ახალგაზრდა მწვანეების გამოხმაურება 15 წლის ბიჭის მკვლელობაზე

published: 18 December 2019

სახელმწიფო, რომელსაც ზრუნვის ფუნქციის შესრულებას არ მოვთხოვთ, თავისთავადვე დასჯის ფუნქციას შეითავსებს.

გუშინ, 17 დეკემბერს გამოემშვიდობა სიცოცხლეს 15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც ძალადობაზე დამყარებული სისტემის მორიგი მსხვერპლი გახდა. ჩვენ, როგორც საზოგადოებას, გვაქვს ვალდებულება, ავიმაღლოთ ხმა სისტემის წინააღმეგ, ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ სახელმწიფო გვიცავდეს და გვიქმნიდეს კეთილდღეობას, იმის მაგივრად, რომ მივყავდეთ სიკვდილისკენ. სახელმწიფოს ფუნქცია ადამიანებზე ზრუნვა უნდა იყოს, თუმცა ჩვენი სახელმწიფო ისეთ პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც ძირეულადაა ძალადობრიობაზე დამყარებული. 

სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც დემურ სტურუამ, პოლიციელის ზეწოლის შედეგად დაასრულა სიცოცხლე, ჩვენი ხმა სათანადოდ არ ამაღლებულა, ბომბზე დამაგრებული პატრუქივით მალევე ჩაიწვა ჩვენი პროტესტი, თუმცა "ბომბი" არ აფეთქდა. ჩვენ არ მოვითხოვეთ პასუხი დემურის სიკვდილისთვის და დღეს უკვე ახალი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, ფაქტის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ჰგვრის უსუსურების განცდას. თუმცა არც დემურ სტურუა იყო პირველი და არც ლუკა იქნება უკანასკნელი, რომელიც პოლიციურ ტერორს შეეწირება. ამ დროს სახელმწიფო კვლავ ეცდება, რომ დანაშაული ქვედა რგოლებზე გადაიტანოს და ამით ეცადოს სიტუაციის განმუხტვას, რაც, ცხადია, არაფრის მომტანი იქნება, ვინაიდან მთავარი პრობლემაა არა კონკრეტული გამომძიებელი (თუმცა, ეს უკანასკნელიც დამნაშავეა), არამედ მთელი სისტემა, რომელიც სწორედ ამ ტიპის ძალადობაზეა აგებული. 

ეს სისტემა გუშინ არ შექმნილა. 

ძალიან ბევრი უსახელო მსხვერპლი არსებობს, ვისი ხმაც საზოგადოებამდე არ მისულა, მაგალითად ის, ვინც მაღაროში დაიღუპა იმის გამო, რომ არავინ იცავდა მის უსაფრთხოებას; სათამაშო ბიზნესს შეწირული ახალგაზრდა, რომელზეც სახელმწიფო არ ზრუნავს; ვინც მშენებლობაზე დაიმარხა სამუდამოდ; გოგონები, რომლებიც მათი პირადი ცხოვრებით შანტაჟის გამო თვითმკვლელობამდე მიიყვანეს; ამ სიის უსასრულოდ გაგრძელებაა შესაძლებელი. დამნაშავე კი ერთია - მჩაგვრელი სისტემა, რომელიც ქმნის უპასუხისმგებლო, პოლიციურ ტერორზე დაფუძნებულ, ანტი-ჰუმანურ, ანტი-სოციალურ, მოსახლეობის უმრავლესობის ყვლეფასა და უმცირესობის გამდიდრებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს. 

დღეს რეალურად ლიბერტარიანულ უტოპიაში (უფრო დისტოპიაში) ვცხოვრობთ, სადაც მხოლოდ კერძო საკუთრება და პოლიცია მბრძანებლობს, სხვა ყველანაირი ზრუნვა და სტანდარტი მოშლილია. ნებისმიერი მემარჯვენე ძალის დაპირება კი რეალურად არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაა.

ხვალ შეიძლება შემდეგი მსხვერპლი ვიყოთ ჩვენ. უნდა გამოვფხიზლდეთ იქამდე, სანამ უთანასწორობაზე და ძალადობაზე დამყარებული სისტემა ყველას და ყველაფერს ღრმა მორევში ჩაითრევს და გადარჩენა შეუძლებელი გახდება. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ გამართული სოციალური პოლიტიკა, რადგან ამის გარეშე, პოლიციური რეჟიმის ჩამოშლა შეუძლებელია.


ამ სისტემის მამაც! 



ფოტოს ავტორი © ნათია ქარჩილაძე

Tags:

Join Us