ზარალა თუ ზარალა

გამოქვეყნებულია: 01.Jul.2020

ზარალას შესახებ ალბათ უკვე იცით. მე მთელი ეს პერიოდი, რაც მასზე და მის შავბნელ საქმეებზე გავიგე, ყოველ ღამე ლოგინში რომ ვწვები, ვფიქრობ ზარალაზე, რა გინდა რომ გააწყო ამხელა მონსტრთან, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მოვიფიქრე გამოსავალი და მინდა, დაწვრილებით მოგიყვეთ ამაზე.

დავიწყოთ იმით, თუ რა არის აქ მთავარი პრობლემა, რადგან ამის მიხვედრაა გადამწყვეტი სწორი გამოსავლის საპოვნელად: „ზარალიზმის“ მთავარი პრობლემა ხომ ისაა, რომ მხოლოდ ერთი ზარალა გვყავს, მეტი რომ გვყავდეს, ამდენს ვეღარ გაბედავდა. ზარალას რომ გავუმკლავდეთ გვჭირდება მეორე ზარალა, რადგან ერთ ზარალას, გიორგი რამიშვილს, აქვს მონოპოლიზებული ზარალობა და ფაქტობრივად ერთპიროვნულად გვაზარალებს. ერთადერთი რეალური გზა, რომ ამას შევეწინააღმდეგოთ არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ მეორე ზარალას, რომელიც პირველობაში შეეცილება არსებულს და ამ ძალთა დაბალანსებითა და კონკურენციით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხეირებთ.

მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ ასეთი მარტივიც არ არის რეალურად ქმედითი და ღირსეული მეორე ზარალას პოვნა, იგი გარკვეულ უპირატესობებს უნდა ფლობდეს წინააღმდეგობის გასაწევად — გიორგი რამიშვილმა თუ, პირობითად, ხუთი ადამიანი ჩაცხრილა, ახალ ზარალას მაქსიმუმ სამი უნდა ჰყავდეს მოკლული, ისიც ასეთი გახმაურებული არ უნდა იყოს და მორალური უპირატესობაც სახეზეა. 

ახალ ზარალას ჩვენი მხარდაჭერის სანაცვლოდ უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა მოვთხოვოთ, შეიძლება სადმე ხეები დარგოს, 1-2 სტუდენტი გაუშვას სასწავლებლად. მოკლედ, კეთილ საქმეებს რა დალევს, რთული არ იქნება ამის მოფიქრება.

ჩვენ გვჭირდება ახალი ზარალა, რომელიც ბათუმში რივიერაზე ხუთი ცათამბჯენის მაგივრად ოთხს ააშენებს, ოღონდ ერთს — ცოტა უფრო დაბალს.

რამე პროგრესული და/ან კონსერვატორულიც საჭიროა, გააჩნია მეტ ხალხს როგორი იმიჯი უფრო მიიზიდავს: მაგალითად, დემონსტრაციულად დაესწროს ხოლმე წირვებს ან ქალების კვოტირებას დაუჭიროს მხარი, იქნებ ორივე? ისიც ვიფიქრე, საერთოდ ქალი ხომ არ იყოს-მეთქი, როგორი რევოლუციურად პროგრესული იქნება — წარმატებული, მდიდარი ქალი ახალ მწვერვალებს იპყრობს და მდიდარი, წარმატებული კაცის პოზიციებს არყევს, მაგრამ არ მგონია, ამ ეტაპზე ჩვენს საზოგადოებაში ამ სვლამ გაამართლოს.

თუ ასეთი ზარალა გამოჩნდება — მერე რა, რომ ისიც ზარალა იქნება, ამაზე კირკიტის დრო არაა, პოლიტიკა ასე არ მუშაობს — ჩვენი ყველას ვალი იქნება სწორედ მას დავუჭიროთ მხარი, რომ რეალური ცვლილებები დადგეს დღის წესრიგში. მერე უკვე უფლება აღარ გვექნება, ზარალას მაფიოზურ საქმიანობაზე გვქონდეს პრეტენზია, თუ აგერ გვყავს მისი ალტერნატივა და მხარს არ ვუჭერთ.

აბა სხვანაირად რა გამოდის? ვითომ ვებრძვით, მაგრამ ის მაინც თავისას აკეთებს, ასე კი რეალური შანსი გვაქვს, მივიღოთ ოთხი ცათამბჯენი ხუთის მაგვირად, სამი გვამი ხუთის მაგივრად, ნუთუ ეს არ არის გამარჯვება სწორი პოლიტიკის წარმართვით, ნუთუ ეს არ ჯობია სულ არაფერს?

