კლიმატის ცვლილება - მარტივი პასუხები რთულ კითხვებზე

published: 21 November 2016

1. რამდენად თბება პლანეტა?

1880 წლიდან მოყოლებული, რაც კლიმატის შესახებ გლობალურ დონეზე მონაცემების წარმოება დაიწყო, ტემპერატურა გაიზარდა 1.7°F-ით. ეს რიცხვი მოიცავს ოკეანის ზედაპირსაც. დათბობა უფრო ძლიერია მიწის ზედაპირზე და კიდევ უფრო მეტად არქტიკაში და ანტარქტიდის ზოგიერთ ნაწილში.

ეს რიცხვი შეიძლება არც თუ ისე დიდად გამოიყურება, მაგრამ მთელი პლანეტის ზედაპირის საშუალო მაჩვენებლისთვის ეს რეალურად შემაშფოთებელი მონაცემია, რაც იწვევს ყინულის დადნობას და ოკეანეების დონის გაზრდას სწრაფი ტემპებით. ადამიანის მიერ გამოწვეული ემისიებით სიცხის აკუმულაცია დედამიწაზე თითქმის იგივეა იმ სიცხის რაოდენობისა, რომელსაც გამოიწვევდა 40,000 ჰიროშიმას ატომური ბომბის აფეთქება ყოველ დღე. მეცნიერები თვლიან, რომ 1950 წლიდან მოყოლებული, კლიმატის დათბობას იწვევს ადამიანის მიერ სათბური აირების გამოყოფა. თუ ემისიების გამოყოფა გაგრძელდება, სავარუდოა, რომ ტემპერატურა გაიზრდება 8°F-ით, რაც პლანეტას სრულიად გარდაქმნის და შეუძლებელს გახდის,  ადამიანთა მოდგმამ განაგრძოს არსებობა.

 

2. რამდენად დიდია ეს პრობლემა?

რისკები გაცილებით დიდია გრძელვადიან პერიოდში, ვიდრე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ ის ემისიები რომლებიც ამ რისკებს იწვევს, გამოიფრქვევა დღეს. მომდევნო 25-30 წლებში, მეცნიერების აზრით, კლიმატი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად არ შეიცვლება თუმცა, თანდათანობით გახდება უფრო და უფრო ცხელი. მსოფლიოს მრავალ ნაწილში მოიმატებს ნალექის რაოდენობა, თუმცა წვიმებს შორის პერიოდები იქნება უფრო ცხელი და, შესაბამისად, უფრო მშრალი. ქარიშხლებისა და ტაიფუნების რაოდენობა შეიძლება რეალურად შემცირდეს, თუმცა მოემატებათ სიძლიერე, რადგან ენერგიას აიღებენ გამთბარი ოკეანის ზედაპირიდან. სანაპირო რეგიონების წყალდიდობები კი გახდება უფრო ხშირი და დამანგრეველი.

თუ ემისიების რაოდენობის ზრდა არ შეჩერდება, რისკები გრძელვადიან პერიოდში გარდაუვალია. მეცნიერები შიშობენ, კლიმატური ეფექტები იმდენად სერიოზულია, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს მთავრობების დესტაბილიზაცია, გააჩინოს უამრავი დევნილი, დააჩქაროს მცენარეთა და ცხოველთა მეექვსე მასობრივი გადაშენება დედამიწის ისტორიაში და დაადნოს პოლარული ყინულები, რაც გამოიწვევს ოკეანეების და ზღვების დონის ისეთ აწევას, რაც საკმარისი იქნება სანაპირო ქალაქების უმრავლესობის დასატბორად.

ეს ყველაფერი, შეიძლება, მოხდეს ასობით ან ათასობით წლის შემდეგ და ცივილიზაციას ამ გარემოებებისადმი ადაპტაციის საშუალებაც მისცეს, მაგრამ ექსპერტები საუბრობენ ასევე, იმ რისკზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განადგურება, რაც ადამიანებს გაცილებით უფრო სწრაფად შეიძლება შეეხოს. ემისიების გამოყოფის შემცირებამ შეიძლება შეამციროს ეს რისკები, ან შეანელოს ეს ეფექტები, თუმცა უკვე ძალიან გვიანია ყველა რისკის მთლიანად აღმოფხვრა.

