ეკონომიკური ზრდის მცდარობა

published: 08 February 2017

დღეს, ყველა საუბრობს იმაზე, რომ არსებული მრავალშრიანი კრიზისის აღმოსაფხვრელად ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. უფრო ზუსტად კი ამას დიდი ხანია ვისმენთ. ორივე ფლანგი - მემარჯვენეც და მემარცხენეც, კაპიტალისტური და, ასე ვთქვათ, სოციალისტური მთავრობებიც გვთავაზობენ თეორიებს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ  პროგრესისთვის და არსებული გამოწვევების გასამკლავებლად მეტი წარმოება და მოხმარება გვჭირდება.

 

მუდმივი ეკონომიკური ზრდის ნარატივი

იბადება კითხვა - მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ხომ რეალურად უკვე საკმარისად დიდია? წარმოებისა და მოხმარების დონე 60%-ით ამეტებს პლანეტის ბიოლოგიურ შესაძლებლობებს ყოველწლიურად. მუდმივი გაფართოების ფაზაში მყოფმა რესურსების მოპოვებამ და მოხმარებამ მსოფლიო მასშტაბით უმაღლეს წერტილს მიაღწია 70 მილიარდი ტონით წელიწადში. არსებული პროგნოზებით სწრაფი ზრდა მომავალშიც გაგრძელდება - მოსალოდნელია, რომ 2100 წლისთვის ჩვენ ვაწარმოებთ სამჯერ მეტ ნარჩენს, ვიდრე დღეს.

მასშტაბური რესურსებისა და მოხმარების მოპოვების ეს მუდმივი პროცესი იწვევს ბუნების მძიმე დეგრადაციას. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ჩვენ დღეს ვართ სახეობების ყველაზე მასობრივი გადაშენების მოწმეები. ადამიანთა ეკონომიკურმა საქმიანობებმა გამოიწვია კლიმატის ცვლილება (თითოეული წელი უფრო ცხელია, ვიდრე წინა), რომელიც ადამიანების მასობრივი გადაადგილების საფრთხეს ბადებს (კლიმატური დევნილები). მსოფლიოს მრავალ ადგილას ნიადაგი დეგრადირდება გენმოდიფიცირებული სათესებით, ხოლო წყალი და ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ დონეს აღწევს. ჩვენი ოკეანეების თავზე ჩნდება ნარჩენთა კუნძულები და ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებასთან ომის რეჟიმში ვიმყოფებით.

რთულია ზუსტად ვთქვათ რამდენად შეგვიძლია ანთროპოცენტრიზმით გამოწვეული კრიზისის შეჩერება თუ ყველაფერი უცვლელად გაგრძელდება. დღესდღეობით სახელმწიფო ლიდერები აღიარებენ კლიმატის პრობლემას და ერთმანეთს ნახშირორჟანგის ემისიების დაწევისკენ მოუწოდებენ, რათა დააკმაყოფილონ „2 გრადუსი ცელსიუსის’’ მოთხოვნა, თუმცა პარადოქსულად აგრძელებენ მეტი რესურსის მოპოვებას, ინდუსტრიულ წარმოებას, საქალაქთაშორისო გადაზიდვებს, მოხმარებას და ასე შემდეგ.

არსებული დომინანტური ნარატივით უთანასწორობისა და სიღარიბის დასამარცხებლად ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა, თუნდაც ეს იწვევდეს შეუქცევად ეკოლოგიურ კატასტროფებს. აქვე კიდევ ერთი კითხვა იბადება — ეკონომიკური ზრდის აქამდე მოპოვებული მაჩვენებლით, წესით, რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი ხომ უკვე უნდა გვქონოდა, არა?

რეალური სურათი კი სრულიად საპირისპიროს გვიჩვენებს. თანამედროვე საზოგადოებებში, მიუხედავად მათი მზარდი ეკონომიკისა, მატულობს უთანასწორობა. ჯეისონ ჰიქელის (ლონდონის ეკონომიკის სკოლა) მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესმა ნაწილმა ბოლო 20 წელში საკუთარი მოგება  60%-ით გაზარდა. როგორც აღვნიშნეთ, გლობალური მასშტაბით ეკონომიკური ზრდის პარალელურად, კატასტროფულად იმატა უთანასწორობამაც.

