სოციალური ეკოლოგიის საფუძვლები

published: 07 November 2016

ეკოლოგიური კრიზისის ახსნა ხშირად მხოლოდ მეცნიერული ტერმინებით ხდება. მაგალითად, ზოგიერთმა მეცნიერმა შემოიტანა „პლანეტარული საზღვრების“ ცნება, რათა აღეწერა ის ეკოლოგიური პროცესები, რომლებიც ჩვენი პლანეტის სტაბილურობას შენარჩუნებაში ეხმარება. აგრეთვე, რადგანაც ადამიანი გვევლინება მთავარ ძალად და ფაქტორად ჩვენი ბიოსფეროს ფორმირების პროცესში, მეცნიერებმა დაიწყეს ახალ გეოლოგიურ ერაზე საუბარი, კერძოდ - ანთროპოცენტრიზმზე.

ეს აზრი მოსალოდნელი კრიზისის შესახებ, რა თქმა უნდა, თავისი არსით ლოგიკურია. მასში, სხვა რაღაცებთან ერთად, ხაზი ესმევა იმას, რომ მიწათმოქმედება და ცივილიზაციები წარმოიშვნენ უჩვეულოდ ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში. და ეს სწორედ ის პირობებია, რომლებსაც სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ე.წ. „დიადი აჩქარება“ (Great Acceleration) რისკის ქვეშ აყენებს.

მოცემული ფაქტობრივი განსაზღვრებების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მათ აკლიათ მკაფიო სოციალური განზომილება. ხშირად, სიტყვა „კაცობრიობა“ გამოიყენება ისე, თითქოს ეს ერთი პიროვნება იყოს - თითქოს ჩვენ ყველა ერთნაირ კვალს ვტოვებთ დედამიწაზე და გვაქვს ერთნაირი შესაძლებლობები მასზე ზემოქმედებისა და განვითარებისთვის. როცა დისკუსია მხოლოდ ამ ლოგიკით მიმდინარეობს იქმნება რისკი იმისა, რომ პრობლემის გადაჭრის გზები უფრო მეტად იყოს ფოკუსირებული ტექნოლოგიაზე, პროცენტებზე, პოლისებზე და ნაკლებად დემოკრატიაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, პროცესებში ადამიანების მონაწილეობაზე და სოციალურ ცვლილებაზე.

შესაბამისად, ანალიზი უნდა შეიცავდეს სოციალურ ასპექტებსაც, რომელიც აჩვენებს, რომ თავად საზოგადოების შიგნით არსებობს დიდი პრობლემები, რომლებიც ხალხს ხელს უშლის კოლექტიურად აირჩიოს განვითარების მდგრადი მოდელი. პრობლემა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, თუ როგორ მოქმედებს საზოგადოება გარემოზე, არამედ იმაშიც თუ როგორი მიმართებები არსებობს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის, პრობლემა ეხება ინსტიტუტებსა და იდეოლოგიას.

დღეს ბევრ ადამიანს გაცნობიერებული აქვს გარემოს დაჩქარებული განადგურების პრობლემა და ეძებს მნიშვნელოვან ალტერნატიულ ქმედებებს. ზოგიერთი ჩვენგანი ცდილობს, იყიდოს ორგანული საკვები, გამოიყენოს უფრო მეტად მდგრადი ტრანსპორტი მაგ. ველოსიპედი, ავტობუსი, ტრამვაი და სხვა, მოიხმაროს მეორადი ტანსაცმელი და ნივთები, მაგრამ  საზოგადოებაში მაინც რჩება გარკვეული ძალები, რომლებზეც არ მოქმედებს ასეთი „კარგი მაგალითები“.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ პრობლემები არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური. პირიქით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული მიმართულებით განვითარებას ხელს უშლის არსებული ეკონომიკური ლოგიკა. დღესდღეობით, პოლიტიკის ცვლილება თითქოს შეუძლებლად გამოიყურება და არც ფუნდამენტური ძალაუფლებრივი ურთიერთობების საკითხების დაყენება შეუძლია დღის წესრიგში. გარდა ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩართულიც კი არ არის გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. არაა უცნაური, რომ ხალხი თავს ძალაუფლებისგან დაცლილად და უძლურად მიიჩნევს, როდესაც პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებაში განიხილავს საკუთარ თავს. ეს კი სწორედ ის პროცესებია, რომლებიც ჩვენი, საზოგადოების სოციალურ განვითარებასა და ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვის კურსს განსაზღვრავენ.

