” გამოშვებით მასობრივი გაფიცვისათვის, დაუგეგმავად და ალალბედზე. ჯერ საჭიროა, რომ პროლეტარიატის ყველაზე ფართო ფენებისათვის ნათელი გახდეს მსგავსი რევოლუციური პერიოდის აუცილებელი მოახლოება, ამ პერიოდის შიდა-სოციალური ფაქტორებით და პოლიტიკური შედეგებითურთ. თუ პროლეტარიატის ყველაზე ფართო ფენა სოციალ-დემოკრატების მასობრივ მოქმედებაზე თანახმაა, და პირიქით, თუ სოციალ-დემოკრატებმა აიტაცეს და შეინარჩუნეს მასობრივი მოძრაობის მართვა-გამგეობა - თუ ისინი გახდენენ, პოლიტიკური გაგებით, მთელი მოძრაობის ხელმძღვანელები, მაშინ მათ აუცილებლად, უკიდურესი სიცხადით, თანმიმდევრულობით და შეუპოვრობით უნდა აუხსნან გერმანელ პროლეტარიატს თავიანთი ტაქტიკები და მიზნები მოახლოებულ ბრძოლაში.


___________________


1.როზა ლუქსემბურგი აქ ეხმაურება პროფკავშირების ლიდერების უნიათო და არამატერიალისტურ მიდგომას, რადგან 40 წლის მანძილზე მათი განმარტება, რომ “ჯერ ჩვენ ძლიერები არ ვართ, ამიტომ მუშებს ვერ მოვუწოდებთ მასობრივი გაფიცვისაკენ” არ შეცვლილა, რაც მუშათა კლასის უმოქმედობას იწვევდა 

2. მე-20 საუკუნის დასაწყისში, სოციალისტები მოიხსენიებოდნენ როგორც სოციალ-დემოკრატები. 1920 წლის შემდეგ, როდესაც სოციალ-დემოკრატია გამოიკვეთა როგორც რეფორმისტური, რევიზიონისტული და ანტი-მარქსისტული პოზიცია, მარქსისტებმა საკუთარი თავისათვის სოციალისტების და კომუნისტების უფრო დიდი სიხშირით წოდება დაიწყეს, “სოციალ-დემოკრატი”-ს ჩასანაცვლებლად. აქ ლუქსემბურგი სოციალ-დემოკრატებით SPD-ს, ანუ სოციალისტებს გულისხმობს

 

 

ანონიმური გამოხმაურება

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

ზარალა თუ ზარალა

თუ ასეთი ზარალა გამოჩნდება — მერე რა, რომ ისიც ზარალა იქნება, ამაზე კირკიტის დრო არაა, პოლიტიკა ასე არ მუშაობს — ჩვენი ყველას ვალი იქნება სწორედ მას დავუჭიროთ მხარი, რომ რეალური ცვლილებები დადგეს დღის წესრიგში. მერე უკვე უფლება აღარ გვექნება, ზარალას მაფიოზურ საქმიანობაზე გვქონდეს პრეტენზია, თუ აგერ გვყავს მისი ალტერნატივა და მხარს არ ვუჭერთ.

image

სიჩუმე და მძვინვარება

არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის საქმეს აგრძელებს და კარირულ ზრდაზე, წარმატებაზე ფიქრობს. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ყველას ეშიანია. ან აზრს ვერ ხედავს ვერაფერში.  არა და ჩვენ გვერდით ხდება ეს ამბავი. ყოველდღიურად ვპოსტავთ იმაზე რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებთ ნაცებს, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგა და რა ხდება? ყველა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას... აი ისე ფილმებში რომ არის. დაჩაჩანაკებული საზოგადოება, რომელიც დაზომბირებულია. პრობლემას წინ უდებ, გისმენენ, გისმენენ და შემდეგ უემოციოდ აგრძელებენ საქმეს.

image

კაფკა, ნეოლიბერალიზმი და პოლიტკორექტულობა

ნეოლიბერალური პოლიტკორექტურობა არ წარმოიქმნება საკითხების რეფლექსიების შედეგად, იგი არ წარმოადგენს დიალექტიკური პროცესის სასრულ ფაზას; ის არის პასიური რეაქცია სამყაროში წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, მასობრივ ჩაგვრაზე (ქალების, ქვიარების და ა.შ.), ეკოლოგიურ პრობლემებზე; ეს ქმნის სიმულაციურ გარემოს, თითქოს აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლა ინტენსიურად მიმდინარეობდეს.

შემოგვიერთდით