ეს ხდება იმიტომ, რომ ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს აუცილებლად სოციალურ კეთილდღეობას. მაგალითად, რამდენიმე ბანკირის გამდიდრება გამოიწვევს საშუალო შემოსავლის მაჩვენებლის გაზრდას იმის მიუხედავადაც თუ ადამიანთა უმეტესობის შემოსავალი პარალელურად კლებულობს. მზარდი დავალიანებების პრაქტიკა აგრეთვე პოტენციურად უწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას, როგორც იყო ირლანდიის შემთხვევაში, სანამ ეს ყველაფერი კრიზისს წარმოშობდა. მაგალითად, თუ გაღატაკებულ რაიონებში მცხოვრები ადამიანების შემოსავალი მოიმატებს, ეს ეკონომიკური სექტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა იგივე არ ვრცელდება ყველაზე მდიდარ ფენაზე, რომელთა ეკონომიკური გაფართოებისგანაც შედგება გლობალური ეკონომიკის უდიდესი ნაწილი.

მუდმივი ეკონომიკური ზრდის ნეგატიურ შედეგებზე 1987 წელს უკვე საუბრობდა ენრიკო მალატესტა, რომელიც მის წიგნში At the Café აღნიშნავს:

  ბოროტებები, როგორიცაა სოციალური უთანასწორობა, სიღარიბე, დაუსაქმებლობა, ზოგადად უფრო ინტენსიურია ქვეყნებში, სადაც განვითარებულია ინდუსტრია, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა მუშები ახერხებენ სამუშაო ადგილზე თვითორგანიზებას, წინააღმდეგობასა და აჯანყებას უკეთესი საცხოვრებელი პირობების  მისაღწევად.

 

სამართლიანი ზრდის პარადიგმა

დღესდღეობით, ევროპელი მემარცხენენეები (საბერძნეთის მთავრობის, სირიზას სახით) ეკონომიკის სამართლიანი ზრდის პრინციპებზე საუბრობენ. ევროპული მემარცხენე ფრთის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური ზრდის მოდელი დაფუძნებულია ლათინური ამერიკის ე.წ. „progressivismo“-ზე, როცა „პროგრესული“ მთავრობები საზოგადოების ზოგადი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად   ახორციელებენ ფართომასშტაბიან ექსტრაქტივისიტულ (ექსტრაქტივიზმი — ეკონომიკური მოდელი, რომელიც გულისხმობს ბუნებრივი რესურსების  ფართომასშტაბიან მოპოვებას და ექსპორტირებას) პოლიტიკას. ასეთი პროექტები, აშკარა ეკოლოგიური პრობლემების გარდა, უარყოფითად მოქმედებენ სოფლის მოსახლეობასა და ადგილობრივ თემებზე. საერთო რესურსების შეზღუდვა და კომოდიფიკაცია, რომელიც ექსტრაქტივისტული პოლიტიკის შედეგია, ცხოვრების მდგრადი კურსით წარმოებას შეუძლებლად აქცევს, რაც აიძულებს თემთა წევრებს გადაადგილდნენ დიდ ქალაქებში.

დედაქალაქების მაღალ და საშუალო კლასის გამდიდრებას ეწირება მდგრადი ცხოვრების წესი და სწორედ ამიტომ უმეტესი კრიტიკა და წინააღმდეგობა ლათინურ ამერიკაში სწორედ დაბალი სოციალური კლასიდან მოდის — მკვიდრი თემისგან, რომელიც  პირველი შეწირეს მსხვერპლად „პროგრესის“ სახელით.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდა წინააღმდეგობაში მოდის ეკოლოგიურ და მდგრადი ცხოვრების წესთან, რადგან მისი ზრდისთვის საჭიროა რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი სიკეთეების  მოხმარება და გამოყენება და ამ ქმედებებისას ადამიანის გარიყვა. კაპიტალიზმის ისტორიაში ორი ყველაზე სწრაფად მზრდადი კორპორაცია — გუგლი და ფეისბუქი ისე შორს მიდის, რომ ჩვენი არსებობის გასაქონლებას ახდენენ, იყენებენ რა ჩვენს ციფრულ ცხოვრებას დამატებითი ღირებულების საწარმოებლად. ამით, ეკონომიკური ზრდა რეალურად აძლიერებს კაპიტალისტურ სისტემას, რომელიც სახელმწიფო აპარატთან ერთად აღრმავებს სოციალურ უთანასწორობას.

ამდენად, მემარცხენეების დაპირება, რომ მუდმივი ეკონომიკური ზრდა შეამცირებს არსებულ უთანასწორობას და სიღარიბეს, როგორც მინიმუმ, არარეალურია. ეს ყველაფერი იმის ეჭვს ბადებს, რომ ისინი უბრალოდ ცდილობენ დარჩნენ იმედისმომცემ პოზიციაში. ერთის მხრივ, ეს დაპირება მიმართულია კრიზისის მიერ დაზარალებული ადამიანებისკენ, მათკენ ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. თუმცა, მეორეს მხრივ — ეს მდიდარ ფენასთან დადებული შეთანხმებაცაა, რომ მიმდინარე სოციალურ დისბალანსი კვლავ შენარჩუნებული იქნება.

