ჩვენი რესურსები ჩვენია! - გამოხმაურება „ფრონტერას“ მუშის სიკვდილზე

published: 18 July 2020

„საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ და „სოლიდარობის ქსელი“ ვეხმაურებით გასულ კვირას მომხდარ საზარელ ფაქტს: დედოფლისწყაროში მშრომელმა თავი მოიკლა, რადგან დამსაქმებელი, ამერიკული კომპანია „ფრონტერა“, მას და კიდევ 92-ზე მეტ მუშას ხელფასს 11-14 თვე არ უხდიდა. 

„ფრონტერა“ ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიაა დედოფლისწყაროში, რომელიც 1997 წლიდან ფლობს საქართველოს ენერგორესურსებს. მუშებმა კუთვნილი ხელფასი ნოემბერში მოითხოვეს, რის გამოც კომპანიამ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა. მშრომელები 30 წლიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ პირველად დარჩნენ სამსახურის გარეშე, მათ შემოსავლის ერთადერთი წყარო მოესპოთ.

მომხდართან დაკავშირებით საქართველომ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანა სარჩელი „ფრონტერას“ წინააღმდეგ, არბიტრაჟმა განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახელმწიფომ უცხოელ ინვესტორს უჩივლა. 

„ფრონტერა” განსაკუთრებით საეჭვო კომპანიაა, საერთაშორისო კაპიტალისტური ორგანიზაციების კველობაზეც კი, იგი გაგდებულია ლონდონის ბირჟიდან და ამერიკული სავაჭრო პალატიდან. ამის მიუხედავად, კომპანიამ სოლიდური თანხებით მოისყიდა ამერიკელი კონგრესმენები და აგრძელებს არასწორი ინფორმაციის შემცველი განცხადებების გავრცელებას, შინაარსით, რომ საქართველო ავიწროვებს ამერიკულ ბიზნესსა და რუსეთის ინტერესების მიხედვით მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ამ თემას ოპორტუნისტულად იყენებენ, აქტიურობენ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, კონგრესმენების ცრუ განცხადებებზე დაყრდნობით ყალბ პროპაგანდას ავრცელებენ.

ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, რომ სრულიად მიუღებელია მსგავსი ქცევა: ეპყრობოდე არაადამიანურად  მშრომელებს, ითვისებდე საქართველოს რესურსებს, იყენებდე ჩვენს ტექნიკას, ხოლო მოგება გრჩებოდეს მხოლოდ შენ; ამასთან ერთად, ცდილობდე მშრომელების წინააღმდეგობის ჩახშობას, მითუმეტეს ასე ყაჩაღურად, მოსყიდვითა და ტყუილებით. აუცილებელია ჩვენი რესურსი და ეკონომიკური სიკეთეები პირველ რიგში ხმარდებოდეს საქართველოს და მათი მოპოვება თუ გამოყენება არ მიმდინარეობდეს მშრომელების არაადამიანურ პირობებში მუშაობისა და გარემოს განადგურების ხარჯზე. ასევე, დაუშვებელია მთავრობის მიერ ინვესტორებთან საიდუმლო ხელშეკრულებების დადება, მაშინ, როდესაც საზოგადოებამ არ იცის, როგორი მტაცებლური პირობები გვაქვს დაკისრებული. დედოფლისწყაროელი მშრომელის დაღუპვაც სწორედ მსგავსი ბაზრის და ინვესტორებზე მორგებული პოლიტიკის შედეგია.

ჩვენ მოვითხოვთ:

  •  “ფრონტერამ” სამუდამოდ დატოვოს ქართული ბაზარი და მოხდეს მის მფლობელობაში არსებული რესურსების ნაციონალიზაცია, ანუ საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა;

  • სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და დაასაქმოს უსახსროდ დატოვებული მშრომელები;

  • სახელმწიფომ გაუცემელი ხელფასების ანაზღაურება კომპანიას დაავალდებულოს;

  • ნებისმიერი კერძო ან სახელმწიფოს ქვეშ არსებული კომპანია ადგილობრივ მშრომელებთან იყოს ვალდებული, ჰქონდეს ადამიანური შრომითი პირობები და ასევე, არ მიაყენოს ზიანი გარემოს.


Tags:

Join Us