სოლიდარობა დევნილებს

published: 02 April 2019

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები დევნილებს ვუცხადებთ მხარდაჭერას!

უკვე მეოთხე დღეა ისანში კომპანია „დირსის“ კორპუსში 150-მდე დევნილი ოჯახი შევიდა და ბინები დაიკავა. ეზოში პოლიციაა მობილიზებული, რომელიც არავის აძლევს შენობაში შესვლის უფლებას.

დევნილების თქმით შენობაში იმყოფებიან ბავშვები და მოხუცები, რომელთაც სჭირდებათ საკვები და წყალი. ასევე მათ არ აქვთ გათბობა. პოლიცია კი ეზოში შეკრებილ დევნილთა ნათესავებს და მხარდამჭერებს არ აძლევს უფლებას, საკვები მიაწოდონ შიგნით მყოფ ადამიანებს, რომლებიც გაუსაძლის პირობებში არიან.

დევნილები ითხოვენ ჟურნალისტების და იურისტის შენობაში შეშვებას.

უკვე 25 წელია დევნილთა განსახლების პრობლემა ვერც ერთმა მთავრობამ გადაჭრა და ფუჭი დაპირებების მოლოდინში კიდევ ათასობით დევნილს უწევს გაუსაძლის პირობებში ცხოვრება. ამის პარალელურად, სრულიად ქაოტურად მშენებარე სახლებში ბინის ყიდვა მხოლოდ მოსახლეობის ძალიან მცირე, პრივილეგირებული ნაწილისთვისაა შესაძლებელი. დევნილების მიერ დირსის კორპუსში ბინების დაკავება ამ უსამართლობასთან ბრძოლის ერთადერთი გზაა! სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თავისი მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრისი.

„ახალგაზრდა მწვანეები” სოლიდარობას ვუცხადებთ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნები და უზრუნველყოს საცხოვრებლით.

 

ფოტო  © radiotavisufleba.ge

Join Us