საკვები, რომელიც აზიანებს გარემოს

published: 08 November 2016

წარმოიდგინე, რომ ყოველ დღე ნაგავში ყრიდე 6-20 თეფშ საჭმელს. ცხადია, არავინ მოიქცევოდა ასე არაეკონომიურად. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ასე იქცევა ყოველდღიურად. ხორცის მოხმარება ზუსტად იმავე გავლენას ახდენს გარემოზე, როგორსაც სრულიად ახალი საჭმლის ნაგავსაყრელზე გადაყრა. კალორიების უმრავლესობა რასაც იღებს ღორი, ქათამი თუ ნებისმიერი სხვა შინაური ცხოველი, ძირითადად, ხმარდება საკვებისთვის უსარგებლო ორგანოების (ძვლები, სისხლი და სხვა) ზრდას და განვითარებას. ცხოველის მიერ მიღებული კალორიების მხოლოდ მცირე ნაწილი გადაიქცევა ადამიანისთვის ღირებულ საკვებად.

ეს მხოლოდ კალორიების მარტივი კალკულაციაა. თუ გავითვალისწინებთ ყველა ფაქტორს, რომელიც მონაწილეობს ხორცის საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად, რესურსების ფლანგვა გაცილებით უფრო თვალსაჩინო და მასშტაბურია. ხორცის წარმოების პროცესი შემდეგია: პირველ რიგში, საჭიროა, მოვიყვანოთ ძალიან დიდი რაოდენობის მარცვლეული და ბოსტნეული, რადგან შინაური ცხოველი ადამიანზე გაცილებით მეტ ბოსტნეულსა და მარცვლეულს მოიხმარს. ამის შემდგომ საჭიროა მოყვანილი პროდუქტის ტრანსპორტირება ცხოველის საკვების მწარმოებლებთან, ხდება პროდუქტის გადამუშავება გარემოსთვის საზიანო დანადგარებში. როდესაც მივიღებთ ცხოველის საბოლოო საკვებს შემდგომ კვლავ ხდება მისი ტრანსპორტირება ახლა უკვე ფერმაში, სადაც უამრავი რესურსი იხარჯება ცხოველების გასაზრდელად, დასახოცად, შემდგომ მისგან მიღებული ხორცის გაყინვაში და საბოლოოდ მაღაზიის დახლზე განთავსებაში.

ხორცის წარმოების ყველა ეტაპზე საჭიროა ელექტროენერგია, გაზი, წყალი და, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს მივყავართ ჰაერისა და წყლის მასიური დაბინძურებისაკენ. ცხადია ბოსტნეულის, ხილის, პარკოსნების და მარცვლეულის წარმოებაც მოითხოვს თავის მხრივ ენერგიას, თუმცა ხორცის ინდუსტრიის მიერ გამოყენებულ ენერგიასთან შედარებით მისი მასშტაბი გაცილებით მცირე და უწყინარია.

რესურსების მსგავსი არაეფექტური გამოყენება ითვლება მთავარ მიზეზად გარემოს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემებისა, როგორიცაა გლობალური დათბობა, მიწის ხარისხის გაუარესება, წყლისა და ჰაერის დაბინძურება და ნაირსახეობების მრავალფეროვნების კლება.

ვეცდები გამოვყო ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი:

 

ხორცის მოხმარება არის გლობალური დათბობის მთავარი მიზეზი

როდესაც გაერთიანებული ერების მეცნიერებმა შეაფასეს ის უზომო რესურსი, რასაც ხორცის წარმოება მოითხოვს. ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გლობალური დათბობის ერთი მეოთხედი გამოწვეულია ხორცის მოხმარებით. ეს ორმოცი 40%-ით მეტია, ვიდრე ყველა მანქანის, სატვირთოს, თვითმფრინავისა და გემის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვისგან მიღებული ეკოლოგიური ზიანი!

მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის აგრო-ეკონომისტებმა, დოქტორმა რობერტ გუდლანდმა და ჯეფრი ანჰანგმა, გამოაქვეყნეს კვლევა სადაც წერენ: „დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა ხორცის ინდუსტრიის საფრთხეების არასათანადო შეფასება. ხორცის მოხმარებისგან გამოწვეული სათბურის ეფექტი არის ყველაზე მსხვილი ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანი ეკოლოგიისთვის“. ხორცზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ხდება უზომო რაოდენობის საქონლის მოშენება, მათ მიერ გამოყოფილი და ნასუნთქი აირები აზიანებს გარემოს. ყველა ამ ციფრების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხორცის არსებული ინდუსტრია თავისი მასშტაბით და წარმოების მექანიზმით არის გლობალური დათბობის მთავარი გამომწვევი მიზეზი. მხოლოდ ეს არგუმენტი საკმარისია კლიმატით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, რათა შეწყვიტოს ხორცისა და ყველა სხვა ცხოველური პროდუქტის მოხმარება.

 

ხორცის ინდუსტრია ხელს უწყობს გლობალურ სიღარიბეს

რადგან ხორცის წარმოება მოითხოვს უამრავ რესურსს, ეს იწვევს მძაფრ კონკურენციას მარცვლეულზე ხორცის მომხმარებლებსა და მსოფლიოს უღარიბეს მოსახლეობას შორის. Oxfam-ის წევრი, ბენ გროსმენ-კოენი შემდეგნაირად ხსნის ამ მოვლენას:

ხორცი მოითხოვს დიდი რაოდენობის მიწას, წყალს, შხამ-ქიმიკატებს, ბენზინს და სხვა რესურსებს, მაშინ როდესაც სხვა ნოყიერი და გემრიელი საკვები გაცილებით ნაკლებდანახარჯიანია. თუ არ შევამცირებთ ხორცის წარმოებისათვის საჭირო პროდუქციაზე კონკურენციას ამით, პირველ რიგში, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი მოსახლეობა დაზარალდება. ხორცის ნაკლები მოხმარება შეამცირებს კონკურენციას რესურსებზე და მოხდება მათი მსოფლიოს მთელ მოსახლეობაზე თანაბრად გადანაწილდება. მარტივად რომ ვთქვათ - ნაკლები ხორცის ჭამა დაგვეხმარება ღარიბ ქვეყნებში შიმშილის პრობლემის გადაჭრაში.


რაც შეეხება ხორცს რომელიც არ არის მიღებული მსხვილი ფერმებისგან

არ აქვს მნიშვნელობა საიდან მიიღება ხორცის პროდუქტი. ყველაფრის მიუხედავად ხორცის წარმოება მოითხოვს იმაზე მეტი კალორიის ხარჯვას ცხოველის გაზრდაზე ვიდრე ცხოველისგან შეიძლება მივიღოთ ხორცის სახით. ამასთანავე, წარმოება ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს CO2-ის გამოყოფას. ბალახისმჭამელი ცხოველები მოითხოვენ მიწის დიდ ტერიტორიებს, წყლის უზომო რაოდენობას და გამოყოფენ ბევრად მეტ მომწამვლელ აირს ვიდრე ნებისმიერი სახის ბოსტნეული თუ მარცვლეული.

 

დასკვნა

ცხადია, ბოსტნეულის მოყვანაც მოითხოვს რესურსს და ენერგიას, თუმცა ვეგეტარიანელები სულაც არ მოიხმარენ ხორცისმჭამელებზე ბევრად მეტ ხილს ან ბოსტნეულს. ხორცის კალორიულობის ჩასანაცვლებლად, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი მხოლოდ ბოსტნეული. ხორცი უდნა ჩანაცვლდეს მარცვლეულის და პარკოსნების მოხმარებით, რაც გაცილებით უფრო კალორიული და ნაკლებ დანახარჯიანია, ვიდრე ხორცი.

ყოველთვის, როცა მოიხმარ ხორცს გახსოვდეს, რომ ყველა მიღებულ ერთ კალორიაზე სანაგვეში ყრი 6-20 კალორია მარცვლეულს. ვეგანური ან ვეგეტარიანული დიეტით შეგიძლია, შეამცირო წყლის რესურსების ფლანგვა, ჰაერის დაბინძურება, გლობალური დათბობა, მსოფლიო შიმშილი და სხვა მრავალი პრობლემა, რომლის წინაშეც დედამიწა დგას.

თარგმანი: ანა თოიძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

Join Us