 

3. შემიძლია მე რაიმეს გაკეთება?

შენ შეგიძლია, შეამცირო ნახშირორჟანგის კვალი სხვადასხვა გზებით, უმრავლესობა ფულსაც დაგიზოგავს. მაგალითად, მოახდინო სახლის იზოლაცია ისე, რომ დაზოგო ენერგია, დააყენო ოთახის ელექტრონული თერმოსტატი, გამოიყენო უფრო ეფექტური ნათურები, როცა არ იყენებ ელექტროენერგიას სხვა ოთახებში, გამორთო, მანქანა გამოიყენო უფრო იშვიათად, ისარგებლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, შეამცირო საკვების ნარჩენები და მიირთვა ნაკლები ხორცი.

სავარაუდოდ, ყველაზე მეტი რაც ინდივიდმა შეიძლება გააკეთოს, ეს არის ნაკლებად იმოგზაუროს თვითმფრინავით; მხოლოდ ერთი, ან ორით ნაკლები გადაფრენით შენ შეგიძლია დაზოგო იმდენი ემისიის გამოყოფა, რასაც ყველა სხვა აქტივობების ერთად განხორციელებით იზამდი. თუ უფრო მეტის გაკეთება გსურს, შეგიძლიათ იყიდოთ ელექტრო მანქანა, ან ჰიბრიდი, დააყენო მზის პანელები სახურავზე.

ექსპერტები თვლიან, რომ აუცილებელი ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში ვერ განხორციელდება ძლიერი სახელმწიფოსა და სწორი პოლიტიკის წარმოების გარეშე. შესაბამისად, სამოქალაქო აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით, რათა სახელმწიფო იძულებული იქნას დაემორჩილოს მოქალაქეების ნებას.

 

4. როგორ გამოიყურება ყველაზე ოპტიმისტური სცენარი?

ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, მეცნიერები ასეთ სცენარს სახავენ: დედამიწა ნაკლებად სენსიტიური გახდება სათბური აირების მიმართ, მცენარეები და ცხოველები მოახერხებენ ადაპტაცია განიცადონ იმ ცვლილებებთან, რომლებიც უკვე გარდაუვალია, ადამიანები განავითარებენ თავიანთ პოლიტიკურ ნებას ისე, რომ ემისიების შემცირებას საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევენ, ტექნოლოგიური ძვრები და სიახლეები დაეხმარება ადამიანებს ემისიების შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაში.

ადამიანზე დამოკიდებული ორი ცვლადი, რა თქმა უნდა, ბოლომდე დამოუკიდებელი არაა: ტექნოლოგიურმა ძვრებმა, რომელიც სუფთა ენერგიას წიაღისეულ საწვავზე უფრო იაფს გახდის, სავარაუდოდ, ხელი უნდა შეუწყოს სწრაფი მოქმედების პოლიტიკური ნების გაჩენას.

თუმცა, მეცნიერების აზრით, ასეთი ოპტიმისტური სცენარები უფრო ნაკლებად მოსალოდნელია და დედამიწა შეიძლება უფრო მეტად სენსიტიურიც კი გახდეს სათბური აირებისადმი. გლობალური დათბობა უკვე იწვევს ბუნებრივ სამყაროში ქაოსს და იმის შანსი, რომ ეს ყველაფერი გაუარესდება უფრო დიდია, ვიდრე ამ ყველაფრის შემცირების. შესაბამისად, მეცნიერების და ექსპერტების აზრით, ვარდისფერი სათვალეების მორგება და რეალური სამოქმედო გეგმის არარსებობა ძალიან სახიფათოა, რისკების შემცირება მხოლოდ ემისიების შეზღუდვითა და შემცირებითაა შესაძლებელი.

