გლობალური ემისია რეკორდულად იზრდება

published: 12 December 2019

ნახშირბადის გამოყენების შემცირების მიუხედავად, გლობალური ემისია წელს რეკორდულად იზრდება

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარბონის დიოქსიდის ემისია წელს რეკორდული მაჩვენებელს მიაღწევს. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ნახშირბადის (და სხვა ნივთიერებების, რომელთა გამოყენებაც ზიანს გვაყენებს) გამოყენების მკვეთრი შემცირება რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. ეს კი, თავის მხრივ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებს აარიდებს დედამიწას თავიდან.

Global Carbon Project-ის მოხსენების მიხედვით, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე მოთხოვნიდან გამომდინარე, 2019 წელს მსოფლიოში, დაახლოებით, 37 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგი გამოიყო. ნახშირის გამოყენების სავარაუდო ზრდის მიუხედავად, წიაღისეული საწვავის ემისიის ზრდა 2018-2019 წლებში 0.6%-ია. ეს მაჩვენებელი კი ნამდვილად არაა ისეთი დიდი, როგორიც გასულ წლებში. ზრდის მაჩვენებელი 2017 წლის ბოლოს 1.5%, 2018 წლის ბოლოს კი - 2.1% იყო.

 "რთულია ზრდის შენელება კარგი სიახლეების საწინდარად განვიხილოთ. ზრდის ტემპი გასულ ორ წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ერთადერთი, რაც ახლა გვჭირდება, ეს გამონაბოლქვის შემცირებაა." -  განაცხადა სტენფორდის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერების პროფესორმა და გლობალური ნახშირბადის პროექტის თავმჯდომარემ რობ ჯექსონმა CNN-თან საუბრისას.

უდავოა, რომ ზრდა შენელებულია, თუმცა, ფაქტია, რომ ის მაინც ფიქსირდება. ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ ე.წ. პარიზის შეთანხმება, რომლის თანახმადაც გლობალური ტემპერატურის ზრდა 1.5 °C- ზე მეტად არ უნდა დაუშვან, სრულყოფილად ვერ ხორციელდება.

ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად IPCC (გაეროს მთავრობათაშორისი პანელი კლიმატის ცვლილების შესახებ) აცხადებს, რომ კარბონის დიოქსიდის წმინდა გლობალური ემისია 2010 წლის მონაცემებთან შედარებით 2030 წლისათვის 45%- ით უნდა შემცირდეს, ხოლო 2050 წელს ე.წ. წმინდა ნულს უნდა მიაღწიოს. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ნახშირორჟანგის ემისიის ზრდა გაგრძელება შემდეგი ათწლეულების განმავლობაშიც, თუ ტრანსპორტირების, ენერგეტიკული და ინდუსტრიული პოლიტიკის ცვლილება არ მოხდება მთელს მსოფლიოში.

"ჩვენ დროს ვკარგავთ, წლები და ათწლეულები გადის და ნახშირორჟანგი კვლავ აქტიურად გამოიყოფა. იმის ნიშანი, რომ ეს შემცირდება კი - არ ჩანს"- ამბობს რობ ჯექსონი.

და ისმის კითხვა თუ რა ტერიტორიაზე გამოიყოფა ყველაზე მეტი ნახშირორჟანგი. პროცენტულად კარბონის დიოქსიდის ნახევარზე მეტ ნაწილს ჩინეთი, აშშ, ევროპა და ინდოეთი გამოჰყოფს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპამ (10%-ით) და აშშ-მ (10.5%-ით) ნახშირორჟანგის გამოყოფა ნახშირის გამოყენების შემცირების ხარჯზე 1.7%-მდე შეამცირა.

"ბოლო 15 წლის განმავლობაში ნახშირის გამოყოფა აშშ-ში განახევრდა. ეს გასაოცარი ცვლილებაა. ისინი ენერგიას უფრო ეფექტიანად იყენებენ. გარდა ამისა, ისინი ნახშირს ბუნებრივი აირითა და სხვა განახლებადი რესურსებით ამახვილებენ" - აცხადებს რომ ჯექსონი.

აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩინეთსა და ინდოეთშიც კი იკლო ნახშირის გამოყენებამ. ამ ორ ქვეყანაში კი მსოფლიოში ყველაზე მეტი დაბინძურება გამოიყოფა.

"ვფიქრობდით, რომ ნახშირის გამოყენება 2019 წელს გლოვალურად გაიზრდებოდა, თუმცა, რეალურად, მოსალოდნელზე ნაკლები მაჩვენებელი ფიქსირდება." - განაცხადა ნორვეგიაში კლიმატის საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, რობ ენდრიუმ.

ევროპასა და აშშ-ში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი შემცირდა. თუმცა, მაჩვენებლის ზრდას უნდა ველოდოთ ჩინეთსა (2.6%- ით) და ინდოეთში (1.8%-ით), ნახშირის მოხმარების კლების მიუხედავად.

"ჩვენ გამონაბოლქვის გამომწვევი მიზეზების დომინირების ცვლილებების მოწმეები გავხდით. ნახშირის გამოყენება მცირდება, მაგრამ გამონაბოლქვის აქტიურ გამოყოფას ბუნებრივი აირის მოხმარების მკვეთრი ზრდა აჩქარებს."- განაცხადა გლობალური ნახშირბადის ბიუჯეტის აღმასრულებელმა დირექტორმა პეპ ქანადელმა.

ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოხმარება ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. მათი გამოყენება იზრდება. ეს კი მაინც იწვევს გლობალურ დათბობას. მათი გამოყენების შედეგად კარბონის დიოქსიდის გამოყენება 2019 წლისთვის 2.9%-ით არის გაზრდილი. არცერთ წიაღისეული საწვავის პოპულარობას არ ჰქონია ასეთი სწრაფი ზრდა. ნავთობი კი უფრო და უფრო მეტად გამოიყენება სატრანსპორტო სექტორში. მისგან გამოყოფილი ნახშირორჟანგი წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 0.9%-ით გაიზრდება.

რა სიტუაციაა დღეს?

ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ მსოფლიოში ტემპერატურა 1.1°C-ით დათბა. ამ, ერთი შეხედვით, მცირე ცვლილებამ უკვე დიდი ეფექტი მოახდინა პლანეტასა და ჩვენს ყოველდღიურობაზე.

გასულ თვეში გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ კომიტეტის წევრი ქვეყნები კლიმატის კრიზისის შეზღუდვით დაავალდებულა.

გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიშის მიხედვით, თუ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სასწრაფოდ არ გადაიდგმება სერიოზული ნაბიჯები, 2100 წლისათვის დედამიწაზე ტემპერატურა 3.2°C-ით  დათბება. ზემოთხსენებული მიზნის, რომ ტემპერატურა 1.5°C-ზე მეტად არ დათბეს, აუცილებელია, რომ ყოველწლიურად გლობალური ემისია მინიმუმ 7.6%-ით შემცირდეს. ამისათვის კი საჭიროა, რომ მსოფლიო გადავიდეს მწვანე ენერგიაზე,- განმარტავს რობ ჯექსონი. მისივე თქმით, მთავარია შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და მაქსიმალურად ვფოკუსირდეთ ემისიის შემცირებაზე.

ავტორი: მარიამ ფახურიძე წყაროს მიხედვით

Tags:

Join Us