უპირობო ძირითადი შემოსავალი

published: 27 April 2017

70-იან წლებში კანადის პროვინცია მანიტობაში უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყეს —  ზოგ მოქალაქეს ფულს სახელმწიფო უპირობოდ ურიგებდა. ქალაქ დოფინში, მაგალითად, ყოველ თვე მოქალაქეებს ეგზავნებოდათ ჩეკები, რათა გარანტირებული ჰქონოდათ უპირობო ძირითადი შემოსავალი. ამ ინიციატივის (Mincome) მიზანს წარმოადგენდა იმის ჩვენება თუ რა მოხდებოდა ასეთი ინიციატივის დანერგვის შემთხვევაში. შეწყვეტდა ხალხი მუშაობას? გაფლანგავდნენ ფულს ღარიბები და მაინც სიღარიბეში გააგრძელებდნენ ცხოვრებას?

თუმცა, კონსერვატორმა მთავრობამ, 1979 წელს „მინქამი“ დაასრულა. ათწლეულების შემდეგ ეველინ ფორგეთმა ეკონომისტმა მანიტობას უნივერსიტეტიდან ამ ექსპერიმენტის შედეგები გამოიკვლია. რეალობა კი შემდეგი აღმოჩნდა:  დოფინში ცხოვრება შესამჩნევად გაუმჯობესდა. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები შემცირდა, მეტი თინეიჯერი რჩებოდა და აგრძელებდა სწავლას სკოლაში. მკვლევრებმა, რომლებიც „მინქამის“ ეფექტს შრომასთან მიმართებაში იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ რაოდენობრივად ადამიანთა მუშაობის მაჩვენებელი თითქმის არ დაცემულა.

მინქამი იყო პროტოტიპი იმ იდეისა, რომელიც 60-იან წლებში იყო აქტუალური და ახლაც პოპულარული გახდა ეკონომისტთა შორის: უპირობო ძირითადი შემოსავლის გარანტია. ამ იდეის ძალიან ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა მთავარი ფუნდამენტი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანების შემოსავლით უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფოს მიერ.

ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი უპირობო ძირითადი შემოსავლის შესახებ ისაა, რომ ამ იდეას მხარს უჭერენ მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც, თუმცა განსხვავებული მიზეზების გამო. ამ იდეას მხარს უჭერდა მარტინ ლუთერ კინგი, თუმცა, აგრეთვე, მემარჯვენე ეკონომისტი მილტონ ფრიდმენიც, როცა ნიქსონის ადმინისტრაცია ეცადა კიდეც უპირობო ძირითადი შემოსავლის იდეა კონგრესში გაეტარებინა. დღესდღეობით ახალგაზრდა მემარცხენეებში უპირობო ძირითადი შემოსავალი ძირითადად აღქმულია, როგორც სიღარიბის, მზარდი უთანასწორობის დამარცხებისა და არაჰუმანური სამუშაოსგან გათავისუფლების საშუალება. მემარჯვენეებისთვის კი ეს უფრო მარტივი, ლიბერტარიანული ალტერნატივაა სიღარიბის საწინააღმდეგო სოციალური კეთილდღეობის პროგრამებისა.

რატომ ახლა?

მსოფლიოში არსებული შიში ავტომატიზაციის მიმართ საკმაოდ დიდია. როგორც ბჰასკარ სუნკარამ, Jacobin Magazine-ს პუბლიცისტმა აღნიშნა: «ადამინებს აქვთ იმის შიში, რომ აღარ იქნებიან საჭირონი და ეკონომიკა ვერ შექმნის ყველასთვის სამუშაო ადგილებს». ახლო მომავალში შიში იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიების განვითარება ადამიანებს სამუშაო ადგილებს წაგვართმევს, ცოტა გადამეტებულია, თუმცა მარტივია გაგება იმ სოციალური დაცულობისა, რომელიც უპირობო ძირითად შემოსავალს მოაქვს ადამიანებისთვის. მისი ადმინისტრირება მარტივია, არ ახლავს პატერნალიზმი ასე დამახასიათებელი სოციალური შემწეობის პროგრამებისთვის, სადაც დირექტივები გაიცემა იმის შესახებ თუ რისი ყიდვა შეუძლიათ ადამიანებს იმ ფულით, რომელსაც ისინი იღებენ. და ბოლოს, თუ ის მართლაც უნივერსალურია, ხელს შეუწყობს მთავრობის დახმარებისადმი არსებული სტიგმის დამარცხებას. როგორც სუნკარა მიუთითებს: «საყოველთაო პროგრამები ხელს უწყობს სოციალური სოლიდარობის შექმნას და, აგრეთვე, ამ იდეების პოლიტიკური დაცვაც მარტივდება».