 

5. დაეხმარება კლიმატს ხორცის მოხმარების შემცირება?

სათბურის აირები ყველა ტიპის სოფლის მეურნეობით გამოიყოფა, რაც ათბობს პლანეტას, თუმცა ხორცის წარმოება, ამ შემთხვევაში, ყველაზე საფრთხისშემცველია, ხოლო ძროხის ხორცის წვლილი კი გარემოს დაზიანებაში ყველაზე დიდია. მეცხოველეობის ზოგიერთი მეთოდი მოითხოვს დიდი რაოდენობის მიწას, რაც პირდაპირ კავშირშია ტყეების განადგურებასთან; ხეებს, როგორც წესი, წვავენ რაც გამოყოფს ნახშირორჟანგს ატმოსფეროში. სხვა მეთოდები მოითხოვს დიდი რაოდენობით წყალს და სასუქს საქონლის საკვებისთვის.

სათბურ აირებს თავად ძროხებიც წარმოქმნიან მეთანის სახით. მსოფლიოში ხორცის მოხმარება იზრდება მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ხოლო ეკონომიკური განვითარება მათ აძლევს მატერიალურ საშუალებას, იყიდონ და მოიხმარონ ხორცი.

ეს ნამდვილად შემაშფოთებელია: კვლევები აჩვენებს, რომ თუ მთელი მსოფლიო დაიწყებს ძროხის ხორცის იმ რაოდენობით მოხმარებას, რა რაოდენობითაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები მოიხმარენ, მხოლოდ ეს იქნება საკმარისი, რომ გლობალური დათბობის საერთაშორისოდ შეთანხმებული ლიმიტი დაირღვეს.

ღორის ხორცის წარმოება, გარკვეულწილად, უფრო ნაკლებ ემისიებს იწვევს, ვიდრე ძროხის ხორცის, ხოლო ქათამი ყველაზე ნაკლებს. შესაბამისად, ხორცის მოხმარების შემცირება ან ძროხის ხორციდან ღორის ან ქათმის ხორცზე გადასვლა სწორი მიმართულებაა. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ქცევის ცვლილება, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე კარგად აისახება დადებითად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ ამ ყველაფერს მნიშვნელობა ექნება თუ ეს შეიძენს მასობრივ ხასიათს, რაც შეამცირებს ხორცის პროდუქტზე საყოველთაო მოთხოვნას.

 

6. როგორი გამოიყურება ყველაზე ცუდი სცენარი?

ამის თქმა რეალურად საკმაოდ რთულია და სწორედ ამიტომაც მოითხოვენ მეცნიერები ასე დაჟინებით ემისიების შემცირებას, რომ თავიდან აიცილონ ყოველგვარი უარყოფითი სცენარი. ყველაზე დიდ შიშს იწვევს საკვების წარმოების განადგურების სცენარი, რომელსაც თან ახლავს ფასების ზრდა და მასობრივი შიმშილი. თუმცა ცხადი არაა როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს. მაგალითად, ემისიების ზრდასთან ერთად ფერმერებმა შეიძლება შეცვალონ მათი მეურნეობის ტექნიკები და ადაპტირდნენ კლიმატის ცლილებასთან.

მეორე შესაძლო უარყოფითი სცენარი შეიძლება იყოს პოლარული ყინულის დნობა, რაც გამოიწვევს ზღვის დონის სწრაფ მატებას, რაც თავის მხრივ აიძულებს ადამიანებს მიატოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები. ეს ასევე  გამოიწვევს მილიარდობით დოლარის დანაკარგებს დაზიანებული და დაკარგული ქონების და სხვა სახით.

მეცნიერები ასევე შიშობენ იმის გამო, რომ აზიური მუსონების ციკლების პროგნოზირება სულ უფრო მეტად არასაიმედო ხდება. მუსონები მილიარდობით ადამიანის ნათესებისთვის უზრუნველყოფს წყალს, ასე რომ ამ კუთხით რაიმე სახის გადახრა, შეიძლება კატასტროფულიც აღმოჩნდეს.