და, რა თქმა უნდა, ახალი ზარალა ყველა პირობას შეასრულებს და ოდნავ შვებას მოგვცემს, ამის აღნიშვნაც ზედმეტია.

როგორ შეიძლება, ახალ ზარალას მხარი დავუჭიროთ? უმჯობესი იქნება, ამ საკითხს მარკეტოლოგს ან ვინმე ასეთს თუ მივანდობთ, მე მხოლოდ ერთი იდეა მაქვს: შეიძლება კამპანია წამოვიწყოთ, რომ ახალი ზარალა ბიზნესმენის საქონელი და სერვისები შევიძინოთ მხოლოდ, გავარეკლამოთ მისი ბრენდები, მისი პირონება და კეთილი საქმეები.

თუმცა, ერთ საკითხს მაინც ღიად დავტოვებ: როგორ ჯობია, არ გვინდოდეს ეს სოციალური პასუხისმგებლობები და მაღალი მორალი, არამედ თავისთავად ძლიერი პიროვნება, რომელიც ისედაც მშვენივრად გაუწევს წინააღმდეგობას ზარალას და ამ კონკურენციით და ძალთა დაბალანსებით მაინც ვიხეირებთ, თუ იქნებ გვაქვს რეალური შანსი, რომ უფრო მორალურმა ზარალამ მთლიანად დაიკავოს ხელიდანწასული გიორგი რამიშვილის ადგილი (ჩვენ ამაზე ვიმუშაოთ ამჯერად) და ამით შემსუბუქდეს ჩვენი მდგომარეობა?

დასასრულისთვის, ძალიან არაპოპულარული რაღაც მინდა ვთქვა:

ლიბერალები თუ კონსერვატორები?
ამერიკა თუ რუსეთი?
მხედრიონი თუ ზვიადი?
ნაცები თუ ქოცები?
ზარალა თუ ზარალა?
ჩემი პასუხია: ცალსახად არც ერთი. 

 

ავტორი: მარიამ ვაწაძე

თეგები:

ასევე წაიკითხეთ:

image

სიჩუმე და მძვინვარება

არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის საქმეს აგრძელებს და კარირულ ზრდაზე, წარმატებაზე ფიქრობს. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. ყველას ეშიანია. ან აზრს ვერ ხედავს ვერაფერში.  არა და ჩვენ გვერდით ხდება ეს ამბავი. ყოველდღიურად ვპოსტავთ იმაზე რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებთ ნაცებს, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგა და რა ხდება? ყველა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას... აი ისე ფილმებში რომ არის. დაჩაჩანაკებული საზოგადოება, რომელიც დაზომბირებულია. პრობლემას წინ უდებ, გისმენენ, გისმენენ და შემდეგ უემოციოდ აგრძელებენ საქმეს.

image

როზა ლუქსემბურგი, მასობრივი გაფიცვა და მინეაპოლისი

ორშაბათს, 25 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ადგილობრივმა პოლიციამ სასტიკად იმსხვერპლა 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. თვითმხილველთა გადაღებული ვიდეოებიდან აშკარად ჩანს, რომ ფლოიდი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერს ასფალტზე ჰყავდა დაწვენილი და კისერში მუხლს აჭერდა. ეს ოფიცერი და მისი სამი თანაშემწე მეორე დღეს სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფლოიდი ამ ყველაფრის შედეგად „ვერ ვსუთქავ”-ის ძახილით იქნა მოკლული (იგი საავადმყოფოში მიმავალი გარდაიცვალა).

image

კაფკა, ნეოლიბერალიზმი და პოლიტკორექტულობა

ნეოლიბერალური პოლიტკორექტურობა არ წარმოიქმნება საკითხების რეფლექსიების შედეგად, იგი არ წარმოადგენს დიალექტიკური პროცესის სასრულ ფაზას; ის არის პასიური რეაქცია სამყაროში წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, მასობრივ ჩაგვრაზე (ქალების, ქვიარების და ა.შ.), ეკოლოგიურ პრობლემებზე; ეს ქმნის სიმულაციურ გარემოს, თითქოს აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლა ინტენსიურად მიმდინარეობდეს.

შემოგვიერთდით