15 წლის ბიჭის სიკვდილის შესახებ

published: 20 April 2019

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 15 წლის ბიჭმა შიმშილს და გაჭირვებას ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  საქართველოში გაბატონებული ნეოლიბერალური იდეოლოგია და შესაბამისი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ადამიანის მტერია. შედეგად, დღეს სახელმწიფო ახალგაზრდებზე, ადამიანებზე ზრუნვის ნაცვლად მათ სიკვდილით ემუქრება; ქვეყანაში ადამიანების დიდი ნაწილი უმუშევარია ან მინიმალურ ხელფასზე მუშაობს, შრომის უფლებების დაცვა კი ფუფუნებადაა ქცეული. სახელმწიფოს უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად ხარაჩოებიდან და მშენებლობებიდან გადმოცვენილი დასახიჩრებული და დაღუპული ადამიანები ჩვენს ყოველდღიურობად იქცა, მაღაზიებში დასაქმებული ადამიანები კი 200-300 ლარად მუშაობენ — საკუთარი ნერვებისა და ჯანმრთელობის ფასად. ჩვენ გვესაუბრებიან თავისუფლებაზე და მის სიკეთეებზე, მაგრამ რეალობაში ვხედავთ, რომ თავისუფალი მხოლოდ ბიზნესია. ბიზნესი თავისუფალია, რომ დაჩაგროს, დაიმონოს და ექსპლუატაცია გაუწიოს. ეს იგივე პოლიტიკაა, რომელიც 15 წლის ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.

ქვეყანას უკვე უდიდესი ზიანი მიადგა. ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს დასავლეთის ქვეყნებში ითხოვენ, რადგან საკუთარ ქვეყანაში აღარ დაედგომებათ. აღსანიშნავია, რომ ქვეყანას ტოვებს განათლებული ახალგაზრდობა, ე.წ. „ტვინების გადინება“ კი კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყნის მდგომარეობას და ამცირებს მისი გამოსწორების შანსებს.

ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი კრიზისის დროს ანგარიშვალდებული ქვეყნის მთავრობაა, თუმცა ჩვენ უკვე დიდი ხანია შეგვაჩვიეს იმ პირობებში ცხოვრებას, როცა ადამიანების ტანჯვა და სიკვდილიც კი არ ხდება შესაბამისი რეაგირების საგანი. მთავრობის წარმომადგენლების მსგავსი გულგრილობა ქვეყანაში არსებული სისტემური ძალადობისა და უსამართლობის ნიშანია — ჩვენ ყველანი დაუცველობის შეგრძნებით, უბედურებისა და უსამართლობის მოლოდინით ვცხოვრობთ და ეს აღარც კი გვაკვირვებს.

არსებულ უმწვავეს სოციალურ კრიზისზე ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ განვითარების ნეოლიბერალურ კურსს და ეკონომიკურ პოლიტიკებს, რასაც უკვე წლებია ახორციელებს ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური დოვლათი კოლექტიური შრომით იქმნება, არსებული ეკონომიკური ზრდის მოდელი მხოლოდ მცირე ბიზნეს-ჯგუფების გამდიდრებას ემსახურება, იგი არ მოიცავს დოვლათის გადანაწილების პოლიტიკებს და ხორციელდება გარემოს, ადამიანის უფლებებისა და ხალხის ნების სრული უგულებელყოფით.

მიგვაჩნია, რომ სწორედ არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა შეიყვანა ქვეყანა მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში და მათ აღარ აქვთ მორალური უფლება, რომ მართონ. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას, რომ თავისი ძალები ჩადოს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალის ფორმირებაში და იმედი გვაქვს, შევძლებთ ამ საქმეში საკუთარი წვლილი შევიტანოთ.

 

ფოტოს წყარო

Join Us