 

7. დაგვეხმარება ტექნოლოგიური ძვრები და ინოვაციები?

დიდი ტექნოლოგიური მიღწევების შანსებიც თანდათან მატულობს უთმობენ რა საკუთარ თავს ამ პრობლემას სულ უფრო და უფრო მეტი კომპანიები, სახელმწიფოები და მკვლევრები. თუმცა, ის ექსპერტებიც კი, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილები, გვაფრთხილებენ, რომ მიმდინარე ძალისხმევები საკმარისი არ არის. მაგალითად, ენერგეტიკის ფუნდამენტურ კვლევაზე იხარჯება მხოლოდ იმის მეოთხედი ან მესამედი, რისი რეკომენდაციაც სხვადასხვა ანგარიშებით არის გაწეული.. სახელმწიფო დანახარჯები სასოფლო-სამეურნეო კვლევებზე ადგილიდან არ იძვრის იმისდა მიუხედავად, რომ კლიმატის ცვლილება უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს საკვების წარმოების მთლიან სისტემას. მაგალითად, ისეთი ადამიანიც კი, როგორიც ბილ გეითსია, აცხადებს, რომ ტექნოლოგიური მიღწევების მოლოდინი არ არის სტრატეგია - საჭიროა ამ ყველაფერში იმდენი ფულის ინვესტირება, რაც ამ ძვრებს უფრო შესაძლებელს გახდის.

 

8. რამდენად აიწევს ზღვის დონე?

ოკეანის დონე, დაახლოებით, 30,5 სანტიმეტრით იწევს საუკუნის განმავლობაში. ეს ყველაფერი მძიმე გავლენას ახდენს სანაპირო ქალაქებზე, რაც, აგრეთვე, სახელმწიფოებსა და კერძო მესაკუთრეებს აიძულებს, დახარჯონ ათობით მილიარდი დოლარი შედეგებთან ბრძოლაში. მეცნიერთა ვარაუდით, ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში პრობლემა უმართავი გახდება.

რისკი იმაში მდგომარეობს, რომ ზრდა შეიძლება საგრძნობლად დაჩქარდეს. თუ ემისიების კონრტოლი არ მოხდება, დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა დაემსგავსება წარსული ეპოქისას, კერძოდ პლიოცენისას, როცა მოხდა ყინულების მასობრივი დნობა და ოკეანის დონემ აიწია დაახლოებით 24 მეტრით დღევანდელთან შედარებით. ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ დედამიწაზე არსებული ყველა წიაღისეული საწვავის დაწვა მთლიანად დაადნობს პოლარულ ყინულებს და ზღვის დონეს აწევს 49 მეტრით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი საკითხია არა ის, თუ რამდენად აიწევს ოკეანეების დონე, არამედ რამდენად სწრაფად მოხდება ეს. ამის პასუხი კი მეცნიერებს არ აქვთ. მათი ინფორმაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ეყრდნობა დედამიწის ისტორიის შესწავლას, რაც აძლევთ იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ ტემპი იქნება ერთი ფუტი ყოველ 10 წელიწადში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი, რადგან ამის ნახევარიც კი დააცარიელებს სანაპირო ქალაქებს მოსახლეობისგან და, ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, იქნება სახელმწიფოებში კრიზისის გამომწვევი. მსოფლიოს გარკვეული ქალაქები დატბორვის რისკის ქვეშ არიან ზღვის დონის აწევა უფრო ნელაც რომ მოხდეს.

კვლევები ცხადყოფს, რომ ემისიების მნიშვნელოვან შემცირებებს შეუძლია ოკეანეების დონის ზრდის შემცირება, რაც ადამიანებს მისცემს დროს იმისთვის, რომ ადაპტაცია მოახდინონ შეცვლილ სანაპირო ქალაქებში ცხოვრებასთან.