უპირობო ძირითადი შემოსავალი ხშირად მხოლოდ სიღარიბის დამარცხების მექანიზმად განიხილება, თუმცა მას სხვა დადებითი ზემოქმედების მოხდენაც შეუძლია. მაგალითად, ზრდის დასაქმებულის საბაზრო ძალაუფლებას, რაც გავლენას ახდენს ხელფასის ზრდაზეც. ადამიანებისთვის რისკის გაწევა სამსახურის არჩევისას უფრო მარტივდება, აგრეთვე იზრდება ინვესტიცია განათლებაშიც. აშშ-ში 70-იანებში ჩატარებული მცირემასშტაბიანი ექსპერიმენტები ცხადყოფს რომ ის ადამიანები, რომლებიც იღებდნენ უპირობო ძირითად შემოსავალს, უფრო მეტად რჩებოდნენ სკოლაში და აგრძელებდნენ სწავლას; ნიუ ჯერსიში უნივერსიტეტის დამთავრების შანსები ამ ადამიანებში იყო 25%-ით მეტი.

ასევე, უპირობო ძირითადი შემოსავალი პრეკარიატს — დასაქმებულთა მზარდ სეგმენტს, რომელთაც არ აქვთ დაცულობის შეგრძნება მათი სამუშაო ადგილების მიმართ, არიან თვითდასაქმებულები ან სეზონურ სამუშაო ინდუსტრიებში დასაქმებულები აძლევს დაცულობის შეგრძნებას. ეს დაცულობის შეგრძნება კი ადამიანებს უბიძგებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებისკენ და იცავს მათ სიღარიბისგან.

ეს რედისტრიბუცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის, მაგალითად, ისეთი გამოწვევებისთვის ბრძოლისთვის, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და ავტომატიზაცია.

და რადგანაც ამ გადასახადს იღებს ყველა, ის არ ქმნის განსხვავებებს შემოსავლის მხრივ, რასის, გენდერის ან სექსუალობის კუთხით. თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი კაცი იღებს იმავე თანხას, რამდენიც მკვიდრი ტრანსგენდერი ქალი.

უპირობო ძირითადი შემოსავალის კრიტიკოსები ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ადამიანებისთვის ფულის პირდაპირ მიცემა და არა დახმარებების (მაგალითად საკვების ტალონებით), გამოიწვევს დიდძალ ფულის ხარჯვას, ადამიანები დაკარგავენ მუშაობის სურვილს, შემცირდება მ.შ.პ და შედეგად მივიღებთ ზარმაც, დემორალიზებულ ადამიანებს. თუმცა, პრაქტიკაში განხორციელებული შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ეკონომისტი კრის ბლეთმენი ამბობს: «ღარიბები არ ფლანგავენ ფულად დახმარებებს». რაც შეეხება სამუშაოს საკითხს, უპირობო ძირითადი შემოსავლის ექსპერიმენტები უჩვენებს, რომ წარმოების ეფექტურობისთვის სტიმულების შემცირებაზე ეს დიდად არ მოქმედებს; მანიტობაში სამუშო საათები კაცებისთვის მხოლოდ 1 პროცენტით შემცირდა. ის კი ნამდვილად მართალია, რომ უპირობო ძირითადი შემოსავალის არსებობის შემთხვევაში ადამიანები აღარ დათანხმდებიან არაღირსეულ შრომის პირობებს. თუმცა, ეს ნამდვილად დადებითი ფაქტია.

უპირობო ძირითადი შემოსავალი ნამდვილად არაა პირდაპირი გაგებით იაფი ინიციატივა, თუმცა, ამ ინიციატივის უტოპიად აღქმა ლოგიკას მოკლებულია, რადგან თუნდაც ა.შ.შ-ს მაგალითით სოციალური კეთილდღეობის პროგრამებიც თავიდან უტოპიურად ითვლებოდა. მე-19 მე-20 საუკუნემდე პენსიასაც არავინ იღებდა. მოხუცებისთვის გარანტირებული პენსიის დანიშვნა არარეალურად ან სოციალისტურ იდეად ირაცხებოდა.

თუ უპირობო ძირითადი შემოსავალის აღქმა მოხდება, როგორც დაზღვევად, რადიკალურად ცვალებადი სამუშაო ბაზრისგან და არა უბრალოდ ფულის დარიგებად, მის გარშემო არსებული პოლიტიკაც შეიცვლება. როცა ეს მოხდება, უპირობო ძირითადი შემოსავლის იდეაც მალევე გადაიქცევა საეჭვოსგან აბსოლუტურად საჭირო რამედ.

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უპირობო ძირითადი შემოსავლის იდეა კვლავაც აქტუალურია და, ასე ვთქვათ, მისი დრო დადგა. მაგალითად, შვეიცარიაში სულ რამდენიმე ხნის წინ ამ თემაზე ჩატარდა რეფერენდუმი, თუმცა 76,9%-მა მასზე უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ უპირობო ძირითადი შემოსავალი არ განიხილებოდა როგორც მემარჯვენეებისა და მემარცხენეების კონფლიქტი. სოციალ-დემოკრატიული პარტია შვეიცარიაში, ისევე, როგორც ახალგაზრდა სოციალისტები — კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ პროგრესულ იდეას. განსაკუთრებით კი პარტიის სინდიკალისტური ნაწილი შიშობდა, რომ ეს იდეა წინააღმდეგობაში მოდიოდა მუშაობის უფლებასთან. მარქსისტების კრიტიკა მოდიოდა იმაზე, რომ უპირობო ძირითადი შემოსავლის იდეა იქნებოდა უბრალოდ მუშათა კლასის გაჩუმება, როცა მათი ექსპლუატაცია კვლავაც გაგრძელდებოდა.  ამ იდეას შვეიცარიაში აქტიურად მხარს უჭერდა შვეიცარიის მწვანეთა პარტია და ახალგაზრდა მწვანეები.