რეალურად, საზოგადოებაში არსებობენ ჯგუფები, რომელთათვისაც დიდი მოგება მოაქვს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების განადგურებას. აგრეთვე, ძალაუფლების მქონე ამ ჯგუფების ინტერესებში შედის ისიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იყოს ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

ეს არის სოციალური ეკოლოგიის, და უფრო ფართოდ რომ ვთქვათ „პოლიტიკური ეკოლოგიის“ ფუნდამენტური საკითხები. სოციალური და პოლიტიკური ეკოლოგები ცდილობენ, შეისწავლონ სოციალური რეალობა, რომელმაც მიგვიყვანა ზემოთხსენებულ „დიად აჩქარებასთან“ და ის ძალები, რომლებიც ამ პროცესებს ხელს უწყობენ. აგრეთვე, ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური სოციალური პირობები, რომლებიც განსაზღვრავენ თანამედროვე საზოგადოების ეკოლოგიურ გამოწვევებს.

სოციალური ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვანია, მოვშორდეთ კაცობრიობის ბუნებასთან ურთიერთობის აბსტრაქტულ ხედვას. ამის ნაცვლად დავაკვირდეთ იმ საზოგადოებებსა და პროცესებს, რომლებიც მათ განკარგავენ. კაპიტალიზმი სოციალური ეკოლოგებისთვის განიხილება, როგორც ეკონომიკური სისტემა, რომელიც გარემოს განადგურებისა და კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეკოლოგიური კრიზისის შენარჩუნებას სხვა იერარქიული სოციალური სისტემებიც უწყობს ხელს. ესენია, სხვებთან ერთად, გენდერული უთანასწორობა, საზოგადოების ცენტრალიზაცია და ბიუროკრატიზაცია, ისეთი ურბანიზაცია, როგორიც დღეს გვაქვს, საერთაშორისო ურთიერთობების რასისტული სტრუქტურა, ძალადობა და დისკრიმინაცია ქალების მიმართ, ქალაქების სეგრეგაცია და ა.შ.

როგორც უკვე ვახსენეთ, პოლიტიკური ეკოლოგია უფრო ზოგადი ტერმინია, ხოლო სოციალური ეკოლოგია კი უფრო კონკრეტული მიმდინარეობა/მოძრაობაა პოლიტიკური ეკოლოგიისა. სოციალური ეკოლოგები მხოლოდ ძალაუფლებრივი ურთიერთობების კრიტიკით არ არიან დაკავებულნი, არამედ განსაზღვრავენ ახალ დემოკრატიულ მოდელს, რომელიც კრიზისის გადასაჭრელადაა საჭირო.

ასეთი დემოკრატიული მოდელი აქვს სოციალური ეკოლოგიისა და რადიკალური სოციალური ფილოსოფიის სულისჩამდგმელს მიურეი ბუკჩინს. ბუკჩინის მიხედვით, გარემოს დამცველთა უმრავლესობა, ძირითადად, პრობლემის შედეგებს ებრძვის და არა მის გამომწვევ მიზეზებს და  ყურადღებას მხოლოდ ტექნოლოგიასა და მოსახლეობის ზრდაზე ამახვილებენ.

თუმცა მოსახლეობის რაოდენობის შემცირება და უფრო „რბილი“ ტექნოლოგიების გამოყენება ვერ გადაჭრის პრობლემებს, არამედ საჭიროა უფრო ფუნდამენტური ცვლილებები. უბრალო, პრიმიტიულ ტექნოლოგიასაც შეუძლია გარემოსთვის დიდი ზიანის მიყენება, თუ ის იდეოლოგია არ შეიცვლება, რომელიც მას აკონტროლებს. ინგლისის ტყეები უბრალო ნაჯახებით გაიჩეხა, რომლებიც დიდად არ შეცვლილა ბრინჯაოს ხანის შემდეგ.

თეორიები, რომლებიც კულტურული და არა სოციალური ცნებებით ხსნიან ეკოლოგიურ კრიზისს, ასევე მოკლებულნი საკითხის სიღმისეულ ანალიზს. იერარქიული საზოგადოებები მანამდეც ანადგურებდნენ დედამიწას, სანამ თანამედროვე მეცნიერება, სწორხაზოვანი რაციონალობა და ინდუსტრიული საზოგადოება შეიქმნებოდა. სოციალური ეკოლოგია, აგრეთვე, ძალიან კრიტიკულად უყურებს მწვანე კონსუმერიზმისა და ინვესტიციების პრაქტიკებს, ამას ბუკჩინი უწოდებს „მწვანე კაპიტალიზმს“. მთავარი, რასაც სოციალური ეკოლოგია ამტკიცებს, არის ის, რომ ეკოლოგიური კრიზისი გამოწვეულია ძალაუფლების იერარქიულობით და ავტორიტარული მენტალიტეტით, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული საზოგადოების სტრუქტურებში. სწორედ ამ სოციალური ურთიერთობებითაა გამოწვეული  სამყაროს დომინაციაზე დაფუძნებული დასავლური იდეოლოგია.

„ადამიანის მიერ ბუნებაზე ბატონობა გამოწვეულია ადამიანის ადამიანზე რეალური დომინაციით“ - თავისუფლების ეკოლოგია, მიურეი ბუკჩინი

 

თარგმანი: ეკა მღებრიშვილი

წყარო 1
წყარო 2

ასევე წაიკითხეთ:

Join Us