 

9. საიმედოა ეს პროგნოზები?

მტკიცებულება, რომ დედამიწაზე უარყოფითად ზემოქმედებს სათბური აირები, დადასტურებულია მრავალი მეცნიერული კვლევით. მაგალითად, ფიზიკოსები მიუთითებენ, ის ფაქტი, რომ ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატება მეტ სითბოს იწვევს აღმოჩენილი იქნა მე-19 საუკუნეში და მრავალი ლაბორატორიული ექსპერიმენტებითაა დადასტურებული.

კლიმატის მეცნიერება შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს და ყველაზე დიდი მათ შორის არის ის ხარისხი, რითაც გლობალური დათბობის ზემოქმედებაა [უკურეაქციაა] ნაჩვენები კონკრეტულ შემთხვევებში. მაგალითად, ყინულის დადნობა, რომელიც ამუქებს ზედაპირს და იწვევს მეტი სითბოს შეწოვას, რაც თავის მხრივ იწვევს მეტი ყინულის დნობას და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, არ არის ნათელი რამდენად გაამძაფრებს დათბობას ეს უკურეაქციები; ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება რაღაც დოზით დააბალანსოს კიდეც ის. ეს გაურკვევლობა იმაზე მუთითებს, რომ კომპიუტერულ პროგნოზებს მხოლოდ შეუძლიათ მოგვცენ სხვადასხვა სპექტრის მომავლის კლიმატური სცენარები და არა აბსოლუტური პროგნოზები.

თუმცა მაშინაც კი თუ ეს კომპიუტერული პროგნოზები არ იარსებებს, დღესდღეობით არსებული მრავალი მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ მეცნიერები არ ცდებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება მოდის წარსულში კლიმატური პირობების კვლევისგან, დარგისგან, რომელიც ცნობილია, როგორც პალეოკლიმატური კვლევა. ნახშირორჟანგის მოცულობა ჰაერში, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად იცვლებოდა წარსულში და ყოველთვის, როდესაც ეს ხდებოდა, დედამიწა თბებოდა, ყინული დნებოდა და ოკეანის დონე იზრდებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წარსულის პირობებით ხელმძღვანელობა დღეს არ არის მართებული, რადგანაც ამხელა კონცენტრაციით ნახშირორჟანგის ჰაერში გაფრქვევა ბუნებაში არასდროს დაფიქსირებულა.

 

10. რატომ უყურებს ეჭვის თვალით ხალხი კლიმატის ცვლილებას?

ყველაზე დიდი კრიტიკა კლიმატის მეცნიერებაზე მოდის ლიბერტარიანელებისა და სხვა პოლიტიკური კონსერვატორების მხრიდან, რომლებსაც არ მოსწონთ ის პოლიტიკა, რომელიც გლობალურ დათბობასთან ბრძოლისთვის არის შეთავაზებული და საჭირო.  იმის მაგიერ, რომ აწარმოონ მოლაპარაკებები ამ პოლიტიკურ დოკუმენტებზე და ეცადონ, მათი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მოარგონ თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, ისინი პირდაპირ ბლოკავენ მათ და ცდილობენ ძირი გამოუთხარონ კლიმატის მეცნიერებას.

ამ იდეოლოგიურ პოზიციას მხარს უჭერს საწვავისეული წიაღისეულის მოპოვებისგან ნაშოვნი ფული, რითაც ფინანსდება რიგი ორგანიზაციები, კონფერენციები და ასე შემდეგ. ამ ჯგუფების მეცნიერული არგუმენტები, ძირითადად, უსახურ მონაცემებს ეყრდნობა და ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ მოკლევადიან ფაქტორებზე და არა გრძელვადიან ტენდენციებზე.