მაშინაც კი თუ დავუშვებთ, რომ მუდმივი ეკონომიკური ზრდის შედეგად შორეულ მომავალში როგორღაც შემცირდება უთანასწორობა და სიღარიბე, ეს მოხდება გარემოზე შეუქცევადი ზემოქმედების ფასად, რომელიც დააზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას დაბინძრებული ჰაერით, ფეთქებადსაშიში წყლით, რომელიც არის ჰიდრავლიკური დაშლით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შედეგი. უარყოფითი შედეგები სოციალურ-პოლიტიკურ დონეზეც გავრცელდება, რადგანაც ამ პროცესში ცხოვრების თვითკმარი და დემოკრატიული გზები შეეწირება კაპიტალისტურ ინტერესებს და სახელმწიფოს, რომელიც ყველაფრის გასაქონლებისა და ბიუროკრატიზაციისკენ იქნება მიმართული. აქედან მივიღებთ იმას, რომ სოციალური წარმოსახვიდან გაქრება ალტერნატიული მიდგომები.

 

ეკონომიზმის დაძლევა: პირდაპირი დემოკრატიისა და ეკოლოგიისკენ

ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ უკვე არსებულ უაზრმაზარ ეკონომიკაზე და უარი ვთქვათ ზრდის დოქტრინაზე. ეკონომიკის ზრდა არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, არამედ პირიქით, თუ პლანეტის მომავალზე ვფიქრობთ უნდა ვეცადოთ მისი უკუზრდა (degrowth). მაგრამ ამას აზრი ექნება მხოლოდ თანასწორი განაწილების შემთხვევაში და ამის განხორციელებას ვერ შეძლებს რაიმე იერარქიული სტრუქტურა, რადგან ეს მოითხოვს მოსახლეობის თანაბარ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამდენად, ჩვენ ვსაუბრობთ ძირითადი პარადიგმის ცვლილებაზე: კაპიტალისტური homo economicus-ის პრინციპების უარყოფაზე და სოციალური ეკოლოგიის პრინციპების დანერგვაზე, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეებზე, საზოგადოებრივ სიკეთეებსა და  გარემოს მიმართ ჰარმონიულ ურთიერთობებზე.

ეს გულისხმობს იმას, რომ ნაცვლად არჩეული წარმომადგენლების, ეკონომიკური ოლიგარქებისა თუ ხელოვნური ეკონომიკური ინდიკატორებისა, ეკონომიკის თანაბარ განაწილებაზე უნდა იზრუნოს პირდაპირი დემოკრატიის ინსტიტუტებმა, შეკრებებმა და საბჭოების წარმომადგენლებმა, რომლებიც საზოგადოების თითოეულ წევრს მისცემენ პირდაპირი მონაწილეობის შესაძლებლობას. ნობელის პრემიის ლაურეატმა ელინორ ოსტრომმა შეისწავლა საზოგადოებრივი სიკეთეების კომუნალური მმართველობის მსგავსი ნიმუშები ა.შ.შ-ში, გვატემალაში, კენიაში, თურქეთში, ნეპალში, რომლებიც ცხადად აჩვენებს მათ მდგრადობას.

ასეთ პირობებში, ეკონომიკური აქტივობების წარმმართველი იქნება აღნიშნული ორგანოები, რომლებიც გაითვალისწინებენ სოციალურ, ინდივიდუალურ და ეკოლოგიურ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, უკვე არსებული ტექნოლოგიები მოხმარდება ადამიანებსა და ბუნებას, შეამცირებს სამუშაო დღის ხანგრძლივობას და დაუტოვებს ადამიანებს მეტ დროს შემოქმედებისთვის, ფილოსოფიისთვის, პოლიტიკისა და ხელოვნებისთვის.

ენერგიის მოპოვება შეიძლება განხორციელდეს დეცენტრალიზებული და განახლდებადი საშუალებებით, რომელიც ხელს შეუწყობს და წაახალისებს ადგილობრივი მოსახლეობის თვითკმარობას და მდგრადობას. ხელსაწყოები და ინსტრუმენტები შეიძლება შეიქმნას არაერთჯერადი გამოყენებისთვის, არამედ ხარისხიანად. ყველაფერი ეს და კიდევ მეტიც უკვე შესაძლებელია ჩვენი არსებული განვითარების მდგომარეობის გათვალისწინებით.

ეკონომიკურ ზრდაზე უარის თქმა არ ნიშნავს პრიმიტივიზმში დაბრუნებას, არამედ განსხვავებულ გაგებას და გამოყენებას იმისა, რაც უკვე გვაქვს და რისი შეძენაც მომავალში შეგვიძლია. მეცნიერული კვლევები და ექსპერიმენტები ასევე შეიძლება რომ მოერგოს ადამიანებს, იზრუნოს მათი მდგომარეობის გამოსწორებაზე და არ იყო დეტერმინირებული ეკონომიზმის პრინციპებით — პრივილეგირებული უმცირესობისთვის მოკლევადიანი მოგების მოტანით.