ფინეთის მაგალითი

აგრეთვე, ფინეთმა ცოტა ხნის წინ წამოიწყო ექსპერიმენტი 2017-18 წლებისთვის უპირობო ძირითადი შემოსავლის შესახებ, რომლის მიზანია შეფასდეს შეიძლება თუ არა ამ იდეის გამოყენება სოციალური უსაფრთხოების რეფორმირებისთვის. ფინური სოციალური უსაფრთხოების კანონმდებლობა არ შეიცავს რეგულაციებს უპირობო ძირითადი შემოსავლის შესახებ და არც ასეთი ექსპერიმენტი ყოფილა ოდესმე განხორციელებული.

მთავარი მიზანი ამ ექსპერიმენტის უკავშირდება დასაქმების ხელშეწყობას. ექსპერიმენტიც და შემდგომი კვლევა-შეფასებაც შეეცდება გაიგოს, გაიზრდება თუ არა დასაქმება უპირობო ძირითადი შემოსავლის პირობებში.

ფინეთის ექსპერიმენტი შემოიფარგლება მხოლოდ 25-58 ასაკის ადამიანებით, რომლებიც ამჟამად უმუშევრობის გამო დახმარებას იღებენ. 2000 ადამიანი, რომელიც ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, შერჩეულნი შემთხვევითი შერჩევით მიიღებენ 560 ევროს თვეში, რომელიც იქნება უპირობო და არ შეწყდება, იმ შეთხვევაშიც კი, როცა ადამიანები დაიწყებენ მუშაობას. ფინეთის მთავრობა ფიქრობს რომ უპირობო ძირითადი შემოსავალი ადამიანებს უბიძგებს ნახევარგანაკვეთიან და დაბალანაზღაურებად სამსახურებზე დათანხმებას, რომლებსაც იმდენი შემოსავლის მოტანა არ შეეძლებათ, რომ მთლიანად ჩაანაცვლონ უმუშევრობის შეღავათები. ამ თვალსაზრისით, ფინური უპირობო ძირითადი შემოსავალი ჰგავს ა.შ.შ-ს და ბრიტანეთის უნივერსალური კრედიტის სქემას. ეს არ იქნება უპირობო შემოსავალი, რომელიც გადაეცემა სტუდენტებს, დიასახლისებს, მოხუცებს, დაბალი შემოსავლის მქონე მოზარდებსა და უმუშევრებს.

რა არ არის უპირობო ძირითადი შემოსავალი

  • უპირობო ძირითადი შემოსავალი ვერ ჩაანაცვლებს სოციალური კეთილდღეობის ყველა პროგრამას. ცხოვრების ხარჯები ყველასთვის ერთნაირი არაა, ასევე სპეციალური საჭირობების მქონე ადამიანების დახმარებები არ უნდა შეწყდეს.
  • აგრეთვე, ვერ ჩაანაცვლებს ჯანდაცვის სისტემას.
  • არაა ყველა უსამართლობის გადაჭრის გზა, მაგალითად, ეს იქნება პოლიციის სისასტიკე თუ დისკრიმინაცია.
  • ეს არაა სოციალიზმი. მისი განხორციელება არ ნიშნავს კაპიტალისტური წარმოების სისტემის დასრულებას. უპირობო ძირითადი შემოსავალი არაა შეუთავსებელი სამუშაო ადგილზე ექსპლუატაციური ურთიერთობებისა და კაპიტალის კერძო საკუთრების იდეისა.

თუმცა, ეს ყოველივე არ ხდის ამ იდეას ნაკლებად რადიკალურს, არამედ უზრუნველყოფს იმას, რომ დაკმაყოფილებული იყოს ბაზისური მოთხოვნილებები და გადაანაწილოს საზოგადოების კოლექტიური პროდუქტიულობა. აგრეთვე, რაც უმნიშვნელოვანესია — დასაქმებული აღარაა ვალდებული დამსაქმებლის ექსპლუატაციურ პირობებს დათანხმდეს და აქვს უფრო მეტი არჩევანის თავისუფლება.

უპირობო ძირითადი შემოსავალი ათავისუფლებს უამრავ ფუჭად დახარჯულ სამუშაო საათს, რომელიც დასვენებისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმისთვის ან რევოლუციისთვის შეიძლება გამოყენდეს. ეს მხოლოდ იმ ახალი მსოფლიოს ნაწილია, რომლის აშენებაც გვსურს, თუმცა შეიძლება იყოს კიდეც საკვანძო კომპოტენტი ისეთი სოციალიზმისა, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს.

თარგმანი: ეკა მღებრიშვილი

წყარო 1
წყარო 2
წყარო 3
წყარო 4
წყარო 5

 

 

ასევე წაიკითხეთ:

Join Us