კლიმატის ცვლილების უარყოფის ყველაზე ექსტერმალური განცხადებაა, რომ მეცნიერები მონაწილეობენ მსოფლიო თაღლითობაში, რათა მოსახლეობის გასულელებით სახელმწიფოებმა მოიპოვონ მეტი კონტროლი ადამიანების ცხოვრებაზე. თანდათან რაც კლიმატის ცვლილების პრობლემა ასე თუ ისე საყოველთაოდ აღიარებული გახდა, ნავთობისა და ქვანახშირის კომპანიები კლიმატის ცვლილების უარყოფისგან თავს იკავებენ, თუმცა აგრძელებენ იმ პოლიტიკოსების კამპანიების დაფინანასებას, რომლებიც ეთანხმებიან კლიმატის ცვლილების უარყოფის მოსაზრებებს.

 

11. დაკავშირებულია თუ არა ექსტრემალური ამინდი კლიმატის ცვლილებასთან?

მეცნიერებს აქვთ მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ კლიმატის დათბობა იწვევს თბური ტალღების გახშირებასა და გაძლიერებას. აგრეთვე, იწვევს უფრო ინტენსიურ შტორმებს, ხოლო სანაპირო წყალდიდობები უფრო და უფრო დამანგრეველი ხდება ოკეანეების დონის მატებასთან ერთად, რასაც იწვევს ადამიანის მიერ გამოყოფილი ემისიები. გლობალურმა დათბობამ ინტენსიური გახადა გვალვები ახლო აღმოსავლეთში და, შესაძლოა, არსებობს კავშირი კალიფორნიის გვალვასთანაც.

თუმცა სხვა შემთხვევებში კავშირი გლობალურ დათბობასა და ცალკეულ ტენდენციებს შორის გაურკვეველი ან სადავოა. ეს ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ არ არსებობს ამინდის შესახებ მრავალი ისტორიული მონაცემი, მაგრამ ასევე მეცნიერულად გაურკვეველია თუ როგორ ახდენს ცვალებადი კლიმატი გავლენას სხვადასხვა მოვლენებზე.

კიდევ ერთი ფაქტორი: კლიმატის ცვლილებასთან ერთად, შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად იზრდება ადამიანების დამოკიდებულებები ამ საკითხის მიმართ. ინტერნეტი დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ ინფორმაციას ვფლობთ შორეულ ადგილებზე ამინდის კატასტროფების შესახებ. სოციალურ მედიაში, იკვეთება ტენდენცია, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ კატასტროფას ადამიანები კლიმატის ცვლილებას მიაწერენ, როცა ხშირ შემთხვევაში ამისი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.

 

12. ისარგებლებს კი ვინმე გლობალური დათბობით?

ქვეყნებმა ყინულოვანი სანაპირო ზოლებით, როგორებიცაა რუსეთი და კანადა შეიძლება რაღაც სახით ნახონ ეკონომიკური მოგება, იმის გათვალისწინებით რომ გლობალური დათბობის შედეგად ამ ტერიტორიებზე მეტად გახდება შესაძლებელი სოფლის მეურნეობა და სამთო მრეწველობა. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთი მუდამ თავს არიდებდა კლიმატური ვალდებულებების თავზე აღებას და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საჯაროდ დააყენა ეჭვქვეშ კლიმატის ცვლილების მეცნიერება.

თუმცა, ორივე ქვეყნის ბუნებრივ რესურსებს, შესაძლოა, დიდი ზარალიც მიადგეს; გახშირებული ხანძრებით უკვე მილიონობით აკრი ტყე ნადგურდება რუსეთში ყოოველწლიურად. მეტიც - ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით იმ ქვეყნებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად ისინი უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მოუწევთ ამ საკითხის სხვაგვარად დანახვა, როცა მილიონობით კლიმატური დევნილის შეფარება მოუწევთ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან.

 

13. შეიძლება გვქონდეს რაიმეს იმედი?