აღსანიშნავია, რომ ის ტექნოლოგიური პროგრესი, რომლითაც ასე ამაყობენ კაპიტალიზმისა და ეკონომიკური ზრდის დამცველები, შესაძლებელია, სულაც არ იყოს მათი ძლიერი მხარე. თავის წიგნში Utopia of Rules, დევიდ გრებერი საუბრობს იმ ტექნოლოგიურ სასწაულებზე, რისი შექმნის იმედებიც არსებობდა, მაგრამ რეალურად, დღესაც არ მომხდარა მათი განხორციელება. ამის მაგივრად, მუდმივი ეკონომიკური ზრდის იმპერატივმა, ბიუროკრატიულმა იერარქიამ და მარკეტის მოკლევადიანმა კონკურენტუნარიანობამ, მეცნიერთა გამოყენება დაიწყო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის ანუ სიმულაციური ტექნოლოგიებისთვის ან რასაც ჟან ბოდრიარი და უმბერტო ეკო უწოდებენ „ჰიპერრეალურს“ — უნარი რომ იმიტაცია უფრო რეალური იყოს, ვიდრე ორიგინალი. ამდენად, რეალური წინსვლა ამ სფეროში ჩაანაცვლა სპექტაკლმა და სიმულაციამ.

 

ქვემოდან წამოსული წინააღმდეგობა ეკონომიკური ზრდის მიმართ

როგორც უკვე აღინიშნა, ეს დემოკრატიული პარადიგმა არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკით, არამედ ის მოიცავს ადამიანის ცხოვრებასა და დამოკიდებულებას გარემოსადმი და იყენებს ჰოლისტურ და მდგრად ხედვას მომავლის მიმართ, რაც გულისხმობს სიმბიოზურ და არა კონკურენტულ ურთიერთობებს ადამიანებსა და ბუნებას შორის. ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა არაიერარქიული, ანტიკაპიტალისტური, პირდაპირი დემოკრატიული და ეკოლოგიური მიდგომები. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მსოფლიოს მრავალ კუთხეში ეკონომიკურ ზრდაზე დაფუძნებული მეგა პროექტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა ადგილობრივ თემებში. მაგალითად, ინდოეთის ფერმერები, რომლებმაც გენმოდიფიცირებული  სათესები დაწვეს, რაც მათ მიწებს ანადგურებდა, ა.შ.შ-ს Keystone XL-ის და ჩრდილოეთ დაკოტას მილის მეგა პროექტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ნავთობის სასმელ წყალში ჩადინებას რისკებს წარმოშობს და ასე შემდეგ.

იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც სამართლიანი ზრდის პრინციპს იზიარებენ, ასევე ვაწყდებით მსგავს წინააღმდეგობებსა და რეაქციებს. ბოლივიაში კომუნალური გლეხები (comunarios) აპროტესტებენ მთავრობის ექსტრაქტივისტულ პოლიტიკას, რომელიც კლიმატის ცვლილებას და გვალვას იწვევს, რაც აღარიბებს ადგილობრივ ფერმერებს. ეკვადორში, ადგილობრივი მოსახლეობისა და ეკოლოგიური მოძრაობების აქტიურობის გამო, რაფაელ კორეას ადმინისტრაციამ ეკოლოგიური აქტივიზმის კრიმინალიზაცია მოახდინა და შეიყვანა ის ტერორიზმის კატეგორიაში.

შეგვიძლია დავასვნათ რომ ეკონომიკურ ზრდას, იქნება ეს მემარჯვენე თუ მემარცხენე ფლანგის მიერ შემოთავაზებული, არ შეუძლია დღესდღეობით არსებული სოციალური პრობლემების მოგვარება, რადგან ის უფრო მეტად აძლიერებს კაპიტალიზმს და სახელმწიფოს იერარქიულ სისტემას, რაც თავისთავად მეტად აღრმავებს და ამძაფრებს მიმდინარე კრიზისს. ამ პრობლემების მოგვარებისთვის განსხვავებული პარადიგმაა საჭირო, რომელიც მოკლევადიან „შეკეთებებზე“ კი არ იქნება ორიენტირებული, არამედ ჰოლისტურად იმუშავებს პრობლემების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე. ჩვენ ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ და მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ბრძოლებსა და მოძრაობებში, დავუკავშიროთ ისინი ერთმანეთს და დავანახოთ სხვადასხვა მოძრაობებს დეცენტრალიზაციის აუცილებლობა.

 

თარგმანი: ეკა მღებრიშვილი

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

Join Us