1980 წლიდან მოყოლებული მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ემისიების შესამცირებლად საჭიროა ძლიერი პოლიტიკის წარმოება. სამწუხაროა, რომ ეს გაფრთხილებები იგნორირებულ იქნა და ატმოსფეროში სათბური აირების რაოდენობამ საგანგაშო ზღვარს მიაღწია. თუმცა, ოცწლიანი, დიდწილად, უნაყოფო დიპლომატიის შემდეგ სახელმწიფოები საბოლოოდ იწყებენ პრობლემის სერიოზულობის აღიარებას. პარიზის სამიტზე მიღწეული შეთანხმების მიხედვით თითქმის ყველა ქვეყანა საკუთარ თავზე რაღაც სახის ვალდებულებას იღებს საჭირო ქმედებებისთვის. დაბალემისიური ტექნოლოგიები, როგორიცაა ელექტრო მანქანები, დროთა განმავლობაში უმჯობესდება, წამყვანი კორპორაციები თამამ დაპირებებს იძლევიან, რომ გადავლენ განახლებადი ენერგიების მოხმარებაზე და შეწყვეტენ ტყეების განადგურებას. მსოფლიოს გარშემო მრავალი ქვეყანა და ქალაქი მიდის იმაზე მეტად შორს და აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე მათი ეროვნული მთავრობები.

რაც ამ ყველაფერს აკლია არის რიგითი მოქალაქეების ხმა, რადგან პოლიტიკოსები, ძირითადად, მოკლევადიან პერსპექტივაში, არჩევნებიდან არჩევნებამდე ფიქრობენ და, როგორც წესი, რთულ პრობლემებზე მუშაობას იწყებენ მაშინ, როცა საზოგადოება საჯაროდ იღებს ხმას და მკაცრად მოითხოვს ამის შესრულებას.

 

14. რა გავლენა აქვს სოფლის მეურნეობას კლიმატის ცვლილებაზე?

გლობალურ სოფლის მეურნეობას მართლაც ძალიან დიდი გავლენა აქვს ეკოლოგიაზე.

საკვებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, დიდწილად, მოსახლეობის ზრდის გამო და, ასევე, გაზრდილი შემოსავლის გამო, რაც აძლევს მილიონობით, ერთ დროს დაბალი შემოსავლის მქონე ინდივიდებს, მოიხმარონ ხორცი. მაგალითად, გლობალურმა მოთხოვნამ ძროხის ხორცზე გამოიწვია ის, რომ გაიჩეხა უზარმაზარი მოცულობით ამაზონის ტროპიკული ტყე.

პრობლემის დაძლევისთვის მრავალი ადამიანი ძალისხმევას არ იშურებს, მაგალითად, ბრაზილიაში მიღებულ იქნა მკაცრი ზედამხედველობის გადაწყვეტილება, რამაც ერთ ათწლეულში ამაზონში მოჭრილი ხეების რიცხვი 80%-ით შეამცირა. თუმცა, ეს მიღწევებიც არ არის ძალიან მდგრადი და ასევე მსოფლიოს სხვა ნაწილებში ასეთი პრობლემები ისევ გადაუჭრელი რჩება, მაგალითად ინდონეზიაში, სადაც ტყეების აგრესიული ჩეხვა მიმდინარეობს.

2014 წელს ნიუ-იორკში მრავალმა კომპანიამ და ორგანიზაციამ, მათ შორის სამომხმარებლო პროდუქციის ძირითადმა მწარმოებლებმა, პირობა დადეს, რომ 2020 წლისთვის ტყეების გაჩეხვას ორჯერ, ხოლო 2030 წლისთვის სრულად შეამცირებდნენ. ახლა ეს კომპანიები ცდილობენ გაარკვიონ როგორ შეასრულონ ეს დაპირება. 2015 წელს პარიზის კლიმატის მოლაპარაკებებზე მრავალმა ექსპერტმა ტყეების დარგში შეაფასა ეს დაპირება, როგორც ამბიციური, თუმცა სრულიად შესაძლებელი. მათ აგრეთვე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, თავად მომხმარებლებმა მოახდინონ ზეწოლა იმ კომპანიებზე, რომელთაგანაც ყიდულობენ პროდუქტს - იქნება ეს საპონი, ნაყინი თუ სხვა.

 

15. ზღვის დონე თანაბრად აიწევს მთელს პლანეტაზე?

მრავალ ადამიანს ოკეანე აბაზანასავით წარმოუდგენია, სადაც წყლის დონე მთელს პერიმეტრზე ერთნაირია, თუმცა ეს ასე არ არის. ძლიერი ქარებისა და სხვა ფაქტორების გამო ზოგ ადგილებში მეტი წყალია, ზოგან კი ნაკლები. აგრეთვე, გრენლანდიისა და ანტარქტიდის ყინულები ზღვაზე მიზიდულობის ძალით გავლენას ახდენენ და წყალს მათი მიმართულებით მიმართავენ. მაშინ როცა, ყინულები დნობას იწყებს, მათ სიახლოვეს წყალის დონე დაბლა იწევს  გადანაწილდება რა შორეული ადგილებისაკენ.

ის თუ როგორ იმოქმედებს ადიდებული ოკეანე  მსოფლიოს კონკრეტულ ნაწილებზე, შესაბამისად დამოკიდებულია რომელი ყინული გადნება უფრო სწრაფად, როგორი მიმოცვლა ექნებათ ქარებსა და დინებებს და სხვა შესაბამის ფაქტორებს.  ზოგიერთი სანაპირო რაიონი ზღვის დონის აწევასთან ერთად მთლიანად მოექცევა წყლის ქვეშ.

 

16. არის ეს ყველაფერი ნახშირის გამოყენების ბრალი?

ადამიანების მიერ წარმოქნილ სათბურ აირებს ხშირად შემოკლებით „ნახშირბადის ემისიებს“ უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი აირი ნახშირორჟანგი და მეთანი შეიცავს ნახშირბადს. სხვა აირები ასევე აცხელებს დედამიწის ზედაპირს, ისევე როგორც ადამიანების სხვა აქტივობები განაპირობებს ასეთი აირების გაფრქვევას ატმოსფეროში, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ერთ შემოკლებულ ტერმინში ექცევა.

გლობალური დათბობის უმთავრეს მიზეზს ელექტროენერგიისთვის და ტრანსპორტირებისთვის  წიაღისეული საწვავის წვა წარმოადენს. ამ პროცესში ნახშირი, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში მიწის ქვეშ იმყოფებოდა, გამოიფრქვევა ატმოსფეროში, როგორც ნახშირორჟანგი. მეთანი კიდევ უფრო საფრთხისშემცველია სითბოს დაჭერის მხრივ, ვიდრე ნახშირორჟანგი, თუმცა უფრო მოკლევადიანი ეფექტი აქვს. მეთანის გამოიფრქვევა ხდება ჭაობებიდან, საკვების ნაგავსაყრელების ლპობიდან, საქონლისა და რძის პროდუქტების მეურნეობიდან, ასევე, ბუნებრივი აირის ჭაბურღილებისა და მილსადენების გაჟონვიდან.

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პრობლემა წიაღისეული საწვავის ემისიებია, დამატებით ფაქტორს წარმოადგენს ტყეების განადგურება, განსაკუთრებით კი ტროპიკებში. ხეებში მილიარდობით ტონა ნახშირბადია და როცა ხდება მათი გაჩეხა, ძირითადად, მცენარეული საფარის დიდი ნაწილი იწვება, რაც იწვევს ნახშირბადის ჰაერში გამოფრქვევას ნახშირორჟანგის სახით.

როდესაც საუბრობენ ნახშირბადის გადასახადებზე, ვაჭრობებზე და ასე შემდეგ, ეს არის იმ მეთოდების უბრალო შემოკლებული აღწერა, რომლებიც მიმართულია, შეამციროს და შეზღუდოს სათბური აირების გამოყოფა ან აქციოს ეს პრაქტიკები ისე ძვირი, რომ ხალხში საწვავის შენარჩუნებას შეუწყოს ხელი.

თარგმანი: ეკა მღებრიშვილი

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

Join Us